Menu
RSS

ეროვნული ბიბლიოთეკიდან უნიკალური ბიბლია მოიპარეს

რატომ ფიგურირებს საქმეში გია ბიწაძე და როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავეებზე

სტაჟიან კრიმინალებს გია ბიწაძე აუცილებლად ემახსოვრებათ. ეს უნიჭიერესი კაცი, შესაძლოა, ცნობილი ხელოვანი გამხდარიყო, მაგრამ იმის გამო, რომ მამამისი ცნობილი ბინის ქურდი გახლდათ, გიამ საკუთარი ნიჭი სხვა მიმართულებას მოახმარა _ ნებისმიერი ანტიკვარიატის ასლის ისე დამზადება შეეძლო, რომ სიყალბის აღმოჩენას ხანგრძლივი ექსპერტიზა სჭირდებოდა. 90-იანი წლების დასაწყისში, ბიწაძე საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, ორ წელიწადში კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მაშინ ამბობდნენ, რომ ბიწაძეს კრიმინალებმა შეკვეთა მისცეს, შემდეგ კი, როგორც არასასურველი მოწმე, თავიდან მოიშორეს.

80-იანი წლების დასაწყისში, ანტიკვარიატზე მოთხოვნა გიზარდა. საბჭოთა კავშირის „მამები“ იძულებულნი გახდნენ, რეჟიმი ცოტა შეემსუბუქებინათ _ საზღვარგარეთ გასვლაც უფრო გაიოლდა და სწორედ იქ გაიგეს ადამიანებმა იმ ანტიკვარიატის ნამდვილი ფასი, რომელიც საბჭოთა კავშირში მრავლად იყო. რიგითი ადამიანების სახლებშიც კი ინახებოდა ძველებური ნივთები, რომელთა ღირებულებაც ევროპაში ათეულ ათას დოლარს აჭარბებდა, ამიტომ ამ ნივთებზე ნადირობა დაიწყო და თუ თავიდან მათი ყიდვა კაპიკებში შეიძლებოდა, შემდეგ, ხალხმა ფასი დაადო და საქმეში კრიმინალებიც ჩაერთვნენ. ისინი ნივთებს იპარავდნენ და ყიდდნენ. 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთ დარბაზში მცირე დაკვამლიანება გაჩნდა და მომსახურე პერსონალმა ჯერ სახანძრო გამოიძახა, შემდეგ _ მილიცია. საქმე ის გახლდათ, რომ იმ დარბაზში მყოფი მკითხველი, დაახლოებით, 40-45 წლის კაცი გარდაიცვალა და წინასწარი ვარაუდით, მისი გარდაცვალების მიზეზი კვამლით გაგუდვა უნდა ყოფილიყო. რაც ყველაზე საინტერესოა, დაკვამლიანება არა რაიმეს აალებამ, არამედ, სამხედრო საკვამლე შაშხანამ გამოიწვია _ ვიღაცამ შაშხანა გახსნა და კვამლიც, ლამის მთელ შენობას მოედო. გამოითქვა ვარაუდი, რომ ბიბლიოთეკიდან რაიმე ძვირადღირებული წიგნი გაიტანეს, მაგრამ ეს ვერსია მომსახურე პერსონალმა უარყო. დარბაზში, სადაც კვამლი გაჩნდა, მხოლოდ გარდაცვლილი და ერთი გოგონა იყვნენ. გოგონა მაშინვე კარისკენ გაიქცა, თანაც ის ახალი მოსული იყო და წიგნი წასაკითხად აღებული არ ჰქონდა. ბიბლიოთეკარი დაზუსტებით ამბობდა, რომ მოსვლისას, გოგონას ქაღალდში შეხვეული რაღაც ეჭირა, იმ რაღაცას წიგნის ფორმა ჰქონდა, თუმცა გასვლისას, ხელები ცარიელი ჰქონდა. გოგონა შემთხვევის ადგილზე ვერ ნახეს. 

გარდაცვლილი რიგითი მასწავლებელი და ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი აღმოჩნდა. ერთი ეგ იყო, ექსპერტიზამ კვამლით გაგუდვის ვერსიას საძილე საშუალებებიც დაუმატა ანუ გარდაცვლილს, ბიბლიოთეკაში შესვლამდე, ყავა ჰქონდა დალეული და ყავასთან ერთად, დიდი ოდენობით საძილე საშუალებაც ჰქონდა მიღებული. მაშინ ყავის დალევა ყოველი ფეხის ნაბიჯზე არ შეიძლებოდა, არ იყო ამდენი კაფე-ბარი და რესტორანი, ამიტომ გამომძიებლებმა მარტივად მიაგნეს იმ ადგილს, სადაც მასწავლებელმა ყავა დალია. რაც მთავარია, მიმტანს კარგად ახსოვდა, რომ კაცი მარტო არ იყო, ახალგაზრდა გოგონა ახლდა და იმ გოგოს აღწერილობა ზუსტად ემთხვეოდა სამკითხველო დარბაზში ნანახის გარეგნობას. 

სამწუხაროდ, მაშინ არც სათვალთვალო კამერები იყო და აღწერილობის მიხედვით, მილიციამ გოგონას ძებნა მასწავლებლის გარემოცვაში დაიწყო, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. მასწავლებელს ყველა დადებითად ახასიათებდა, რაც მთავარია, ის უცოლო გახლდათ და ასაკის მიუხედავად, ცოლის მოყვანას არ აპირებდა. ის არასდროს შეუნიშნავთ ქალების გარემოცვაში და მთელ დროს ბავშვების აღზრდას უთმობდა. 

ამ ინფორმაციამ გამომძიებელი დააეჭვა და იმ პოლიკლინიკას ეწვია, სადაც გარდაცვლილი აღრიცხვაზე იყო. სამედიცინო ისტორიის მიხედვით, გაირკვა, რომ კაცს შვილები არასოდეს ეყოლებოდა და ამის შესახებ თავადაც კარგად იცოდა. სწორედ ამიტომ, ცოლის მოყვანას არ აპირებდა და მთელ ენერგიას სხვისი შვილების აღზრდას უთმობდა. სამართალდამცავები ისევ ბიბლიოთეკაში დაბრუნდნენ, ეჭვი ჰქონდათ, რომ იქ რაღაც გამორჩათ, რაღაც ისეთი, რაც სწორ კვალზე გაიყვანდათ და ესეც არ იყოს, არ იცოდნენ, რომელი წიგნი მოიტანა გოგომ და სად დატოვა. ბიბლიოთეკარი ახლიდან დაკითხეს, სთხოვეს, გაეხსენებინა ყველაზე უმნიშვნელო დეტალიც კი, რომელიც იმ გოგონას უკავშირდებოდა და მანაც გაიხსენა: 

დაახლობით, ორი თვის წინ, გოგო წიგნის წასაკითხად იყო მოსული და საპირფარეშოში გავიდა. იქიდან გამოსულმა კი თქვა, რომ ქალების საპირფარეშო გაჭედილი იყო და ფეკალიები იღვრებოდა. მანვე დარეკა ქალაქის საკანალიზაციო სამსახურში და მუშა, დაახლოებით, ათ წუთში მოვიდა, ყველაფერი გააკეთა და წავიდა. 

გამომძიებელი საკანალიზაციო სამსახურში მივიდა, სადაც უთხრეს, რომ ბიბლიოთეკიდან გამოძახება არ ყოფილა და არც თანამშრომელი გაუგზავნიათ. ის ისევ ბიბლიოთეკაში დაბრუნდა და მოიკითხა, რომელი წიგნი იყო იმ დარბაზში ყველაზე ძვირფასი. წინ გერმანულ ენაზე შესრულებული, უძველესი ბიბლია დაუდეს და უთხრეს, რომ მისი ფასი ევროპაში, შესაძლოა, ნახევარი მილიონიც კი ყოფილიყო. წიგნს სიძველის კვალი აშკარად ეტყობოდა, მას მკითხველს, პრაქტიკულად, არ აკარებდნენ, თუმცა გამომძიებელმა რამდენიმე ფურცელი მაინც გადაშალა და ერთგან ბურთულიანი კალმის კვალს მიაგნო. რა, რა და, საუკუნეების წინანდელი ბიბლია, ბურთულიანი კალმით ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო შესრულებული. წიგნი ექსპერტიზაზე გააგზავნეს და დასკვნაც მალე მოვიდა _ კარგად შესრულებული ასლი. 

სწორედ ამის შემდეგ მივიდნენ სამართალდამცავები გია ბიწაძესთან, მის გარდა, ამას საქართველოში ვერავინ გააკეთებდა. ბინის ჩხრეკისას, სანაგვე ყუთში აღმოჩნდა ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც ასევე, გერმანული ასოები იყო და ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ის რამდენიმე სიტყვა ბიბლიური გახლდათ. დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, ბიწაძემ დაადასტურა, რომ გერმანული ბიბლია მიუტანეს და ორი თვის განმავლობაში, მისი ანალოგი შექმნა. შემკვეთი კი იმ ბავშვის მშობელი იყო, რომელსაც გარდაცვლილი ასწავლიდა. მშობელი იმავე საღამოს დააკავეს, დილით კი უკვე მისი ქალიშვილი მიიყვანეს განყოფილებაში. 

 

„გერმანულ ბიბლიას შემთხვევით წავაწყდი სამკითხველოში და მივხვდი, რომ ამით სერიოზული ფულის გაკეთება შეიძლებოდა. გიას დიდი ხანია ვიცნობ, ვუთხარი, თუ შეძლებდა ასლის დამზადებას და თანხმობა მივიღე. შემდეგ, შვილთან ერთად გავითამაშე საპირფარეშოს გაჭედვის ამბავი და წიგნი სანტექნიკოსის ჩანთით გამოვიტანე. წესით, მისი გაქრობა არ უნდა შეემჩნიათ, რადგან არასდროს არავის აძლევდნენ, შორიდან ყურება კი ყველას ეზარებოდა. გიამ მუშაობა დაასრულა, შედევრი შექმნა და მეც, ასლიცა და დედანიც შინ წამოვიღე. სწორედ იმ დღეს, ჩემი მეორე შვილი, ავადმყოფობის გამო, სკოლაში ვერ წავიდა. მასწავლებელი მულოდნელად შინ დაგვადგა და მაგიდაზე დადებული ბიბლია დაინახა. მიხვდა, რაც იყო და იმასაც მიხვდა, რომ ბიბლიოთეკიდან წიგნს არავინ გამოგვატანდა. მან ერთი დღე მოგვცა წიგნის ადგილზე დასაბრუნებლად და ეს სრულებით საკმარისი იყო. ვუთხარი, რომ ჩემი გოგონა დააბრუნებდა, ამიტომ ისინი დილით, ერთმანეთს შეხვდნენ, ჩემს შვილს ასლი ჰქონდა, თუმცა ნერვიულობა მოიმიზეზა და ყავის დალევა გადაწყვიტა. სწორედ მაშინ ჩაუყარა ყავაში საძილე საშუალება, მერე კი ჯერ მასწავლებელი გაატარა ბიბლიოთეკაში, შემდეგ თავად შეყვა. მასწავლებელი გაითიშა, ჩემმა შვილმა შაშხანა ააბოლა, წიგნი დაბრუნა და იქაურობა დატოვა“, _ განაცხადა დაკავებულმა. 

მამა-შვილს სასამართლომ 13 და 11 წელი მიუსაჯა, გიას კი 4 წელი აკმარა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში