Menu
RSS

მოკრივემ მეზობელი მოკლა

რა გახდა მკვლელობის მიზეზი და რა ინფორმაცია მიაწოდეს თვითმხილველებმა გამოიძიებას

გამოძიებაში ექსპერტ-კრიმინალისტი ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. თუ პროფესიონალი ექსპერტი არ ათვალიერებს შემთხვევის ადგილს, შესაძლოა, ისეთი დეტალი გაიპაროს, რომ საქმე ვერ გაიხსნას. ამიტომ, გამომძიებლები მაქსიმალურად ცდილობენ, გამოცდილი ექსპერტები წაიყვანონ შემთხვევის ადგილზე, თუმცა თავად ექსპერტებსაც ისეთი გამომძიებლები სურთ, რომლებსაც ერთ სიტყვაში ესმით, რას ფიქრობს და გულისხმობს ექსპერტი და ყველა დეტალის დაღეჭვა არ არის საჭირო. არცთუ იშვიათად ყოფილა შემთხვევა, როცა გამომძიებლის თვალს რაღაც გამოპარვია და დეტალებზე, სწორედ ექსპერტს გაუკეთებია მინიშნება, რის შემდეგაც საქმე გახსნილა.

„მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა და შესაბამისად, მსუბუქ საქმეებს მაძლევდნენ. ამიტომ, არ გამკვირვებია, როცა მითხრეს, რომ ერთ-ერთი კორპუსიდან, მთვრალი კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. 

შემთხვევის ადგილზე წავედი და არ მესიამოვნა, როცა დავინახე, რომ გვამს გამოცდილი ექსპერტი ათვალიერებდა. ძველებს ემახსოვრებათ ალექსანდროვიჩი, კაცი ლეგენდა, რომელიც ნებისმიერ დეტალს უდიდეს ყურადღებას აქცევდა. მე კიდევ იმიტომ არ მესიამოვნა, რომ ახალბედებს დიდად არ სწყალობდა, არ მოსწონდა, როცა ნებისმიერ დეტალზე ვუსვამდით კითხვებს. ჩემი შიში გამართლდა _ ალექსანდროვიჩმა ამრეზით ამომხედა და ჩაიბურტყუნა, ისევ ბავშვები გამომიგზავნესო“, _ იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

ერთი შეხედვით, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი სუიციდის შემთხვევა იყო. ბინაში, მაგიდაზე, არყის ცარიელი ბოთლი იდო, გვამიც არყის სუნად ყარდა და მეზობელი კორპუსის მაცხოვრებელიც ამბობდა, დავინახე, ფანჯრის რაფაზე რომ იჯდაო. კორპუსის ეზოში კაცის ჭაჭანება არ იყო, ქალები კი მრავლად იყვნენ. იმ საღამოს ფეხბურთი გადიოდა ტელევიზიით და კაცებიც, სწორედ ტელევიზორს უყურებდნენ, ქალები კი ეზოში ისხდნენ და მორჩლად ელოდნენ, როდის დასრულდებოდა კაცების ღრიანცელი. 

„მოულოდნელად, ალექსანდროვიჩი იმ ქალებს მიუბრუნდა, რომელთა წინაც მოადინა გარდაცვლილმა ზღართანი და ჰკითხა, სანამ ჩვენ მოვედით, გვამს ვინმე ხომ არ შეხებია, ხომ არ გადაუბრუნებია, ან თავად მამაკაცს რაიმე მოძრაობა ხომ არ გაუკეთებიაო? ქალებმა უარყვეს, ტომარასავით დაეცა, ტვინი გაასხა და არავინ მიკარებია, მაშინვე მილიციასა და სასწრაფოში დავრეკეთო. 

აი, ის კაცი, რომელიც მოპირდაპირე კორპუსში ცხოვრობდა, ყვებოდა, რომ დაინახა, ტაიმებს შორის, ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი კაცი როგორ ეწეოდა სიგარეტს და როგორ წრუპავდა ჭიქიდან სითხეს, სავარაუდოდ, არაყს. მან ისიც გაიხსენა, რომ ფანჯარაში სხვა მამაკაცის სილუეტიც იყო, მაგრამ შემდეგ მისთვის თვალი აღარ მოუკრავს და უბნის რწმუნებულმაც დაადასტურა, ბინის კარი დაკეტილი იყო და რომ გავაღეთ, შიგნით არავინ დაგვხვედრიაო. 

მხოლოდ ალექსანდროვიჩი აქნევდა თავს და თავისთვის რაღაცას ბურტყუნებდა“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

გვამის გაკვეთისა და შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნა მზად მეორე დღეს იყო. ექსპერტი გამარჯვებული სახით შევიდა ბატონი თენგიზის ოთახში და მაგიდაზე კბილის ნატეხი დაუდო _ ახლა დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მკვლელობაა და არა _ თვითმკვლელობაო. 

„თვალები დავაჭყიტე, რადგან მკვლელობის მიზეზი, ან ნივთმტკიცება ვერ ვნახე. ბინაში, დაახლოებით, 500 მანეთი ხელუხლებლად იდო და თან ისეთ ადგილზე, გამოუცდელი ქურდიც იპოვიდა, არაფერი იყო წაღებული. რაც მთავარია, ქალებმა დაინახეს, როგორ გადმოვარდა კაცი ფანჯრიდან და საეჭვოც არავინ შეუნიშნავთ. ალექსანდროვიჩმა კი მშვიდად დაიწყო მოყოლა, როცა მივედით, გვამი ზურგზე დაგვხვდა ანუ ასფალტზე კეფა ედო. გამოდის, სახე არ დაურტყამს და შესაბამისად, კბილს ვერ გაიტეხდა. ქალებმა თქვეს, რომ კაცი ჩამოვარდნის შემდეგ არ განძრეულა და არც არავინ მიკარებია. აქედან დასკვნა, მას კბილი მანამდე მოსტყდა და რაც მთავარია, ის ექსპერტმა საყლაპავში იპოვა ანუ გადმოვარდნამდე, რამდენიმე წამით ადრე, კაცს კბილები ჩაუმტვრიეს და ტუჩიც გაუხეთქეს. ჰაერში ხომ არ ჩაემტვრეოდა კბილი და, მით უმეტეს, საყლაპავ მილში ხომ არ გადაუვიდოდა?! ექსპერტმა მირჩია, ბინა კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო გულდასმით დაათვალიერე და იმაზე იფიქრე, რომ მკვლელი იმავე კორპუსში ცხოვრობს, რადგან უცხო არავინ უნახავთ, არც შესული, არც გამოსული და ამიტომ, იქაურია ვიღაცო“, _ გვიყვება ბატონი თენგიზი. 

ბინის ხელმეორედ დათვალიერების შემდეგ, ოპერატიულმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ კარადის სახურავზე, რომელიც მთლიანად მტვრით იყო დაფარული, ერთ ადგილზე ოთკუთხედი კვალი შეინიშნებოდა ანუ იქ რაღაც იდო, მტვერი არ დაედო და ის რაღაც გაქრა. 

გარდაცვლილს ცოლ-შვილი არ ჰყავდა და შესაბამისად, მეგობრები დაკითხეს. კარის მეზობელმა გაიხსენა, რომ იმ ადგილზე ძველებური საათი იდო, რომელსაც ბინის მეპატრონე განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა. საათს რაღაც წარწერაც ჰქონდა, მოოქროვილი იყო და ჩარჩოს ნაცვლად, ნამდვილ მარმარილოში იყო ჩასმული. მეზობელთან მხატვარი მიიყვანეს და მანაც, შეძლებისდაგვარად, დაახატვინა საათი, რომელიც შემდეგ, ანტიკვარიატის ექსპერტს აჩვენეს. ანტიკვარიატის ექსპერტმა კი თავი გადააქნია და განაცხადა, ეს თუ ის საათია, რომელსაც სამამულო ომის გმირებს 70-ინებში ჩუქნიდნენ, მაშინ მისი ფასი, სულ მცირე, 5 ათასი მანეთი იქნებაო. 

5 ათასი მანეთი მაშინ ავტომობილი ღირდა და ამის გამო, კაცის მოკვლა გამორიცხული არ იყო. 

ვის შეიძლებოდა სცოდნოდა საათის რეალური ფასი? _ სამეგობრო წრის შესწავლა ძალიან დიდ დროს წაიღებდა, რადგან უცოლშვილო კაცის ამბავი ხომ იცით, ათასი მეგობარი მოდის, მიდის, ყველა კი არც მეზობლებს ახსოვდათ და არც უახლოეს მეგობრებს. სამართალდამცავებმა ანტიკვარიატით მოვაჭრეები სასტიკად გააფრთხილეს, აღნიშნულ საათს თუ ვინმე მოიტანს, შეგვატყობინეთ, მაგის გამო, კაცია მკვდარიო, თუმცა ისე ჩანდა, მკვლელი ნადავლის მოშორებას არ ჩქარობდა. 

