Menu
RSS

როგორ ჩაცხრილეს ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“, „გული“ თურქეთის სასტუმროს ნომერში

„თავში მიბჯენით ორჯერ ესროლა“, _ მოწმის სკანდალური ექსკლუზიური ჩვენება

20 აგვისტოს, თურქეთში, სასტუმროს ნომერში, თავისუფლებაზე მყოფი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“, ნადირ სალიფოვი მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი სალიფოვის პირადი მცველი და უახლოესი გარემოცვის წევრი, ხაგან ზეინალოვი თურქეთის პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა ის ქალაქიდან გასვლას ცდილობდა. მასთან ერთად დააკავეს ავტომობილის მძღოლიც, რადგან სათვალთვალო კამერებზე ჩანს, რომ სასტუმროსთან ზეინალოვს სწორედ ეს მამაკაცი ელოდა ანუ მან იცოდა, ხაგანს რა მისიაც ჰქონდა და შესაბამისად, ის მკვლელობის თანამონაწილეა.

თურქმა სამართალდამცავებმა ძალიან კარგად იციან, რომ დაკავებულები კრიმინალური სამყაროსთვის ნომერ პირველი სამიზნეები არიან, ამიტომ მათი გადაყვანა სასამართლოში და შემდეგ, უკან საპყრობილეში, გაძლიერებული დაცვის თანხლებით და დაკავებულებზე ჯავშანჟილეტების ჩაცმით იყო გამყარებული. რა თქმა უნდა, მათზე თავდასხმა ჯერჯერობით არავის უცდია. ჯერჯერობით იმიტომ, რომ კრიმინალური სამყარო ჯერ წინამძღოლს ემშვიდობება, რომელსაც ბაქოსთან ახლოს მდებარე დაბაში, მამის გვერდით დაკრძალავენ. 

ბევრი ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, სალიფოვი საქართველოში ჩამოესვენებინათ და მშობლიურ დმანისში დაეკრძალათ, მაგრამ ასე არ მოხდა და ეს ლოგიკურიცაა _ მართალია, გარდაცვლილი დმანისში დაიბადა, მაგრამ აქაურობასთან, პრაქტიკულად, არაფერი აკავშირებდა. თავად განსაჯეთ, 1972 წელს დაბადებული სალიფოვის ოჯახი აზერბაიჯანში საცხოვრებლად 1976 წელს გადავიდა, როცა მომავალი „კანონიერი ქურდი“ 4 წლის იყო. შესაბამისად, კრიმინალური „განათლება“ სწორედ აზერბაიჯანში მიიღო, თუმცა საქართველოში დარჩენილ ნათესავებთან კონტაქტი არ დაუკარგავს. მით უმეტეს, რომ მისი და საქართველოშია გათხოვილი და დღემდე აქ ცხოვრობს. 

 

რაც შეეხება სალიფოვის ბობოქარ ცხოვრებას, როგორც ამბობენ, მეტსახელი „გული“ ქართველმა „კოლეგებმა“ შეარქვეს, რადგან სამეგობროსთვის ძალიან საიმედო და ერთგული ადამიანი იყო. სავარაუდოდ, სწორედ უფროსი ძმის გავლენა იყო, რომ სალიფოვების მეორე ბიჭი, ნამიკ სალიფოვიც კრიმინალურ გზას დაადგა და უფროსი ძმის დარად, „კანონიერი ქურდის“ სტატუსი მიიღო. 

საზოგადოება ნაკლებად იცნობს მათ მესამე ძმას, მუფშიგ სალიფოვს. როგორც ამბობენ, უმცროს ძმას ნადირმა და ნამიკმა კარგი განათლება მიაღებინეს და მათ ფინანსურ იმპერიას სწორედ ის მართავდა. უფროსი სალიფოვი 22 წლის იყო, როცა აზერბაიჯანის სასამართლომ ჯერ 15 წელი მიუსაჯა, შემდეგ კი ეს ვადა 27 წლამდე გაუზარდა. ციხეში ყოფნას „გულისთვის“ ხელი არ შეუშლია ავტორიტეტი მოეპოვებინა და „კანონიერ ქურდადაც“ ციხეში „მოინათლა“. მის ნათლიად ქართველი რაულ ქირია, იგივე რაულ „რუსტავსკი“ ითვლება. 27-ის ნაცვლად, სალიფოვმა ციხეში 24 წელი გაატარა და გათავისუფლებისთანავე, აზერბაიჯანი დატოვა. მან თურქეთს მიაშურა და, როგორც აღმოჩნდა, ისეთი მძლავრი ფინანსები დახვდა, რომ მას თურქეთში, რეჯებ ტაიპ ერდოღანის დაცვა იცავდა. 

შემდეგ იყო დუბაი და დაპირისპირება, პრაქტიკულად, ყველა გავლენიან ქურდთან. სალიფოვმა მშვიდად დაიწყო კრიმინალური სამყაროს სადავეების ხელში აღება და ანგარიშს არავის უწევდა. მან ხელში, პრაქტიკულად, მთელი რუსეთის უმსხვილესი ბაზრები ჩაიგდო, აკონტროლებდა აზერბაიჯანს, თურქეთს, საქართველოსაც და გვერწმუნეთ, მისი სახელით, საქართველოში არაერთ ბიზნესმენს, ასეულ ათასობით დოლარი „აახიეს“. 

სხვათა შორის, თურქეთში, ერთი შეხედვით, ხელშეუხებელი სალიფოვი, სწორედ თურქმა სამართალდამცავებმა დააკავეს. ეს ორი წლის წინ მოხდა და ყველა ელოდა, რომ ციხეში ხანგრძლივად გამოკეტავდნენ, თუმცა თურქეთმა, ამ კაცთან პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ, აზერბაიჯანმა მთხოვაო და „გული“ ბაქოს გადასცა. 

„მშობლიურ“ საპყრობილეში „გულიმ“ ორი თვე დაჰყო, შემდეგ ყოველგვარი ბრალდება მოუხსნეს და... კვლავ თურქეთს მიაშურა, საიდანაც დუბაიში გადაბარგდა და, პრაქტიკულად, ციხე-სიმაგრეში დაიწყო ცხოვრება. 

ის გავლენიანი „კანონიერი ქურდები“, რომლებიც მას არ ემორჩლებოდნენ, საეჭვო ვითარებაში კვდებოდნენ, თუმცა სალიფოვისკენ ხელის გაშვერას ვერავინ ბედავდა, რადგან ამის დამამტკიცებელი საბუთი არ ჰქონდათ და, უბრალოდ, მისთვის დაბრალება სასიკვდილო განაჩენზე ხელის მოწერას უდრიდა. 

4 წლის წინ, 2016 წლის 18 აგვისტოს, თურქეთში, გავლენიანი „კანონიერი ქურდი“, როვშან ჯანიევი (იგივე როვშან ლენქორანსკი) ჩაცხრილეს. მაშინ ითქვა, რომ ეს „გულის“ ხალხმა გააკეთა, რადგან როვშანს სერიოზული გავლენა ჰქონდა და რაც მთავარია, სალიფოვთან დაპირისპირებული იყო. რაღა თქმა უნდა, ქილერი მიიმალა და „გულის“ პრეტენზია ვერავინ წაუყენა, თუმცა როგორც მაშინ თქვეს, როვშანის უმცროსმა ძმამ მის საფლავზე დაიფიცა, რომ ადრე თუ გვიან, შურს სასტიკად იძიებდა. სწორედ ეს თარიღია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ სალიფოვის მკვლელობას, ჯანიევის ძმას აბრალებენ. როგორც ამბობენ, ჩანაფიქრის მიხედვით, „გული“ 18 აგვისტოს უნდა მოეკლათ, მაგრამ 18-ში მას ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავდა, მარტო არ დარჩენილა და ამიტომ, მკვლელობა ვერ მოხერხდა. იგივე მოხდა 19-შიც, თუმცა... 

„19-ში, რესტორანში ვახშმის შემდეგ, მე, სალიფოვი და მისი დაცვის კიდევ ერთი წევრი ნომერში ავედით. „გულიმ“ „კარტის“ თამაში შემომთავაზა და ვერთობოდით. ხაგან ზეინალოვი რესტორანში დარჩა და, დაახლოებით, ორ საათში ამოვიდა. როცა ის ოთახში შემოვიდა, „გული“ მისკენ ზურგით იჯდა და გახედა. როცა დაინახა, ოთახში მისი დაცვის წევრი შემოვიდა, „კარტის“ თამაში განაგრძო. ხაგანმა მოულოდნელად იარაღი ამოიღო, გულის კეფაში დაუმიზნა და გაისროლა. ჯერ ერთხელ, მერე _ მეორედ. ამ დროს, დაცვის მეორე წევრმა იარაღი ამოიღო და ხაგანს ესროლა, ხელში მოარტყა, თუმცა მან საპასუხო ცეცხლი ახლა დაცვის მიმართულებით გახსნა, რომელიც მძიმედ დაჭრა. ყველაფერ ამას გაოგნებული ვუყურებდი, არ მჯეროდა, რაც ხდებოდა. ხაგანმა „კრესლოში“ მწოლიარე „გულის“ დახედა და თავში მიბჯენით კიდევ ორჯერ ესროლა. მას, უბრალოდ, ტყვიები გაუთავდა, თორემ კიდევ ესროდა. ამის შემდეგ, ოთახიდან გავარდა... მე სასტუმროს პერსონალს მოვუხმე. იმის მიუხედავად, რომ სალიფოვს საავადმყოფოში წაყვანის მომენტისთვის პულსი ესინჯებოდა, ზუსტად ვიცოდი, ვერ გადარჩებოდა, რადგან ჩემს თვალწინ, თავში ოთხი ტყვია მოარტყეს“, _ ესაა იმ მოწმის ჩვენება, რომელიც ნომერში, სალიფოვთან ერთად იმყოფებოდა. 

და მაინც, ვინ არის ხაგან ზეინალოვი და როგორ მოხვდა „გულის“ გარემოცვაში? გავრცელებული ინფორმაციით, ხაგანი დაახლოებით, ერთი წლის წინ გამოჩნდა და მისი ძლიერი, ფიზიკური აღნაგობა სალიფოვს ძალიან მოეწონა. ხაგანი არ სვამდა, წამალს არ იკეთებდა, მუდმივად ვარჯიშობდა და „გულიმაც“ ის ნელ-ნელა დაიახლოვა. მეტიც, მას ჯერ „ფერარი“, შემდეგ კი „ლამბორჯინი“ აჩუქა. ზეინალოვი „გულის“ გარემოცვაში განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობდა, ჰქონდა ყველაფერი და ვერსია, თითქოს სალიფოვის მკვლელობის სანაცვლოდ, მას 5 მილიონი დოლარი გადაუხადეს, უბრალოდ, სასაცილოა. ზეინალოვს თავისუფლად შეეძლო, ნებისმიერი მსხვილი ბიზნესმენისთვის დაერეკა და აღნიშნული თანხა მის ანგარიშზე, ერთ საათში ჩარიცხულიყო. 

როგორც ვარაუდობენ, ზეინალოვი ჯანიევის მეგობარია, ის სწორედ იმ ქალაქიდანაა, საიდანაც 2016 წელს მოკლული როვშანი. შესაბამისად, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ გარდაცვლილს იცნობდა და სწორედ ამის გამო დასთანხმდა შურისძიებას. 

ასეა თუ ისე, სამართალდამცავები ახლა არამარტო დაკავებულებს იცავენ, არამედ, მათი ოჯახის წევრებზეც სრული კონტროლია დამყარებული. არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, სალიფოვის ძმებმა შური სწორედ ოჯახის წევრებზე იძიონ. 

კიდევ ერთიც: საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა არცთუ მცირე ნაწილში (ძირითადად, ახალგაზრდებში), ნადირ სალიფოვს ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. არავინ მალავდა, რომ მისი ერთი ზარი საკმარისი იყო არათუ ვინმეს დასატერორებლად, არამედ, მოსაკლავადაც კი. ფრაზა _ „სტარში ბრატ სკაზალ“, არცთუ იშვიათად ისმოდა საქართველოში და ყველა აზერბაიჯანელმა იცოდა, ვინ იყო „სტარში ბრატ“. 

ჰო, ისიც ვთქვათ, რომ ბაქოში, კრიმინალური სამყაროს „მეფის“ დასაფლავებაზე წასვლას საქართველოდან რამდენიმე ათეული აზერბაიჯანელი აპირებს. მათ სურთ, ბოლო პატივი მიაგონ კაცს, რომელმაც საქართველოში სულ ოთხი წელი იცხოვრა, მაგრამ სავსებით საკმარისი იყო, რომ აქ, თანამემამულეთა შორის, ლეგენდად ქცეულიყო.

ბათო ჯაფარიძე

 

დაბრუნება დასაწყისში