Menu
RSS

ფრთხილად! _ ქალაქში სერიული ქურდი დადის, რომელიც მარტოხელა პენსიონერებს საცვლებს ჰპარავს!

რა თავსატეხი გაუჩინა სასწრაფოს ქერათმიანმა მძღოლმა სამართალდამცავებს

ადრე ჩვენს მეზობლად, გვერდით სადარბაზოში, პოლიციის თანამშრომელი ცხოვრობდა. მისი იმედით ყველას სჯეროდა, რომ ჩვენს კორპუსში ბინას არ გაქურდავდნენ, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს, სწორედ იმ პოლიციელის ბინა გაქურდეს. მართალია, სამართალდამცავებმა ქურდი მალე დააკავეს და იმ დროისთვის მაქსიმუმი _ ექვსი წელიც მიუსაჯეს, მაგრამ მეზობლებისთვის ეს შვება არ იყო ანუ ყველა მიხვდა, თუ ქურდებმა სამართალდამცავი არ დაინდეს, არც სხვებს დაინდობდნენ. 

დღესაც, თუ მეზობლად სამართალდამცავი ცხოვრობს, რაღაცნაირად გეიმედება, გჯერა, რომ მოვა, მოგეხმარება, გიშველის. არც ის არის უცხო, თუ მეზობელ სამართალდამცავს, მეზობლურად სთხოვ რამეს გარკვევას, გაგებას და ისიც არ დაგზარდება. სწორედ ასეთი სამეზობლო ამბიდან დაიწყო ისტორია, რომელსაც ქვემოთ გიამბობთ და რომელსაც პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი იხსენებს.

„გამომძიებლად მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, როცა მეზობელი პენსიონერი, ვერა დეიდა მომადგა და _ გამქურდეს, შვილოო, _ მომატირა. გამიკვირდა, არ იყო ვერა ის ქალი, რომლის ბინაში შესვლასაც აზრი ჰქონდა. ჯერ ერთი, მარტო ცხოვრობდა, ქმარი გარდაცვლილი ჰყავდა, შვილები ცალკე ცხოვრობდნენ და მეორეც, დილიდან საღამომდე ეზოში იჯდა, პენსიაზე ცხოვრობდა და ის ხალათი, რომლითაც მე მომადგა სახლში, ალბათ, ბოლო ხუთი წლის მანძილზე, გამოუცვლელად ეცვა. 

ძალიან გავბრაზდი, ამიტომ ვერა დეიდას ვუთხარი, განყოფილებაში წამომყევი, განცხადება დაწერე, ოფიციალურ მსვლელობას მივცემ საქმეს-მეთქი და იუარა, მრცხვენიაო. ამან სულ გადამრია, სასირცხვილო რა არის, გაგქურდეს-მეთქი და არა, რაც მომპარეს, იმის მრცხვენიაო. ათასმა ფიქრმა გამიელვა, მაგრამ ერთიც ვერ მოვარგე იმას, რის გამოც შეიძლებოდა ვერა დეიდას შერცხვენოდა, ამიტომ სამზარეულოში გავედი, წყალი გამოვუტანე, წინ დავუჯექი, ხელი დავუკავე და ძალიან შინაურულად ვთხოვე, ყველაფერი მოეყოლა. იმანაც დაიწყო. 

 

თურმე, საღამოს კარზე დაუკაკუნეს. ამანაც გააღო და კართან ქერათმიანი ექიმი იდგა, ახალგაზრდა გოგო, მაშინვე ბინაში შევიდა და იკითხა, ავადმყოფი სად არისო. ვერა დეიდამ იუარა, რა ავადმყოფი, მარტო ვცხოვრობ და არც სასწრაფო გამომიძახიაო. შეწუხდა ექიმი, ახლა უნდა დავრეკო, გამოძახება გავაუქმებინო, მერე ძიება წავა, საიდან იყო ზარი, თუ აქედან იყო, დაგაჯარიმებენო და მოდი, რადგან მოსული ვარ, წნევას მაინც გაგიზომავ და ჩამეთვლება, რომ გამოძახებაზე ვიყავიო. მოხუცმაც უარი არ უთხრა და როცა მოსულმა წნევა გაუზომა, გაოცდა _ იმდენად მაღალი წნევა გაქვთ, ნემსი უნდა გაგიკეთოთ, კიდევ კარგი, შეცდომით მოვედიო. დათანხმდა ვერა დეიდა, გააკეთებინა ნემსი და... დილით გაეღვიძა, სახლიდან დაახლოებით, 80 მანეთი იყო მოპარული და ის, რისი თქმაც ერიდებოდა, ძლივს ამოვგლიჯე _ ქურდმა ფულთან და ვერცხლის ყელსაბამთან ერთად, სახლიდან ვერა დეიდას საცვლებიც წაიღო. 

_ ჰო, შვილო, ყველა საცვალი წაიღო, მარტო ზედ რაც მაცვია, ეს დამრჩა, _ თავი ჩაღუნა მეზობელმა. 

გაოგნებული ვუსმენდი, მერე უცებ, ეს მომაფიქრდა და ვკითხე, საზღვარგარეთიდან ხომ არ იყო ჩამოტანილი, ბოდიშით და, ძალიან ძვირფასი მატერიის „ტრუსიკები“ ხომ არ გქონდათ-თქო და არაო, თავი გადააქნია, ყველაზე ძვირი, 1 მანეთი და 20 კაპიკი ღირდა, დანარჩენები, სტანდარტულად, 80-კაპიკიანი საცვლები იყოო. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობის მიუხედავად, ვერა დეიდა განყოფილებაში წავიყვანე და ოფიციალური განცხადება დავაწერინე. იქვე მეზობლის კაციც გამოჩნდა, რომელმაც ეზოში სასწრაფოს მანქანა და ქალი დაინახა. აღწერა ვერ შეძლო, ღამე იყო, მაგრამ ორი საგულისხმო დეტალი თქვა. ერთი ის, რომ სასწრაფოს მანქანაზე, ქალი საჭესთან დაჯდა და მარტო იყო, მეორე ის, რომ სანამ მანქანას დაძრავდა, სიგარეტს მოუკიდა. ეს სერიოზული მინიშნება გახლდათ, რადგან მაშინ, ყოველი მეორე ქალბატონი არ ეწეოდა და წესით, ქერათმიანი მწეველი ექიმი ან ექთანი, ადვილად უნდა მოგვეძებნა. მით უმეტეს, სასწრაფოს მანქანები მკაცრ აღრიცხვაზე იყო“, _ ასე დაიწყო ისტორიის მოყოლა ბატონმა თენგიზმა. 

სასწრაფო დახმარების განყოფილებების შემოწმებამ გამოძიებას ახალი არაფერი მისცა. არცერთი მონაცემი არ ემთხვეოდა მოწმეების მიერ აღწერილ ქალს და რაც მთავარია, სასწრაფო დახმარების არცერთი მანქანა არ გადიოდა გამოძახებაზე მხოლოდ ერთი წევრით. იქ იყო მძღოლი, ექიმი და ექთანი ანუ სამკაციანი ბრიგადა და საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული მიმართულების ექიმი. გამოძიება ჩიხში შევიდა, მაგრამ დიდხანს არ მოუწყენია _ დედაქალაქის სხვა განყოფილებაში, კიდევ ერთი პენსიონერი გამოცხადდა და ლამის სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ის, რაც პირველმა დაზარალებულმა _ ახალგაზრდა, ქერათმიანი ქალი, შეცდომით მისული გამოძახებაზე, მაღალი წნევის დიაგნოზი, ნემსი, დაძინება, წაღებული ფული და ძვირფასეულობა. მეორე დაზარალებული ბატონმა თენგიზმა ახლიდან დაკითხა, რადგან საქმეები გააერთიანეს და მაშინვე მიხვდა, პენსიონერი რაღაცას მალავდა. 

„თქვენც საცვლები მოგპარეს?“ _ შეაპარა გამომძიებელმა მეორე დაზარალებულს და მან ჯერ თავი დახარა, მერე გაწითლდა და თქვა _ არა, ლიფები. არცერთი ლიფი არ დამიტოვა. პრინციპში, სულ სამი ცალი მქონდა. 

რაც მთავარია, როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში, მოპარული ადგილობრივი წარმოების ანუ ძალიან იაფი პროდუქცია იყო. სამაგიეროდ, ქალს ოქროს საყურეები და ყელსაბამი ჰქონდა. ამასთან, წაღებული იყო, დაახლოებით, 200 მანეთი. 

გამოძიება კი მიხვდა, რომ ორივე ქურდობა ერთი და იგივე ქალის მიერ იყო ჩადენილი, მაგრამ იმას ვერავინ ამბობდა, რაში სჭირდებოდა ქურდს შიდა საცვლები. მიახლოებითი ვერსიაც კი არავის ჰქონდა და... მესამე ქურდობამ არ დააყოვნა. დაზარალებული ამჯერად პენსიონერი მამაკაცი იყო, იგივე ისტორიით. ამჯერად, სახლში არსებულ მცირე ძვირფასეულობასთან ერთად, წაღებული იყო... აბსოლუტურად ყველა წინდა. იმავე დღეს, ყველა საგზაო ინსპექტორს მიეცა მითითება _ გაეჩერებინა სასწრაფო, თუ დაინახავდა, რომ საჭესთან ქერათმიანი ქალი იჯდა. სხვა შემთხვევაში, სასწრაფოს გაჩერება დაუშვებელი იყო, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხებოდა. ბრძანების გაცემიდან მესამე დღეს, ერთ-ერთმა „გაიშნიკმა“ შებინდებულზე დაინახა, რომ სასწრაფოს მანქანას ქერათმიანი ქალი მართავდა. მაშინვე ზოლიანი ჯოხი შემართა, მანქანა გააჩერა და... 

„მანქანა როგორც კი გააჩერა, ჩამოსვლა და საბუთების ჩვენება ვუბრძანე. ჩამოვიდა, თუმცა მოულოდნელად ისე დამარტყა ყბაში, გონება დავკარგე. აზრზე ჩემს სამსახურეობრივ მანქანაში მოვედი, ჯერ განყოფილებას გადავეცი რაციით მომხდარი, შემდეგ საავადმყოფოში წავედი“, _ ეს არის „გაიშნიკის“ მონაყოლის ძირითადი შინაარსი. 

მის მონაყოლს ექსპერტის დასკვნაც ერთვოდა და რაც მთავარია, ექსპერტი წერდა, დაზარალებულს ან ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, ან ვინც დაარტყა, ქალი არ არის, გამორიცხულია, ასეთი სიძლიერით ქალს ხელი მოექნიაო. „გაიშნიკი“ კი დაბეჯითებით ამბობდა, რომ ქალს ხელში არაფერი ეკავა და ყბაში მუშტი მოხვდა. ორი თვის განმავლობაში, ახალი შემთხვევა არ მომხდარა, სამართალდამცავებიც ამაოდ ეძებდნენ საეჭვო სასწრაფოს მანქანას. აი, ორი თვის შემდეგ, განყოფილებაში მორიგი დაზარალებული გამოცხადდა, იგივე ისტორიითა და მოპარული საცვლებით. სამართალდამცავებმა აგენტურული ქსელი აამუშავეს, მაგრამ არც მოპარულ ძვირფასეულობას ყიდდა ვინმე „შავ ბაზარზე“ არც _ ნახმარ საცვლებსა თუ წინდებს. ძალოვანები ლამის გაცოფდნენ, ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდათ. ქალი იდეალურად მუშაობდა, სამეციდინო ხელთათმანები ეკეთა და ეს არავის უკვირდა, ანაბეჭდებს არ ტოვებდა, მთელ თბილისში კი იმდენი მარტოხელა პენსიონერი იყო, ყველასთან სამორიგეოდ მილიციელს ვერ დააყენებდნენ. 

„ბევრი რომ არ გავაგრძელო, შვიდი ფაქტი დამიგროვდა. ჯერ ერთი გაუხსნელი საქმე მითხარი და ახლა _ შვიდი, თან როგორი, სერიული. უფროსობა შედეგს მთხოვდა, შედეგი კი არ იყო. ერთ დღესაც ჩემი ოპერმუშაკი შემოვიდა, ძალიან აღელვებული იყო და ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს, ვიპოვე, ბატონო თენგიზ, ვიპოვე. მღელვარებისგან მეც სუნთქვა შემეკრა და იმანაც დაიწყო. თურმე, ფოტოატელიეში წავიდა სურათის გადასაღებად. იქ კიდევ ორი გოგო მივიდა, სურათები უნდა წაეღოთ და თვალიერება და კისკისი იქვე დაიწყეს. ფოტოგრაფმა ჰკითხა, რა გაცინებთო და იმათაც უპასუხეს, აგერ, ეს ქერათმიანი გოგო ჩვენი მეგობარი ბიჭია, გარდასახვის საოცარი უნარი აქვსო. მაშინვე სურათებს დავხედე და იქ მართლაც, ქალის სახე იყო აღბეჭდილი, მაგრამ გოგოები ამბობდნენ, ბიჭია, ჩვენი მეზობელია, ქალაქის ავტოფარეხში მუშაობსო. იქიდან ავტოფარეხში წავედი, გენო ჰქვია იმ ბიჭს, უფროსთან მოვიკითხე, კატეგორიულად გავაფრთხილე, ჩემი ვიზიტის შესახებ არავისთვის ეთქვა და სხვა რამესთან ერთად, ისიც ვათქმევინე, რომ „გარაჟში“ ჩამოწერილი სასწრაფო ჰყავთ, რომელსაც ძრავი აქვს გაფუჭებული, ძველია და პრაქტიკულად, ჯართად დააგდეს, თანაც გენოს უფროსისთვის უთხოვია, დარაჯადაც გამაფორმე ნახევარ განაკვეთზეო და მორიგეობის გრაფიკი გადავამოწმე. სამი შემთხვევის თარიღი მახსოვდა, იმ დღეებში გენო დარაჯობდა, დარწმუნებული ვარ, დანარჩენიც დაემთხვევა. ახლა თვალთვალი დავაწესოთ და ეგ არის“, _ თქვა ბატონი თენგიზის თანამშრომელმა. 

თარიღები მართლაც დაემთხვა და გენოზე თვალთვალი დააწესეს. მეხუთე დღეს, შებინდებისას, გენომ სასწრაფოს „გაფუჭებული“ მანქანა დაქოქა, ავტოფარეხი დატოვა და რაღა თქმა უნდა, ქალის ფორმაში გადაცმული, გზას გაუყვა. სამართალდამცავებმა ის ადგილამდე მიაცილეს, ხოლო როცა სახლში შევიდა, ფეხდაფეხ შეჰყვნენ და დააკავეს. ბატონი თენგიზი ღიმილით იხსენებს, ყველაზე მეტად ის მაინტერესებდა, საცვლები, წინდები და ლიფები სად მიჰქონდაო. 

„სამჯერ ვცადე თეატრალურში ჩაბარება, ვერ მოვხვდი, ორჯერ სამედიცინოზე და ვერც იქ მოვხვდი. არადა, ჩემგან კარგი ექიმი ან კარგი მსახიობი გამოვიდოდა. გულწრფელად მითხარით, ხომ ვერც ერთი დაზარალებული ვერ მიხვდა, რომ კაცი ვიყავი? ამით ვუმტკიცებდი ყველას, პირველ რიგში, საკუთარ თავს, რომ შეცდნენ და ტყუილად დამიწუნეს. იდეა მაშინ დამებადა, როცა სასწრაფოს გაფუჭებული მანქანა მოიყვანეს, მივხვდი, გავაკეთებდი, მაგრამ ისიც მოიშორეს, დააგდეს, ჩამოწერეს, ჩემსავით მოექცნენ. შევაკეთე და მოძრაობაც დავიწყე. სასწრაფოს ექიმს ხომ ყველა უღებს კარს?! რაც შეეხება იმ უცნაური ნივთების მოპარვას, თქვენთვის ვაკეთებდი, ბევრი რომ გეფიქრათ და კონკრეტულ დეტალებზე ფიქრში ხელი შეგშლოდათ. რაც შეეხება მარტოხელებს, წადით ვერის ბაღში, ვაკის პარკში, ყური დაუგდეთ, გამოელაპარაკეთ და იქ მარტივად გაარკვევთ, ვინ მარტოხელაა და ვინ _ არა. მერე სახლამდე მიყოლა და მორჩა. ძვირფასეულობაც „გარაჟში“ მაქვს დამალული, არც მიფიქრია გაყიდვა, მე ხომ ამას სარგებლის გამო კი არა, იმისთვის ვაკეთებდი, რომ ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა“, _ ასეთი იყო გენოს აღიარების მოკლე შინაარსი. 

სასამართლომ გენოს ბრძოლა „სამართლიანობის აღსადგენად“, თავისუფლების ექვსი წლით აღკვეთით შეაფასა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში