Menu
RSS

დიდი „გულაობა“ დევნლების ფულით

რა სკანდალური დარღვევები აღმოაჩინა აუდიტმა ზუგდიდის პოლიკლინიკაში, რომელიც აფხაზეთიდან რუსებისგან გამოყრილებს ემსახურება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის პოლიკლინიკა შეამოწმა. ესაა შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის“ 2017-2019 წლების ფულადი სახსრების მიღება-ხარჯვისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენების შესაბამისობის აუდიტი. შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის“ დამფუძნებელი პარტნიორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, რომლის წილს 100%-ით, აფხაზეთის ა/რ-ის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო მართავს. პოლიკლინიკა ლიცენზირებულია და ლიცენზიის ფარგლებში, მისი ძირითადი საქმიანობაა მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა. აუდიტის შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა პოლიკლინიკაში უამრავი დარღვევა გამოავლინეს, მათ შორის, შემოსავლებში, შრომის ანაზღაურებაში, საწვავის ხარჯებსა და სახელმწიფო შესყიდვებში.

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2017 წელს, პოლიკლინიკის საქმიანობა სოციალური მომსახურების სააგენტომ შეამოწმა. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დოკუმენტების შემოწმებით დარიცხულმა უკან დასაბრუნებელმა საბიუჯეტო სახსრებმა და ჯარიმის თანხამ 80 835 ლარი შეადგინა, მათ შორის, უკან დასაბრუნებელი საბიუჯეტო სახსრები – 21 659 ლარი, ხოლო ჯარიმა – 59 157 ლარი. 2018 წელს, ამ თანხიდან 16 635 ლარი, პოლიკლინიკამ ბიუჯეტში დააბრუნა, ხოლო დარჩენილი თანხა ანუ 64 200 ლარი, სოციალური მომსახურების სააგენტომ პოლიკლინიკას 2018 წელს „ჩამოაჭრა“, რათა 2017 წლის ნოემბერ-დეკემბრისა და 2018 წლის მომსახურების მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. 

,,2017 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, აუდიტის ჯგუფმა, პოლიკლინიკაში საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმების წარმოების სისწორე შეისწავლა. შემოწმებით დადგინდა, რომ პოლიკლინიკაში არასრული დოკუმენტაციების წარდგენით იქნა წარმოებული 108 ბენეფიციარის თანხმობის ფორმები, რის გამოც პოლიკლინიკიდან ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება 3 422 ლარი’‘, _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ 2017-2019 წლებში, პოლიკლინიკის თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და წასვლის ჟურნალს ფორმალურად აწარმოებდნენ, ვინაიდან თითოეული თანამშრომლის სამუშაო ადგილზე გამოცხადება-დატოვების ჩანაწერი, მხოლოდ თარიღისა და ხელმოწერის მითითებით გვხვდება. ჟურნალში არაა დაფიქსირებული სამსახურში თანამშრომელთა მისვლისა და წასვლის კონკრეტული დრო (საათი და წუთი) და შესაბამისად, ვერ დგინდება, რამდენად შეესაბამება ნამუშევარი დრო შინაგანაწესით დადგენილ სამუშაო დროს. 

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, პოლიკლინიკაში, 2017-2019 წლებშიც, როგორც აუდიტის ჩატარების მომენტისთვის, არ წარმოებდა სამუშაო დროის გამოყენებისა და ხელფასის გაანგარიშების აღრიცხვის ტაბელი, რაც ხელფასის გაანგარიშებისა და გაცემის საფუძველია. ეს განპირობებულია პოლიკლინიკის ხელმძღვანელობის მიერ არასათანადო/შეუსაბამო კონტროლით, რითაც ხელფასების უსაფუძვლოდ გაანგარიშება-გაცემის რისკები იქმნება. 

,,პოლიკლინიკის თანამშრომელთა ხელფასები გაიცემა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებითა და შიდა სტანდარტით მიღებული შემოსავლების, ასევე, მიღებული პაციენტების მიხედვით (ნოზოლოგიების მიხედვით). აუდიტით გაირკვა, რომ დირექტორს არ დაუმტკიცებია ხელფასების კალკულაციის ნორმები, რაც ფინანსურ მენეჯმენტს საშუალებას აძლევს, მათ მიერ შედგენილი ხელფასების კალკულაციის ნორმებში შეიტანოს ცვლილებები და მასზე დაყრდნობით, ხელფასები დაიანგარიშოს’‘. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ პოლიკლინიკის მიერ გაწეული მომსახურებისა და შედგენილი ხელფასების კალკულაციის ნორმების მიხედვით, სახელფასო უწყისების გაანგარიშების სისწორისა და საბანკო გადარიცხვებთან შესაბამისობის ტესტირების შედეგად, ფინანსური მენეჯერის მიერ დაშვებული შეცდომებისა და პოლიკლინიკის ხელმძღვანელის არაჯეროვანი კონტროლის პირობებში, 2018 წელს, პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალზე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განხორციელებულ გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებაზე ხელფასების გაანგარიშება განხორციელდა არა მედიცინის პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების, არამედ, ამავე პროგრამით ანაზღაურებული (საკასო შემოსავლების) თანხების მიხედვით. შესაბამისად, 2018 წელს, პოლიკლინიკის თანამშრომლებზე ხელფასის სახით, ჯამში, 23 810 ლარით ნაკლები გასცეს, მათ შორის, ადმინისტრაციაზე – 4 657 ლარი, მედპერსონალზე – 19 173 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 3 972 ლარით შეამცირეს. 

,,პოლიკლინიკის დირექტორის ბრძანებით, 2017 წლის 31 დეკემბრიდან, შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა პოლიკლინიკის 58 თანამშრომელს, აქედან 7 თანამშრომელს, 2018 წელს, არ გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულებები. ეს საკითხი შეისწავლა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და დაადგინა, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყდა არამართლზომიერად და პოლიკლინიკის დირექტორი არ იყო უფლებამოსილი, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, თანამშრომლები ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გაეთავისუფლებინა. ამის საფუძველზე, პოლიკლინიკის დირექტორის ბრძანებით, შვიდივე თანამშრომელი აღდგენილ იქნა სამსახურში და იძულებითი მოცდენის გამო, მათზე გაცემულმა 2018 წლის იანვარ-თებერვლის თვის შრომის ანაზღაურებამ 6 706 ლარი შეადგინა’‘. 

პოლიკლინიკას ბალანსზე ირიცხება ავტომანქანა ,,ოპელ ომეგა’‘ (სახელმწიფო ნომრით, შMK-404). ამავდროულად, პოლიკლინიკა სარგებლობდა ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცი ML-350’‘-ით (სახელმწიფო ნომრით, Dღ017თჟ), რომლის სარგებლობაზე პოლიკლინიკას გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება _ თხოვების წესით. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ზუგდიდის პოლიკლინიკის ხელმძღვანელობას ავტომანქანის თხოვების ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა დამფუძნებელთან შეთანხმების გარეშე. პოლიკლინიკაში არ გახსნილა ავტომანქანების გადაადგილების დამადასტურებელი აღრიცხვის ჟურნალი. 

,,2017-2019 წლებში, ავტომანქანების საწვავით გამართვა ხორციელდებოდა შპს „რომპეტროლ საქართველოს“ კუთვნილი სხვადასხვა ბენზინგასამართი სადგურიდან, ოღონდ ბარათებით. უნდა აღინიშნოს, რომ ავტომანქანებზე არ იყო დამონტაჟებული „აგაი“ სისტემა. პოლიკლინიკაში არსებული ,,საგზაო ფურცლების“ მიხედვით, 2017-2019 წლებში, ავტომანქანა „ოპელ ომეგაზე’‘ გახარჯულია 3 225 ლარის ღირებულების 1 600 ლიტრი საწვავი, ხოლო ავტომანქანა „მერსედეს ბენც ML-350’‘-ზე _ 4 621 ლარის ღირებულების 2 313 ლიტრი საწვავი’‘. 

აღსანიშნავია, რომ შპს „რომპეტროლ საქართველოს“ ვებგვერდის (მანაგერ.ფილლანდგო.გე/FGშ.FG) მონაცემების მიხედვით, 2017-2018 წლებში, სხვადასხვა დროს, 15 შემთხვევაში, თბილისში მდებარე ავტოგასამართი სადგურიდან, ავტომანქანა ,,ოპელ ომეგაზე’‘ ბარათით გაცემულია 1 258 ლარის ღირებულების 518 ლიტრი საწვავი. არადა, აუდიტორების მტკიცებით, ზუსტად ამ პერიოდში, პოლიკლინიკიდან თბილისის მიმართულებით, არც მივლინებით და არც საწვავის ხარჯვის „საგზაო ფურცლებით“, ავტომანქანის გადაადგილება არ ფიქსირდება. 

,,პოლიკლინიკის ხელმძღვანელობის წერილისა და დამფუძნებლის ნებართვის თანახმად, ავტომანქანა „ოპელ ომეგა’‘, (სახელმწიფო ნომრით, შMK-404), შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შეფასებულ იქნა დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის, შპს „აუდიტ ექსტრას“ (შAღAშ-A-580433) მიერ. შეფასებით, ამ ავტომანქანის საბაზრო ღირებულება 1 553 ლარი იყო. ამ პერიოდში, ავტომანქანის ნარჩენი საბალანსო ღირებულება შეადგენდა 3 988 ლარს. წარმოქმნილი სხვაობა (3 988 _ 1 553), რაც გამოიწვევდა არასაოპერაციო ხარჯების 2 445 ლარით ზრდას, საბუღალტრო ჩანაწერებში არ ასახულა!’‘ 

* * * 

2017-2019 წლებში, პოლიკლინიკამ 20 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, აქედან ორი ტენდერი არ შედგა, ერთი ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, ერთი ტენდერი შეწყდა და ერთი ტენდერით გაფორმებული ხელშეკრულება არ შესრულდა. 143 ხელშეკრულების საფუძველზე, პოლიკლინიკამ 212 059 ლარის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა, მათ შორის, ელექტრონული ტენდერით – 93 547 ლარის, კონსოლიდირებული ტენდერით – 9 877 ლარის, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით – 108 635 ლარის შესყიდვები. 

,,პოლიკლინიკის წესდებით განსაზღვრული ხელშეკრულებების შეთანხმების წესის მიუხედავად, (ღირებულება აჭარბებს პოლიკლინიკის საწესდებო კაპიტალის 15%-ს ანუ 6 327 ლარს), 2017-2019 წლებში, სახელმწიფო შესყიდვებით გაფორმებული 68 224 ლარის 97 ხელშეკრულებიდან, პოლიკლინიკამ არცერთი არ შეათანხმა დამფუძნებელთან. 2018 წელს, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მონეტარული ზღვარის დარღვევით, ფარმაცევტული პროდუქტების შესაძენად, პოლიკლინიკამ 6 952 ლარის ოთხი ხელშეკრულება გააფორმა ორ კომპანიასთან – შპს „ჰუმან დიაგნოსტიკა ჯორჯიასა“ და შპს „ავერსი ფარმასთან“. 2019 წელს, პოლიკლინიკის მიმართვის საფუძველზე, აფხაზეთის ა/რ-ის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ პოლიკლინიკას უფლება მისცა, რომ 2018 წელს მიღებული მოგებიდან, 20 476 ლარის რეინვესტირება განეხორციელებინა და ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (HEღ) ფუნქციონირებისთვის, 17 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა შეეძინა. პოლიკლინიკის მიერ კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესაძენად, მონეტარული ზღვრების დარღვევით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შპს „მედიაკომთან“, 21 510 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ამასთან, პოლიკლინიკის მიერ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე აიტვირთა 50 დღის დაგვიანებით, 2020 წლის 27 იანვარს’‘. 

გარდა ამისა, პოლიკლინიკამ შეუსაბამო შესყიდვის საშუალების (გამარტივებული შესყიდვა) გამოყენებით, სამი მომწოდებლისგან შეიძინა – 28 462 ლარის ღირებულების საქონელი, სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე მოქმედი წესით, დროულად არ ატვირთა გამარტივებული წესით გაფორმებული – 21 510 ლარის ღირებულების ერთი ხელშეკრულება. 

საბოლოოდ, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ დადგენილი წესის უგულებელყოფით, პილიკლინიკის ადმინისტრაციის მიერ თანხების ხარჯვა, ფულადი სახსრების არარაციონალურად და არაეფექტიანად გამოყენების რისკებს ქმნის, რაც მიუთითებს, როგორც პოლიკლინიკის ხელმძღვანელობის, ისე დამფუძნებლის მხრიდან კონტროლის მექნიზმების სისუსტესა და არაეფექტიანობაზე. მეტიც, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით, პოლიკლინიკის ხელმძღვანელობამ და ფინანსურმა მენეჯმენტმა შეუსაბამო შესყიდვის (გამარტივებული შესყიდვის) საშუალება გამოიყენა, რითაც ფულადი სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკები შექმნა.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში