Menu
RSS

მკვლელობა რესტორნის ეზოში

ვინ, როგორ და რატომ დაგეგმა ყოფილი ისტორიკოსის მკვლელობა _ გადამდგარი პოლკოვნიკი გამოიძიების დეტალებს იხსენებს

ადრე ასე იყო _ ჩხუბში დანას იშვიათად ხმარობდნენ. იარაღზე კი საუბარი თითქმის არ იყო, ახალგაზრდები თუ იჩხუბებდნენ, ძირითადად, მუშტის იმედად იყვნენ, შემდეგ, მარტივად რიგდებოდნენ და საქართველოც კარგ დამრტყმელებს იცნობდა. დანის ხმარება არამარტო უმძიმეს კანონდარღვევად ითვლებოდა, არამედ, ის, ვინც ჩხუბში დანას გამოიყენებდა, პატივისცემას კარგავდა. სამწუხაროდ, ახლა სხვა რეალობააა და სულ უფრო იშვიათია ჩხუბი ცივი, თუ ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე. ეს ბევრი ფაქტორითაა განპირობებული და მთავარი მაინც ის გახლავთ, რომ თბილისის სამოქალაქო ომისა, თუ ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების დროს, ბევრი იარაღი შემოვიდა და უკონტროლოდ დარიგდა. მაშინ, 90-იანებში, ლამის ყოველ მეორეს, სახლში არარეგისტრირებული იარაღი ჰქონდა და სამწუხაროდ, მათი ნაწილი დღემდე შემორჩენილია, თანაც თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, „შავ ბაზარზე“ იარაღის ყიდვა ახლაც მარტივადაა შესაძლებელი და განსაკუთრებით, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ადგილებში.

„ჩხუბები სულ იყო, განსაკუთრებით, რესტორნებთან და განსაკუთრებით, უქმე დღეებში, მაგრამ ძირითადად, დაჭრის გარეშე სრულდებოდა. ნასვამი ახალგაზრდები ერთმანეთს მკლავის ძალას გაუზომავდნენ და მეორე დღეს აღარ ახსოვდათ, გულში შურსა და ბოღმას არავინ იდებდა. ამის გათვალისწინებით, რესტორნებთან, რომლებიც მაშინ თბილისში არცთუ ბევრი იყო, მუდმივად პატრულირებდა 2-3-კაციანი ოპერჯგუფი, რომლის ძირითადი მოვალეობა მოჩხუბრების გაშველება და ყველაზე აგრესიულების ტერიტორიიდან გაყვანა იყო. 

ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას შეესწრო ოპერჯგუფი და როცა მოჩხუბრები გააშველა, იქვე, ბუჩქების გვერდით, მამაკაცი შენიშნა, რომელიც გარდაცვლილი იყო და სხეულზე ცივი იარაღის კვალიც ეტყობოდა. 

 

რაღა თქმა უნდა, სასწრაფო და მე, როგორც გამომძიებელი, ერთდროულად გამოგვიძახეს. შემთხვევის ადგილზე, 15 წუთში მივედით, სასწრაფო უკვე იქ დამხვდა, მოჩხუბრები კი ასფალტზე იწვნენ და მათ ოპერმუშაკები ყარაულობდნენ, ცხადი იყო, მკვლელი ერთ-ერთი მათგანი უნდა ყოფილიყო“, _ იხსენებს ერთ-ერთ ყველაზე პრეცენდენტულ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

ყველა მოჩხუბარი განყოფილებაში გადაიყვანეს, მანამდე კი, როგორც წესი, ადგილზე გაჩხრიკეს და ერთ-ერთ მათგანს, ჯიბეში სისხლიანი დანა უპოვეს. დანა ექსპერტებს ჩააბარეს, ის პიროვნება კი, რომელსაც ცივი იარაღი უპოვეს, მთავარი ეჭვმიტანილი გახდა. 

ექსპერტიზის დასკვნამდე დაკითხვას აზრი არ ჰქონდა. ჯერ ერთი, ყველა ნასვამი იყო, მეორეც, ყველა უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს და რაც მთავარია, ყველა ერთ ხმაში იმეორებდა, რომ გარდაცვლილს არ იცნობდა. 

დილით ექსპერტის დასკვნა მზად იყო. 

„ბატონო თენგიზ, დაბეჯითებით შემიძლია გთხრათ, რომ გარდაცვლილი, სწორედ ამ დანით არის მოკლული. გარდა ნაკვეთი ჭრილობებისა და დანის პირისა, დანაზე აღმოჩენილი სისხლი გარდაცვლილისას ემთხვევა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკვლელი, სწორედ დაკავებულია“, _ ღიმილით უთხრა ექსპერტმა გამომძიებელს და მის გაოცებულ სახეს შეხედა. 

„რას ამბობ? თუ იარაღი ემთხვევა, სისხლის ჯგუფი ემთხვევა და შემთხვევის ადგილზე დავაკავეთ პირი, რომელსაც ეს დანა ედო ჯიბეში, მკვლელი როგორ არ არის?“ _ გაუკვირდა გამომძიებელს. 

„არა, მე ვერ დავამტკიცებ, რომ მკვლელი არ არის, მაგრამ გარდაცვლილი, მინიმუმ, 48 საათის წინ მოკლეს, იქ კი, უბრალოდ, დააგდეს. აი, სისხლიანი დანა საიდან ჰქონდა ჯიბეში დაკავებულს, ეგ თქვენ უნდა გაარკვიოთ. ყოველ შემთხვევაში, ის ბიჭი გუშინ, საღამოს არ მოუკლავთ და რაც მთავარია, იქ არ მოუკლავთ, რადგან ჭრილობებიდან ბევრი სისხლი დაიღვრებოდა, ადგილზე კი სისხლის კვალი, უბრალოდ, არ იყო. კიდევ გავიმეორებ, გვამი იქ მიიტანეს და დააგდეს, აი, მანამდე რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი“, _ დაბეჯითებით თქვა ექსპერტმა და დასკვნა მაგიდაზე დადო. 

ბატონ თენგიზს უფრო დიდი სიურპრიზი ელოდა. მთავარმა ეჭვმიტანილმა, რომელიც უკვე სრულიად ფხიზელი იყო, გამომძიებელს სთხოვა, იქნებ, ის დანა მანახოთ, გუშინ ჯიბეში რომ მიპოვეთო და როცა სურვილი შეუსრულეს, მან ცივი იარაღი გულდასმით დაათვალიერა, შემდეგ ცოტა ხნით ჩაფიქრდა და ბოლოს, თქვა: 

_ დანა ჩემია! 

გამომძიებელმა გაოცებისგან პირი დააღო. კაცი ამბობდა, მკვლელობის იარაღი ჩემია, ჩემს ჯიბეში ნახეთ, მაგრამ მე არ მომიკლავსო. 

„დიახ, ეს დანა ჩემია, არ ვაპირებ დამალვას, რომ წლებია, ჩემი კუთვნილებაა. უბრალოდ, ორი კვირის წინ დამეკარგა და გუშინ თქვენ იპოვეთ ჩემს ჯიბეში. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჯიბეში არ მქონია, ვიღაცამ ჩამიდო, რადგან რესტორანში რომ მივდიოდი, ხელები ჯიბეში მეწყო და დანას აუცილებლად ვნახავდი. რაც მთავარია, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის მოკლული, პირველად ვხედავ და როგორც გუშინ მივხვდი, არც ჩემი მეგობრები იცნობენ“, _ განაცხადა დაკავებულმა. 

გამომძიებელი მიხვდა,რომ მის წინ მკვლელი არ იჯდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველ ჩვენებას მიაწვებოდა, არაფერი ვიციო და სამართალდამცავებსაც ხელჩასაჭიდი თითქმის არაფერი ჰქონდათ, მით უმეტეს, რომ გარდაცვლილი 48 საათის მკვდარი იყო და ამდენ ხანს, რესტორნის ეზოში შეუმჩნევლად ვერ ეგდებოდა. 

დაკავებულს რომ არ ეთქვა, დანა ჩემიაო, პოლიცია ვერ დაამტკიცებდა, რომ ცივი იარაღი მისი იყო. 

მოკლულის ვინაობა დაადგინეს. ის უმაღლესი განათლების მქონე ისტორიკოსი გახლდათ, თუმცა საწყობში მუშაობდა ჩვეულებრივ მუშად და ამის მიზეზიც მალე გაირკვა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ, გარდაცვლილი ქურდობის ბრალდებით გახლდათ დაკავებული და პირობითი მსჯავრიც ჰქონდა. შესაბამისად, ნასამართლევი პირის სამსახურში მიღება არავის სურდა და მანაც დიპლომისთვის შეუფერებელი სამუშაო იშოვა. საწყობში ისეთი არაფერი იყო, რაზეც ფულის კეთება შეიძლებოდა ანუ სამუშაოს გამო, მისი მკვლელობის ვერსია გამოირიცხა. არც სოფელში მცხოვრები ოჯახის წევრების დაკითხვამ მისცა სამართალდამცავებს რაიმე ახალი, სამეგობრო წრე კი... 

გარდაცვლილის სამეგობრო ძალიან უცნური იყო. მასთან მეგობრობდნენ ყოფილი პროფესორები და მეგობრობდნენ კრიმინალები. პროფესორების დაკითხვამ შედეგი არ გამოიღო, ისინი ღიად ამბობდნენ, რომ მოკლული უნიჭიერესი ისტორიკოსი იყო და რომ არა შემთხვევითობა, აუცილებლად კათედრაზე დატოვებდნენ. აი, ყოფილი კრიმინალები კი გაიძახოდნენ, ჩვენ რა შუაში ვართ, სტუმრად დავდიოდით, ვსვამდით, ვერთობოდით, არაფერს ვაფუჭებდით, გამოსწორების გზაზე ვდგავართო. 

რა თქმა უნდა, გამოძიებამ მათი გულწრფელობა არ დაიჯერა და გარდაცვლილის მეგობრებში იმ პირის ძებნა დაიწყო, რომელსაც პირველ დღეს, დაკავებულთან ექნებოდა რაიმე კავშირი. ასეთი მალე იპოვა _ ერთ-ერთი კრიმინალი, რომელიც ადრე სამჯერ იყო ნასამართლევი, მკვლელობაში პირველ ჯერზე ეჭვმიტანილის თანაკლასელი გახლდათ. 

„ისევ გამოვიძახე დაკითხვაზე ის ბიჭი, პირველივე საღამოს რომ დავაკავე და საკუთარი დანა რომ ამოიცნო. გულწრფელად მითხრა, კი, ჩემი თანაკლასელია, დღემდე გვაქვს ურთიერთობა, ჩემთანაც ხშირად მოდის სახლში, დანის მოპარვაც შეეძლო, მაგრამ ჩხუბის დღეს, იქ არ ყოფილა და რომ ყოფილიყო, აუცილებლად დავინახავდიო“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი ბიჭის მონაყოლს. 

ძალოვანებმა ისიც გაარკვიეს, რომ ბიჭებმა ქურთუკები და ლაბადები რესტორნის შესასვლელში დატოვეს ანუ დიდი იყო იმის შანსი, რომ მეგარდერობეს, ნებისმიერის ჯიბეში ჩაედო დანა და ამიტომ, სწორედ ის დააკავეს. მანაც აღიარა, რომ უცნობმა კაცმა მას დანა მისცა, მიუთითა, რომელ ლაბადაში უნდა ჩაედო და თან სანაცვლოდ, 50 მანეთიც აჩუქა. რესტორნის თანამშრომელს ეჭვმიტანილის სურათი აჩვენეს და ამოიცნო. 

ეს საკმარისი მიზეზი გახლდათ იმისთვის, რათა ეჭვმიტანილი დაეკავებინათ და მის სახლში ჩხრეკა ჩაეტარებინათ. ასეც მოხდა, თუმცა ჩხრეკამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ერთადერთი, რაც იპოვეს, პატარა, მოოქროვილი და თვლებით მოჭედილი ხანჯალი იყო, რომელზეც დაკავებული ამბობდა, ოჯახური რელიქვიაა, წინაპრებისგან მერგოო. 

გამომძიებელმა ხანჯალი გარდაცვლილის ყოფილ პროფესორებს აჩვენა. 

„ერთ-ერთმა პროფესორმა ხანჯალი ამოიცნო, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ის სახლში ჰქონდა და როცა გადაამოწმა, მიხვდა, მოპარეს. მან ისიც გაიხსენა, რომ ხანჯლის ფასი გარდაცვლილთან წამოსცდა _ მინიმუმ, 50 ათასი მანეთი. მოკლედ, გარდაცვლილმა ხანჯალი მოიპარა, მეგობარს უთხრა, გაყიდე და ფული შუაზე გავიყოთო, თუმცა როცა მან ფასი გაიგო, ისტორიკოსის მოშორება გადაწყვიტა, თანაკლასელს დანა მოპარა, იმ დანით, საკუთარ სახლში ჩაიდინა მკვლელობა, შემდეგ მანქანით მკვდარი რესტორანში მიიტანა, ბუჩქებთან დააგდო და მკვლელობის იარაღი კლასელს ჯიბეში ჩაუდო. ჩხუბი კი ისევ თავის მეგობრებს აატეხინა, საქმეს სჭირდებაო და ამით ყველაფერი დასრულდა. რომ არა ექსპერტის მონდომება, დიდი შანსი იყო, მკვლელობა უდანაშაულო კაცისთვის შეგვეტენა“, _ დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა და სინანულით ისიც დააყოლა, მკვლელს მხოლოდ 12 წელი მისცესო.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში