Menu
RSS

მკვლელობა თბილისის იპოდრომზე

„ჩემი ცოლის ხმა გავიგე... ნალი ავიღე და მთელი ძალით თავში ჩავარტყი“, _ მეჯინიბის სკანდალური ჩვენება

როგორც გვეუბნებიან, იპოდრომის ტერიტორიაზე, მალე ცენტრალური პარკი გაშენდება და ის ძველ სტატუსს დაიბრუნებს ანუ თბილისის ფილტვები იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რაც მეტი სიმწვანე და ნაკლები ბეტონი იქნება დედაქალაქში და რაც მალე გაკეთდება, მით უკეთესი. საერთოდ, იპოდრომი არაერთხელ გამხდარა საჯილდაო ქვა, მისი შეძენა და კორპუსების მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იყო აქტუალური და აკი, მოახერხეს კიდეც ნაწილის ჩამოგლეჯა იპოდრომისთვის. არადა, თავის დროზე, იქ თამამად შეგეძლოთ მისვლა და ცხენით ჯირითი. დღეს ცხენის, მით უმეტეს, კარგი ცხენის შენახვა ძალიან ძვირი ჯდება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მეგობარმა, რომელმაც არაბული ჯიშის ცხენში, დაახლოებით, 75 ათასი დოლარი გადაიხადა, გვარიანად კი ისიამოვნა, მაგრამ მისი შენახვა თვეში 3 ათასი ლარი უჯდებოდა და ერთი წლის შემდეგ, 75 ათასად ნაყიდი ცხენი, 45 ათასად ძლივს გაყიდა.

სამწუხაროდ, იპოდრომის ტერიტორიაზე არაერთი დანაშაული მომხდარა, მაგრამ 1983 წელს მომხდარ მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი... არაბული ჯიშის ცხენი იყო. 

დედაქალაქი საკავშირო ტურნირისთვის ემზადებოდა. განსაკუთრებული არაფერი, 7 თუ 8 ქვეყნიდან უნდა ჩამოსულიყვნენ ცხენოსნები, ერთმანეთს გაჯიბრებოდნენ და ეს იყო მოსამზადებელი ეტაპი 1984 წელს გასამართი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისთვის. ჰოდა, შეჯიბრის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საჯინიბოში გარდაცვლილი კაცი ნახეს და, რაღა თქმა უნდა, მაშინვე მილიციაში დარეკეს. 

გარდაცვლილი ჟოკეი გახლდათ, შეჯიბრის ერთ-ერთი მონაწილე, მაგრამ გარდაცვლილი თავისი კი არა, არამედ, კონკურენტი ცხენის გვერდით ნახეს. წინასწარი დასკვნით, ცხენმა კაცს ფეხი სახეში მიარტყა და ადგილზე მოკლა. ნალის ანაბეჭდი გარდაცვლილს აშკარად ეტყობოდა და ექსპერტიზის წინასწარი დასკვნაც ეს გახლდათ. მთავარი კი ის იყო, რომ გარდაცვლილის გვერდით, გრძელ ჯოხზე დამაგრებული ლურსმანი ეგდო. 

გამოითქვა მოსაზრება, რომ გარდაცვლილს ცხენის დაზიანება უნდოდა, რადგან მისი ცხენისთვის კონკურენცია ვერ გაეწია და საკავშირო პირველობისთვისაც ფავორიტი სწორედ ის და მისი ბედაური გამხდარიყვნენ. სამწუხაროდ, ასეთი რამ ხშირად ხდებოდა და ცხენების დაზიანება უცხო ხილი არ გახლდათ. ჯოხს ძლიერად მოიქნევდნენ, ცხენს კოჭთან მიარტყამდნენ და, დაახლოებით, სამი თვე, ის სირბილს ვერ შეძლებდა. იყო შემთხვევები, რომ ცხენი საერთოდ უვარგისი ხდებოდა ტურნირებისთვის, ან სამუდამოდ კოჭლდებოდა და მას, უბრალოდ, აძინებდნენ. 

როგორც ჩანს, გარდაცვლილმა საბედისწერო დარტყმის განხორციელება ვერ მოასწრო, მანამდე ცხენმა ივარგა. 

იმის მიუხედავად, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი იყო, გამომძიებელი კმაყოფილებას მაინც ვერ მალავდა. ჯერ ერთი, ცხენები ძალიან უყვარდა და ვერ იტანდა, ვინმე მათ ტკივილის მიყენებას რომ უპირებდა. მეორეც, გამომძიებელს გახსნილი მკვლელობა ედო ცხვირწინ და ბევრი წვალება არ დასჭირდებოდა. როგორც წესი, მაშინ იშვიათად კლავდნენ და თუ კლავდნენ, ძირითადად ისე, რომ კვალი არ დაეტოვებინათ და ამიტომ, ძიება თვეების განმავლობაში წვალობდა. ხელმძღვანელობას კი კატეგორიული მოთხოვნა ჰქონდა _ არცერთი გაუხსნელი მკვლელობა! 

დილით, გამომძიებელთან ექსპერტი შევიდა და მისთვის არცთუ სასიამოვნო ამბავი ამცნო. სახეზე წმინდა სისხლის მკვლელობაა და არანაირი უბედური შემთხვევაო. 

„გარდაცვლილს სახეზე აღენიშნება ნალის კვალი. ის გარდაცვლილია ნალის მოხვედრის შედეგად, მაგრამ ეს ნალი ცხენზე არ იყო დამაგრებული. ნალის მოხაზულობა იმდენად ძლიერი და მკაფიოა, აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო ლურსმნების ანაბეჭდიც, თუმცა არ ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნალი დარტყმის პროცესში ვიღაცას ხელში ეჭირა. ამასთან, შევისწავლეთ ცხენის ოთხივე ფეხი, მას სისხლის კვალი ერთ ნალზეც არ აღენიშნება“, _ ასეთი იყო ექსპერტიზის დასკვნა. 

სამართალდამცავებმა იპოდრომის ტერიტორია ფეხით შემოიარეს, თითოეული მეტრი დაათვალიერეს, მაგრამ ნალი ვერ აღმოაჩინეს. საქმე რომ მკვლელობასთან ჰქონდათ, იქიდანაც დადასტურდა, რომ გარდაცვლილს არ ეკეთა ხელთათმანები, შესაბამისად, ჯოხსა და ლურსმანზე მისი თითის ანაბეჭდები უნდა ყოფილიყო, თუმცა ისინი საგულდაგულოდ იყო წაშლილი. 

გამოძიებას საინტერესო ინფორმაცია გარდაცვლილის მეგობარმაც მიაწოდა. მისი თქმით, დაახლოებით, ორი თვის წინ, გერმანული ტურნედან დაბრუნებულმა გარდაცვლილმა ძალიან ბევრი ნივთი ჩამოიტანა, რომელსაც ყიდდა და წესით, სოლიდური თანხა უნდა ჰქონოდა. საბანკო ანგარიშზე გარდაცვლილს არაფერი ებადა, სახლის ჩხრეკისას კი ნივთების ნაწილი იპოვეს, თუმცა ფული არსად იყო. შეამოწმეს იპოდრომზე მისი ოთახიც, ნივთების გარკვეული ნაწილი იქაც იპოვეს, თუმცა ფული არც ოთახში ინახებოდა. 

გამოძიება ჩიხში შევიდა. გარდაცვლილი უცოლო გახლდათ, სერიოზული ურთიერთობა არავისთან ჰქონდა, მეზობლები ამბობდნენ, რომ მას სახლში ქალები არ დაჰყავდა, იპოდრომზე კი ყველასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, არც ძალიან ახლო და არც _ ცივი. ერთადერთი, რა მიმართულებითაც გამოძიება მუშაობდა, გერმანიიდან ჩამოტანილი ნივთებით გაყიდული შემოსავლის დაუფლების სურვილი გახლდათ. 

სამართალდამცავებმა უხეშად დაიანგარიშეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ გარდავლილს, დაახლოებით, 4 ათასი მანეთი უნდა ჰქონოდა მოგროვებული, ეს კი მაშინდელი საზომებით, პატარა თანხა ნამდვილად არ გახლდათ. გასვენებაში ოცამდე ოპერმუშაკი იმყოფებოდა. ისინი ხალხში დადიოდნენ, აინტერესებდათ, რას ამბობდნენ, მაგრამ საყურადღებო ვერაფერი მოისმინეს, თუმცა სწორედ გასვენების მეორე დღეს, გარდაცვლილის მეგობარი კვლავ მივიდა მილიციაში და საინტერესო რამ თქვა. 

როგორც მეგობარმა აღნიშნა, ჩამოტანილი ნივთებიდან ერთი, ქალის განსაკუთრებით ლამაზი მაისური იყო _ შავი ფერის, ოქროსფერი ნაქარგებით. გარდაცვლილი მის გაყიდვას არ აპირებდა და ამბობდა, ეს მაისური ჩემს დას უნდა ვაჩუქოო. მეგობარმა ამის შესახებ კარგად იცოდა და გაუკვირდა, როცა სწორედ ეს მაისური დაინახა გასვენებაში, ერთ-ერთ ქალბატონზე და რაც მთავარია, ეს ქალბატონი გარდაცვლილის და ნამდვილად არ იყო. მეგობარმა ისიც გაარკვია, რომ მაისურის მფლობელის ქმარი იპოდრომზე, ცხენების მომვლელად მუშაობდა. ვინაიდან და რადგანაც, ეს იყო ერთადერთი სამხილი ძიების ვერსიაში, ცხენების მომვლელის ბინის ჩხრეკის ორდერი მარტივად გასცეს. 

მილიციის დანახვაზე ცოლ-ქმარი აშკარად ანერვიულდა, მაგრამ რა უნდა ექნათ, წინააღმდეგობას ხომ ვერ გაუწევდნენ? ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებმა მაისური და 3 800 მანეთი ამოიღეს. გამოძიება დარწმუნდა, რომ ცოლ-ქმარი უშუალოდ მკვლელობის შემსრულებელი თუ არ იყო, ზუსტად იცოდა, რა მოხდა და როგორ, რადგან მათ არც იმ მაისურის ყიდვის შესაძლებლობა ჰქონდათ და ვერც ამ ოდენობის დანაზოგს გააკეთებდნენ. დაკითხვაზე, ნერვებმა, პირველად ქალს უმტყუნა, შემდეგ კი კაციც ალაპარაკდა. 

„გაჭირვებულად ვცხოვრობთ და ცოლისთვის სოლიდური საჩუქარი არასოდეს გამიკეთებია. როცა გარდაცვლილმა გერმანიიდან ნივთები ჩამოიტანა, იყო რამდენიმე, რომლის ყიდვაც 50 მანეთად შეიძლებოდა. ამიტომ, ცოლი სამსახურში მოვიყვანე და ნივთები დავათვალიერებინე. იმან კი მაინცდამაინც იმ მაისურს დაადო ხელი. მაისური არ იყიდებოდა, თუმცა ცოლი ლამის მუხლებში ჩაუვარდა გარდაცვლილს, მაგრამ მაინც უარი მიიღო. სამი დღის შემდეგ, ცხენს ვუვლიდი, როცა ჩემი ცოლის ხმა გავიგონე. საჯინიბოში იყო შემოსული და გარდაცვლილს ეუბნებოდა, ოღონდ ეგ მაისური მომეცი და რამდენ ღამესაც გინდა, იმდენს გავატარებ შენთანო. ის მაინც უარზე იყო, ჩემს დას დავპირდიო, მაგრამ მივხვდი, რომ დიდი შანსი იყო, გადაეფიქრებინა და ჩემი ცოლი პირდაპირ საჯინიბოში გადაეკუზა, ამიტომ როცა ის წავიდა, ნალი ავიღე, მივედი და მთელი ძალით თავში ჩავარტყი. ადგილზე მოკვდა, მერე ყველაფერი მარტივად გავაკეთე, ლურსმანი, ჯოხი... ნალი ჯიბით გავიტანე და მტკვარში გადავაგდე. მაისური და ფული კი წამოვიღე. ცოლს მე ვაიძულე, გასვენებაში სწორედ ის მაისური ჩაეცვა, მინდოდა, დავმტკბარიყავი ყველაფრით და მანაც წინააღმდეგობა ვერ გამიწია. დეტალებში მოვუყევი მათი საუბარი და მიხვდა, რომ ძალიან შეეშალა“, _ ასეთია ცხენების მომვლელის მოკლე შინაარსი. 

სასამართლომ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მეჯინიბეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ცოლს კი, დანაშაულის დამალვის გამო, 3 წელი აკმარა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში