Menu
RSS

თანამდებობის პირის დედისერთა შვილი სახლში მოკლული იპოვეს

რა გახდა მკვლელობის მიზეზი და როგორ იძია მამამ მკვლელზე შური

ეს ახლაა, სახელმწიფოს საკუთრებაში ქარხნები და ფაბრიკები რომ აღარ არის და კერძო საკუთრებაა, თორემ ადრე, ყველაფერი სახელმწიფოს ეკუთვნოდა და... რეალურად, უმუშევრობის პრობლემაც არ იყო, მაგრამ ხალხს ჯამაგირი არ ჰყოფნიდა, ამიტომ ყველა, ვისაც როგორ შეეძლო, სახელმწიფოს ჰპარავდა და სწორედ ამის შედეგი გახლდათ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო ნაწილებად დაიშალა. საბჭთა კავშირი იმპერია იყო, რომელმაც 70 წელი გასძლო, სამწუხაროდ, მის ნამსხვრევებში, ყველაზე მეტად საქართველო გაისრისა და დღემდე ისრისება _ არ ეთმობა იმპერიას ჩვენი ქვეყანა და ნაწილ-ნაწილ გვაგლეჯს ტერიტორიებს.

მაშინდელი ფაბრიკებისა თუ ქარხნების დირექტორები პატარა მეფეები იყვნენ, ჰქონდათ უზარმაზარი ფული, თუმცა მისი გამოჩენა არ შეეძლოთ. ამის მიუხედავად, მაინც ახერხებდნენ, საუკეთესო ადგილებზე დაესვენათ, ჰქონოდათ ავტომობილები და აგარაკები. მთავარი იყო, ზემდგომებისთვის მისატანი მიეტანათ და მწვანე შუქიც ჰქონდათ ანთებული. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, როცა ერთ არამშვენიერ დღეს, 1984 წელს, თბილისში, ერთ-ერთი უმსხვილესი ქარხნის დირექტორის შვილი, სახლში გარდაცვლილი იპოვეს. თავად დირექტორი, მეუღლესთან ერთად, გაგრაში იყო დასასვენებლად, შვილს ცალკე ბინა ჰქონდა და წესით, მშობლების სახლში არ უნდა მისულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, მივიდა. 

 

„რატომ მივიდა შვილი მშობლების სახლში ღამის 3 საათზე, ვერასოდეს გავიგებთ. ის 35 წლის გახლდათ, უცოლო, მაგრამ მაღალჩინოსნების სხვა შვილებისგან განსხვავებით, საოცრად მოწესრიგებული ბიჭი იყო. არ სვამდა, ცუდი გარემოცვა არ ჰყავდა, სწავლობდა და ფულს საკუთარი შრომით შოულობდა. სექტემბერში ქორწილისთვის ემზადებოდა და აგერ, მოულოდნელი უბედურება, თანაც მშობლებს ერთადერთი ვაჟი ჰყავდათ და ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა? ეს არ იყო რიგითი მკვლელობა და მისი გახსნა კატეგორიულად მოითხოვეს“, _ გვიყვება პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

სახლში სეიფის კარი იყო გახსნილი და ის ცარიელი აღმოჩნდა. მართალია, ქარხნის დირექტორმა თქვა, მხოლოდ 300 მანეთი მქონდა გადანახულიო, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ სეიფიდან, მინიმუმ, რამდენიმე ათასი იქნებოდა დაკარგული. გარდაცვლილს ხელებზე სისხლჩაქცევები ჰქონდა, როგორც ჩანს, მან ქურდს წინააღმდეგობა გაუწია და გვარიანადაც მოსცხო. სახლში სისხლის გუბეები იდგა და თუ ერთი გარდაცვლილის იყო, მეორე გუბე აშკარად ქურდს ეკუთვნოდა. 

ექსპერტებმა იატაკზე დაგდებული პორტსიგარიც იპოვეს, ვერცხლისფერი, ძალიან იშვიათი. ვინაიდან გარდაცვლილი არ ეწეოდა, გამოძიებას გაუჩნდა ვერსია, რომ პორტსიგარი პოტენციური მკვლელის იყო. ოჯახის წევრების დაკითხვამ შედეგი არ გამოიღო, ვერც საცოლემ თქვა რაიმე განსაკუთრებული. 

„გამოძიება ჩქარობდა. ვეძებდით გარემოცვაში ვინმეს, ვისაც სახე ექნებოდა დაზიანებული. დავკითხეთ ქარხნის პერსონალი, დავკითხეთ გარდაცვლილის თანამშრომლები, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. ბოლოს, გვითხრეს, რომ ქარხნის დირექტორი წლის ბოლოს პენსიაზე გადიოდა, მის შემცვლელად კი მოადგილეს მოიაზრებდნენ, თავად დირექტორი, საკუთარ ადგილს შვილს უმზადებდა და წინააღმდეგი სწორედ შვილი იყო, ახალგაზრდა ასაკში, ასეთი საპასუხისმგებლო თანამდებობა და რაც მთავარია, მამის ადგილის დაკავება არ სურდა. ასე იყო თუ ისე, ყველაზე მეტად ბიჭის სიკვდილი სწორედ მოადგილის ინტერესში შედიოდა და მას სახლში ვეწვიეთ. საუბრის დროს, კარადაზე განლაგებული სურათების თვალიერება დავიწყეთ და გაოცებისგან პირი დავაღე _ ერთ-ერთ სურათზე, მაგიდასთან სამნი ისხდნენ: დირექტორი, მოადგილე და კიდევ ვიღაც უცნობი. მაგიდაზე კი სწორედ ის პორტსიგარი იდო, რომელიც შემთხვევის ადგილზე ვიპოვეთ. მოადგილემ გვითხრა, ეს ჩვენი საამქროს თანამშრომელია, ობოლი ბიჭი, დირექტორმა მოიყვანა და შვილივით უვლიდა, პორტსიგარიც მისიაო“, _ იხსენებს საქმის გამომძიებელი. 

ოპერმუშაკები მაშინვე მის სახლში გაემგზავრნენ და როცა კარი შეაღეს, წინ საშინელი სურათი დახვდათ _ მთავარი ეჭვმიტანილი იატაკზე მკვდარი ეგდო, მისი სხეული კი დანით იყო დაჩეხილი. ექსპერტების დასკვნით, სიკვდილი, დაახლოებით, ორი დღის წინ დადგა ანუ მაშინ, როცა დირექტორი გაგრიდან დაბრუნდა. ცხადი იყო, მან პორტსიგარი იცნო, მაგრამ მილიციას არაფერი უთხრა და შური თავად იძია. 

როცა ქარხნის დირექტორს აპატიმრებდნენ, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია და გამოძიებას თანამშრომლობის პირობაც მისცა. 

 

„ამ საქმეში უცნაური ისიც იყო, რომ სეიფი ძალდატანების გარეშე იყო გახსნილი ანუ თავდამსხმელმა კოდი იცოდა და ეს მაშინ, როცა კოდი არც შვილმა და არც მეუღლემ არ იცოდნენ. ერთი შეხედით, კოდი ძალიან მარტივი გახლდათ, დირექტორის დაბადების რიცხვი და თვე ანუ 1908. ჰოდა, წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება, როცა გარდაცვლილი მუშის სახლის ჩხრეკისას, ერთ-ერთ წიგნში ვიპოვეთ ქაღალდი, რომელზეც სწორედ ეს ოთხი ციფრი ეწერა. რაც მთავარია, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ციფრები დირექტორის ხელით იყო დაწერილი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დირექტორს მოსაყოლი ბევრად მეტი ჰქონდა“, _ გვიამბობს საქმის გამომძიებელი. 

დირექტორი თავიდან ჯიუტობდა, მაგრამ როგორც კი ექსპერტიზის პასუხი მოვიდა და გაირკვა, რომ კოდი მისი ხელით იყო დაწერილი, მოყოლა დაიწყო. 

„როგორც წესი, 60 წელს მიღწეული ადამიანები პენსიაზე იშვიათად გადიან და ამიტომ, მეც არ ვჩქარობდი, მაგრამ ორი თვის წინ მითხრეს, რომ საპენსიო ასაკის დადგომისთანავე, სამსახურიდან უნდა წავსულიყავი. ეს საქართველოს დონეზე არ გადაწყვეტილა, ახალგაზრდა კადრების დაწინაურება სურდათ. ჩემი შვილის კანდიდატურა შევთავაზე და დამთანხმდნენ, მაგრამ შვილს ვერ ვითანხმებდი, თან მოადგილემ იმდენი ქნა, რომ ზემოთ დაარწმუნა, სახლში ბევრი ფული აქვს, ნაძარცვი და გაჩხრიკეთო. მივხვდი, ადრე თუ გვიან დამადგებოდნენ, ამიტომ, სეიფიდან დაახლოებით, 80 ათასი მანეთი უნდა გამქრალიყო. იმ მუშაზე სანდოს ვერავის ვნახავდი, მე ვუპატრონე, კაცად ვაქციე. ისიც დამთანხმდა და ახლაც არ ვიცი, ჩემი შვილი სახლში რატომ მოვიდა. პორტსიგარიც რომ არა, ისედაც ხომ ვიცოდი, ვინ იყო ქურდი. სახლში მივადექი და მითხრა, შენი შვილი მკლავდა და რა მექნაო. ვეღარ მოვითმინე და შემოვარტყი. დაეცა, მერე ჭკუა გადამეკეტა და ერთადერთი შვილის მკვლელი მოვკალი. მზად ვარ, პასუხი ვაგო“, _ ასეთი იყო ქარხნის დირექტორის აღიარება. 

სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სასჯელის მოხდას ორი წელი უკლდა, როცა გულის შეტევით გარდაიცვალა. ქარხნის დირექტორად კი არც მოადგილე დანიშნეს, საერთოდ ახალი კაცი მიიყვანეს, რომელიც მას საბჭოთა კავშირის დანგრევამდე და ქარხნის ნაწილებად დაშლამდე ხელმძღვანელობდა.

ბათო ჯაფარიძე

 

დაბრუნება დასაწყისში