Menu
RSS

რა საიდუმლო დოკუმენტები აქვს ბაჩო ახალაიაზე და აპირებს თუ არა დავით ჭაკუა „ოცნებასთან“ თანამშრომლობას

გერმანიიდან ექსტრადირებული პატიმრების მწამებლის სკანდალური დოსიე _ რატომ ეშინიათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ექსშეფის ალაპარაკების

სიტყვაზე გვენდეთ _ ძალიან, ძალიან ძნელია, პატიმარი რამით შეაშინო. ციხეში ის იმაზე ფიქრობს, რაც შეიძლება ნაკლები სასჯელი მისცენ, „ზონაზე“ კი უკვე ამ სასჯელის გასვლაზეა ორიენტირებული. ესეც არ იყოს, გისოსებს მიღმა მოხვედრილ კაცს ფსიქოლოგიაც ეცვლება ანუ რისიც ადრე ეშინოდა, ის სასაცილოდ აღარ ჰყოფნის...

გასულ კვირას, გერმანიიდან საქართველოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადაცია განხორციელდა. მას დაუსწრებლად უკვე მისჯილი აქვს და, შესაბამისად, „სროკის“ მოხდას დაიწყებს, თუმცა ჭაკუას სხვა ბრალიც აქვს წაყენებული და მის გასაჩივრებას აპირებს. 

და მაინც, ვინ არის დავით ჭაკუა, რატომ იძებნებოდა ე.წ. წითელი ცირკულარით და რატომ ასოცირდებოდა სასჯელაღსრულების სამინისტროს მართვა და კონტროლი მის სახელთან, მით უმეტეს, მაშინ მინისტრი ხომ ხათუნა კალმახელიძე გახლდათ? 

წეღან შიშზე მოგახსენეთ და ერთ-ერთი, ვისი ხსენებაც პატიმრებს აშინებდა, სწორედ ჭაკუა იყო, თუმცა სანამ მასზე მოგიყვებით, ალექსანდრე მუხაძეზე ვთქვათ. 

ასევე, გასულ კვირას, სტრასბურგში წასული საქმე _ „ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს წინაღმდეგ“ დასრულდა და სასამართლომ მანუკიანი გაამართლა. რეალურად, საქმეს კი ერქვა „საქართველოს წინააღმდეგ“, მაგრამ იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ის კონკრეტულ პიროვნებას, ვინმე ა.მ.-ს უჩიოდა. 

 

ა.მ. გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე გახლავთ, იგივე „ქილერა“, რომელიც ჭაკუას დარად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება და ეჭვი გვაქვს, ეს ძებნა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს. 

ისე, დაახლოებით, ერთი წლის წინ ითქვა, რომ მუხაძე უნგრეთში ცხოვრობს და რამდენჯერმე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის გარემოცვაშიც ნახეს, თუმცა ოფიციალურ დონეზე ეს არ დადასტურებულა. 

ახლა კი ისევ ჭაკუას დავუბრუნდეთ. 

მას შემდეგ, რაც ბაჩანა ახალაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა და უწყება ხათუნა კალმახელიძემ ჩაიბარა, გაჩნდა იმედი, რომ ქალის ხელში სისტემა, რომელში არსებულ სისასტიკეზეც ლეგენდებს ყვებოდნენ, „მოიშვებდა“ და მხოლოდ პატიმრები კი არა, არამედ, მათი პატრონებიც მშვიდად დაიძინებდნენ. 

თავიდან თითქოს ყველაფერი ნორმალურად აეწყო, კალმახელიძემ „გაბუტული ტუჩებითა“ და ბავშვური, გულუბრყვილო თვალებით შემოიარა ყველა დაწესებულება, მერე, გაოცებულმა იკითხა, თურმე, ყველაფერი რიგზეა და ამ ხალხს რა აგიჟებსო? 

მაშინ კალმახელიძეს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მას „კაზიოლების“ კორპუსები ანახეს ანუ იმ პატიმრების, რომლებიც ადმინისტრაციასთან თანამშრომლობენ, სპეციალური ფორმით დადიან და ყველა მითითებას უსიტყვოდ ასრულებენ. უფრო სწორად, გვინდა დავიჯეროთ, რომ ქალბატონ ხათუნას წარმოდგენა არ ჰქონდა რეალობაზე, თუმცა გამორიცხულია, მერე და მერე ვერ მიმხვდარიყო, ქართულ ციხეებში რეალურად რა ხდებოდა. 

ყველაფერს ერთი კაცი, დავით ჭაკუა წყვეტდა და ათანხმებდა ბაჩანა ახალაიასთან, კალმახელიძე კი, უბრალოდ, ევროპელი დიპლომატებისთვის საჩვენებელი თოჯინა იყო და საკუთარ მოვალეობას გადასარევად ასრულებდა _ დადიოდა შეხვედრებზე, საუბრობდა ციხეში არსებულ მაღალ სტანდარტებზე და მერე რა, რომ ერთხელ, ევროპელმა დიპლომატმა, ქართული ციხეების დათვალიერების შემდეგ განაცხადა, ისეთი სიჩუმეა, აქ ძალიან ცუდი რაღაც ხდებაო. 

„კაზიოლებმა“ იმ ევროპელს არაფერი უთხრეს, ჩვეულებრივ პატიმრებამდე კი ევროპელები არავინ მიუშვა. მეტიც, არაერთი პატიმარი ამტკიცებდა, რომ ე.წ. კარანტინის დაშლას გლდანის ციხეში, პირადად ჭაკუა არაერთხელ დასწრებია, იმ შემთხვევაში კი, თუ თავად ვერ ესწრებოდა, იქ მისი მოადგილე, გაგა მკურნალიძე მიდიოდა. 

მკურნალიძის სახელი არაერთი პატიმრის ჩვენებაშია _ ის უშუალოდ მონაწილეობდა პატიმრების ცემა-ტყეპაში, მისჯილიც ჰქონდა, მაგრამ... კარგა ხანია, „ოცნების“ ხელისუფლებამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯალათი გაათავისუფლა და დღეს, სამშენებლო ბიზნესში თავს ძალიან მშვიდად გრძნობს. 

კიდევ გავიმეორებთ: გაგა მკურნალიძე არა მხოლოდ გლდანის ციხეში, არამედ, სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პირადად უსწორდებოდა პატიმრებს, მაგრამ დღეს თავისუფალია _ ძალიან, ძალიან მცირე სასჯელის მოხდის შემდეგ გამოუშვეს. 

მკურნალიძის გარდა, ჭაკუას მითითებების უსიტყვო და ზედმიწევნით შემსრულებელი, სწორედ ალექსანდრე მუხაძე გახლდათ. 

ჭაკუას გარეშე არ ხორციელდებოდა პატიმრების ეტაპირება გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებში, გლდანის ციხეში მას ჰყავდა ათეულობით პირადი პატიმარი, რომლებსაც ოთხ კედელს აყურებინებდა და იმის მიუხედავად, რომ კანონით ეკუთვნოდა, არ უშვებდა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში. ნუ გაიკვირვებთ, რომ როლანდ ახალაიამ, დავით ჭაკუა უკვე შერაცხა მორიგ პოლიტპატიმრად. 

საქმე ისაა, რომ ახალაია ახლა, ჭაკუაზე მეტად, საკუთარ შვილს უფრთხილდება. ჭაკუამ თუ პირი დააღო, პრაქტიკულად, გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ ბაჩანა ახალაიას ახალ ბრალს წაუყენებენ და დაუმტკიცებენ კიდეც. 

სხვათა შორის, არსებობს ვარაუდი, რომ საზღვარგარეთ წასულ დეპარტამენტის ყოფილ შეფს ქვეყანა ხელცარიელი არ დაოტოვებია და წინა ხელისუფლების მამხილებელი არაერთი დოკუმენტი წაიღო. აი, ამ დოკუმენტებს თუ გამოაჩენს ჭაკუა და სანაცვლოდ, საპროცესო გარიგებასა და მინიმალურ „სროკს“ მოითხოვს, მხოლოდ ახალაიას კი არა, სხვებსაც სერიოზული პრობლემები შეექნებათ! 

არც ის არის გამორიცხული, რომ ჭაკუამ მუხაძის ადგილსამყოფელი იცოდეს. ძნელად წარმოსადგენია, ერთსა და იმავე დანაშაულისთვის ძებნილები, ერთ სისტემაში მომუშავე ადამიანები, ერთმანეთს არ დაკავშირებოდნენ. 

ასეა თუ ისე, ჭაკუა საქართველოშია და ის იმ ადამიანთაგან ერთ-ერთია, რომელსაც შეუძლია, ბურუსით მოცულ ბევრ საქმეს ნათელი მოჰფინოს. მან იმაზე ბევრად მეტი იცის, ვიდრე მინისტრობის დროს, კალმახელიძემ იცოდა _ მას შიდა სამზარეულოში, უბრალოდ, არ ახედებდნენ და კალმახელიძეც გაფრთხიულებული იყო, რომ რეჟიმის მოშვება არ შეიძლებოდა და ის სწორედ ახალაიას კადრს უნდა ეკონტროლებინა. 

ცუდი კი ის გახლავთ, რომ ყველაფერი ეს საეჭვოდ დაემთხვა წინასაარჩევნო პერიოდს, თუმცა თუ ყველა ძებნილს, თუნდაც წინასაარჩევნოდ ჩამოიყვანენ საქართველოში და მიუსჯიან, ურიგო არ იქნება.

* * * 

მანამდე კი, შსს კარანტინის დროს, საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოპარული „კანონიერი ქურდების“ დაჭერითაა დაკავებული და როგორც ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები გვეუბნებიან, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში