Menu
RSS

ვინ არის ოპერის ამომავალი ვარსკვლავი, რომელიც ქმარმა „კარტში“ წააგო

სიმამრის სისხლიანი შურისძიება

ადრე, როცა ინტერნეტი არ იყო, არც ინტერნეტ-კაზინოები არსებობდა და არც სლოტ-კლუბები, თამაშის მოყვარულნი ჟინს კუსტარულად მოწყობილ კაზინოებში იკლავდნენ. ისინი ძირითადად ბანქოს თამაშობდნენ, სამწუხაროდ, არაერთხელ მომხდარა, რომ წაგებული თანხა სერიოზული დანაშაულის მიზეზი გამხდარა. წაგებულს ჩაბარება რომ უნდოდა, ყველამ იცოდა და მაქსიმალურად ცდილობდა, სახელი არ გაეფუჭებინა. ასეთ შემთხვევაში, მასთან აღარავინ დაიჭერდა საქმეს და მაშინაც კი, თუ ფული ექნებოდა, არავინ ითამაშებდა.

„თვითმკვლელობაა. ცოლმა საკუთარ ბინაში, ქმარი თოკზე ჩამოკიდებული ნახა“, _ განყოფილების მორიგემ სამართალდამცავების ოთახში შეიხედა და მომხდარი მშვიდად აუწყა. 

გამომძიებელი, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად, შემთხვევის ადგილისკენ დაუყოვნებლივ გაემგზავრა, სადაც ერთი შეხედვით, სტანდარტული სურათი დახვდა _ ჭაღის სამაგრზე დაკიდებული თოკი, ყულფი და გარდაცვლილი კაცი. ცხედარი უკვე ჩამოეხსნათ და პირდაპირ შუა ოთახში, იატაკზე ესვენა. მართალია, გვამს სახეზე ზეწარი ჰქონდა გადაფარებული, მაგრამ მთელ ტანს ვერ უფარავდა და ტალახში დასვრილი ფეხსაცმელი ნათლად ჩანდა. 

„ჰოო... მკვლელობაა“, _ თავისთვის ჩაიპალარაკა გამომძიებელმა და ოპერმუშაკებმა გაოცებულებმა შეხედეს. გამომძიებელს ჯერ სახეზეც არ ენახა გარდაცვლილი და უცებ თვითმკვლელობის ვერსია მკვლელობად ისე სერიოზულად გადააკვალიფიცირა, ოპერებს ეგონათ, ახლა მკვლელის სახელსაც იტყვისო. 

სამედიცინო ექსპერტმა გამომძიებელს გაოცებულმა შეხედა. 

„კი, მაგრამ... მე არავისთვის მითქვამს, რომ ეს კაცი ჯერ მოკლეს, მერე _ ჩამოკიდეს. ამისთვის გვამის ყელისა და კისრის არის დეტალური დათვალიერება დამჭირდა და თქვენ როგორ მიხვდით?“ _ ექიმიც სხვებივით გაოგნებული იყო. 

გამომძიებელმა ჩაიღიმა და... 

„ფეხსაცმელით. გარეთ წვიმს, ყველგან ტალახია, შესაბამისად, ფეხსაცმელი ჩვენს გმირსაც ტალახიანი აქვს. აი, „ტაბურეტი“ კი, რომელზეც ის თითქოს იდგა, თეთრია და ნათლად ჩანს, რომ ზედ ეს კაცი თავისი ტალახიანი ფეხსაცმელით არ მდგარა. ის მოკლეს, ჩამოკიდეს და აუცილებელი ატრიბუტი, ტაბურეტიც გვერდით დაუდეს. ის კი ვეღარ გათვალეს, რომ ტაბურეტი ტალახიანი უნდა ყოფილიყო. ეს კარგია, საქმე გამოუცდელ მკვლელთან გვაქვს და კიდევ არაერთ შეცდომას დაუშვებს“, _ ჩაილაპარაკა გამომძიებელმა. 

ოპერმუშაკებმა ახლაღა შეხედეს წაქცეულ ტაბურეტს და გამომძიებელს თავის დაქნევით დაეთანხმნენ. გამორიცხული იყო, გარდაცვლილი თავისი ტალახიანი ფეხსაცმლით შემდგარიყო და კვალი არ დაეტოვებინა. გვამი კი გარდაცვლილის ცოლმა, ქართული საოპერო სამყაროს ამომავალმა ვარსკვლავმა და მამამისმა იპოვეს. ისინი რეპეტიციიდან შინ დაბრუნდნენ და ეს შემზარავი სურათი დახვდათ. 

„ჩემი შვილის რეპეტიციას მუდმივად ვესწრები. ასე იყო ამჯერადაც, ოთხი საათია, ოპერაში ვართ, შინ მოვედით და... ჩემი შვილი ჯერ შოკშია, იქნებ, ცოტა მოგვიანებით დაკითხოთ“, _ უთხრა გარდაცვლილი მამაკაცის სიმამრმა გამომძიებელს და ისიც თავის კანტურით დაეთანხმა. 

ცოლის დაკითხვა მხოლოდ მეორე დღეს მოხერხდა. ქალმა ქმრის გარდაცვალება ძალიან განიცადა. 

„7 წელია, ცოლ-ქმარი ვართ, შვილის ყოლისგან თავს ვიკავებდით, ქმარი ინჟინერი იყო, წარმატებული, მეც კარიერას ვალაგებდი და ასე, 2 წელიწადში გვინდოდა შვილზე გვეფიქრა. ახლა კი... არც ვიცი, რა ვიფიქრო, სად წავიდე, ვის მივადგე. დილით ის სამსახურში წავიდა, მე და მამა _ რეპეტიციაზე. ერთად დავბრუნდით და ეს სურათი დაგვხვდა“, _ სულ ეს იყო, რაც ქალმა მოყვა. 

სამართალდამცავები ოპერაში წავიდნენ, სადაც დაუდასტურეს, რომ ქალი დაახლოებით, 4 საათი სცენაზე ვარჯიშობდა, მამა კი დარბაზში იჯდა და შვილს უსმენდა. ჰო, ის დარბაზიდან სამჯერ გავიდა, სამივეჯერ მოსაწევად და უკან დაახლოებით, 5-7 წუთში დაბრუნდა ანუ ამ დროის განმავლობაში, შინ წასვლას, სიძის მოკვლას, ჩამოკიდებას და უკან დაბრუნებას ნამდვილად ვერ მოასწრებდა. 

სამართალდამცავები გარდაცვლილის სამსახურში წავიდნენ და სწორედ იქ უთხრეს, რომ ინჟინერი ზედმეტად აზარტული მოთამაშე იყო და ამის გამო, მუდმივად ფულის დეფიციტი ჰქონდა. მართალია, ის კარგ ჯამაგირს იღებდა, მაგრამ თუ რამე რჩებოდა, მაშინვე სათამაშოდ მიდიოდა. ხელფასის დღეს, მევალეები კართან ელოდნენ და ლამის მთელ ხელფასს ართმევდნენ. მეტიც, ერთ-ერთმა თანამშრომელმა ის ბინაც კი დაასახელა, სადაც „იგროკები“ იკრიბებოდნენ. ამ თანამშრომელს ერთხელ მანქანით მიუყვანია გარდაცვლილი და სწორედ მაშინ უთქვამს „პადპოლნი კაზინოს“ შესახებ. 

სამართალდამცავები დასახელებულ მისამართზე გაემგზავრნენ. კარი ახალგაზრდა კაცმა გააღო და დაუპატიჟებელი სტუმრები ზრდილობიანად შეიპატიჟა. მწვანე მაუდგადაფარებული მაგიდა აშკარად მიუთითებდა, რომ მილიცია სწორ ადგილზე მივიდა, თუმცა მასპინძელი ზედმეტად მშვიდად იყო. სტუმრობის მიზეზის გამხელის შემდეგ, მასპინძელმა ტელეფონით სადღაც დარეკა, შემდეგ იმავე ნომერზე უკვე გამომძიებელს დაურეკეს და უთხრეს, ბინა დაეტოვებინა. ბრძანება დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან მოდიოდა. ოპერჯგუფი წამოიშალა, მაგრამ გამომძიებელი გაჯიქდა, წასვლას არ ვაპირებ და ახლა თუ არ მეტყვი, ვისთან ჰქონდა წაგებული იმ ჩემი ცოდვით სავსეს, ბორკილებდადებულს გაგიყვან ეზოში და მერე ნახავ, რამდენი კლიენტი გეყოლებაო. სახლის პატრონმა მშვიდად გაიღიმა და გამომძიებელს კარისკენ მიუთითა. გასვლისას, მასპინძელმა ბოლომდე „ინაგლა“, ჯიბიდან საფულე ამოიღო, იქიდან _ თუმნიანი და გამომძიებელს გაუწოდა, ბიჭებს ლუდი დაალევინეო. 

სამართალდამცავმა ხელუკუღმა მოიქნია და მასპინძელი მეორე ოთახში გააცურა. რა თქმა უნდა, წაქცეულს საფულე ხელიდან დაუვარდა და იქიდან... გარდაცვლილი მამაკაცის ცოლის სურათი გადმოვარდა. გამომძიებელმა ულაპარაკოდ დაადო ხელბორკილი არალეგალური კაზინოს მფლობელს და განყოფილებაში მიიყვანა. მას ისეთი სამხილი ჰქონდა, დეპარტამენტის უფროსს კი არა, მისი სახლში გაშვება მინისტრსაც გაუჭირდებოდა. 

„ყველაფერი ძალიან მარტივია. ის დადიოდა და თამაშობდა. ასე, ორი კვირის წინ, გვიანობამდე შემორჩა და მე ჩამიჯდა ერთი-ერთზე. წააგო ათას სამასი მანეთი, საათი, ბეჭედი, პალტო და შემდეგ, როცა საფულე ამოატრიალა, ეს სურათი გადმოუვარდა. დავაკვირდი, მომეწონა... მეუბნება, ჩემი ცოლია, მაგაზე გეთამაშებიო. ჯერ გამეცინა, მერე მივხვდი, არ ხუმრობდა და ისიც თქვა, „ატვეჩაი“ ვარ, ერთ ღამეს შენთან გაატარებს, თუ წავაგეო. მოკლედ, ის ქალი ისე მომეწონა, 15 ათას მანეთად შევაფასეთ. დილამდე ვითამაშეთ, დილით ტაქსის ფული მივეცი და შინ გავუშვი, თანაც ვუთხარი, ორი კვირის თავზე, ცოლი შენი ხელით უნდა მოიყვანო და თან თანახმა უნდა იყოს, მე მოძალადე არ ვარ-მეთქი. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ქალი არ წამოჰყვებოდა და შესაბამისად, 15 ათასი მანეთი უნდა მოეტანა, ამდენად შეფასდა დედაკაცი. ისეთი აზარტული მოთამაშე იყო, ვიცოდი, ქვას გახეთქავდა და ფულს იშოვიდა. ჰოდა, იმ დღეს, როცა ან ფული უნდა მოეტანა, ან ცოლი მოეყვანა, თავი ჩამოიხრჩო და ახლა მითხარით, მაგის მოკვლით, მე რა ხეირი? სურათი კიდევ, იმ დღესვე დავიტოვე, მართლა მომეწონა“, _ იმართლა თავი კაზინოს მეპატრონემ და ყველა ლოგიკით, მას მევალის სიკვდილი არ აწყობდა. 

გამოძიება ჩიხში შევიდა. 

სამართალდამცავებს ახალი ვერსია გაუჩნდათ. ეგებ, კაცმა ვიღაცისგან 15 ათასი ისესხა, ის ვიღაც სახლამდე მიჰყვა, გაგუდა, თავისი ფული წაიღო და წავიდა, მაგრამ ლოგიკა აქაც არ იყო _ რა ხეირი უნდა ენახა მკვლელს? თუ სხვამ იცოდა სავარაუდო სესხის შესახებ, მაშინ ჰო, მაგრამ ვინ იქნებოდა ის სხვა?! გამომძიებელი ისევ გარდაცვლილის ოჯახში მივიდა და სიმამრი და ქვრივი ხელმეორედ დაკითხა. მისდა სამწუხაროდ, ახალი ვერაფერი გაიგო და ის იყო წასვლას აპირებდა, როცა მეზობლის ქალი შემოვიდა და ქოლგა მოითხოვა, დამიბრუნეთო. მერე დამნაშავესავით აიტუზა და გამომძიებელთან თავის მართლებასავით თქვა, ეს უბედურება რომ მოხდა, მაშინ ვათხოვე ქოლგაო. გამომძიებელი დეტალებით დაინტერესდა და ქალმაც პირი მოაღო _ იმ დღეს, როგორც კი სადარბაზოდან გავიდა მამა-შვილი, წვიმამ დაუშვა. თურმე, წინა დღეს ქოლგა ოპერაში დარჩათ, კაცი ამობრუნდა და ქოლგა მთხოვა. ამ დროს იმ ცხონებულმა გააღო კარი და სიმამრს უთხრა, ორი წუთით შემოდი, საქმე მაქვსო. მე ქოლგა მივეცი, მეტი არაფერი ვიცი და ახლა ისევ წვიმს, მჭირდებაო. 

გარდაცვლილის მეუღლეს ფერი ეცვალა, მამამისს შეხედა და ბოლო ხმაზე იყვირა: 

_ შენ, შენ მოკალი. ნახევარი საათი დაგაგვიანდა, ტაქსიში გელოდი და შენ მითხარი, ქოლგა გატეხილი იყო, იმას ვაკეთებდიო. შენ მოკალი ჩემი ქმარი! 

სიმამრმა ხელი ჩაიქნია, გამომძიებელს გახედა და უთხრა, ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ იმ პირობით, რომ ჩემი შვილიც მოისმენსო. ჰოდა, დაიწყო: 

„ქოლგაზე რომ ამოვბრუნდი, სიძემ, საქმე მაქვსო და ოთახში შემოვედი. მაშინ მითხრა, ან 15 ათასი უნდა ვიშოვო, ან შენი შვილი უნდა დაითანხმო, რომ ერთი ღამე სხვა კაცთან გაატაროს, სხვა შემთხვევაში, მომკლავენო. გონება დამებინდა, ყელში ხელი წავუჭირე და რომ გავუშვი, უკვე მკვდარი იყო. მერე ეს სცენა გავითამაშე და ოპერაში წავედი. ახლა რომ ვფიქრობ, ვრწმუნდები, რომ სწორად მოვიქეცი“. 

ქალმა გაოცებისგან პირი დააღო, როგორც ჩანს, არაფერი იცოდა იმაზე, რომ „კარტში“ იყო წაგებული, გამომძიებელს შეხედა და როცა მან უსიტყვოდ დაიქნია თავი, გული წაუვიდა. 

სასამართლომ სიმამრს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სასჯელის მოხდის მეორე წელს, გულის შეტევით გარდაიცვალა. ქალმა ოპერას თავი დაანება და ადგილობრივ სკოლაში, მუსიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

ბათო ჯაფარიძე

 

დაბრუნება დასაწყისში