Menu
RSS

ლავას ოღლის გაურკვეველი მომავალი

გაუხმაურებელი კრიმინალური სკანდალი _ ვინ შეუკვეთა სამარტოო საკანში მყოფი მერაბ ტაბაღუას მკვლელის ლიკვიდაცია

ვერ გეტყვით, საქართველოში წარმოებული აქციების ბრალი იყო, მოშიმშილე ადამიანებისა თუ სხვა რამის, მაგრამ ფაქტია _ თურქმა სამართალდამცავებმა მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი, ლამის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, გაათავისუფლეს. „კანონიერი ქურდი“ თურქმა სამართალდამცავებმა 2018 წელს დააკავეს, თუმცა ამ დრომდე ისე ჰყავდათ გამოკეტილი, რომ მას ბრალი ვერ წაუყენეს. ვერ გეტყვით, რას ემსახურებოდა მისი დაკავება და ამდენ ხანს ბრალის გარეშე პატიმრობაში ყოფნა, მაგრამ ფაქტია _ ის, უბრალოდ, დაკავებული ჰყავდათ და ვერ ამბობდნენ, რაში ედებოდა ბრალი.

სამაგიეროდ, მინდიას საქართველოში აქვს მისჯილი პატიმრობა და წესით, ქართულ მხარეს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ გათავისუფლებული გორაძის ექსტრადაცია, სწორედ ჩვენთან მომხდარიყო, თუმცა ყველაფერი გაკეთდა, რათა ლავას ოღლი საქართველოში არ ჩამოსულიყო. 

ქართულმა მხარემ მის მიღებაზე, უბრალოდ, უარი თქვა. ვერ გეტყვით, რით აიხსნება ეს უარი, რადგან კაცს მისჯილი აქვს, თუმცა ალბათ, ქართველმა სამართალდამცავებმა უკეთ იციან. 

გათავისუფლებულ გორაძეს თურქებმა რამდენიმე საათი მისცეს, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. ჩვენი ინფორმაციით, მას უთხრეს, რომ თუ თურქეთიდან არ გაემგზავრებოდა, კვლავ დააკავებდნენ და ისიც იძულებული გახდა იმ რეისს გაჰყოლოდა, რომელიც არსებული შეზღუდვების პირობებში იყო. ასე აღმოჩნდა გორაძე ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, თუმცა იქაც საემიგრაციო სამსახურშია და ქვეყნის დატოვება მალე მოუწევს. 

ახლა საკითხავია, ქართული მხარე ისევ უარს იტყვის მის მიღებაზე თუ გადაიფიქრებს?! ფაქტია, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, გორაძეს გარანტირებულად ციხე ელოდება, რადგან სასამართლოს მისთვის დაუსწრებლად 12 წელი აქვს შეფარდებული. 

ზოგადად, ქართული მხარე მაქსიმალურად ცდილობს, „კანონიერი ქურდები“ საქართველოში არ ჩამოიყვანოს. მათ აქ აუცილებლად ციხე ელით და თავად კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებიც მაქსიმალურად ცდილობენ, სამშობლოში ექსტრადაციას ასცდნენ. სხვაგვარად, ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, პირველივე მოთხოვნის საფუძველზე, მოახერხებს ბებერ კონტინენტზე გაბნეული ქართველი „კანონიერი ქურდების“ მოგროვებას“ და ექსტრადირებას, მაგრამ ისინი აქ არავის სჭირდება. 

მაგალითისთვის ჩეხეთი ავიღოთ, ქვეყანა, საიდანაც გასულ კვირას, გიორგი ლიპარტელიანის ექტრადიცია მოხდა. ლიპარტელიანს ბრალი რამდენიმე წლის წინ, გუდაურში მომხდარ ინციდენტში ედებოდა, რომელსაც 12 წლის გოგონა ემსხვერპლა. მას დაუსწრებლად მისჯილიც ჰქონდა და ჩეხმა სამართალდამცავებმა, ქართული მხარის მიმართვის შემდეგ, მყისიერი რეაგირება მოხდინეს. 

ჰოდა, იმავე ჩეხეთში, ჩვენი ინფორმაციით, მინიმუმ, სამი „კანონიერი ქურდი“ ცხოვრობს, მაგრამ ქართველი სამართალდამცავები მათ ჩამოყვანას არ აპირებენ. 

* * * 

ქართველის გამო, გასულ უქმეებზე, კიდევ ერთი კრიმინალური თემა აგორდა. ყოფილი საპყრობილის, „მატროსკაია ტიშინას“ ხელმძღვანელობას უფლებამოსილება მას შემდეგ შეუჩერეს, რაც სამარტოო საკანში მყოფი, ვინმე პეტრე ტურლაევი სხვა პატიმარმა ისე სცემა, რომ ის დღემდე კომაშია და დიდი შანსია, ვერ გადარჩეს. არადა, სამარტოო საკანს იმიტომ ჰქვია „სამარტოო“, რომ იქ მხოლოდ ერთი პატიმარი უნდა იყოს. 

ტურლაევი 19-წლიან სასჯელს ქართველი „კანონიერი ქურდის“, მერაბ ტაბაღუას მკვლელობის გამო იხდის და ადვილი მისახვედრია, რატომ მოითხოვა სამარტოო საკანი. როგორც ვარაუდობენ, ციხის ადმინისტრაციას სწორედ ტაბაღუას მეგობრებმა გადაუხადეს გარკვეული თანხა იმის სანაცვლოდ, რომ ტურლაევთან სხვა პატიმარი შეეყვანათ და მანაც მკვლელი, პრაქტიკულად, სასიკვდილოდ გაიმეტა. 

ზოგადად, რუსი სამართალდამცავები არ მალავენ, რომ ბოლო დროს ციხეებში სიტუაცია დაიძაბა, რადგან კანონის მიღების შემდეგ, რომელიც სტატუსისთვის სასჯელს ითვალისწინებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არაერთი „კანონიერი ქურდი“ მოხვდა და ისინი იქ საკუთარ წესებს ამკვიდრებენ. რა ძნელი მისახვედრია, რომ მათი უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში