Menu
RSS

ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან ვაგონი მოიპარეს!

უპრეცედენტო ქურდობა, რომელმაც სამართალდამცავები დაშოკა

რა შეიძლება მოიპაროს ადამიანმა? ერთი შეხედვით, ყველაფერი, მით უმეტეს ახლა, როცა ყველანაირი ტექნოლოგია არსებობს. ისტორიას ახსოვს ბანკების გაძარცვა, ბოინგის გატაცება, იახტების მოპარვაც კი. შემთხვევა, რომელზეც ახლა გიამობობთ, საქართველოში უპრეცედენტოა, ერთადერთხელ მოხდა და მას საბჭოთა კავშირის დროს, მილიციის უმაღლეს აკადემიაში, როგორც პრეცენდენტს, ისე ასწავლიდნენ.

„თუ მინისტრი თათბირზე გამოცდილ გამომძიებლებს იბარებდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა და არ უნდა გახმაურებულიყო. ჰოდა, ერთ-ერთი ასეთი გამოძახების დროს, ლამის მთელი საქართველოდან რომ დამხვდნენ კოლეგები, მივხვდი, რაღაც სერიოზული მოხდა. არავინ არაფერი იცოდა და ვერსიებზეც არ ვსაუბრობდით, რადგან არცერთ რეგიონში, არც მკვლელობების ჯაჭვი გვქონდა და არც ქურდების ბანდა დათარეშობდა. მოკლედ, ისეთი არაფერი ხდებოდა, რაზეც შეიძლებოდა დავებარებინეთ. გონებაში ათასი ვერსია გავატარე, მაგრამ ის, რაც მოვისმინე, წარმოუდგენლად მეჩვენა. წარმოუდგენლად იმდენად, რამდენადაც ამის მოპარვას ვერ ვიფიქრებდი და რაც მთავარია, ვერასდროს მივხვდებოდი, რაში უნდა გამოეყენებინათ ის ქურდებს“, _ იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

მოკლედ რომ ვთქვათ, ქუთაისში, რკინიგზის სადგურიდან მატარებლის ცარიელი ვაგონი დაიკარგა ანუ იდგა ცარიელი ვაგონი და გაქრა. გადაამოწმეს მთელი ტერიტორია, სხვა სადგურები, გაქრა ვაგონი და წერტილი. არადა, ვერავინ ხვდებოდა, რაში უნდა გამოეყენებინათ ცარიელი ვაგონი, როგორ უნდა დაემალათ, სად უნდა წაეღოთ და ზოგადად, ვაგონი მანქანა არ არის, ასფალტიანი გზით ატარო, ის აუცილებლად ლიანდაგზე უნდა იყოს. რაც მთავარია, მას სჭირდება ელმავალი, რომელზეც ამ ვაგონს მიაბამ, ყველა ელმავალი კი ადგილზე იყო. 

რა თქმა უნდა, გამოცდილი გამომძიებლების მთელი შემადგენლობა შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი დახვდათ _ ნახეს ადგილი, სადაც უჩვეულო ქურდობამდე, ცარიელი ვაგონი იდგა. ჰქონდათ ვაგონის ნომერიც და მეტი არაფერი. ამ ნომრით ვაგონი არ იძებნებოდა არც დასავლეთ და არც აღმოსავლეთ საქართველოში. საბოლოოდ, შემადგენლობების გადათვლა გადაწყდა. ჰოდა, აღმოჩნდა, რომ თბილისში, ერთ-ერთ შემადგენლობას, ერთით მეტი ვაგონი ჰქონდა მიბმული. რაღა თქმა უნდა, მთელი საქართველოს ექსპერტ-კრიმინალისტები, თავის გამომძიებლებთან ერთად, ამ ვაგონის შესწავლას შეუდგნენ. პირველი, რაც ერთხმად დაასკვნეს, ის იყო, რომ ვაგონს ნომერი გადაშლილი ჰქონდა და მის ადგილზე ახალი ნომერი ეწერა. რაც მთავარია, ახალ წარწერას ცოტა მტვერი ჰქონდა მიყრილი, რადგან სიძველის განცდა გაჩენილიყო და მისთვის ყურადღება არავის მიექცია. 

ვაგონის შესწავლა 24 საათზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, დასკვნაც დაიდო _ ვაგონი სპეციალური სითხით, საგულდაგულოდ იყო გაწმენდილი და ერთი ანაბეჭდიც არ მოიძებნა. ასევე, არ მოიძებნა ფეხსაცმლის კვალი, რადგან იატაკზე მსხვილი ნახერხი ეყარა, მსხვილი ნახერხი კი კვალს არ ტოვებს. 

სამართალდამცავები შეთანხმდნენ, რომ ამ ვაგონით რაღაც გადაიტანეს, ან ვიღაც გადაიყვანეს და თან ისე, რომ მილიციამ ვერაფერი გაიგო. პრინციპში, ვერც გაიგებდა, რადგან ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდა. 

წამოსწიეს მთელი აგენტურული ქსელი, მაგრამ აგენტებს ვაგონის მოპარვა ხუმრობა ეგონათ და რეალურად, ვერავინ ვერაფერს ამბობდა. მომხდარის შესახებ მოსკოვშიც გაიგეს და კატეგორიულად მოითხოვეს, რომ საქმე ორი კვირის განმავლობაში გახსნილიყო. 

„ლოგიკას მივყევით და ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა წაეღოთ ვაგონით, ან ვინ შეიძლებოდა გადაეყვანათ. თუ რომელიმე საკავშირო მასშტაბით ძებნილი პირი იყო, მისი გადაყვანა ჩვეულებრივი სამგზავრო ვაგონითაც შეიძლებოდა _ არ იყო ისეთი მკაცრი კონტროლი, კაცი ვერ გაგეპარებინა და ვაგონის მოპარვა დიდი რისკი იქნებოდა. გამოდიოდა, რომ გადაიტანეს რაღაც, მაგრამ რა?! არაფერი იყო ისეთი დაკარგული, რასაც ვაგონი დასჭირდებოდა, თანაც ის ტვირთი, რაც წაიღეს, ვაგონიდან უნდა გადმოეყარათ, თორემ ნებისმიერ სადგურზე, მხოლოდ ერთი ვაგონის დაცლა ყურადღებას მიიქცევდა და შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. 

განვიხილეთ ის ვარიანტიც, რომ კრიმინალური სამყარო, უბრალოდ, გვეხუმრა, მაგრამ ეს აზრი მას შემდეგ უარვყავით, რაც გავიხსენეთ, რომ ვაგონში ნახერხი ეყარა და ყველა ანაბეჭდი საგულდაგულოდ იყო წაშლილი. ამას არ გარისკავდნენ და არ გააკეთებდნენ, უბრალოდ, ჩააბამდნენ ვაგონს და ეგ იქნებოდა“, _ იხსენებს ყოფილი პოლკოვნიკი. 

დაახლოებით, ათი დღის შემდეგ, განგაში ატყდა _ დაკარგული იყო ევროპიდან შემოტანილი ფაიფური, რომელიც თანამდებობის პირებისთვის იყო განკუთვნილი და ნაწილი აზერბაიჯანში, ნაწილი კი სომხეთში უნდა წასულიყო. ფაიფურის საერთო ღირებულება ნახევარ მილიონ მანეთს აჭარბებდა, რაც უდიდესი თანხა გახლდათ, რაც მთავარია, შავ ბაზარზე მისი გაყიდვა მარტივად შეიძლებოდა. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფაიფური დედაქალაქში, სწორედ აღნიშნული ვაგონით ჩამოიტანეს, თუმცა ძნელი მისახვედრი იყო, ისე როგორ დაცალეს, რომ ვერავინ დაინახა. ფაიფურს გაქანებული მატარებლიდან ვერ გადაყრიდნენ, რადგან დაიმტვრეოდა. 

მინისტრის ბრძანებით, ყველა, ვინც შავ ბაზარზე ვაჭრობდა, უმკაცრესად გააფრთხილეს, რომ ფაიფურის გამოჩენის შემთხვევაში, მილიციაში დაერეკა. მოსკოვის მიერ მოცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, სამართალდამცავებმა მხოლოდ ის იცოდნენ და ისიც ვარაუდით, რომ მოპარული ვაგონით ფაიფური წაიღეს. მატარებელი თბილისამდე რამდენიმე ადგილზე გაჩერდა, მაგრამ ყველა ამტკიცებდა, არაფერი ჩამოუცლიათო, თანაც ვაგონის დროულად დაცლას, მინიმუმ, ხუთი კაცი სჭირდებოდა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. 

სამართალდამცავებმა ყველა სადგურის სქემა მოითხოვეს და დეტალურად გაიარეს ის ობიექტები, სადაც შესაძლებელი იყო მოპარული ფაიფური დაემალათ. ერთ-ერთი ასეთი ობიექტი თბილისში, ვაგზლის მოედანზე არსებული საცავი იყო, რომელსაც არავინ იყენებდა და კარგა ხნის დავიწყებული გახლდათ. 

სამართალდამცავები საცავს მიადგნენ, მაგრამ იმდენად ჩაჟანგებული ბოქლომი ედო, მიხვდნენ, წლების განმავლობაში არავის გაეხსნა. კარის წინ, ბალახი ბიბინებდა და ერთი ღერიც არ გახლდათ გათელილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ საცავი ცარიელი იყო. ჰოდა, სწორედ მაშინ, როცა მილიცია უკან გამობრუნებას აპირებდა, რკინიგზის ერთ-ერთმა ასაკიანმა თანამშრომელმა თქვა, ამ საცავს მეორე მხრიდანაც აქვს შესასვლელი, პირდაპირ ლიანდაგების გვერდით ხუფია, რომელსაც ასწევ და კიბით დაეშვები, შემდეგ კი აქ ამოხვალო. მაშინვე ხუფის მოსაძებნად წავიდნენ და სამართალდამცავებმა სიხარულით ლამის შეჰყვირეს, როცა ლუქზე ახალი ბოქლომი დაინახეს. 

სამართალდამცავებმა ფაიფური იპოვეს, რაოდენობას არაფერი აკლდა, მაგრამ ახლა საჭირო იყო შემსრულებლის მოძებნა. 

ოფიციალური ვერსიით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის, ექვსი კაცი გაასამართლეს, მაგრამ სამართალდამცავებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ისინი დამნაშავეები არ იყვნენ და რეალურ ქურდებს ვერ მიაგნეს. ამიტომ, ამ ამბის გახმაურება ორმაგად არ აწყობდათ _ პირველი, როგორც კრიმინალთათვის სტიმულის მიცემა და მეორე, როგორც სხვა დანაშაულში ბრალდებულთათვის, ამ საქმის შეკერვა-შეტენვა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში