Menu
RSS

გახმაურებული მკვლელობების პოლიტიკური სარჩული

„ნულოვანი ტოლერანტობა... ქურდები, მძარცველები, ყველა... ციხეში უნდა წავიდეს!“ _ რატომ ვერ ვსწავლობთ სისხლიან გაკვეთილებზე

როგორაა გადაჯაჭვული პოლიტიკა და კრიმინალი _ ეს არის თემა, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობით, კიდევ ერთხელ გააქტიურდა. ზოგადად, მხოლოდ საქართველოში კი არა, არამედ, მთელ მსოფლიოში ასე ხდება _ ესა თუ ის გახმაურებული კრიმინალური შემთხვევა, პირდაპირ თუ ირიბად, პოლიტიკას „ებმება“ ხოლმე და ამას, სხვა თუ არაფერი, არცთუ დიდი ხნის წინ, აშშ-ში მომხდარი ინციდენტიც მოწმობს, როცა ადგილობრივი აფროამერიკელი, ჯორჯ ფლოიდი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც სამართალდამცავები აკავებდნენ. ფლოიდის გარდაცვალება, საბოლოო ჯამში, იმის საბაბი გახდა, რომ ამერიკელების უმეტესობამ კორონას საფრთხეც დაძლია და ქუჩებში გამოვიდა. ისე, ჩვენებური ოპოზიციაც პირად საუბრებში ეჭვობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შაქარაშვილის რეალური მკვლელები არ დაისჯებიან, ხალხი ქუჩაში საქართველოშიც გამოვა. დანამდვილებით, ცხადია, ვერ გეტყვით, მოვლენები ამ სცენარით განვითარდება თუ არა, მაგრამ თუ საზოგადოებაში უსამართლობის განცდა გამძაფრდა და ქუჩაში მართლაც გამოვიდა, ეს უკვე წმინდა პოლიტიკური აქტი იქნება, მით უმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საპარლამენტო არჩევნები კარსაა მომდგარი და ამ მოცემულობაში სახალხო მღელვარების დაწყება, ვის, ვის და, მმართველ გუნდს არ უნდა აწყობდეს!

სხვათა შორის, „ოცნება“ იმთავითვე აცხადებს, რომ 19 წლის ფეხბურთელის საქმეს გარკვეული ძალები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ. ამის შესახებ განცხადება მხოლოდ მმართველი გუნდის ცალკეულმა სპიკერებმა კი არა, არამედ, თავად პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. კერძოდ, საბედისწერო დაბადების დღეზე საუბრისას, გიორგი გახარიამ თქვა: 

„სახელმწიფოს და, პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი... ახლა ტრაგედიით სპეკულირება და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება, რაც ამორალურია. 

როდესაც მე ვსაუბრობ, რომ პოლიტიკურ შეფერილობას, სამწუხაროდ, იძენს ჩვენს ცხოვრებაში ტრაგიკული შემთხვევები, სწორედ ამას ვგულისხმობ. 

მეგობრებო, მიმდინარეობს გამოძიება. თუ კითხვები მიჩნდება, მე ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის ის კითხვები, რომლებიც სანამ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელია და სანამ გამოძიების პროცესი არ დასრულებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა ახლა, ყველამ ხელი შევუწყოთ გამოძიებას. გამოძიება რომ დასრულდება და გამოძიების შედეგი რომ იქნება, შემდგომ შეიძლება უკვე ამ გამოძიების ყველა მხრიდან შეფასება, მაგრამ ის რაც ახლა ხდება, სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არასამართლიანი კი არა, ამორალურია ყველაფერი ეს. ყველანაირ ფასეულებებს მიღმაა“. 

ისე, თუ ძალიან გულწრფელები ვიქნებით, ცხადია, შევამჩნევთ, რომ ოპოზიციის ერთი ფრთა 19 წლის ფეხბურთელის ტრაგედიით მიზანმიმართულად აპელირებს, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ამ საქმეში ყველაფერი იდეალურადაა და საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ აქვს. 

სხვათა შორის, ის, რომ გახმაურებულ საქმეს მმართველი ელიტის ოპონენტები პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად იყენებენ, ახალი ნამდვილად არაა. ასე იყო, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის დროსაც, როცა დღევანდელი „ოცნების“ არაერთი წევრი ოპოზიციაში იყო და დღედაღამ პირზე გირგვლიანის საქმე ეკერა. ზოგადად, გირგვლიანის საქმე „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მმართველი ძალის დასასრულის დასაწყისი გახდა. 13 წლის წინანდელი სცენარი ახლაც გათამაშდება თუ არა, ვერ ვიტყვით, თუმცა ერთი ფაქტია: ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლისა და ქვეყნის მართვის პრეტენზია აქვს, წინამორბედების მიერ დაშვებულ შეცდომებზე უნდა ისწავლოს. 

ასეთი შეცდომა კი საქართველოს უახლეს ისტორიაში მრავლადაა. 

ერთ-ერთი პირველი კრიმინალური ამბავი, რომელსაც თავის დროზე პოლიტიკა მიება, ის ტრაგედია გახლდათ, რომელიც შარდენ-ბარში დაიწყო და რომელსაც, საბოლოო ჯამში, ახალგაზრდა სანდრო გირგვლიანის სიცოცხლე შეეწირა. 

სხვათა შორის, გიორგი შაქარაშვილის მსგავსად, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საბაბი, როგორც ექსპერტიზიდან გაირკვა, ასფიქსია გახდა, თან ამის შესახებ საზოგადოებამ სააკაშვილის გუნდის ხლისუფლებაში ყოფნის დროს კი არა, არამედ, 2012 წელს, ესე იგი, მას შემდეგ გაიგო, როცა მმართველობა „ოცნებამ“ გადაიბარა. 

ქართული საინფორმაციო სააგენტოების 2014 წლის 14 თებერვილით გავრცელებულ „ნიუსში“ ვკითხულობთ: 

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ სანდრო გირგვლიანი დაღუპულია ასფიქსიით, _ ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, გამოძიება რაზე მუშაობს და რა მასალები აქვს, ეს იცის მთავარმა პროკურატურამ, რომელიც ამ თემაზე განცხადებას საჭირო შემთხვევაში გააკეთებს. 

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მას ერთადერთი რამ შეუძლია თქვას, ის, რაც წერია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაში. 

მინისტრის განცხადებით, ეს არის ინგლისურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი იმ მასალების საფუძველზე, რომელიც თავის დროზე, მთავრობამ წარადგინა. 

„სტრასბურგის გადაწყვეტილებაში წერია, რომ სანდრო გირგვლიანი დაღუპულია ასფიქსიით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ასფიქსია გამოწვეულია იმით, რომ მას ყელზე აღენიშნებოდა ჭრილობა, გახვრეტილი იყო და სისხლი სასუნთქ გზებში მოხვდა, რამაც ასფიქსია გამოწვია“, _ აღნიშნა თეა წულუკიანმა“. 

საერთოდ, შაქარაშვილისა და გირგვლიანის საქმეებს შორის პარალელის გავლება, ალბათ, არ შეიძლება, რადგან გირგვლიანის შემთხვევაში, მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული, რომ დანაშაული დაფარულიყო. ამასთან, გირგვლიანის მკვლელობაში, პირდაპირ თუ ირიბად, შს მაშინდელი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე და ძალოვანი უწყებების სხვა მაღალჩინოსნები ფიგურირებდნენ, რაც გამოძიებითაც დადასტურდა. 

შაქარაშვილის საქმეში კი, ჯერჯერობით, ყველაფერი ეჭვის დონეზეა ანუ ამ ეტაპზე, მხოლოდ „მთავარი არხი“ და კიდევ რამდენიმე მედიასაშუალება გამოთქვამს ვარაუდს, რომ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის „გასუფთავება“, შესაძლოა, ცალკეული თანამდებობის პირების მფარველობით ხდებოდეს, თუმცა თუ დავაკვირდებით, ახლანდელი ტრაგედიის ყველაზე დიდი ტრაგიზმი იმაშია, რომ „შაქარა“ სადისტური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, თანაც გონივრული ეჭვით, ამ ანგარიშსწორებაში „ქუჩის ავტორიტეტები“ ფიგურირებენ. 

აქვე, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ 19 წლის ბიჭის საქმეში, პირველსავე ეტაპზე, საბედისწერო შეცდომა რომელიმე არაპროფესიონალმა დაუშვა და შესაბამისად, ის მოცემულობა მივიღეთ, რაც დღეს გვაქვს, თუმცა საზოგადოებრივი განწყობების შესაქმნელად, თუნდაც ეს „არაპროფესიონალიზმი“ არცთუ მნიშვნელოვანი დეტალია ანუ თუ გამოძიების დასრულების შემდეგ, ხალხმა არ დაიჯერა, რომ სასამართლოს წინაშე, „შაქარას“ რეალური მკვლელები წარსდგნენ, ეს ტრაგედია წლების შემდეგაც არათუ ბურუსით იქნება მოცული, არამედ, მოსახლეობაში იარსებებს განცდა, რომ ადამიანებს, რომლებმაც 19 წლის ბიჭი იმსხვერპლეს, ხელი გავლენიანი მფარველების გამო დააფარეს. 

ასეთი განცდის გაჩენისთვის კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უახლესი წარსულის არაერთი მაგალითიც საკმარისია. გირგვლიანის მკვლელობას თავი რომ დავანებოთ, იგივე, ხორავას ქუჩის სისხლიანი გარჩევა გავიხსენოთ. ზოგადად, დათუნა სარალიძის მკვლელობა, 2012 წლის შემდგომი კრიმინალური ქრონიკებიდან, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და ბურუსით მოცულია ანუ მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე განაჩენი დადგა და სარალიძის მკვლელობისთვის ადამიანები სასჯელსაც იხდიან, ხალხს მაინც ჰგონია, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. ასეთი ეჭვისთვის კი საფუძველს თუნდაც ის ქმნის, რომ ირაკლი შოთაძემ, თავის დროზე, მთავარი პროკურორის პოსტი, სწორედ ხორავას საქმის გამო დატოვა _ მას შემდეგ, რაც განაჩენი გამოცხადდა, მოსახლეობა, რომელსაც უსამართლობის განცდა ჰქონდა, ქუჩაში გამოვიდა და თბილისში დიდი მღელვარება დაიწყო. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ შოთაძემ თანამდებობა დატოვა.

 

სხვათა შორის, შოთაძე ახლაც მთავარი პროკურორია. შესაბამისად, ზოგი უშვებს ალბათობას, რომ თანამდებობის დატოვება მას, შესაძლოა, შაქარაშვილის საქმის გამოც მოუწიოს, მაგრამ ასე მოხდება თუ არა, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევი თუნდაც იმიტომაა, რომ სისხლიანი დაბადების დღის საქმე ისევ გამოძიებაშია და სასამართლო, საბოლოო ჯამში, რას დაადგენს, არავინ უწყის. 

ისე, ბოლო წლებში მოხმდარ კრიმინალურ ფაქტებზე, ციხეში დამნაშავეები თითქმის ყველა შემთხვევაში წავიდნენ. აი, გავიხსნოთ, თუნდაც ე.წ. რობაქიძის საქმე, რომელზეც ერთ-ერთი ბოლო მსჯავრდებული შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გურამ დონაძე გახლდათ, მაგრამ იგივე რობაქიძის საქმეში, ბუტას მშობლებს, მინიმუმ, კითხვის ნიშნები ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აქვთ. 

ცხადია, ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ მოდით, ლოგიკურად ვიმსჯელოთ _ იმ დროს, როცა ბუტა რობაქიძე პატრულმა მოკლა, შს მინისტრი ახლანდელი გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი იყო. დავუშვათ, დაბალ დონეზე, ვიღაცებმა მართლაც, მოინდომეს საქმის „გასუფთავება“, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ ამის შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელებს, მინისტრს თუ არა, მინიმუმ, მის მოადგილეს, ან რომელიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელს მაინც არ სცოდნოდა, თუმცა ვერც წინა ხელისუფლების და ვერც „ოცნების“ დროს, ოქრუაშვილის ბმა რობაქიძის მკვლელობასთან გამოძიებამ ვერ დაადგინა და შესაბამისად, საზოგადოების ნაწილს კითხვის ნიშნები ისევ აქვს. 

* * * 

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მოხდა, ე.წ. კორტების სპეცოპერაცია გახლდათ. ამ საქმის შესახებ, ქართული პრესის („ლიბერალი“) ონლაინ-არქივში ვკითხულობთ: 

„2006 წლის 2 მაისს, დაახლოებით, დილის 10 საათზე, ივლიტა გაჩეჩილაძეს, რომელიც მტკვრის ქუჩა #6-ში ცხოვრობს, ქუჩიდან სროლის ხმა შემოესმა. მისი ფანჯრები სანაპიროზე გადის, საიდანაც კარგად ჩანს „დინამოს“ კორტები და მიმდებარე ტერიტორია. ფანჯრიდან მან ათამდე ხაკისფერფორმიანი და ნიღბიანი ადამიანი დაინახა, რომლებიც მუქი ფერის, უცხოური მარკის ავტომანქანას უახლოვდებოდნენ. ავტომანქანა არ მოძრაობდა _ იგი კორტების კედელთან ბოძს ცხვირით იყო შეჯახებული. სროლის ხმა კორტების მხრიდან ანუ კედლის შიგნიდან გამოდიოდა. ივლიტა გაჩეჩილაძე, რომელიც მოვლენებს თავიდან ბოლომდე ადევნებდა თვალს, ამბობს, რომ ავტომანქანიდან სროლის ხმა არ გაუგია. მან ავტომანქანის უკანა სალონიდან გადმოვარდნილი ადამიანი დაინახა. გაჩეჩილაძე დარწმუნებულია, რომ ამ ადამიანს ხელში არაფერი ეჭირა. ივლიტა გაჩეჩილაძეს არ გაუგია სამართალდამცავთა მხრიდან რაიმე მოწოდება გაჩერების, ან დანებების შესახებ. 

იგი იხსენებს, რომ იმ დღეს, ქუჩაში ხალხმრავლობა იყო. ყველაფერ ამას, კინოკამერით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანი იღებდა. 

იმ დღეს, 2 მაისს, დილით, ზურა ვაზაგაშვილის დედა ტელევიზორს უყურებდა, როცა საინფორმაციო გამოშვებაში „ყაჩაღებზე განხორციელებულ სპეცოპერაციაზე“ მოისმინა. კადრებს რომ შეხედა, საკუთარი შვილის ჩაცხრილული მანქანა ამოიცნო... 2006 წლის 2 მაისს, შსს-ს კრიმინალური პოლიციის მიერ კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციის საქმეს, რომელსაც ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის სიცოცხლე შეეწირა, მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლო განიხილავს. სარჩელი _ „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“, სტრასბურგში მას შემდეგ შევიდა, რაც საქართველოში, ეს საქმე გამოძიებულად და დახურულად ისე გამოცხადდა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე არავინ დასჯილა. 

2006 წლის 2 მაისს, შსს-ს სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათში, საგანგებო ბრიფინგი კრიმინალური პოლიციის უფროსმა, ირაკლი ქადაგიძემ გამართა და თქვა, რომ „მაკაროვის“, „ჩეზეს“ და „ვალტერის“ სისტემის ოთხი პისტოლეტით შეიარაღებული დამნაშავეები შავი ფერის BMW-ს მარკის ავტომანქანით, ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მოძრაობდნენ. სპეცოპერაცია, დაახლოებით, 9 საათსა და 45 წუთზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. ამ ინფორმაციის თანახმად, ყაჩაღური ჯგუფის წევრები ერთ-ერთი ბინის დასაყაჩაღებლად მიდიოდნენ. ხუბულოვისა და ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია კი გარდაუვალი იმიტომ გახდა, რომ მათ სპეციალური დანიშნულების რაზმს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. 

სისხლის სამართლის საქმე ორი მიმართულებით აღიძრა. შსს-ს კრიმინალურმა პოლიციამ დაიწყო გამოძიება ხუბულოვის, ვაზაგაშვილისა და ფუთურიძის მიერ ყაჩაღური თავდასხმის მომზადების ფაქტზე, მოგვიანებით კი, პროკურატურამ იმის გარკვევა სცადა, დაარღვია თუ არა პოლიციამ კანონი სპეცოპერაციის ჩატარების დროს, თუმცა პროკურატურამ ზუსტად იგივე ვერსია გაიმეორა, რომელიც სპეცოპერაციის დღეს, შსს-ს მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე გამოთქვა. 

ოფიციალური ვერსიით, კორტებთან სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზი შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების უფროსის მოადგილის მიერ, 2006 წლის 2 მაისს შედგენილი პატაკი გახდა, რომელშიც წერია: 

„მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს რაიონში მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ა. ხუბულოვმა, ზ. ვაზაგაშვილმა და ბ. ფუთურიძემ, ასევე, ჯერჯერობით დაუდგენელ სხვა პირთან ერთად, მოამზადეს ყაჩაღური თავდასხმა თბილისში, სავარაუდოდ, ისანი-სამგორის რაიონში, ჯერჯერობით დაუდგენელ პირებზე. მიმდინარე წლის 2 მაისს, მითითებული პირები იკრიბებიან საბურთალოს ქუჩაზე, სახანძროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამავე ინფორმაციით, შესაძლებელია, ისინი გადაადგილდნენ მუქი ფერის BMჭ-ს მარკის ავტომანქანით. აღნიშნულს გაცნობებთ შემდგომი რეაგირებისთვის“. 

„რეაგირება“ ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების ჩასატარებლად კონკრეტული გეგმის შედგენას გულისხმობს. შსს-ს დოკუმენტებში ეს გეგმა, მართლაც, არსებობს, ოღონდ ის 1 მაისით თარიღდება. გამოდის, რომ კრიმინალურმა პოლიციამ 1 მაისს შეადგინა ოპერატიული ღონისძიებების გეგმა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მხოლოდ ერთი დღის შემდეგ _ 2 მაისს გაიგო. 

კრიმინალური პოლიციის უფროსის, ირაკლი ქადაგიძის მიერ 1 მაისს დამტკიცებული ბრძანებით, „ყაჩაღების“ წინააღმდეგ სპეცოპერაციისთვის, დაახლოებით, ათკაციანი ოთხი ჯგუფი იქმნება. 40-მდე შეიარაღებული თანამშრომელი, „ჯერჯერობით დაუდგენელ“ რაიონში, „ჯერჯერობით დაუდგენელ“ პირებზე, „ჯერჯერობით დაუდგენელ“ პირთან ერთად, საყაჩაღოდ წასული სამი ადამიანის სათვალთვალოდ მიდის. 

პირველ ინფორმაციებში, რომლებიც 2 მაისს, სპეცოპერაციის შესახებ გავრცელდა, მხოლოდ ხუბულოვის გვარი ფიგურირებდა. ვინ იყო მეორე ჩაცხრილული ახალგაზრდა, პოლიცია ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებდა. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ ეს ინფორმაცია მას არც ჰქონდა... 

სხვათა შორის, ზურაბ ვაზაგაშვილი ნასამართლევი არ ყოფილა. ნასამართლევი იყო მისი მეზობელი ალექსანდრე ხუბულოვი, რომელიც პოლიციის მოხსენების მიხედვით, შემთხვევამდე 3 თვით ადრე გამოვიდა ციხიდან. 

სამძებრო პოლიციის მიერ შედგენილ პატაკში და მოგვიანებით ნაციონალურ ტელეარხებზე გავრცელებული ინფორმაციით, ვაზაგაშვილი, ხუბულოვი და მათი სხვა თანამოაზრეები ყაჩაღური დაჯგუფების წევრები იყვნენ და ერთად მორიგ დანაშაულს გეგმავდნენ... 

კორტებთან მომხდარი ამბავი პირველი სპეცოპერაცია არ ყოფილა, რომელიც იმ პერიოდში, შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის უწყებამ მსხვერპლით დაასრულა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, 2006 წელს, პოლიციის სპეცოპერაციებს, სულ მცირე, 24 ადამიანი ემსხვერპლა. გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის საქმეებთან ერთად, იმ დროით თარიღდება, ასევე, ამირან რობაქიძის, გიორგი თელიას (2006 წლის 16 თებერვალი), კიზირიას (2006 წლის 25 თებერვალი) გახმაურებული საქმეებიც. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც სხვა იურისტებთან ერთად, ასევე, ჩაატარა ვაზაგაშვილის საქმის სამართლებრივი ექსპერტიზა, თავის განცხადებაში აღნიშნავდა, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში დამნაშავე პირთა დაუსჯელობამ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი დაამკვიდრა და იმის განცდა, რომ მიუხედავად ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა, „პოლიციელი ყოველთვის მართალია“. 

2006 წლის 24 თებერვალს, კორტების სპეცოპერაციამდე 2 თვით ადრე, როდესაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო, პარლამენტმა შინაგან საქმეთა მინისტრი დაიბარა, ვანო მერაბიშვილს შეკითხვა დაუსვეს ერთ-ერთ სპეცოპერაციაზე, რომელიც პოლიციის მიერ დამნაშავედ მიჩნეული ადამიანის ლიკვიდაციით დასრულდა. პასუხად მინისტრმა განაცხადა: 

„დიახ, ჩვენ ზოგჯერ ოპერაციების განხორციელების დროს, გვიწევს დამნაშავეების ადგილზე ლიკვიდაცია. ეს არის ჩვეულებრივი, კლასიკური ინსტრუქცია, რომ თუ პოლიციელს ემუქრება საფრთხე, პოლიციელს არათუ უფლება აქვს, ვალდებულია, გამოიყენოს იარაღი. რა თქმა უნდა, პოლიციელმა უნდა დაიცვას კანონი და თქვენ თუ გექნებათ თუნდაც ერთი ფაქტი პოლიციელის მხრიდან ვინმეს ლიკვიდაციის დროს უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ და, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ადამიანი დაისჯება“. 

ათი დღით ადრე, 2006 წლის 14 თებერვალს, პარლამენტში, საგაზაფხულო სესიაზე გამოსვლისას, პრეზიდენტი სააკაშვილი „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის დანერგვის წინადადებით გამოვიდა. მისი ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შესულიყო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, წვრილმან დანაშაულზეც კი უნდა გაუქმებულიყო პირობითი სასჯელი: 

„მე ვაცხადებ ნულოვან ტოლერანტობას წვრილმანი დანაშაულისთვისაც კი... ქურდები, მძარცველები, ყველა მათგანი ციხეში უნდა წავიდეს... მათ მიმართ ტოლერანტობა არ უნდა იყოს... ეს ყველამ უნდა გაიგოს, სასამართლომაც და ყველამ“. 

მიხეილ სააკაშვილისგან გახმოვანებულმა „ნულოვანმა ტოლერანტობამ“ თავის დროზე საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია, თუმცა იგივე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის შემდეგ, მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ „ნულოვანი ტოლერანტობა“, შესაძლოა, გამართლებულიც იყოს, მით უმეტეს ახლა, როცა დღე არ გავა, მკვლელობა თუ არა, მინიმუმ, ხულიგნობა არ მოხდეს. 

* * * 

შაქარაშვილის ტრაგედიამდე კი მაჩალიკაშვილების ოჯახის ტრაგედია იყო. ზოგადად, ამ ორ საქმეს შორის ტოლიბის ნიშნის დასმა, ბუნებრივია, არ შეიძლება, მაგრამ ფაქტია: მაჩალიკაშვილის საქმეც, საბოლოოდ, პოლიტიკამდე მივიდა, თან ისეთ პოლიტიკამდე, რომ ქვეყანაში, ლამის სახელისუფლო კრიზისიც დაიწყო. 

* * * 

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ან 2012 წლის შემდეგ მომხდარი კრიმინალური ფაქტებისგან რადიკალურად განსხვავდება. ეს სისხლიანი „ქეისი“ წინამორბედებისგან განსხვავებული თუნდაც იმიტომაა, რომ გამოძიება, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში მიდის და ჟურნალისტები ყოველ დღე კი არა, ლამის ყოველ საათში, ახალ-ახალ საეჭვო დეტალებსა თუ მტკიცებულებებს ასაჯაროვებენ. 

ამასთან, ისიც საგულისხმოა, რომ შაქარაშვილის საქმეს ერთი, ორი ან ხუთი კი არა, რამდენიმე ათეული ფიგურანტი ჰყავს და მარტო ის რად ღირს, რომ საქმეზე 17 პირია დაკავებული. 

აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, შესაძლოა, დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს და ზოგიერთი სუბიექტი, რომელსაც დღეს დაზარალებულის სტატუსი აქვს, ბრალდებული გახდეს. 

* * * 

მოკლედ, როგორც იტყვიან, მონასტერი ძალიან არეულია. მთელ ამ ამბავში კი, სხვა ყველაფერთან ერთად, ცუდი ისაა, რომ „კაი ბიჭების“ მიმართ ახალი თაობის ნაწილში სიმპათიები ისევ არსებობს და ამასთან, ისიც საგანგაშოა, რომ „თინეიჯერებს“ შეუძლიათ, საკუთარი თანატოლები სასიკვდილოდ ისე გაწირონ, რომ თვალი არ დაახამხამონ! 

რა არის ამის მიზეზი? _ ამაზე, ალბათ, ფსიქოლოგებმა უნდა იმსჯელონ, მაგრამ ერთი შეხედვით, ჩანს, რომ ჩვენს განათლების სისტემაში პრობლემებია. აბა, ასე რომ არ იყოს, თუნდაც 14 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, სკოლის კედლებზე ხომ არ დაწერდა: „ამ ცხოვრების დედაც!“? 

კი ბატონო, ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება, შეიძლება, მშვენიერია, მაგრამ მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ მხოლოდ პოლიტიკური კი არა, არამედ, განათლების და, საერთოდ, ჩვენი ღირებულებითი სისტემაა შესაცვლელი! 

თქვენი არ ვიცი, პირადად მე კი, მგონია, რომ პოლიტიკურმა ელიტამ სწორედ ამ სისტემის შეცვლაზე უნდა იზრუნოს, თუმცა ვაგლახ, რომ მავანთათვის პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ პირადი კეთილდღეობის გაუმჯობესების საშუალებაა და მეტი არაფერი!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში