Menu
RSS

ოქროს არაბული მაფია და მკვლელობა პლაჟზე

ვინ არის ცნობილი არაბი ბიზნესმენი, რომელიც საბჭოთა კავშირში კრიმინალურ ინტრიგებში გაეხვა

შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს, ჯარს, პრაქტიკულად, ვერ ასცდებოდი: ან ისეთ უმაღლეს სასწავლებელში უნდა ჩაგებარებინა, სადაც სამხედრო კათედრა იყო, ან ვალდებული იყავი, ჯარში წასულიყავი და საბჭოთა კავშირის ძლიერება განგემტკიცებინა. რა თქმა უნდა, მაშინ საბჭოთა კავშირი მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო იყო და მას ომს ვერავინ გაუბედავდა. უფრო პირიქით _ საბჭოთა ბელადები სხვა ქვეყნების მშვიდობიან ცხოვრებაში ერეოდნენ და ჯარისკაცებს ჩვეულებრივი ბრძოლა უწევდათ. ამ მხრივ, ყველაზე ხანგრძლივი და ნამდვილი სასაკლაო ავღანეთი იყო, თუმცა ეს ჯარის მხოლოდ ცუდი ნაწილი გახლდათ, არსებობდა კარგიც _ ჩვენი ჯარისკაცები სამხედრო სავალდებულო სამსახურს საზღვრებს გარეთაც იხდიდნენ, მაგალითად, გერმანიაში (გდრ), ბულგარეთში, იუგოსლავიაში ანუ საბჭოთა მენტალიტეტით გაჟღენთილ სახელმწიფოებში. სანაცვლოდ, იქიდანაც ჩამოდიოდნენ ჯარისკაცები და მსახურობდნენ საბჭოეთში, თუმცა ეს ძირითადად იმისთვის ხდებოდა, რომ მათი „დავერბოვკება“ მომხდარიყო და სამომავლოდ, ისინი „კგბ“-ს სათავისოდ გამოეყენებინა.

„1979 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ცნობა მოვიდა, რომ ლენინგრადის სამხედრო აკადემიიდან, თბილისში ორი არაბი სამხედრო გამოემგზავრა. ისინი თან სამხედრო აკადემიაში სწავლობდნენ, თან სამხედრო ნაწილში მსახურობდნენ. ერთ-ერთი მათგანი არაბეთის სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო, მეორე კი უფრო იმიტომ ახლდა, რომ უცხო ქვეყანაში მსახურების დროს, მისთვის მონობა გაეწია. წყვილს ქალიც ახლდათ, როგორც ამბობდნენ, სწორედ იმ სამეფო გვარის წარმომადგენლის მეგობარი გოგონა. წყვილმა ბინა გაგრაში დაიდო“, _ იხსენებს ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, როცა სამი დღის შემდეგ, ზღვის ნაპირზე, ღამით, გამვლელებმა მამაკაცის გვამი იპოვეს და მასში არაბი სტუმარი ამოიცნეს. 

 

„როცა თბილისში დარეკეს, ლამის ყველა ძალოვანი ღმერთს ევედრებოდა, რომ გარდაცვლილი სამეფო გვარის წარმომადგენელი არ ყოფილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ მინისტრის თავი არ გაგორდებოდა, მოსკოვი, პრაქტიკულად, ყველა განყოფილების უფროსს შეცვლიდა“, _ გვიყვება პოლკოვნიკი. 

გარდაცვლილს საბუთები არ ჰქონდა, მეორე არაბი და გოგონა კი, უბრალოდ, გაქრნენ. ამიტომ, სამართალდამცავებმა თავდაპირველად ვერ დაადგინეს, რომელი არაბი იყო გარდაცვლილი. სასტუმროს მოსამსახურე პერსონალმა მხრები აიჩეჩა, ორივე ერთნაირი სიმაღლის იყო, ორივე წვერ-ულვაშით და შავები, როგორ უნდა გაგვერჩიაო. საჭირო გახდა მოსკოვიდან არაბების თანაკურსელების ჩამოყვანა (დიახ, თანაკურსელების და თბილისში, ერთბაშად, რვა კურსანტი ჩამოიყვანეს). მათ დაადასტურეს, რომ გარდაცვლილი სამეფო გვარის წარმომადგენელი არ იყო. 

„ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილს დანა ჰქონდა დარტყმული, თანაც სამჯერ. სამივე დარტყმა სასიკვდილი იყო და იუველირის სიზუსტით გახლდათ შესრულებული ანუ მკვლელი პროფესიონალი გახლდათ. მოსკოვიდან ჩამოსული გამომძიებლები ამბობდნენ, რომ სამხედრო ნაწილში არაბს კონფლიქტი არ ჰქონია, ის ძალიან კარგად აღზრდილი და სანიმუშო ახალგაზრდა იყო. რაც შეეხება მის მეგობარ გოგონას, ის ბიჭზე სამი წლით უფროსი გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მის ცოლად მოყვანას არ დაანებებდნენ, ბიჭი არ მალავდა, რომ თავისი ოცნების ქალს შეხვდა“, _ იხსენებს პოლკოვნიკი. 

ისიც საგულისხმო იყო, რომ არაბი პრინცი სამშობლოში ხშირად დადიოდა, თანაც ყოველთვის საქართველოს გავლით, გემით გადაადგილდებოდა და ეს მაშინ, როცა ფრენა შეეძლო, მაგრამ უპირატესობას ყოველთვის გემს ანიჭებდა. გაჩნდა ვერსია, რომ მას რაღაც ისეთი მიჰქონდა ან მოჰქონდა სამშობლოდან, რასაც აეროპორტში ვერ გაატარებდა. აი, გემზე კი ადვილად მოახერხებდა ატანას. 

„სასტუმროს პერსონალის ჩვენებების გარდა, იმ კურსანტების ნაამბობსაც გულდასმით ჩავუსხედით, რომლებმაც ჩვენება თბილისშიც მოგვცეს. საგულისხმო იყო ორი რამ: 

პირველი ის, რომ სასტუმროს თანამშრომლები ამბობდნენ, გოგონას ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატი ჰქონდა, ოღონდ გერმანული, ასეთები აქ არ იყიდებაო და მეორე, ერთ-ერთი კურსანტი ჯიუტად ამტკიცებდა, გარდაცვლილ არაბს თავისი შეფის ანუ პრინცის ტანისამოსი ეცვაო. 

მართალია, მორგში ის შიშველი იყო, მაგრამ ბიჭებს ტანსაცმელი ვაჩვენეთ, რათა დავრწმუნებულიყავით, ნამდვილად ამოიცნეს თუ არა გარდაცვლილი და სწორედ მაშინ თქვა ერთ-ერთმა, ეს ამის ტანიამოსი არ არის, მეორისაა, ზუსტად ვიციო. 

იმის გათვალისწინებით, რომ ბიჭები ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, გამორიცხული არ იყო, მკვლელს შეშლოდა და პრინცის ნაცვლად, შეცდომით, მისი მეგობარი მოეკლა...“ 

არაბისა და მისი მეგობარი ქალის სამძებრო ოპერაცია მთელი დატვირთვით მიმდინარეობდა. სამართალდამცავებმა ფეხზე დააყენეს აგენტურა და ამან შედეგი გამოიღო. ერთ-ერთმა აგენტმა მილიციას შეატყობინა, რომ ვიღაც არაბი ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატს ეძებდა, ოღონდ გერმანულს და სერიოზულ თანხასაც იხდიდა. რუსული წარმოების პრეპარატი 8 მანეთი ღირდა, გერმანული _ 150-დან 200-მდე. სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია დაგეგმეს და არაბი მაშინ დააკავეს, როცა ის ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატის საყიდლად მივიდა. მას თან მეგობარი ქალი არ ახლდა, მაგრამ დაკავებულმა მალევე თქვა მისი ადგილსამყოფელი და ისიც დაამატა, წამალს დროზე თუ არ მიუტანთ, მოკვდებაო. 

სამართალდამცავებმა ქალი დააკავეს, პრეპარატიც მისცეს და ისტორიასაც ნათელი მოეფინა. 

„რუსეთში ერთი კაცი დამიკავშირდა, რომელმაც არაბეთიდან ოქროს ჩამოტანა შემომთავაზა და მითხრა, ნებისმიერ რაოდენობას ვიყიდიო. ასე დავიწყე ჩემი ქვეყნიდან ოქროს ზიდვა, რომელიც ხარისხიანი და ბევრად იაფი იყო. გემით ადვილად შეიძლება ყველაფერ ამის გადმოტანა. მერე ტანია გავიცანი, როცა ჩემებს ვუთხარი, რუსი გოგო მიყვარს და თან ჩემზე სამი წლით უფროსი-მეთქი, მამამ ერთ სიტყვაში ამიხსნა, რომ ის ჩემი ცოლი ვერასდროს გახდებოდა. გადავწყვიტე, იმდენი ფული მომეგროვებინა, მშობლებზე დამოკიდებული აღარ ვყოფილიყავი და აკადემიის დასრულების შემდეგ, რუსეთში დავრჩენილიყავი საცხოვრებლად. ამიტომ, ჩემს კლიენტს ვუთხარი, მაქსიმუმ, რამდენის ყიდვა შეგიძლია-მეთქი და იმანაც მითხრა, მილიონის გადამხდელიც ვარო. 

რა მნიშვნელობა აქვს, როგორ და რანაირად, ჩემს ქვეყანაში ამ ოდენობის ოქრო ვიშოვე. მთავარია, ვიშოვე და ჩამოვიტანე. რისკი დიდი იყო, ამიტომ მყიდველს შევუთანხმდი, რომ ოქროს საქართველოში მივცემდი და ფულსაც აქ ავიღებდი. ზედმეტად მარტივად დამთანხმდა. ამან ეჭვი გამიჩინა, რომ ჩემს გადაგდებას აპირებდა, ამიტომ შეხვედრაზე ჩემი მეგობარი გავუშვი, ჩემი ტანსაცმელი ჩავაცვი და შეხვედრა შებინდებისას დავუთქვი, სახეზე რომ ვერ გავერჩიეთ. 

 

მე შორიდან ვუყურებდი, რა ხდებოდა. ჩემი მეგობარი მძიმე ჩანთით მივიდა, ჩანთაში ქვები ეწყო, ოქრო კი მე მქონდა. როგორც კი დათქმულ ადგილზე გამოცხადდა, საიდანღაც ის კაცი გადმოხტა, მეგობარს დანა სამჯერ დაარტყა და გაიქცა, თან ქვებით სავსე ჩანთა წაიღო. მივხვდი, ხაფანგში გავები, მისი ნდობა აღარ შეიძლებოდა, ისიც ვიცოდი, რომ აქ ჩემზე მეტი ნაცნობი ეყოლებოდა, ამიტომ სასტუმრო სასწრაფოდ დავტოვე და ადრე ნაქირავებ კერძო სახლს შევაფარეთ თავი. რომ არა ასთმის წამალი, რუსეთში წავიდოდი ჩემი ოქროთი და დავიკარგებოდით რომელიმე მიყრუებულ სოფელში, მილიონის ოქრო მიდევს ჩანთაში და ცხოვრება არ გამიჭირდებოდა“, _ ასეთი იყო დაკავებული არაბის მონათხრობის მოკლე შინაარსი. 

სამართალდამცავებმა მკვლელის ძებნა დაიწყეს, მაგრამ ვერ მიაგნეს. ის მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, სრულიად შემთხვევით დააკავეს მოსკოვში. მანამდე კი, არაბეთის ხელისუფლების მოთხოვნით, დაკავებული არაბის ექსტრადაცია, თავისივე ოქროულობით, უმტკივნეულოდ განხორციელდა. გოგონა მისი წასვლის შემდეგ, დაახლეობით, ორ თვეში, ასთმის შეტევით გარდაიცვალა და... ის არაბი, დღეს, სამშობლოში ერთ-ერთ, ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენად ითვლება და მისი ქონება რამდენიმე მილიარდს აღემატება.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში