Menu
RSS

სპეცრაზმელი, რომელიც ქილერი გახდა

შეკვეთილი მკვლელობის სკანდალური დეტალები

გრიფით „საიდუმლო“ _ თუ საქმეს ასეთი მინაწერი ამშვენებდა, ცხადი იყო, რომ მასზე წვდომა ადამიანების ძალიან შეზღუდულ რაოდენობას ჰქონდა. ამას გარდა, ამ ადამიანებს გაუთქმელობაზე ხელწერილსაც ართმევდნენ და საქმეს მკაცრად აარქივებდნენ. სხვათა შორის, დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, „კგბ“-ს არქივის გარკვეული ნაწილი დაიწვა (ან დაწვეს), ნაწილი გაიტანეს და რეალურად, დამოუკიდებელ საქართველოს მხოლოდ მცირე ნაწილი შერჩა, თანაც არაფრის მთქმელი. მხოლოდ მოყოლით თუ შეიძლება ძველი საქმეების გახსენება და ამოწევა, თუმცა დოკუმენტურად ამის დადასტურება უკვე შეუძლებელია. საქმის დამწვარ მასალებთან ერთად, ფერფლად იქცა საქმე, რომელიც 1986 წელს მოხდა და რომლის გამოძიების ბრძანება მოსკოვიდან მოვიდა. მხოლოდ გამოძიების კი არა, ყველა დეტალის საიდუმლოდ შენახვის და უფრო მეტიც, დაფარული ხაზით პატაკის, არანაირი წერილობითი ცნობა, ან დოკუმენტი საბჭოეთის დედაქალაქში არ უნდა გაგზავნილიყო. 

და მაინც, რა მოხდა ისეთი, რის გამოც მთელი ძალოვანი უწყება შეწუხდა და, პრაქტიკულად, 15 რესპუბლიკაში, ყაზარმული მდგომარეობა გამოაცხადა?!

1986 წლის გაზაფხულზე, მოსკოვში, ერთ-ერთი „ცეხავიკი“ მოკლეს, მკვლელობა აშკარად შეკვეთილი იყო, რადგან მას მაშინ ესროლეს, როცა სახლიდან გამოვიდა და მანქანაში ჯდებოდა. არა მხოლოდ რუსეთში, არამედ, მთელ საბჭოთა კავშირში, ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, თუმცა სამართალდამცავებს სხვა რამ უფრო აინტერესებდათ _ გარდაცვლილის სხეულიდან ამოღებული ორი ტყვია იმ სნაიპერული შაშხანით იყო ნასროლი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. რაც მთავარია, დაკარგულად და გარდაცვლილად ითვლებოდა შაშხანის მეპატრონე სნაიპერიც, რომელიც საბჭოთა ძალებში ერთ-ერთ ყველაზე (თუ ყველაზე არა) საუკეთესო მსროლელად ითვლებოდა. სწორედ ეს გახლდათ სამართალდამცავთა შეშფოთების მიზეზი. 

ორი ვარიანტი იყო: ან სნაიპერი გადარჩა და უბრალოდ, სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობდა, ან მისი შაშხანა ვიღაცის ხელში ჩავარდა და აქტიურად იყენებდა. 

რა თქმა უნდა, ძალოვანებმა, პირველ რიგში, კრიმინალური სამყარო და მაშინდელი გავლენიანი „კანონიერი ქურდები“ შეაჯანჯღარეს, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ქურდებმა შეკვეთილ მკვლელობასთან კავშირი უარყვეს და მართლებიც იყვნენ _ „მეწველი ცეხავიკის“ მკვლელობა მათ ინტერესში არ შედიოდა. ამით ძალიან სოლიდური შემოსავალი დაკარგეს და არავინ იცოდა, მის ადგილზე მოსული როგორი მარიფათისა იქნებოდა, ან ისურვებდა თუ არა ქურდებისთვის წილის გადახდას. 

სამართალდამცავებს ყველაზე ნაკლებად, ახლა, სწორედ ეს აინტერესებდათ, მათთვის მთავარი ის კი არ იყო, ვინ შეცვლიდა გარდაცვლილს და ვინ გადაიხდიდა „შავ სალაროში“ ფულს, არამედ, აუცილებელი გახლდათ მსროლელის და რაც მთავარია, მკაცრ აღრიცხვაზე მყოფი იარაღის პოვნა. 

საბჭთა რესპუბლიკებს შორის მიმოსვლა მაშინ ძალიან მარტივი და იაფი იყო, ამიტომ გადაწყდა, რომ ეჭვმიტანილი საკავშირო მასშტაბით ეძებნათ. 

სამართალდამცავები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მსროლელი რუსეთში არ გაჩერდებოდა და რამდენიმე თვით, სხვა რესპუბლიკას მიაშურებდა. საქართველოს შს სამინისტროში საიდუმლო წერილიც მოვიდა, სნაიპერის დანაყოფში, რომელიც ავღანეთში იბრძოდა, რვა ქართველი მსახურობდა. რვიდან ორი დაიღუპა, ექვსი _ სამშობლოში დაბრუნდა და დიდი იყო იმის შანსი, რომ სნაიპერი მათ წვეოდა სტუმრად. 

ჯერ ერთი, ქართველები სტუმართმოყვარე ხალხია და მეორეც, თუ ვინმეს ნდობა შეიძლებოდა, სწორედ მათი. სამართალდამცავებმა ექვსივეს ბინაზე თვალთვალი დააწესეს, მაგრამ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. ექვსიდან სამი, თბილისში ცხოვრობდა, ერთი _ გურიაში, ერთი _ რაჭაში, ერთიც _ რუსთავში. თბილისელები მაშინვე გამორიცხეს, კორპუსში უცხო კაცის გამოჩენას ადვილად შენიშნავდნენ მეზობლები და თითო კორპუსს, მინიმუმ, ორი მოენე რომ ჰყავდა, კარგად მოგეხსენებათ, თანაც ყოველი შემთხვევისთვის, წყალკანალის თანამშრომლების სახელით, მათი ბინები დაათვალიერეს და იქ უცხო არავინ იყო. 

იგივე ხდებოდა რუსთავში, კორპუსში მცხოვრები ავღანელი მეტალურგიაში მუშაობდა, ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა და ყოველ მესამე დღეს, ღამის ცვლაში მორიგეობდა. შესაბამისად, ღამით, უცხო კაცს ცოლ-შვილს ნამდვილად არ დაუტოვებდა. 

დარჩა გურია და რაჭა. სამართალდამცავებმა გურიაში მცხოვრები ავღანელის სახლი მაშინ გაჩხრიკეს, როცა შინ არავინ იმყოფებოდა. ეს ჩხრეკაც არ იყო, სახლს ალყა ასამდე მილიციელმა შემოარტყა, რადგან შაშხანით შეიარაღებული ავღანელი იქ რომ ყოფილიყო, სერიოზულ წინააღმდეგობას გასწევდა. იგივე ხდებოდა, პრაქტიკულად, ყველა რესპუბლიკაში, მაგრამ დამაიმედებელი ცნობა არსაიდან მოდიოდა. 

რაჭაში მცხოვრებ ავღანელს უფრო მეტი ყურადღება მას შემდეგ მიაქციეს, რაც მან შვებულება აიღო და სახლიდან თითქმის არ გამოდიოდა. ის მოხუც მამასთან ერთად ცხოვრობდა, მხოლოდ მოხუცი დადიოდა სათოხარში, შვილი არ მიჰყვებოდა და ეს მაშინ, როცა მეზობლები ამბობდნენ, სამეურნეო საქმეებს მუდმივად შვილი აკეთებს, მამას ახლოს არ აკარებდა თოხს, მის ჯანმრთელობას უფრთხილდებოდაო. 

ცხადი იყო, ბიჭი სახლიდან იმიტომ არ გადიოდა, რომ იქ რაღაც, ან ვიღაც ისეთი ეგულებოდა, რომელსაც მარტო ვერ ტოვებდა. ქართულმა მხარემ ყველაფერი მოსკოვს უპატაკა და მანაც დაკვირვების ბრძანება გასცა. 

პარალელურად, მეორე დღეს, მოსკოვიდან ათკაციანი ოპერატიული ჯგუფი ჩამოფრინდა, რომლის შემადგენლობაშიც სპეცდანიშნულების რაზმის ერთბაშად რვა წევრი იყო. ეს გახლდათ სპეცრეისი, რამეთუ სპეცრაზმელებმა აურაცხელი იარაღი ჩამოიტანეს. მეორე დღეს ისინი, ქართველ სამართალდამცავებთან ერთად, რაჭისკენ დაიძრნენ და გაოცდნენ, როცა გაიგეს, რომ სახლს... მხოლოდ უბნის რწმუნებული უთვალთვალებდა. 

შტურმი, დაახლოებით, ორ საათში დაიგეგმა და განხორციელდა კიდეც, თუმცა სახლში შესულმა სპეცრაზმელებმა, მოხუცის გარდა, ვერავინ ნახეს. იმან კიდევ შეშინებულმა თქვა, ჩემი შვილი და მისი ჯარის ამხანაგი, გუშინ ღამით, სანადიროდ წავიდნენ მთებშიო. 

პოლიცია მათ ან უნდა დალოდებოდა, ან კვალს გაჰყოლოდა. გაყოლა გადაწყდა, რადგან დიდი იყო იმის შანსი, რომ სტუმარს თვალთვალი შეენიშნა, მთებით ჯერ სვანეთში, შემდეგ კი ყაბარდო-ბალყარეთში გადასვლა მოეხერხებინა. სანადიროდ წასულებს, კვალში ფორმიანი მონადირეები ჩაუდგნენ. სამდღიანი დევნის შემდეგ, სამართალდამცავებმა ქართველის სხეულს მიაგნეს. ის ერთ-ერთ გამოქვაბულში ეგდო და ყელი ჰქონდა გამოჭრილი. 

გარდაცვლილის მამამ, ფოტოზე ჯარის მეგობარი ამოიცნო, ეს იყოო, განაცხადა და... დევნაც შეწყდა. სამართალდამცავები მიხვდნენ, რომ მკვლელი გაექცათ და მისი ძებნა ყაბარდო-ბალყარეთში უნდა გაეგრძელებინათ. მამამ ისიც თქვა, სტუმარი მოულოდნელად გვეწვია და ჩემს შვილს, მთის ბილიკებით სხვა რესპუბლიკაში გადასვლაში დახმარება სთხოვაო. 

სამი თვის შემდეგ, ჩეჩნეთში მამაკაცის გვამი იპოვეს. მას ორივე ხელის მტევანი და თავი ჰქონდა მოჭრილი. მაშინვე გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს სწორედ ის სნაიპერი იყო და, უბრალოდ, შემკვეთებმა მოიშორეს. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულ სნაიპერებს, სისხლის ჯგუფის, თითისა და ენის ანაბეჭდის (ენის ანაბეჭდიც უნიკალურია) გარდა, ფეხის თითების ანაბეჭდსაც უღებდნენ. სავარაუდოდ, მკვლელებმა ეს არ იცოდნენ და ამიტომ, მხოლოდ თავი და ხელის მტევნები მოაჭრეს. ფეხის თითების ანაბეჭდით კი დადასტურდა, რომ გარდაცვლილი, სწორედ ავღანეთში დაკარგული სნაიპერი იყო. 

როგორც ჩანს, ის გადარჩა, შემდეგ ამჯობინა, ჩუმად ეცხოვრა და ფული შეკვეთილი მკვლელობებით ეშოვა. სამწუხაროდ, სამართალდამცავებს შემკვეთის ვინაობაზე მხოლოდ მარჩიელობა შეეძლოთ, რადგან შემსრულებელი უკვე ვერაფერს იტყოდა, თუმცა მთავარი მაინც ის იყო, რომ სნაიპერი იპოვეს. 

სხვაგვარად, საქმე რომ გახმაურებულიყო, ავღანეთის ომში დაღუპული სნაიპერი ცოცხალია და ხალხს ხოცავსო, საბჭოეთი საერთაშორისო სკანდალს ვერ ასცდებოდა. მისი იარაღი კი დღემდე დაკარგულად ითვლება და არსად გამოჩენილა. 

ვარაუდობენ, რომ სნაიპერმა ის მთებში დამალა, შემდეგ კი ვეღარ მიაკითხა და დღემდე, საგულდაგულოდ შერჩეულ ადგილზე დევს.

ბათო ჯაფარიძე 

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში