Menu
RSS

კრიმინალური სამყარო სისხლიანი „რაზბორკებისთვის“ ემზადება

ვინ არის ალი ჰეიდაროვი, რა უთანხმოება აქვს „გულისთან“ და მოხდება თუ არა ლავას ოღლის საქართველოში ექსტრადირება

საქართველოსა და რუსეთს, ახლა უკვე, უკრაინაც ოფიციალურად დაემატა _ 4 ივნისს, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც მანამდე, მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში მოქმედებდა. ალბათ, ხვდებით, რომ საუბარი კარგად ნაცნობ 223-ე პრიმა მუხლზეა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, „კანონიერი ქურდის“ სტატუსისა და „შავი სამყაროს“ წევრობისთვის ციხეს ითვალისწინებს. რუსეთის ფედერაციაში, ეს კანონი შარშან მიიღეს, ახლა _ უკრაინაშიც, რიგში კი ბელორუსი და ყაზახეთიც დგას. სხვათა შორის, ჯერჯერობით, ამ საკითხზე არაფერს ამბობენ სომეხი და აზერბაიჯანელი კანონმდებლები ანუ იმ ქვეყნის პარლამენტარები, სადაც საქართველოს შემდეგ, პროცენტულად ყველაზე მეტი „კანონიერი ქურდია“.

„ეს ჩვენთვის ისტორიული დღეა. უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, უკრაინას გავლენიანი კრიმინალებისგან გავწმენდთ. ისინი ან ქვეყანას დატოვებენ, ან ციხეში მოხვდებიან“, _ განაცხადა რადას სპიკერმა. 

საგულისხმოა, რომ ქართული კანონმდებლობით, სასჯელი 7-დან 9 წლამდე მერყეობს, რუსული კანონით, „კანონიერი ქურდობა“ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. აი, უკრაინული კანონი კი ყველაზე მკაცრია _ სასჯელის ზომა 12 წლიდან იწყება, რაც ნიშნავს, რომ თუ კონკრეტული პირი მხოლოდ „კანონიერი ქურდის“ სტატუსს ატარებს, ციხეში 12 წლით მოხვდება, მაგრამ თუ დაჯგუფების ლიდერიცაა ანუ თავისი კრიმინალური ბანდა ჰყავს, სასჯელი 15 წლით განისაზღვრება. იმ შემთხვევაში, თუ მის მფარველობაში ორზე მეტი კრიმინალური დაჯგუფებაა გაერთიანებული, სასჯელი 17 წელია. 

ვერაფერს იტყვით: მართლაც, სოლიდური წლებია, თუმცა არის ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალი _ რადაში 450 დეპუტატია და კანონის მისაღებად, 50%-ს პლუს ერთი ანუ 226 ხმა იყო საჭირო. 

 

ზუსტად მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ კანონპროექტი მარტივად გავიდოდა, საბოლოო ჯამში, მხოლოდ 236-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მართალია, ეს ხმები სავსებით საკმარისია, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ 450-დან, 236 ხმა ნამდვილად არაა ის, რასაც რიგითი ადამიანები ელოდნენ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, არაერთი თანამდებობის პირი გავლენიან კრიმინალებთან მეგობრობს, არაერთ მათგანს, მათთან საერთო ბიზნესინტერესებიც აქვს და სწორედ ამას აბრალებენ ასეთ მცირე მხარდაჭერას, თუმცა ფაქტია, რომ კანონი მიიღეს და 5 ივნისიდან, „კანონიერ ქურდებზე“ უკრაინის მასშტაბითაც ნადირობის სეზონი გამოცხადდა. 

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? _ იმას, რომ ჩვენი ციხიდან გათავისუფლებული „კანონიერი ქურდების“ უმრავლესობა, სწორედ უკრაინაში მიდიოდა ხოლმე, ახლა კი ეს ქვეყანა მათთვის ისევე ჩაკეტილია, როგორც რუსეთი და, დიდი ალბათობით, მალე ჩაიკეტება ბელორუსიც. 

ევროპელმა სამართალდამცავებმა კი უკვე დაიწყეს მათ ქვეყანაში ჩასული „კანონიერი ქურდების“ ოფიციალური აღრიცხვა, მათი მისამართების ჩაწერა და მუდმივი კონტროლის დაწესება. რაც მთავარია, ევროპაში აბსოლუტურად ყველა „კრიმინალურ ავტორიტეტს“ ოფიციალურად უსმენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი „შავ ბაზარზე“ ნაყიდი ნომრებით ცდილობენ ფონს გასვლას, თუმცა ესეც უკვე გაჭირდა. პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში, სატელევიზიო არხები ევროპელ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ იაფფასიანი ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაშიც კი, აუცილებლად მიმართონ სამართალდამცავებს და გაათიშინონ ტელეფონის ნომერი, რათა ის კრიმინალებმა არ გამოიყენონ. 

* * * 

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა სანკტ-პეტერბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დააკმაყოფილა პატიმარ ალი ჰეიდაროვის თხოვნა და ციხიდან ვადაზე ადრე, „უდო“-თი გაათავისუფლა. იმის გასააზრებლად, თუ რას ნიშნავდა სასამართლოს გადაწყვეტილება, გეტყვით, რომ რუსულ სამართალში პირველად მოხდა, როცა მოქმედი „კანონიერი ქურდი“ ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, თანაც ეს დარჩენილი „სროკი“, რომელიც ერთ წელზე მეტია, მას პირობითად ეთვლება ანუ ის კვირაში ერთხელ უნდა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და ეს მაშინ, როცა რუსეთში, „კანონიერი ქურდის“ სტატუსი ოფიციალურად დასჯადია. 

რაღა თქმა უნდა, ჰეიდაროვს ლამაზი თვალებისთვის რომ არ გაათავისუფლებდნენ, ადვილი მისახვედრია. როგორც რუსი ექსპერტები წერენ, ამ ნაბიჯით ძალოვნებს სურთ, დააბალანსონ ის სიტუაცია, რომელიც დღეს რუსეთშია. მართალია, ოფიციალურად „კანონიერი ქურდები“ თითქოს აღარ არიან, მაგრამ არიან „მაყურებლები“, რომლებიც ხარკს ბიზნესმენებისა და ბაზრის მოვაჭრეებისგან იღებენ. ვინც გადახდაზე უარს ამბობს, მას სამაგალითოდ სჯიან და შეგროვილი თანხის 90% დუბაიში, ნადირ სალიფოვთან, იგივე „გულისთან“ მიდის. 

აი, ალი ჰეიდაროვი კი ყველაზე გავლენიან ქურდთანაა დაპირისპირებული და შესაბამისად, მის მომხრეებს დაერევა. სისხლიანი გარჩევები აუცილებლად იქნება და ისე ჩანს, სამართალდამცავები ძალიან ბევრ რამეზე თვალს დახუჭავენ, ოღონდ რუსეთში სალიფოვის გავლენა შემცირდეს. 

ცნობისათვის: დაჭერამდე, თურქეთში ყოფნის დროს, ჰეიდაროვი შემთხვევით გადააწყდა „გულის“ ძმას, ნამიკ სალიფოვს და ამ უკანასკნელმა, თავის თანმხლებებთან ერთად, ის სასტიკად სცემა. როგორც მაშინ თურქული მედია წერდა, სალიფოვის მომხრეები, ჰეიდაროვის მოკვლასაც აპირებდნენ, მაგრამ მას თურქი პოლიციელი გადაეფარა, რომელსაც ალისთვის განკუთვნილი ტყვია მოხვდა და ის ადგილზე გარდაიცვალა, თავად ჰეიდაროვმა კი არეულობით ისარგებლა და გაიქცა. 

ჰოდა, ადვილი მისახვედრია, რომ სალიფოვისგან სასიკვდილოდ გამეტებული ჰეიდაროვი, მისი მომხრეების მიმართ ლმობიერი არ იქნება. 

* * * 

ოქტომბერში ორი წელი გავა მას შემდეგ, რაც თურქეთის პოლიციამ ქართველი „კანონიერი ქურდი“, მინდია გორაძე, იგივე „ლავას ოღლი“ დააკავა, თუმცა მისთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებია. მისი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია, საპროტესტო წერილი თურქეთის ელჩსაც გაუგზავნეს, სადაც ითხოვდნენ, რომ გორაძე გათავისუფლებულიყო, რამეთუ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და, ესეც არ იყოს, როცა თითქმის ორი წლის განმვლობაში, პირს ბრალს ვერ უყენებ, გამოდის, ხელჩასაჭიდი არაფერია. 

ამჯერად, აქციამ რადიკალური ხასიათი მიიღო და გორაძის ახლობლები საქართველოს მთავრობას მის ექსტრადაციას სთხოვენ. ამ მოთხოვნით, რამდენიმე მათგანმა შიმშილობაც დაიწყო და პირიც ამოიკერა. უნდა ვივარაუდოთ, რომ გორაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მართლაც, მძიმეა და თურქული მხარე მას ყურადღებას არ აქცევს, რადგან საქართველოში ექსტრადაციის შემთხვევაში, მინდიას უეჭველად ციხე ელის, რამეთუ 2019 წელს, საქართველოში დაუსწრებლად მიუსაჯეს 12 წელი და ამ ვადის მოხდა მოუწევს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში