Menu
RSS

თბილისში ცნობილი ოჯახის წევრის დაკავება იგეგმება _ ექსკლუზიური ვერსია

ვინ არის ქართველი „კანონიერი ქურდი“, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის კრიმინალური სამყაროს მომავალ ბოსად განიხილავენ

გასულ კვირას, კრიმინალურმა სამყარომ ორი დიდი დანაკლისი განიცადა. კორონავირუსით, რუსეთში ცნობილი და გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი, 70 წლის საჩინო გეგეჭკორი გარდაიცვალა. ის დაავადებას სანკტ-პეტერბურგის კლინიკაში ებრძოდა, მაგრამ ექიმები უძლურნი აღმოჩდნენ. მართალია, ბოლო დროს, გეგეჭკორი მშვიდად ცხოვრობდა და სამართალდამცავებს მასთან პრეტენზია არ ჰქონდათ, მაგრამ არავინ მალავს, რომ მას უდიდესი ავტორიტეტი გააჩნდა და არაერთი ისეთი პრობლემის გადაწყვეტა შეეძლო, რომელიც მოუგვარებელი ჩანდა. უფრო მეტიც, რუსი ექსპერტები წერენ, რომ გეგეჭკორის დონის ავტორიტეტები ცოცხალი უფრო სჭირდებოდა ხელისუფლებას, რამეთუ მისი ხათრითა თუ რიდით, ქალაქში „ბეზპრედელი“ არ იყო და კრიმინალები თამაშის წესებს იცავდნენ.

რაც შეეხება მეორე დანაკლისს, ცოტა უცნაური სიტუაციაა: სარატოვში, ბესო კვინიხაძე, იგივე „ბესო რუსტავსკი“ დააკავეს და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ახალი ანუ 210.1 მუხლი წაუყენეს ბრალად. ეს მუხლი კი „კანონიერი ქურდის“ სტატუსისთვის, 15-წლიან სასჯელს ითვალიწინებს. 

ჰოდა, როგორც რუსული მედია წერს, სასამართლოზე ბესომ დაბეჯითებით გაიმეორა, ქურდი აღარ ვარ, რას მერჩითო. ეს იმას ნიშნავს, რომ პიროვნება თავად ამბობს უარს სტატუსზე და ამ ამბავს გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება. 

„სამართალდამცავებს თავადაც ძალიან აინტერესებთ, რა იქნება მომავალში ანუ თუ აქამდე, ტელეკამერების წინ, „კანონიერი ქურდები“ დუმილს ინარჩუნებდნენ, ახლა სასამართლოზე დუმილი, როგორც თანხმობა, ისე აღიქმება ანუ დაკავებულმა უნდა დააკონკრეტოს, მიიჩნევს თუ არა თავს „კანონიერ ქურდად“. 

 

ახლა გაირკვევა, შეიცვალა თუ არა „ქურდული კარაბადინი“ და სასამართლოზე სტატუსის უარყოფა მოქმედებს თუ არა რეალურად“, _ წერენ რუსი ექსპერტები. 

„ძველი წესების“ მიხედვით, თუ „კანონიერი ქურდი“ იტყოდა, რომ სტატუსს ემშვიდობება, ის ოფიციალურად „არაქურდად“ რჩებოდა. ახლა კი, როცა რუსეთსა და უკრაინაში კანონი გამკაცრდა, შესაძლოა, დაუწერელ წესებში ცვლილება შევიდეს და „ქურდებს“ სტატუსის უარყოფა ეპატიოთ, თუმცა ასეთ შემთხვევაში, უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. 

აბა, თავად განსაჯეთ, საჯაროდ და სახალხოდ თუ იყვირეს, ქურდები არ ვართო, ერთმანეთში უნდა ამტკიცონ მხოლოდ, ქურდი ვარ და მაღიარეთო? 

მოკლედ, საქართველოდან დაძრულმა ტალღამ კრიმინალური სამყაროს „მამებს“ სერიოზული თავსატეხი გაუჩინა. 

* * * 

ძალიან საინტერესო რამ მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში: სამართალდამცავებმა იქაურობის ბატონ-პატრონი და ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“, რაულ ბარცბა ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და წინასწარი პატიმრობაც შეუფარდეს. რბილად რომ ვთქვათ, ეს ბარცბას არ ეკადრებოდა და არც აკადრებდნენ, მაგრამ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და მისი ჩანაცვლება გადაწყდა. კრიმინალებით სავსე აფხაზეთში, გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ გარეშე სამართალდამცავებს რომ გაუჭირდებათ, კარგად იციან და პრობლემებს ბარცბა აგვარებდა, მაგრამ ისე ჩანს, მისი ჩაკეტვა გადაწყდა. 

რაულის პოზიციები ჯერ კიდევ შარშან შეირყა, როცა რესტორან „სან რემოში“, მისი ორი „ნათლული“ _ ასტამურ შამბა და ალხაზ ავიძბა ჩაცხრილეს. მაშინ ითქვა, ბარცბას შურისძიება სასტიკი იქნებაო, მაგრამ აგერ, ლამის წელიწადი გავიდა და შურისძიება ვერ თუ არ შედგა. ამან მისი ავტორიტეტი ნელ-ნელა გაანულა და მას სხვა კრიმინალური დაჯგუფებების კონტროლი გაუჭირდა. შესაბამისად, აფხაზეთის თვითმარქვია მილიციამაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო და როგორც გვეუბნებიან, იქაური კრიმინალური სამყაროს ბოსად, რომელიმე ქართველ „კანონიერი ქურდს“ განიხილავენ. 

* * * 

ისევ „გამოიჩინეს“ თავი ევროპაში მცხოვრებმა ქართველმა კრიმინალებმა. თუ რომში, ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი ქართველის დაკავება არავის გაკვირვებია, ჰოლანდიაში, ერთ-ერთ ბინაში აღმოჩენილმა 13 მილიონმა ევრომ ბევრი განაცვიფრა. ჰოლანდიური პოლიციის ისტორიაში, ეს უპრეცედენტო თანხაა, რომელიც ამოღებული იქნა და რაც მთავარია, ჯერჯერობით, ფულის წარმომავლობა დაუდგენელია. 

 

საქართველოს მოქალაქე ფულს ჩვეულებრივ ჩანთებში ინახავდა, სახლში ფულის სათვლელი მანქანაც ჰქონდა და ოფიციალური მონაცემებით, ის... უსახლკარო გახლდათ. ჰოლანდიელი სამართალდამცავები ახლა მაქსიმუმს აკეთებენ იმის დასადგენად, რათა გაარკვიონ, საიდან მოაგროვა უსახლკარომ ამდენი თანხა, თუმცა ის დუმილს ინარჩუნებს. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ეს ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების „ობშჩიაკი“ იყოს, მაგრამ ამასაც დამტკიცება სჭირდება და რაც მთავარია, საჭიროა სია, სადაც თანხის „შემომწირველთა“ სახელები იქნება ჩამოწერილი. 

თუ ეს მართლაც „ობშჩიაკია“, ასეთი სია აუცილებლად იარსებებს, თუ არადა, დიდი ალბათობით, თანხა ნარკოტიკების გაყიდვით მიღებული შემოსავალია. 

* * * 

და ერთიც: გასულ კვირას, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაცია და დაკავებული ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე ყველას გემახსოვრებათ. ამ ამბავს საინტერესო გაგრძელება მოჰყვებაო, კულუარულად გვეუბნებიან მაღალჩინისანი სამართალდამცავები. ისინი იმასაც ადასტურებენ, რომ მორიგი დაკავება ამ კვირაში იგეგმება და ის აღნიშნული საქმის გაგრძელება იქნება. ვნახოთ, თუმცა როგორც გვითხრეს, საზოგადოებისთვის არცთუ უცნობი ოჯახის წევრს დააკავებენ და უმძიმეს ბრალსაც წაუყენებენ.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში