Menu
RSS

ინტერვიუ, რომელიც გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეს თავდაყირა აყენებს

რა ინფორმაცია მიაწოდა ზურაბ ადეიშვილმა ნიკა გვარამიას და ვის ინტერესში შედიოდა ჟურნალისტზე თავდასხმა _ ექსპერტის სკანდალური ვერსია

 

რამდენიმე დღის წინ, სკანდალური ინფორმაცია გახმაურდა _ იგეგმებოდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია. ყველაფერი კი თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციით დაიწყო, რა დროსაც ქართველმა სამართალდამცავებმა რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი დააკავეს, მოგვიანებით, „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დაკავებული, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის დავალებით, გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ლიკვიდაციის მოტივად, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირდაპირ ეთერში გინება დასახელდა. თავად კადიროვმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო... ამის შემდეგ, უკრაინულმა ინტერნეტგამოცემამ მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა, სადაც ყოფილი ხელისუფლების ლიდერები ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიაზე საუბრობენ. მართალია, ამ ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა, მაგრამ საუბრის შინაარსმა ბევრს არაერთი კითხვა გაუჩინა. 

შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე, „ვერსია“ კავკასიის საკითხების ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

_ ბატონო მამუკა, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაკავებული ბოკოვი, გიორგი გაბუნიას მოკვლას კადიროვის დაკვეთით აპირებდა? 

_ ამ კითხვაში ბევრ რამეს ვუშვებ, მაგალითად, კადიროვის საკითხს და არის ისეთი რამ, რასაც არ ვუშვებ. მაგალითად, ამ პიროვნების, ბოკოვის ქილერობას. 

_ რატომ? 

_ ეს ვერსია გვარამიას მხრიდან გავრცელდა. სააკაშვილისა და ადეიშვილის გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა თუ დადასტურდა, გამოდის, რომ გვარამია აჩქარდა, თუმცა ეს თემა ცოტა ხნით გადავდოთ. 

ასეა თუ ისე, ერთადერთი ვერსია, რომელიც გვაქვს, გვარამიას მიერაა გავრცელებული. სხვა დანარჩენი კი ჭორის სახითაა. 

_ სუს-მა დაადასტურა, რომ ბოკოვი შეკვეთილი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დააკავეს და ჭორი რა შუაშია? 

_ დიახ, სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადებაც არსებობს და თუ ამ ორი დოკუმენტის საფუძველზე ვიმსჯელებთ, განსაკუთრებით გვარამიას ნათქვამით, ასეთი რამ იკვეთება _ რადგან არსებობდა კადიროვის მუქარა გაბუნიას მიმართ, აქედან გამომდინარე, სავარაუდო მკვლელი, რომლის თაობაზეც ინფორმაცია ჰქონდა გვარამიას, აუცილებლად კადიროვისგან უნდა ყოფილიყო. კი, ბატონო, ამაზე არ ვეკამათები, შესაძლებელია ყოფილიყო, რადგან ქვეყნის გარეთ არასასურველ პირთა ლიკვიდაცია რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა. ეს გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან დღემდე ასეა, ამიტომ გასაკვირი ამაში არაფერია, თუმცა კადიროვის სიტყვებს თუ დავეყრდნობით, რასაც ამბობს, იმას ასრულებს კიდეც. კადიროვი უარყოფს თავის მონაწილეობას და ეს ბუნებრივიცაა. 

რაც შეეხება თვითონ ბოკოვს, თუ რუსული სპეცსამსახურების ხელწერაზე ვილაპარაკებთ, მაშინ ბოკოვის, როგორც ქილერის ფიგურა, ამ სქემაში ვერ ჯდება. ის სამი თვეა, საქართველოშია და ქილერები ასე არ იქცევიან. როგორც წესი, მათ უმზადებენ სივრცეს, ჩამოდიან, თავის საქმეს აკეთებენ და უცებ მიდიან, ან „ვარდებიან“, როგორც ხანგოშვილის შემთხვევაში მოხდა ანუ აჰყავთ სამართალდამცავებს. ბოკოვი დადიოდა, მთელი აღმოსავლეთ საქართველო მოიარა და ისეთ სულელურ კითხვებს სვამდა, რომ თავი უამრავ ადამიანს დაამახსოვრა. ასევე, სახალხო ღონისძიებებშიც, მაგალითად, გვარების შერიგებაში მონაწილეობდა. პლუს, სოფელ-სოფელ დადიოდა და იარაღს ითხოვდა. მოკლედ, ის ბევრმა ადამიანმა სხვადასხვანაირ კონტექსტში დაიმახსოვრა. ზოგს დაამახსოვრდა, როგორც გვარებს შორის დაძაბულობის განმმუხტველი, ზოგს _ როგორც ნარკოდილერი, თუმცა მის მიერ ნარკოტიკების გაყიდვის ამბავს, პირადად მე, ვერ მივაგენი. ზოგს დაამახსოვრდა, როგორც მეგობარი და ახლობელი, რომელიც აქ დასასვენებლად, თუ რაღაცაზე თავის ასარიდებლად ჩამოვიდა. მოკლედ, ბოკოვი ქვეყანას მოედო. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, გვარამია თვითონაც მიხვდა, რომ ეს ბოკოვი ქილერობას ვერ „ქაჩავს“ და ამიტომ თქვა, ალბათ, მზვერავი იყოო. ვერც მზვერავობას „ქაჩავს“ ეს ბოკოვი, მით უმეტეს, თუ ამ საქმეში კადიროვია ჩართული ანუ დარწმუნებული იყავით, რომ მას საქართველოს მოქალაქის პოვნა, რომელიც აქაურ სიტუაციას ბევრად უფრო მორგებული იქნებოდა და ვითარებას დაზვერავდა, არ გაუჭირდებოდა. ამას დარწმუნებით გეუბნებით. 

_ გავრცელებული ინფორმაციით, ბოკოვი ხასო ხანგოშვილის შვილს იცნობდა და მასთან მეგობრობა. შესაძლებელია, რომ უხუცესის ვაჟს ამ საქმეზე რამე ინფორმაცია ჰქონდეს? 

_ ჩემი ინფორმაციით, ასე იყო _ ერთი ადამიანი ამბობს, მივდივარ საქართველოშიო და მეორე ეუბნება, იქ ჩემი ახლობელია, იმას მიაკითხე და მოგხედავსო ანუ მეგობრის მეგობარი იყო. ჩეჩნებში, ინგუშებში, ქართველებსა და ზოგადად, კავკასიელებში, ეს თემა არსებობს. ვიღაც ქართველი რომ ჩავიდეს, მაგალითად, ინგუშეთში, აუცილებლად მივცემ საკონტაქტო ტელეფონს. 

_ ბატონო მამუკა, თუ თქვენს ლოგიკას გავყვებით, მაშინ ამიხსენით, ნიკა გვარამიას ბოკოვის დაკავება, გაბუნიას მკვლელობის საქმესთან რატომ უნდა მიება? 

_ ვფიქრობ, გარკვეული ღონისძიება მზადდებოდა. ბოკოვის თემის გამოყენება უნდოდათ და აქ მთავარი, გენერალ შაიტანოვის თემაა, რომელიც უკრაინაშია დაპატიმრებული და ჩვენებებს იძლევა. ეს კაცი, დაზუსტებულადაა ცნობილი, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და ამავე დროს, უკრაინის სადაზვერვო სტრუქტურებში მუშაობდა. უკრაინის მოღალატე იყო. მან, მაგალითად, გაახმოვანა, თუ როგორ იგეგმებოდა ცნობილი საველე მეთაურის, ისმაილოვის მკვლელობა. ისმაილოვი უკრაინაში მოკლეს, ის უკრაინის მხარეს იბრძოდა და არაა გამორიცხული, რომ ვიღაცის გონებაში ასეთი სქემა დაიბადა, რათა ამისთვის მიებათ. მოგეხსენებათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შაიტანოვმა არა მარტო ისმაილოვის მკვლელები დაასახელა, არამედ, გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის ამბავიც მოყვა. ამის არგამოყენება ზოგი პოლიტიკური ფიგურისთვის, რომელიც უკრაინაშია, უბრალოდ, ალოგიკური იქნებოდა და მოინდომეს გამოყენება. 

_ მოდით, დააზუსტეთ, ეს სქემა ვინ და ვის წინააღმდეგ შექმნა? 

_ ჯერჯერობით არ ვიცი, გაბუნიაზე თავდასხმა ვის სჭირდებოდა. დარწმუნებული ვარ, გაბუნიას მკვლელობა არავის უნდოდა, მაგრამ სამაგიეროდ, უნდოდათ თავდასხმა, იმიტაცია ანუ ამბის შექმნა, რომ მაქსიმალურად მოეხდინათ დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაცია და შესაბამისად, გამოეწვიათ დესტაბილიზაცია. ეს ერთი ვერსიაა, რაზეც თავს ვერ დავდებ, მაგრამ როგორც კადიროვის ვერსიას, არსებობის უფლება ამ ვერსიასაც აქვს. 

_ გასაგებია, რომ სააკაშვილისა და ადეიშვილის ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არაა, მაგრამ ეს ჩანაწერი გაბუნიას საქმესთან რა კავშირში შეიძლება იყოს? 

_ ყურადღება ერთ რამეს მიაქციეთ: ყველა მნიშვნელოვან თუ ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკური ქულების გამოყენებისთვისაა გამოსადეგი, მიხეილ სააკაშვილი ტელევიზიით აქტიურობს. გაბუნიას თემაზე კი არაფერი უთქვამს, რამაც გამიჩინა გარკვეული ეჭვი, რომ რაღაც მოხდა და მოვლენები არასწორად განვითარდა, რის გამოც სააკაშვილი შეფასებისგან თავს იკავებს. 

_ „მოვლენების არასწორად განვითარებაში“ რა იგულისხმეთ? 

_ თუ ვივარაუდებთ, რომ მეორე ვერსია სწორია და ვიღაცამ მთელი ეს ამბავი დაგეგმა, სავარაუდოდ, შაიტანოვის ჩვენებასთან მიება, მაშინ გასაგებია, რომ ამ ამბის მიბმას აპირებდნენ, მაგრამ გვარამიას ნერვებმა უმტყუნა _ ასე ჩანს გავრცელებული ჩანაწერიდანაც, მან ყველაფერი წინასწარ გაახმოვანა და ამბავიც ჩაიშალა. აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა კომენტარისგან თავი შეიკავა. ამ შემთხვევაში, ეს სქემა გამოდის. ვიმეორებ, თავს არ ვდებ, რომ ეს 100%-იანი სქემაა, მაგრამ მასში გარკვეული ლოგიკა არის. 

როცა გვარამიას განცხადება გავრცელდა, მაშინვე დავსვი კითხვა _ რა შუაშია აქ უკრაინა? მეორე დღეს, ვინმე ნადირაძის ინფორმაცია გამოქვეყნდა. ეს ნადირაძე სააკაშვილთან დაახლოებულია და 2017 წელს, პოლონეთიდან უკრაინაში შესვლისას, სააკაშვილს დახვდა... მოკლედ, ეს ნადირაძე ამბობს, შაიტანოვის ჩვენებიდან გახდა ცნობილიო... აი, ამის შემდეგ გახდა ჩემთვის გასაგები, რომ უკრაინაში რაღაც სქემა იქმნებოდა, რომელსაც საბოლოო ჯამში, აქ ვნებათაღელვა ჟურნალისტზე თავდასხმის კონტექსტში უნდა გამოეწვია, მაგრამ ეს სქემა ჩაიშალა, რადგან ვიღაცამ შეცდომა დაუშვა. 

_ ბატონო მამუკა, იმის თქმა გინდათ, რომ ყველაფერ ამის უკან, ნაციონალურ მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი დგას? 

_ ნაციონალური მოძრაობა ამ საქმეში ჩართული ვერ იქნებოდა, არ შეიძლება, საქმეში მთელი პარტია ჩართო, მაგრამ თუ გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა დამტკიცდა, მაშინ სააკაშვილის როლი ცალსახად ჩანს. იმდენად სააკაშვილის არა, რამდენადაც ადეიშვილის _ ჩანაწერში, თუ ის ავთენტურია, სააკაშვილი კითხვებს სვამს იმიტომ, რომ რაღაცაში ვერ გაერკვა. ადეიშვილი კი ამბობს, ყველაფერი გვარამიას მოვუყევიო... 

_ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საქმის როგორ გაგრძელებას პროგნოზირებთ? 

_ მიაქციეთ ყურადღება, საკმაოდ მოქნილად იყო შედგენილი სუს-ის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შეკვეთილი მკვლელობის ფაქტი არსებობს, მაგრამ მთავარი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ ეს ადამიანი ყალბი დოკუმენტების გამოა დაკავებული. ეს იყო მინიშნება _ გვაქვს დამატებითი ინფორმაცია და მოგვიანებით გახდება ცნობილიო. უნდა დაველოდოთ, კიდევ რა ტიპის ინფორმაციას მივიღებთ. ხომ ხედავთ, ნელ-ნელა ჟონავს, პირველი იყო ნადირაძის განცხადება... მან შეცდომა დაუშვა, რადგან არ უნდა გაეჟღერებინა ეს ინფორმაცია. ნადირაძე არის ადამიანი, რომელიც უკრაინის სხვადასხვა საჯარისო ფორმირებაში იბრძოდა და რომელსაც სამხედრო და სპეცსამსახურების გზა აქვს გავლილი საქართველოში. სხვათა შორის, სააკაშვილის მხარდაჭერილი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, მამულაშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ახლობელია, ამბობს, ნადირაძე ქართული ლეგიონიდან იმიტომ გააგდო, რომ რუსეთის აგენტი იყო. მოკლედ, უკრაინაში ვიღაცამ რაღაც სქემა მოიფიქრა და მერე აურიეს... 

_ კი, მაგრამ თქვენს ლოგიკას ეწინააღმდეგება სუს-ის ის განცხადება, რომელიც წეღანაც ვახსენე და რომელშიც წერია, რომ არსებობდა შეკვეთილი მკვლელობა. თუ ასეა, დაგეგმილი სქემა რაღა შუაშია? 

_ არა, შეკვეთილი მკვლელობა კი არა, შეკვეთილი მკვლელობის ფაქტი არსებობდა. ეს სხვადასხვა რამეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საუბარი შეკვეთილ მკვლელობაზე იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც დაგეგმილი იყო შეკვეთილი მკვლელობა. 

მაინც ვვარაუდობ, რომ თავდასხმის იმიტაცია უნდა ყოფილიყო

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში