Menu
RSS

რატომ გაართულა კორონავირუსმა აგენტურული მუშაობა

„დანდობა აღარ არის!“ _ უკრაინელმა სამართალდამცავებმა „ხმელოს“ ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგი, მძიმე დანაშაული გახსნა და ერთბაშად, 13 პირი დააკავა. მართალია, ტელევიზიების ნაწილმა გამოაცხადა, რომ დაკავებულთა შორის, „კანონიერი ქურდები“ არიან, მაგრამ ეს რეალობას არ შეესაბამება. სამართალდამცავებმა დაუსწრებლად ბრალი საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ _ გ.ღ-ს (გია ღოღელიანს) წაუყენეს და... 

ჩვენი ინფორმაციით, ღოღელიანი ამ საქმეში შემთხვევითაა მოხვედრილი. როგორც გვიყვებიან, მას დაურეკეს, საქმის კურსში ჩააყენეს, ბოლოს კი ისე გამოვიდა, რომ ყველაფრის აზრზე იყო და ერთგვარ ორგანიზატორადაც დასახელდა, რაც ჩვენი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება. 

 

„საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები მაქსიმალურად ერიდებიან სატელეფონო საუბრებს და არ პასუხობენ ზარებს, რომლებიც საქართველოდანაა. ისინი მხოლოდ ოჯახის წევრებს ეკონტაქტებიან, ისიც მოკითხვის დონეზე, მაგრამ არიან „იდეინი“ ტიპები, რომლებსაც „კანონიერი ქურდის“ სტატუსი სურთ და ამიტომ, ცდილობენ ევროპაში მყოფებს დაუკავშირდნენ, რათა აქ მერე გასაქანი და სათქმელი ჰქონდეთ, აი, ამა თუ იმ ქურდს ვიცნობთ და ვეკონტაქტებითო. 

ამას წინათ იყო შემთხვევა, როცა საქართველოდან დარეკეს და ერთ-ერთ ავტორიტეტს უთხრეს, ვალი მაქვს, მაგრამ თუ მაპატიებს, 20%-ს „ობშჩიაკს“ შემოვწირავო ანუ უნდოდა ვალი, ვთქვათ, ათი ათასი არ გადაეხადა და „ობშჩიაკში“ 2 ათასი ჩაერიცხა. სანაცვლოდ კი ის ვალის გამცემი, ევროპიდან ქურდებს უნდა „ეკაჩავებინათ“. ჰოდა, ვინც დარეკა, იმას მაგრად აგინეს და დარეკვა აუკრძალეს. 

მოკლედ, ყველა მაქსიმალურად ფრთხილობს და ეს შემთხვევაც, სადაც ღოღელიანის გვარმა გაიჟღერა, თითიდან გამოწოვილია, რეალურად, ის არაფერ შუაშია“, _ გვეუბნება ევროპაში მცხოვრები ქართველი. 

სხვათა შორის, საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები „კანონირი ქურდების“ მოსმენები მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპის, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის ატაშეები მიავლინა. ყველაფერთან ერთად, დაკავებულ ქართველებს თარჯიმნობასაც, სწორედ ისინი უწევენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედმიწევნით თარგმნიან იმას, რაც ტელეფონებით ისმინება და რასაც დაკითხვაზე ამბობენ. მანამდე, თარჯიმნობას ემიგრაციაში მყოფი ქართველები (ძირითადად ქალები) კისრულობდნენ და არცთუ იშვიათად, მაქსიმალურად ცდილობდნენ, დაკავებულები „გამოეძვრინათ“, ან ისე ეთარგმნათ, რომ მათთვის დანაშაული შეემსუბუქებინათ. 

„ახლა დანდობა აღარ არის, საკმარისია, ტელეფონში რამე წამოგცდეს და ნახევარ საათში, პოლიცია კარზე გიკაკუნებს. სამართალდამცავებისთვის ეს კარგია, ჩვენთვის კი _ კატასტროფული და ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ, ერთმანეთს აქაც კი არ ვეკონტაქტოთ, არათუ საქართველოში დავრეკოთ და საქმეები ასე ვარჩიოთ“, _ გვეუბნება ევროპაში მცხოვრები ქართველი. 

სწორედ ამიტომ, იქ მყოფი კრიმინალები მაქსიმალურად ცდილობენ, სხვის სახელზე აღებული სიმ-ბარათები ჰქონდეთ, თუმცა უკვე ესეც პრობლემური ხდება. თუ აქამდე სიმ-ბარათს მეგობრულად ჩუქნიდნენ ქართველებს ევროპელები, მას შემდეგ, რაც რამდენიმე სერიოზულად დაჯარიმდა, თავს იკავებენ. 

თავში ვახსენეთ, რომ შსს-ს მიერ დაკავებულ 13 პირს შორის, „კანონიერი ქურდი“ ერთიც არაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან, კრიმინალური ავტორიტეტები არალეგალური გზებითა და გადასასვლელი ბილიკებით არ შემოდიან. მაგალითისთვის, წალენჯიხაში, ორი კვირის წინ ჩატარებული სპეცოპერაციაც კმარა, როცა რევაზ უბილავა, იგივე „რეზო ჯვარსკი“ დააკავეს და ბრალად, სწორედ „კანონიერი ქურდობა“ წაუყენეს. 

როგორც გვეუბნებიან, ამ მიმართულებით, ძალოვანები კვლავ აქტიურად მუშაობენ და ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა, რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტი საქართველოში, შიდა ქართლიდან, კახეთიდან და აფხაზეთიდან იყოს გადმოსული. 

უფრო მეტსაც გეტყვით, სამართალდამცავებს კონკრეტული ინფორმაციებიც აქვთ და კონკრეტული პირების სამძებრო ღონისძიებებს ეწევიან, თუმცა ჯერჯერობით, უშედეგოდ. 

სამძებრო ღონისძიებების მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი, კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციებია. მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში კი არა, მსოფლიოში არავის უკვირს პირბადიანი ადამიანის დანახვა, ხოლო პირბადეში ვინმეს ცნობა, ძალიან ძნელია. შესაბამისად, აგენტურული ქსელი ეფექტურად ვეღარ მუშაობს და სამართალდამცავებსაც საქმე აშკარად გაურთულდათ. 

* * * 

გასულ კვირას, ხმაურიანი სპეცოპერაციის ჩატარებას გეგმავდნენ უკრაინელი სამართალდამცავები. ისინი კიევში, ერთ-ერთ ფეშენებელურ სახლში შეიჭრნენ და ჩხრეკა ჩაატარეს, თუმცა ვერაფერი იპოვეს. როგორც შემდეგ გაირკვა, აღნიშნულ სახლში, საქართველოში (და არამარტო) კარგად ცნობილი გიორგი ხმელიძე, იგივე „ხმელო“ ცხოვრობს. სამართალდამცავებმა მის სახლში კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინეს, თავად ხმელიძემ კი, რომელიც ძირითადად, პრაღაში ცხოვრობს, განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქს ჯანმრთელობის პრობლემების გამო ეწვია და გულზე ოპერაციის გაკეთებას აპირებს. 

სხვათა შორის, სამართალდამცავებმა ეს ინფორმაციაც გადაამოწმეს და დაადასტურეს, რომ დიდი ალბათობით, ის უახლოეს დღეებში, გულზე სტენტირებას გაიკეთებს. იმის მიუხედავად, რომ ხმელიძეს სახლში ვერაფერი აღმოუჩინეს და რეალურად, სამართალდამცავებს მასთან პრეტენზიები არ უნდა ჰქონოდათ, მაინც მოსთხოვეს. 

მოგეხსენებათ, საქართველოს და რუსეთის შემდეგ, უკრაინა გახდა მესამე ქვეყანა, სადაც „კანონიერი ქურდებისა“ და კრიმინალური ავტორიტეტების დევნა კანონის დონეზე მიმდინარეობს და თავისი რუსი კოლეგის თქმის არ იყოს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც იმუქრება, წლის ბოლომდე, ჩვენს ქვეყანაში ერთი „კანონიერი ქურდიც“ აღარ იქნებაო. 

* * * 

სიტყვაზე გვენდეთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები, ერთმანეთს აუცილებლად დაადანაშაულებენ „კანონიერი ქურდების“ საარჩევნოდ მობილიზებასა და გამოყენებაში. სიმართლე რომ ითქვას, არც უმაგისობაა, ძველი ნაცნობობისა, თუ კავშირების წყალობით, კრიმინალური სამყაროს „მამებისთვის“ არაერთხელ უთხოვიათ პოლიტიკოსებს დახმარება კონკრეტულ უბნებზე და მიუღიათ კიდეც. 

ნაციონალების დროს, ამას უფრო ულტიმატუმის ფორმა ჰქონდა. მართალია, ახლა ტონი შერბილებულია, მაგრამ ფაქტია, რომ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებსა და „კანონიერ ქურდებს“, დიდწილად, არც ამჟამინდელი ხელისუფლება სწყალობს. ამიტომ, არჩევნებისთვის ამ თემის გააქტიურება არ გაგიკვირდეთ. 

* * * 

ისიც ვთქვათ, რომ კომენდანტის საათის გაუქმება საქართველოში, ყველაზე მეტად სამართალდამცავებს არ მოეწონათ. ისინი არ მალავენ, რომ კომენდანტის საათმა მათ სამუშაო შეუმსუბუქა და ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ახლა კი, ჯერჯერობით წვრილ-წვრილმა დანაშაულმა იმატა და იმედია, საქმე ამაზე შორს არ წავა. 

ზოგადად, კრიმინოგენული სტატისტიკით, ბოლო ორი თვე ძალიან კარგი იყო და დანაშაულთა რიცხვი მინიმუმდე შემცირდა. 

ცნობისათვის: კომენდანტის საათის გაუქმება არც მოსახლეობის ერთ ნაწილს მოეწონა. საქმე ისაა, რომ ღამით, არსებული აკრძალვების გამო, მოზარდები ქუჩის ნაცვლად, სახლებში იყვნენ და მანქანების ხმაურიც არავის აწუხებდა. შესაბამისად, ძილიც უფრო მშვიდი იყო და ზოგადად, სიტუაციაც _ წყნარი.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში