Menu
RSS

ქმრის საყვარელმა ახალგაზრდა, უშვილო ექიმი გაზით გაგუდა

როგორ დაუახლოვდა მკვლელი მსხვერპლს _ სისხლიანი ოჯახური დრამის დეტალები

ახალი თაობა ვერასდროს მიხვდება, რატომ შეიძლება იყოს გაზქურაზე შემოდგმული ქვაბი, ქვაბში _ თეთრეული და წყალი ფხვნილით, ყველაფერი ეს დუღდეს და ირგვლივ საშინელ სუნს აფრქვევდეს. არადა, მანამ, სანამ თანამედროვე სარეცხი მანქანები შემოვიდოდა, დიასახლისების აბსოლუტური უმრავლესობა თეთრეულს ასე რეცხავდა, უფრო სწორად, ხარშავდა და ასეც ერქვა _ „თეთრეულის გამოხარშვა“, თანაც მაშინ თეთრეულის 90%, სწორედ რომ თეთრი იყო და დიასახლისებიც ცდილობდნენ, აივანზე ქათქათა სარეცხი გაეკიდათ, რათა მეზობლების ყბაში არ ჩავარდნილიყვნენ, აქაოდა, გამოხარშვა დაეზარაო. ცალკე თემა იყო „კრახმალი“ და „გაკრახმალებული“ თეთრეულისა, თუ პერანგების მორგება.

„რეალურად, მოსახლეობამ მასიურად მაშინ გაიგო ჩO-ს შესახებ, როცა ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა. მანამდე, უბრალოდ, ვწერდით, რომ გაზით გაიგუდა და მორჩა, თანაც კომუნისტების დროს, ცენტრალური გათბობა არსებობდა, გაზის გამათბობლით, პრაქტიკულად, არავინ თბებოდა და შესაბამისად, უბედური შემთხვევებიც ნაკლებად იყო. 

არაერთი შემთხვევა გვქონდა, როცა თეთრეულის ხარშვის დროს, წყალი ქვაბიდან გადმოდიოდა, გაზქურას აქრობდა და გაზი ჟონავდა. სამწუხაროდ, ამის ნიადაგზე, უბედური შემთხვევებიც გვქონდა, თუმცა ის, რაც ახლა უნდა გიამბოთ, არ იყო უბედური შემთხვევა და კარგად დაგეგმილი მკვლელობა გახლდათ, რომელიც უცნაურად გავხსენით“, _ იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

* * * 

შინ დაბრუნებულმა ინჟინერმა მაშინვე იგრძნო გაზის სუნი, ჯერ გაზქურა გადაკეტა, შემდეგ ფანჯარა გამოაღო და სასწრაფოში დარეკა, რადგან დივანზე მისი ცოლი უგონო მდგომარეობაში იწვა. სასწრაფოს ექიმებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ, დიაგნოზის დასმა საჭიროც არ იყო, რადგან გაზით მოწამვლის ნიშნები გვამს აშკარად ეტყობოდა. ამის მიუხედავად, ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, გვამი კი ექსპერტიზისთვის წაიღეს. 

_ არ ინერვიულოთ, ბატონო თენგიზ, ზაფხულია, ქალაქიდან ნახევარი თბილისია გასული, შესაბამისად, პრაქტიკულად, უქმად ვზივართ, ერთი დღე გვეყოფა პასუხისთვის. აშკარაა, რომ უბედური შემთხვევა გახლავთ და თქვენც წახვალთ დასასვენებლად, _ უთხრა ექსპერტმა გამომძიებლს, რადგან კარგად იცოდა, ბატონი თენგიზი დღე-დღეზე, ცოლ-შვილთან ერთად, აფხაზეთში აპირებდა ზღვაზე წასვლას და ამ საქმესაც ხელი იმიტომ მოჰკიდა, რომ უბედური შემთხვევა იყო, მალე „მოაყომარებდა“. თანაც, პრაქტიკულად, მთელი განყოფილება შვებულებაში გახლდათ და საქმე ვინმეს ხომ უნდა აეღო. 

დილით, სამსახურში მისულ გამომძიებელს უსიამოვნო სიურპრიზი დახვდა. ექსპერტმა მაგიდაზე დასკვნა დაუდო და დამნაშავესავით ჩაილაპარაკა: 

_ მკვლელობაა, ბატონო თენგიზ, მკვლელობა! 

გამომძიებელმა სწრაფად ჩაიკითხა დასკვნა, სადაც გასაგებად ეწერა, რომ ქალს დიდი ოდენობით დასაძინებელი წამალი ჰქონდა მიღებული და გაზის სუნზე კი არა, ზარბაზნის ხმაზეც არ გაეღვიძებოდა. დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ის გაზის გარეშეც გარდაცვლილიყო, უბრალოდ, აირმა ეს პროცესი დააჩქარა. 

ბატონმა თენგიზმა ქმრის ჩვენება გადაიკითხა და ჩაფიქრდა. ქმარი გარკვევით ამბობდა, სახლში რომ შემოვედი, ჯერ გაზქურა გამოვრთე, შემდეგ ფანჯარა გავაღე და შემდეგ სასწრაფოში დავრეკეო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ პაპანაქება ზაფხულში, ქალმა სარეცხი გამოსახარშად დადგა, ფანჯარა არ გააღო და სარეცხის ორთქლში იხარშავდა თავს. ალოგიკური იყო ყველაფერი ეს, ძალიან ალოგიკური და პროფესიით ექიმი ქალი, დასაძინებელი წამლის დოზას რომ არ აურევდა, ადვილი მისახვედრი გახლდათ. 

გამომძიებელმა თავი გადააქნია და თანამშრომელს გასძახა, ქმარი დაკითხვაზე დაიბარეთო. 

_ ხუთი წელია, ცოლ-ქმარი ვართ, სამწუხაროდ, შვილი არ გვყავდა, მეუღლეს არ უჩნდებოდა, მაგრამ ისე მიყვარდა, გაშორებაზე არც ვფიქრობდი. კარგ მომენტს ვეძებდით ბავშვის ასაყვანად და სანამ ვიშვილებდით, სოფლიდან ნათესავი ჩამოვიდა, ის შევიფარეთ. კარგი გოგოა, ტექნიკუმის სტუდენტი და თითქოს გვივსებდა უშვილობას. ახლა, აღარც კი ვიცი, რა ვქნა, როგორ მოვიქცე, სად გავიქცე და რა წყალში ჩავვარდე, _ მოსთქვამდა ქმარი. 

შედეგი არც სტუდენტი გოგონას დაკითხვამ გამოიღო. ძაძებით მოსილი გოგო, გარდაცვლილს ბიცოლად მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ ის იყო მისი პატრონი, სწავლაშიც ეხმარებოდა, გზის ფულსაც აძლევდა, არაფერს უჭირვებდა და სახლის საქმეების გაკეთებასაც არ ავალებდა, ყველაფერს თავად აკეთებდა. გოგომ თქვა, რომ დილით სახლში იყო, დაინახა, როგორ დადგა თეთრეული ქვაბით გამოსახარშად ბიცოლამ, შემდეგ კი, თანაკურსელ გოგონებთან ერთად, ჯერ პარკში სასეირნოდ წავიდა, შემდეგ _ კინოთეატრში და როცა დაბრუნდა, ეს საშინელი ამბავი დახვდა. ჰო, ქმარმა და სტუდენტმა ნათესავმა დაადასტურეს, რომ გარდაცვლილს უძილობა აწუხებდა და საღამოობით, დასაძინებელ სითხეს სვამდა, თუმცა რა თქმა უნდა, დოზას მკაცრად აკონტროლებდა და არასდროს არევია. 

სითხე სახლში ნახეს კიდეც, მაგრამ ვეღარ ნახეს ჭიქა, რომლიდანაც გარდაცვლილმა, გარდაცვალებამდე წყალი დალია, არადა, გამომძიებელს ზუსტად ახსოვდა, რომ სახლში პირველი ვიზიტის დროს, მაგიდაზე ჭიქა იდგა. გოგომ მორიდებით თქვა, ჭურჭელი და მათ შორის, ჭიქაც გავრეცხე, რა ვიცოდი, თუ დაგაინტერესებდათო და სამართალდამცავებმაც ვერ გაამტყუნეს. 

მეზობლების დაკითხვა გადაწყდა. ახალი მათაც ვერაფერი თქვეს, ქალს მტერი არ ჰყავდა, უცხო არავინ შეუნიშნავთ, რამდენიმემ დაადასტურა, რომ სტუდენტი გოგონა დილით გავიდა სახლიდან და საღამომდე თვალი აღარ მოუკრავთ. მხოლოდ ერთ მოხუც მეზობელს ეტყობოდა უკმაყოფილება და თავს ნერვიულად იქნევდა. ბატონმა თენგიზმა მისი ცალკე დაკითხვა გადაწყვიტა და ასაკოვანმა ქალბატონმაც გარდაცვლილის ქმარს ქოქოლა მიაყარა. 

_ მესმის, რომ ამ კაცის ნათესავია, მაგრამ როგორ შეიძლება, ასე მოქცევა გასათხოვარ გოგოსთან? ერთ დილით, ეზოში ჩავდიოდი ლოტოს სათამაშოდ, გოგო ნაგვის გადასაყრელად გამოვიდა და ღია კარში დავინახე, რომ ეს ვაჟბატონი, მხოლოდ საცვლების ამარა დასეირნობდა სახლში. ცოტა მორიდება ხომ უნდა გქონდეს, გასათხოვარი გოგო რომ არის ბინაში, შარვალი ხომ უნდა ამოიცვა, თან ის ცხონებულიც არ იყო სახლში, _ ვიშვიშებდა ქალი. 

_ სასწრაფოდ გადაამოწმეთ, რანაირი ნათესავია ეს გოგო ამ კაცის, სად ცხოვრობს, მშობლები სად ჰყავს და ზოგადად, ყველაფერი გადაამოწმეთ, _ გასცა ბრძანება გამომძიებელმა და ორ დღეში, მაგიდაზე დასკვნაც დაუდეს. 

დასკვნის მიხედვით, გოგო მართლაც სოფლიდან იყო, მაგრამ არა იმ სოფლიდან, საიდანაც ეს კაცი იყო წარმოშობით და ნათესაური კავშირიც არ უმტკიცდებოდათ. სამაგიეროდ, გაირკვა, რომ გოგო პრაქტიკაზე იმ საწარმოში დადიოდა, სადაც ინჟინრად, სწორედ სახლის პატრონი მუშაობდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მანამდე, გოგო საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, ორი წლის წინ, საწარმოში პრაქტიკებზე სიარული დაიწყო, ერთი წლის წინ კი, ინჟინერთან გადმოსახლდა. 

სამართალდამცავებმა ორივე მათგანი დააკავეს. თავიდან, დაკითხვაზე ორივე ჯიუტობდა, თუმცა შემდეგ აღიარეს, რომ ერთმანეთის საყვარლები იყვნენ და გარდაცვლილმა ეს იცოდა. 

გამოძიებისთვის მოსმენილი ნამდვილი შოკი იყო ანუ ქალმა იცოდა, რომ ქმარს სახლში საყვარელი ჰყავდა და ამაზე თვალს ხუჭავდა?! 

_ ჩემი ცოლი ექიმი იყო, შესაბამისად, ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ ბავშვი მის გამო არ გვყავდა და არასდროს გვეყოლებოდა. სწორედ მან მირჩია, მომენახა ვინმე, ვისაც ფულს გადავუხდიდით, ჩვენთან იცხოვრებდა, შვილს გააჩენდა და შემდეგ წავიდოდა. შესაფერისი კანდიდატურის მოძებნა არ გამჭირვებია, ისედაც მქონდა ამ გოგოსთან ურთიერთობა და ადვილადაც დავითანხმე. თავიდან არ ორსულდებოდა, თუმცა ჩემი ცოლი ამბობდა, პატარა პრობლემაა, მოვუვლიო. რა თქმა უნდა, არ სურდა, კიდევ სხვა ქალი მომეყვანა სახლში და ახლა იმასთან დამეწყო ექსპერიმენტები. მართლაც, მკურნალობამ შედეგი გამოიღო და გოგო დაორსულდა, მეტი მე მართლა არაფერი ვიცი, _ იფიცებოდა ქმარი. 

სამაგიეროდ, გოგომ აშკარად მეტი იცოდა. მან აღიარა, რომ დიასახლისის მოკვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაორსულდა. მისი აზრით, რეალურად, სწორედ დიასახლისი იყო ზედმეტი და არა ის, მისი შვილი და საყვარელი. ამიტომ, დილით, როცა დაინახა, რომ დიასახლისმა დასაძინებელი წამლის დალევა გადაწყვიტა, წუხანდელი ღამენათევი ვარ, მძიმე მორიგეობა მქონდა და მაინც არ მეძინებაო, გოგონამ, ჩუმად, დამატებითი დოზა ჩაურია. შემდეგ თავად დაადგა გაზზე თეთრეული, თავად გაავსო წყლით ისე, რომ ადუღებისთანავე გადმოსულიყო და გაზქურა ჩაექრო, ფანჯრები საიმედოდ ჩაკეტა და მეგობრებთან ერთად, გასართობად წავიდა. 

ამ სქემამ ძალიან კარგად იმუშავა, მაგრამ გოგონამ ის ვერ გათვალა, რომ ექსპერტიზა ზერელედ არ ჩატარდებოდა და ამ ყველაფერს, უბედური შემთხვევა არ დაერქმეოდა. სასამართლომ გოგოს განზრახ მკვლელობისთვის 15 წელი მიუსაჯა. იმის მიუხედავად, რომ ციხეში დაბადებულ ბავშვზე უფლებას მამა ითხოვდა, ვერ მიიღო და დედის გათავისუფლებამდე, ახალშობილი ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში