Menu
RSS

„მირიან ნიკოლაძემ ძალიან ბევრი იცის!“

რას ჰყვება ექსპერტ-კრიმინალისტი შაქარაშვილის საქმეზე

 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ბურუსით მოცული საქმე აქტუალობას არ კარგავს. პროკურატურის მიერ გავრცელებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელს, გარდაცვალებამდე, სხეულზე არაერთი დაზიანება აქვს მიღებული, თუმცა ასფიქსიით ანუ დახრჩობით გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, საქმეს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სამართალდამცავები ამ მუხლით ბრალს ვის წარუდგენენ. „ვერსია“ ექსპერტ-კრიმინალისტ ზაზა ალთუნაშვილს ესაუბრა, რომელიც ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის მასალებს არ იცნობს, თუმცა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე ვარაუდებს გამოთქვამს.

_ ბატონო ზაზა, ექსპერტიზის დასკვნასა და მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რას ვარაუდობთ _ ეს მკვლელობაა, თუ უბედური შემთხვევა? 

_ ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც გამოქვეყნდა, ეს არ დგინდება. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს სხვა საგამოძიებო მოქმედებებით და მრავალი ექსპერტიზით. 

_ სიმართლის დასადგენად, ალბათ, მოწმეთა ჩვნებებია ყველაზე მნიშვნელოვანი, არა? 

_ მარტო ეს არა, სხვა სახის კომპლექსური ექსპერტიზებიც ძალიან მნიშვნელოვანია. 

_ განაცხადეთ, რომ საქმის გასახსნელად, მნიშვნელოვანია ტანსაცმლის ექსპერტიზა. კერძოდ, რა ინფორმაციის მომცემია ტანსაცლის შესახებ ინფორმაცია? 

_ დაზიანებები ხომ არის სხეულზე? 

_ დიახ, არის. 

_ თუ შეხლა-შემოხლა იყო, საინტერესოა, ტანსაცმელზე თუ არის რაიმე დაზიანება? _ საამისოდ დანიშნული იქნება ტრასოლოგიური ექსპერტიზა. ამაზე სამედიცინო ექსპერტები და კრიმინალისტები ერთობლივად მსჯელობენ და ამიტომაა ეს კომპლექსური. თუ რამე აქვს მოპოვებული საგამოძიებო ორგანოს _ დადგენილი ფაქტები, ნივთები, ამაზე ხდება კითხვების დასმა და გადაწყვეტა, რომ აღწერონ, რა მოხდა. 

_ საქმის მასალებში არსებული სურათებიდან ჩანს, რომ გარდაცვლილს ყველა ღილი ჰქონდა შეკრული. შეიძლება, გვამი ოთხი დღე წყალში იყოს და ყველა ღილი მაინც შეკრული ჰქონდეს? 

_ სურათებზე რა ჩანდა, ერთია... ეს ტანსაცმელი გადაიგზავნა გამოკვლევაზე და ექსპერტიზა იტყვის, რა და როგორ იყო. სურათებზე ექსპერტი ვერ იმსჯელებს, უნდა გამოიკვლიონ თვითონ ტანსაცმელი. 

_ ზოგადად, რა დრო სჭირდება ტანსაცმლის ექსპერტიზის დასკვნას? 

_ კითხვებს გააჩნია. შეიძლება, დაისვას კომპლექსური კითხვა, რასაც სჭირდება ექსპერტების შეკრება, კომისიის შეხვედრა ანუ ეს, თავისთავად, იწელება. 

_ ასევე, მნიშვნელოვანი დეტალი იყო, რომ გვამი აღმოაჩინეს ფეხშიშველი. როგორც კრიმინალისტს, ეს დეტალი რამეს გეუბნებათ? შეიძლება, ფეხსაცმელი წყალს გაეხადა? 

 

_ პრაქტიკაში არის ხოლმე ასეთი შემთხვევები, რომ ფეხსაცმელი არ აცვიათ. ჩვეულებრივი ავარია რომ ავიღოთ, იქაც ასეა ხოლმე, რომ ფეხსაცმელები არ აცვიათ, მაგრამ არ ვამბობ და ექსპერტიზა ვერ იტყვის კატეგორიულად, რომ წყალმა გახადა. გამოძიებამ სხვადასხვა ვერსიაზე უნდა იმუშაოს, იქნებ, არ ჰქონდა გახდილი? ამიტომ ამას მტკიცებულებები სჭირდება. დასაშვებია, რომ შესაძლებელია გახდილიყო, თორემ ამას კატეგორიულად ვერავინ იტყვის. 

_ სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილზე, წინდები და ფეხსაცმლის საფენებიც აღმოაჩინეს. 

_ ასეთი ძალიან ბევრი რაღაც იქნება, რაც არ ვიცით. ასეთი საგნები და ნივთები ძალიან ბევრი იქნება ამოღებული, რომელიც შესაძლებელია, საერთოდ არ იყოს კავშირში. დალაგებული და დავარცხნილი ოთახი ხომ არ იყო ეს შემთხვევის ადგილი? იმდენი რაღაც იქნება ამოღებული, რომელიც ამასთან კავშირში არ იქნება, მაგრამ გამოსაკვლევი და სამუშაოა. ამიტომ იწელება ეს ექსპერტიზები, უნდა გამორიცხო რაღაცები. ყველაფერი უნდა იკვლიო, ეძებო და თუ კავშირში არ არის, უნდა გამორიცხო, მაგრამ დრო და ენერგია ხომ მიაქვს. 

_ როგორც კრიმინალისტს, რას გაძლევთ ამ საქმეში ჩანთის ეპიზოდი? ადვოკატები ამბობენ, რომ ჩანთა, სავარაუდოდ, გზა-კვალის ასაბნევად დადეს ბეტონის ჯებირზე... 

_ თუ ვიღაცამ აუბნია, ამოხტება ის ვიღაც და თქვას, რატომ აუბნია, თუ ეს დადგინდა. ვიღაცამ ხომ დადო, ამის დადგენა ხომ შეიძლება? 

_ რამდენად ლოგიკურია, რომ იმ ადგილას ეს ჩანთა თავად გარდაცვლილს დაედო? 

_ ეს საგამოძიებოა, ჩვენ ვერსიებზე ვმსჯელობთ, რომელიც გამოძიებამ უნდა დაადგინოს. საგამოძიებო მასალებში რა აქვთ, არ ვიცი. ფაქტია, რომ რაღაცები აქვთ იმიტომ, რომ ასე დამაჯერებლად ბიძა, მირიან ნიკოლაძე ვერ ილაპარაკებდა. ნიკოლაძე ისეთ რაღაცებზე საუბრობს, რომ მან ძალიან ბევრი იცის მასალებიდან. ისეთი რაღაცები გააჟღერა, რომ ე.ი. იცის, რა სახის ექსპერტიზებია დანიშნული, რომელზეც ჩვენ აზრზე არ ვართ. რაღაც საგნებია ამოღებული, რომელიც არ ვიცით. მან, ალბათ, იცის იმიტომ, რომ პროკურატურის გამომძიებელი, პროკურორი იყო. 

_ თქვენი გამოცდილებით, ეს საქმე რამდენად რთული გამოსაძიებელია? 

_ რთულია იმიტომ, რომ საგამოძიებო მოქმედებები რამდენი ხნის მერე დაიწყო შემთხვევის ადგილზე? იქამდე, ხომ ძებნა მიდიოდა? 

ყველას ეგონა, რომ ცოცხალი იყო. სიმართლე გითხრათ, თავიდან მეც მეგონა, რომ ცოცხალი იყო საწყალი, ვიფიქრე, სადღაც იმალება, პატარა ბიჭები არიან, ჩხუბი მოუვიდათ-მეთქი, მაგრამ მეორე დღეს რომ აღარ გამოჩნდა... უკვე რამდენ ხანს უნდა დამალულიყო... 

_ გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებაში 70-მდე მაშველი მონაწილეობდა. ამდენი ადამიანის შემთხვევის ადგილზე ყოფნა მტკიცებულებებს არ წაშლიდა? 

_ ამას ვამბობ, რა თქმა უნდა, ძნელია. იქ ვიღაცამ, შეიძლება, სიგარეტი მოსწია, ვიღაცამ ფეხით გადაიარა... ამიტომ ვამბობ, რომ რთულია ეს საქმე. 

_ როგორ ფიქრობთ, საჭირო იყო 70-მდე მაშველის ჩართვა ძებნის პროცესში? 

_ წესით, შემთხვევის ადგილზე გამომძიებელი არის ბატონ-პატრონი და სპეციალისტები მას ეხმარებიან ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების განსახორციელებლად. მთელ მსოფლიოში ასეა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება არის სხვა, რადგან მთელი ინფორმაცია და მტკიცებულებები იქიდან მოდის. 

_ მაინც, როგორი მოლოდინი გაქვთ, ეს საქმე მალე გაიხსნება? 

_ არ მიმიწვდება მასალებზე ხელი, მაგრამ რადგან ასე თავდაჯერებით საუბრობენ პიროვნებებსა და რაღაცებზე, ალბათ, არის რაღაც მასალები და წინსვლა უნდა იყოს. საგამოძიებო მასალებს არავინ გვაჩვენებს და სწორიც არის, რადგან მტკიცებულებების გამოფენა ცუდად მოქმედებს გამოძიების შედეგებზე. თუ მტკიცებულებები ახლავე გამოფინეს და ჯერ არავის მიმართ არაა ბრალი წაყენებული, ე.ი. ემზადებიან, რომ რეალური მტკიცებულება ჰქონდეთ ვიღაცისთვის ბრალის წასაყენებლად. 

_ სამედიცინო ექსპერტი, გეჯაძე, დაზიანებებიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ შაქარაშვილს რამდენიმე პირმა მიაყენა დაზიანებები. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ? 

_ ეს მისი პრეროგატივაა. მე არ ვარ სამედიცინო ექსპერტი, ეტყობა, ის თვლის, რომ ამ დაზიანებებს ერთი კაცი ვერ მიაყენებდა, მაგრამ საქმე სხვა რამეშია _ დავუშვათ, ეს დაზიანებები ორმა ან სამმა მიაყენა, აქ ყველა დაზიანება, ცალსახად, მსუბუქია ანუ სასიკვდილო დაზიანება არაა მიყენებული. იგივე იყო ხორავას საქმეზეც, თუ გახსოვთ, იქაც დაზიანებები იყო, მაგრამ სასიკვდილო რომელი იყო? აქაც არის დაზიანებები, მაგრამ ყველა დაზიანება მსუბუქია. დაზიანება ორი იყო თუ სამი, თანაბარია. 

_ ექსპერტიზა იმასაც ამბობს, რომ მას დაზიანებები სიცოცხლეში მიაყენეს, თუმცა შაქარაშვილი დახრჩობით გარდაიცვალა. რამდენად შესაძლებელია, დაადგინოს პროკურატურამ, თუ ვინ მიიღო მონაწილეობა შაქარაშვილის დახრჩობაში? 

_ შედეგზე პროკურატურა მსჯელობს. ამ დაზიანებებისა და ძალადობის შედეგად, ადამიანი გარდაიცვალა.

თათია გოჩაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში