Menu
RSS

კუბოში ნაპოვნი ტყვია და სისხლიანი სასიყვარულო სამუთხედი

რა მოხდა მცხეთაში _ მოწმეებისა და მკვლელის სკანდალური ჩვენებები

ქართველებმა ბევრი რამ ვიცით, მათ შორის, საფლავების მორთვა-მოკაზმვა. საბედნიეროდ, ნელ-ნელა, მოდიდან გადადის სასაფლაოებზე „სახლების წამოჭიმვა“, ოთახების გაკეთება, საქეიფო ადგილების მოწყობა და უზარმაზარი, 15-20-ადგილიანი სასაფლაოს მოზომვა, აქაოდა, მთელი სანათესაო აქ უნდა დავიმარხოთ, ერთმანეთის გვერდითო. არცთუ იშვიათია მიცვალებულების გადასვენების შერმთხვევებიც, მაგალითად, თუ ოჯახი ერთი ადგილიდან მეორეზე სამუდამოდ მიდის, საკუთარი მიცვალებულიც მიაქვს, იქ უკეთესად მივხედავო. ეს, ერთი შეხედვით, მარტივი პროცედურა, არცთუ მარტივად განსახორციელებელია, რადგან ბევრი საბუთი და, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების თანხმობა სჭირდება. რაც მთავარია, ოჯახს გადასვენებისთვის ძალიან წონიანი მიზეზი უნდა ჰქონოდეს.

„ღამის მორიგეობის დროს, საგზაო მილიციის თანამშრომლებმა, მცხეთასთან გადანგრეული ჯებირი ნახეს. ცხადი იყო, ვიღაც ავტომობილით გადავარდა. 

გაზაფხული იდგა, მღვრიედ მოდიოდა მტკვარი, მაგრამ მყვინთავებმა მანქანა ორ საათში იპოვეს. ის თბილისის ერთ-ერთი მაღაზიის მომარაგების გამგეს ეკუთვნოდა. მძღოლი მანქანაში არ იყო და მისი ძებნა გაგრძელდა, მაგრამ ხილვადობა, პრაქტიკულად, ნული იყო და ამიტომ, იღბლიან შემთხვევას დაველოდეთ. მანამდე, დაკარგულის ნათესავები მოვიძიეთ, კი გამოჩდნენ ბიძაშვილ-მამიდაშვილები, მშობლები ადრე დაეხოცა, თურმე, ისინიც ავარიით, ერთადერთი და კი რამდენიმე დღის წინ გათხოვდა და ძმამ საჩუქრად მოსკოვის ბილეთები აუღო. სავარაუდოდ, ფულიც მისცა, თუმცა მოსკოვში გაგზავნილ მოთხოვნას, რომ და გამოჩენილიყო, ჩვენი რუსი კოლეგები დიდი გულისყურით არ მოეკიდნენ. 

ერთი კვირის შემდეგ ვიპოვეთ მიცვალებული _ მტკვარმა გამორიყა და რადგან ნათესავებმა თქვეს, არ ვიცით, და რას გადაწყვეტს, თბილისში დაკრძალვას, თუ რაიონშიო, უპატრონოთა სასაფლაოზე დავკრძალეთ. მორგში ვერ შევინახავდით, გვამი ნახევრად გახრწნილი იყო და ამის გაკეთება შეუძლებელი გახლდათ. 

და ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა და ეს საშინელი ამბავი შეიტყო. მაშინვე მილიციაში მოვიდა და ძმის გადასვენების უფლება ითხოვა, აქაოდა, საგვარეულო სასაფლაოზე უნდა წავიღო, მშობლების საფლავის გვერდით მიწა ვიყიდე, იქ უნდა დავასაფლაოო“, _ იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

გადასვენებისთვის მხოლოდ სამართალდამცავთა თანხმობა საკმარისი არ იყო და პროცესი მთელი რვა თვე გაიჭიმა. 

ბოლოს, როცა დამ თანხმობა მიიღო, გადაწყვიტა, წლისთავზე გადავასვენებ და ბარემ, წლისთავსაც გადავუხდიო. ერთი წლის შემდეგ, მილიციის თანამშრომლებისა და ექსპერტის თანდასწრებით, გარდაცვლილი ამოთხარეს, სპეციალურად ნაყიდ ახალ სასახლეში გადაასვენეს და როცა ძველი სასახლიდან, პრაქტიკულად, ჩონჩხი ამოჰქონდათ, კეფის მხარეს, სასახლის ფსკერზე რაღაცამ გაიბრწყინა. 

_ ეს რა არის? _ იკითხა დამ და ხელში ტყვიის გულა აიღო, დაატრიალა, შემდეგ კი, ბოლო ხმაზე იყვირა, _ მოკლეს, ჩემი ძმა მოკლეს! 

სამართალდამცავებმა გაოცებისგან პირი დააღეს, პირღია დარჩა ის ექსპერტიც, რომელმაც გვამის ექსპერტიზა ჩაატარა, რადგან ზუსტად ახსოვდა, გვამს ნატყვიარი არ ემჩნეოდა და ახლა სასახლეში, თანაც ძალოვანების მიერ მიტანილ სასახლეში, ტყვიის გულის ნახვა ნამდვილად აღმოჩენა გახლდათ. 

ძვლები, საგვარეულო სასაფლაოს ნაცვლად, ისევ ექსპერტიზაზე წაიღეს და შვებულებაში მყოფი ბატონი თენგიზიც სასწრაფოდ სამსახურში გამოიძახეს. საქმე მას ებარა, მან დახურა და აგერ, ტყვიის გულა დაუდეს მაგიდაზე. 

„ძვლები გამადიდებელი ლუპით დავათვალიერე. ტყვია კისერთან, მალებს შორის იყო გაჭედილი _ გაღებულ პირში ესროლეს და ამიტომ ვერ ვიპოვე ნატყვიარი, შემავალი ჭრილობა იყო, გამომავალი _ არა, თან პირი ლამით ჰქონდა სავსე, ამოვწმინდეთ, არაფერი ეტყობოდა, _ თავი იმართლა ექსპერტმა, მაგრამ მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი მაინც დადგა, რადგან თუ კაცი წყალში უკვე მკვდარი ჩააგდეს, ფილტვები წყლით სავსე არ ექნებოდა, რაც ექსპერტიზის პირველად დასკვნაში არ ეწერა ანუ ექსპერტიზა ზერელედ ჩატარდა. 

ახლა მთავარი ის იყო, გამოეძიათ, როგორ, რა ვითარებაში და რისთვის მოკლეს მაღაზიის მომარაგების ხელმძღვანელი? 

ის, რომ დიდი ფული ჰქონდა, ახალი არავისთვის იყო. იმ თანამდებობაზე, რომელზეც ის მუშაობდა, ფული რომ არ ეკეთებინა და ზემოთაც არ წაეღო, არავინ გააჩერებდა. სწორედ დანაზოგით გაუშვა და და სიძე დასასვენებლად რუსეთში და მართალია, თავად ცოლი არ ჰყავდა, მაგრამ სუსტი სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას არ უჩიოდა და ამის გამო, შარშიც არაერთხელ გახვეულა. 

სამართალდამცავებს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს მეზობლებმა. გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, ვიღაც კაცი მოუვარდა სახლში და მუშტი-კრივი გაუმართა, აქაოდა, ჩემს ცოლთან გაქვს კავშირიო. წასვლისას კაცი მოკვლითაც დაემუქრა და რაც მთავარია, ის ერთ-ერთმა მეზობელმა იცნო. 

გამომძიებლები სავარაუდო ეჭვმიტანილს ბინაზე მიადგნენ, მაგრამ გაირკვა, რომ მკვლელობის წინა დღეს, ის ნასვამ მდგომარეობაში, მაღაზიის ვიტრინის ჩამტვრევისა და შემდეგ, მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს, ერთწლიანი ციხეც მისცეს და სასჯელს იხდიდა ანუ მაღაზიის გამგეს ვერაფრით მოკლავდა. 

გამოძიებამ დაუშვა ვერსია, რომ მკვლელობა შესაძლოა, არა იმ დღეს, არამედ, წინა დღით მოხდა, მაგრამ როცა მანქანა მტკვარში გადააგდეს, ეჭვმიტანილი ასი პროცენტით დაკავებული იყო. გამოძიება ჩიხში შევიდა და სწორედ მაშინ, როცა საქმე თაროზე უნდა შემოედოთ, გარდაცვლილის დამ, მილიციაში მაღაზიის დამლაგებელი მიიყვანა. 

_ მაღაზიის თანამშრომლებს შევუთვალე, ვინც ძმის მკვ¬ლელს მაპოვნინებს, ათას მანეთს მივცემ-მეთქი. ყველაზე ღირებული ინფორმაცია, მგონი, ამას აქვს, _ თქვა ქალმა და დამლაგებელი გამომძიებლის წინ დასვა. 

გამომძიებელმა ჯერ თავი გადააქნია, კანონსაწინააღდეგო ჯილდოა, არ შეიძლებაო, შემდეგ კი დამლაგებელს შეხედა და მშვიდად უთხრა: 

_ დაიწყე! 

მაღაზიის თანამშრომელმაც დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო. მისი მონათხრობიდან გაირკვა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, მაღაზიის გამგეს არასრულწლოვანი აკითხავდა და რამდენჯერმე დამლაგებელმაც დაინახა, რომ გამგემ მას ფული მისცა, თუმცა გოგონა დიდი ხნით არ რჩებოდა, მაქსიმუმ, 5 წუთით და შემდეგ ისევე სწრაფად მიდიოდა, როგორც მოდიოდა. 

ერთხელ, დამლაგებელმა ჰკითხა, ეს ლამაზი ბავშვი ვინ არისო და მანაც ღიმილით უპასუხა, მალე გაიგებო. ერთი შეხედვით, გოგონას მოძებნა წარმოუდგენლად ჩანდა, მაგრამ გამოძიებას ამჯერადაც დამლაგებელმა უშველა _ გოგონა როცა მოდიოდა, ერთადერთ ადამიანს ესალმებოდა და ის ერთადერთი, ჩვენი მაღაზიის ყარაული იყოო. 

ერთ საათში ყარაული გამომძიებლის წინ იჯდა და დაადასტურა, რომ გოგონა მისი მეზობელი იყო. დაკითხვაზე გოგონაც დაიბარეს და რადგან 18 წელი არ შესრულებოდა, დაკითხვას მშობელი და სკოლის მასწავლებელიც დაესწრო. 

_ მე გარდაცვლილი მიყვარდა, ცოლად უნდა გავყოლოდი და მხოლოდ იმიტომ ვერ მივყვებოდი, რომ არასრულწლოვანი ვიყავი. ჩემი მეზობელი კიდევ მეუბნებოდა, მაგას კი არა, მე უნდა გამომყვე, ეგ ბებერიაო. ბოლოს, დამემუქრა, მოვკლავო, მაგრამ მერე ავარია მოხდა და დაიღუპა. იმას მაინც არ გავყვები, _ ატირდა გოგო. 

ამჯერად, მისი მეზობლის დაკავება გახდა საჭირო და პარალელურად, გამომძიებელმა ბინის ჩხრეკის ორდერიც მოიპოვა. სახლში იარაღი ნახეს და ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გარდაცვლილი, სწორედ ამ იარაღით იყო მოკლული. 

_ რამდენჯერმე ვთხოვე მაღაზიის გამგეს, თავი დაენებებინა ბავშვისთვის, არ მომისმინა. მერე თავად დამირეკა, შემხვდი, მოვრიგდებითო. მცხეთაში შევხვდი და ფული შემომთავაზა. იმდენად შეურაცხყოფილი ვიყავი, იარაღი დავუმიზნე, გაოცებისგან პირი დააღო და ვესროლე. შემდეგ, მანქანაში ჩავსვი და მტკვარში გადავაგდე, იარაღი კი იქვე, ტყეში დავმარხე. როცა ყველაფერი უბედურ შემთხვევას მიაწერეს, მივხვდი, შემრჩა, იარაღი ნახევარი წლის შემდეგ ამოვთხარე და ისევ სახლში შევინახე. რას ვიფიქრებდი, ერთი წლის შემდეგ თუ საქმეს გახსნიდნენ, _ დაასრულა მოყოლა ბიჭმა და სასამართლომაც მარტივად დაასრულა _ მკვლელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ექვსი თვის შემდეგ, მკვლელი საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მართალია, ამბობდნენ, მაღაზიის მომარაგების გარდაცვლილი გამგის დამ გადაიხადა, რათა მოეკლათო, თუმცა ვერავინ ვერაფერი დაამტკიცა.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში