Menu
RSS

მკვლელობა ქალთა კოლონიაში

ვინ არის ქალი, რომელზეც პატიმრებმა შური სადისტურად იძიეს

გისოსებს მიღმა დაუწერელი კანონები ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც გისოსებს მეორე მხარეს _ დაწერილი. მეტიც, დაუწერელ კანონებს ბევრად დიდი გულისყურით ეკიდებიან პატიმრები, რადგან კარგად იციან, რომ ნებისმიერი შეცდომა ძვირად დაუჯდებათ, არც საპროცესოს გაუფორმებს ვინმე და არც შეწყალების იმედი უნდა ჰქონდეთ. თუ გგონიათ, რომ ყველაფერი ეს, მხოლოდ კაცების სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „მოქმედებს“ და ქალებს თავიანთი კარაბადინი არ აქვთ, ძალიან ცდებით. ჰოდა, ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, დასასრული სწორედ ქალთა კოლონიაში ჰქონდა და საბოლოო განაჩენიც პატიმარმა ქალებმა დააყენეს.

1981 წლის ზამთარში, ნაძალადევის რაიონულ განყოფილებაში, სასწრაფო დახმარების ექიმმა დარეკა _ ქუჩაში გონდაკარგული ქალი ნახეს, რომელსაც ძალადობის ნიშნები ეტყობოდა. რა თქმა უნდა, ადგილზე ოპერატიული ჯგუფი მაშინვე გავიდა, ნაწილმა გეზი საავადმყოფოსკენ აიღო, ნაწილმა _ შემთხვევის ადგილისკენ. თოვლის თხელ ფენაზე ბრძოლის კვალი და სისხლი ნათლად ჩანდა. ექსპერტებმა სისხლის ნიმუში აიღეს, იმის გათვალისწინებით, რომ ღამის 3 საათი იყო, მოწმეთა ძებნა აზრადაც არავის მოსვლია და ამიტომ, მთელი იმედი ქალზე იყო, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში, საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. 

„ერთი რამის თქმა გადაჭრით შემიძლია _ ტრავმა, რომელიც ქალს თავზე აქვს, კომას ვერ გამოიწვევდა. არადა ფაქტია: ქალი კომაშია, საბუთები არ აქვს და არც არავინ იცის, ვინ არის. ქალს მოხსნილი აქვს საყურე და ბეჭედი, ჯიბეში კი ბავშვის გაციებისთვის საჭირო წამალი უდევს“, _ უთხრა გამომძიებელს მეორე დღეს ექსპერტმა. 

 

შესაბამისად, სამართალდამცავები ახლომდებარე აფთიაქებს მოედვნენ, თუმცა ბევრი ძებნა არც დასჭირვებიათ _ სადღეღამისო აფთიაქი თითზე ჩამოსათვლელი იყო და მალე იპოვეს ის აფთიაქი, სადაც ქალმა წამალი შეიძინა. აფთიაქარმა კარგად გაიხსენა ქალი და ისიც თქვა, როცა წამალს ყიდულობდა, კართან, მგონი, მამაკაცი უცდიდაო. 

მილიციას ის ამშვიდებდა, რომ რადგან ქალს წამალი ბავშვისთვის მიჰქონდა, მას ძებნას აუცილებლად დაუწყებდნენ და შესაბამისად, მისი ვინაობის დადგენა არ გაჭირდებოდა, მაგრამ რაოდენ დიდი იყო ძალოვანების გაოცება, როცა არც მეორე და არც მესამე დღეს, ქალი არავინ მოიკითხა. 

რა გამოდის?! ქალი კომაშია, ბავშვისთვის წამალი ჰქონდა ნაყიდი, სახლიდან ღამის 2 საათზე გამოვიდა და არავინ ეძებს? 

მხოლოდ მესამე დღის ბოლოს გამოჩნდა კაცი, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა ბინის კარის შემტვრევას. მისი თქმით, მან მცირეწლოვანი ბავშვი ყოფილ ცოლს დაუტოვა, დღეს კი უნდა წაეყვანა, მაგრამ კარს არავინ უღებდა. უბნის რწმუნებული კი კარის გატეხვის წინააღმდეგი იყო. სამართალდამცავებმა კაცს გონდაკარგული ქალის სურათი აჩვენეს და მან ყოფილი ცოლი ამოიცნო. ბინის კარი სასწრაფოდ შეამტვრიეს და იატაკზე უგონოდ მყოფი სამი წლის ბავშვი იპოვეს. გოგონას პულსი სუსტად ესინჯებოდა, მაგრამ ცოცხალი იყო. 

„ბავშვს არც წყალი აქვს მიღებული და არც _ საკვები. სიცხეც აქვს, გაციებულია და მისი გადარჩენა ძალიან ძნელი იქნება“, _ ეს იყო ექიმის დასკვნა. 

მეოთხე დღეს, ქალი გონზე მოვიდა და რაოდენ დიდი იყო ექიმების გაოცება, როცა საუბარი თავდასხმაზე დაიწყო და მარტო დატოვებული შვილი არც კი მოიკითხა. არადა, გოგონა გვერდით პალატაში სიკვდილს ებრძოდა. 

გამომძიებელი ქალის დასაკითხად მივიდა. 

„წამალი გამითავდა, ბავშვს კი სიცხემ აუწია. ღამე იყო, გოგონას ეძინა, ამიტომ ვიფიქრე, წავალ და მოვალ, ვერც გაიგებს-მეთქი. გამოვედი, წამალი ვიყიდე და უკანა გზაზე, ვიღაც მთვრალი ამეკიდა, თავში ჩამარტყა, მერე კი არაფერი მახსოვს“, _ სულ ეს იყო, რაც ქალმა გაიხსენა და დაკარგული ბეჭედი და საყურეც ზუსტად აღწერა. 

ორი დღის შემდეგ, სამართალდამცავებმა ის პირი დააკავეს, რომელიც ქალის მიერ აღწერილი ოქროულის გაყიდვას ცდილობდა. რა თქმა უნდა, მთავარი ეჭვმიტანილიც სწორედ ის გახდა, მით უმეტეს, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი სისხლის ჯგუფი, მისი სისხლის ჯგუფს ასი პროცენტით დაემთხვა, თუმცა დაკავებულმა სრულიად განსხვავებული ისტორია მოყვა. 

„სახლში ნასვამი მოვდიოდი, როცა ქალი და კაცი შემხვდნენ. მოულოდნელად, ქალმა სილა გამაწნა, მეც იგივეთი ვუპასუხე. შემდეგ კაცმა რაღაც მძიმე ჩამარტყა თავში და გავითიშე. როცა აზრზე მოვედი, დავინახე, ის ქალი ჩემს გვერდით ეგდო. შემეშინდა და შინ გავიქეცი, დილით კი ჯიბეში ეს ოქროული ვიპოვე. ვერ გავიხსენე საიდან მქონდა, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ არავისთვის არაფერი მომიპარავს, ამიტომ თამამად გადავწყვიტე მისი გაყიდვა და ახლა თქვენთან ვარ“, _ ასეთი იყო დაკავებულის მონაყოლი. 

იმის მიუხედავად, რომ ეჭვმიტანილი და აფთიაქარი თითქმის ერთნაირად აღწერდნენ მამაკაცს, რომელიც ქალთან ერთად ნახეს, თავად ქალი ყველაფერს კატეგორიულად უარყოფდა და ამბობდა, რომ მარტო იყო და სწორედ დაკავებული დაესხა თავს. სამწუხაროდ, გოგონა მეოთხე დღეს გარდაიცვალა, მისმა დასუსტებულმა ორგანიზმმა სამდღიან უწყლოობასა და შიმშილს ვერ გაუძლო. 

ბავშვის გასვენებაში სამართალდამცავებიც წავიდნენ და დაინახეს, როგორ ეცა ცოლყოფილი ბავშვის მამას, აქაოდა, შენ სამი დღის შემდეგ რატომ ჩამოხვედი, ხომ იცოდი, რომ იმ დღეს უნდა ჩამოსულიყავი, როცა მე თავს დამესხნენ, ხომ დაგირეკესო. ეს ფრაზა გამომძიებლისთვის მრავლისმთქმელი გახდა, თუმცა მან ქალის დაკავების ნაცვლად, თანამშრომლებს მისი თვალთვალი დაავალა. 

იმავე დღეს, ქალი ვაკეში გავიდა და ვიღაც ასაკიან კაცს მიაკითხა. მილიციამ კაცის ვინაობა მალე დაადგინა _ ის ცნობილი ქიმიკოსი გახლდათ, კაცი, რომელსაც არამარტო საქართველოში, არამედ, საბჭოთა კავშირსა და ზოგადად, მთელ მსოფლიოში იცნობდნენ. ქალი ღამით მასთან დარჩა, ბინა კი დილის რვა საათზე დატოვა. ოპერმუშაკებიდან ერთი ქალს გაჰყვა, მეორე ადგილზე დარჩა, კაცისთვის რომ ეთვალთვალა. 

ათ საათზე კაცთან დამლაგებელი მივიდა და მისმა კივილმა იქაურობა შეძრა _ ლოგინზე კაცის უსულო სხეული ესვენა და მას დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მილიციამ ქალი მაშინვე დააკავა და მანაც დაიწყო. 

„ქიმია ჩემი გატაცება გახლდათ, მაგრამ ქმარი სულ მიშლიდა, სად ქალი და სად _ ქიმიაო. ამის ნიადაგზე დავშორდით და ქმარს შევპირდი, შორს წავალ, საუკეთესო კარიერას მოვიწყობ-მეთქი. შემდეგ კი ამ კაცს შევხვდი და მივხვდი, თუ ხელს წამიკრავდა, ოცნებას ბევრად მალე ავიხდენდი. ქმარს გაცილებული ვიყავი და ამიტომ თავს უფლება მივეცი, მასთან მეცხოვრა (კომუნისტების დროს, საყვარლის ყოლა ზნეობრივ დაცემად ითვლებოდა). სწორედ მან მთხრა, ყველა მონაცემი გაქვს, წინ წახვიდე, მსოფლიოს მწვერვალები დაიპყრო, მაგრამ ბავშვი გიშლის ხელს და ამიტომ, როგორმე შენს ქმარს უნდა გადაულოცოო. პირდაპირ უარს ვერ ვიტყოდი შვილზე იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, მსოფლიოში ცნობილი ქიმიკოსობა კი არა, დამლაგებლის ადგილის შოვნა სანატრელი გამიხდებოდა, ამიტომ მოვიფიქრეთ, რომ ჩემი საყვარელი გამიკეთებდა წამალს, რომელიც სამდღიან კომას გამოიწვევდა. ამის შემდეგ, ის დარეკავდა ჩემს ქმართან და ეტყოდა, რომ სამსახურში არ მივედი, არც სახლში ვაღებ კარს, არადა, სახლიდან ბავშვის ტირილის ხმა ისმისო. გაქურდვა ალიბისთვის გავითამაშე, ნემსი უკვე გაკეთებული მქონდა, თუმცა გუშინ გავარკვიე, რომ ჩემი ქმრისთვის არ დაურეკავს, რადგან არ აინტერესებდა, გადარჩებოდა თუ არა ბავშვი და ამიტომ მოვკალი. შვილის მოკვლა არ ვაპატიე“, _ აღიარა ქალმა. 

 

გაგიკვირდებათ და, სასამართლომ მკვლელობა აფექტში ჩადენილ ქმედებად შეაფასა, პარალელურად, ბავშვის სიკვდილთან დედა ვერ დააკავშირა და საბოლოოდ, ქალს მხოლოდ ოთხი წელი მისცეს, თუმცა... 

ქალთა კოლონიაში გადაყვანის მეორე დღეს, ის გარდაცვლილი ნახეს _ ქალს გულში თვითნაკეთი დანა ჰქონდა გაყრილი, რაც სამართალდამცავებსაც არ გაჰკვირვებიათ: ქალთა კოლონიაში დაუწერელი კანონია _ თუ ვინმე სასჯელს ბავშვის მკვლელობისთვის იხდის, ის სიკვდილით უნდა დაისაჯოს და დანა გულში უნდა ჩასცენ, რადგან ასეთ ქალებს გული არაფერში სჭირდებათ. შესაბამისად, ქალებმა ბავშვის გამო შური დედაზე იძიეს. 

ისე, ეს კანონი ქალთა კოლონიაში დღემდე მოქმედებს

ბათო ჯაფარიძე

 

დაბრუნება დასაწყისში