შეისწავლეს ყველა, ვინც იმ სადარბაზოში ცხოვრობდა, მაგრამ საეჭვო არავინ იყო და რაც მთავარია, ყველას ალიბი ჰქონდა _ კაცები ჯგუფ-ჯგუფად უყურებდნენ ფეხბურთს და შესაბამისად, ერთმანეთს უმოწმებდნენ, რომ მეზობლის გადმოვარდნის მომენტში, კონკრეტულ ბინაში, ტელევიზორის წინ ისხდნენ. სამართალდამცავებს იმედი გადაეწურათ და ამ დროს, მილიციაში გარდაცვლილის მეგობარი გამოცხადდა. 

„ფეხბურთს მეც მასთან ერთად ვუყურებდი, მაგრამ პირველი ტაიმი რომ მთავრდებოდა, ტელევიზორს ნათურა დაეწვა, ამიტომ სხვასთან წავედი საყურებლად. მეგობარი არ გამომყვა და მერე გავიგე, რაც მოხდა. ახლა კი იმიტომ მოვედი, რომ ზუსტად მახსოვს, სადარბაზოდან რომ გამოვდიოდი, ეზო ქალებით იყო სავსე, დამინახავდნენ, თქვენ მომაკითხავდით და ჩემით გეახელით“, _ ასეთი იყო გარდაცვლილი კაცის მეგობრის ჩვენება, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოპირდაპირე კორპუსიდან, კაცმა ფანჯარაში, სწორედ მისი სილუეტი დაინახა. სხვათა შორის, ეზოში მყოფმა ქალებმა ვერ გაიხსენეს სადარბაზოდან ბიჭის გამოსვლა, ან ყურადღება არ მიაქციეს, რადგან ის წინა კორპუსში ცხოვრობდა და ახლოს იცნობდნენ. 

გამოძიება ისევ ჩიხში შევიდა, როცა სამართალდამცავებთან ორი ქალბატონი გამოცხადდა და თითქოს უმნიშვნელო რამ თქვეს: 

_ თუ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, მაშინ იმ დღეს, სანამ ფეხბურთი დასრულდებოდა, სადარბაზოდან, ჩვენს მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები კიდევ ერთი კაცი გამოვიდა, ოღონდ მას შემდეგ, რაც ჩვენი მეზობელი ფანჯრიდან გადმოვარდა. მაშინ ამას ყურადღება არ მივაქციეთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ასეთი მცირე დეტალებიც კი გვკითხეთ, გავიხსენეთ და ზუსტად ასე იყო... 

ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ ქალებმა ზუსტად ის პიროვნება დაასახელეს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო და ყვებოდა, როგორ დაინახა გარდაცვლილი ფანჯრის რაფაზე, როგორ დაინახა სხვა მამაკაცის სილუეტი... ბატონი თენგიზი მთავარ მოწმესთან სახლში წავიდა. 

„პირდაპირ დაკითხვა და ჩხრეკის ჩატარება არ შეიძლებოდა, რადგან ხელჩასაჭიდი არაფერი მქონდა. რამე რომ ვერ მეპოვა, განწირული ვიყავი, ამიტომ უნდა გამომეჭირა. საფეხბურთო მატჩი ფრედ დასრულდა, ეს ზუსტად ვიცოდი, შესაბამისად, როცა ავედი, საქმის გარშემო უმნიშვნელო კითხვების შემდეგ, ერთი ლაზათიანად შევიკურთხე და ის მატჩი გავიხსენე, როგორ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ბედიც ხომ გინდა, ტაიმის ბოლოს, ზედიზედ ორჯერ ძელს რომ გაარტყამ ბურთს, რა ჰქვია ამას-მეთქი?! თავის ქნევით დამეთანხმა, აბა, ეგ როგორ დაგვემართაო და სახე შეეცვალა. 

სავარაუდოდ, შემატყო, რომ სატყუარა ჩავუგდე და წამოეგო. რა თქმა უნდა, არავითარი ორი ძელი არ იყო, მე მოვიგონე, მას კი ის უნდა აეხსნა, მკვლელობის მომენტში, რატომ არ იყო ტელევიზორთან მიჯაჭვული და რატომ არ უყურებდა ფეხბურთს?! ჰოდა, ბინის ჩხრეკის ორდერის მოპოვებაც აღარ გამჭირვებია“, _ ღიმილით ყვება ბატონი თენგიზი. 

ყველაფერი მალე გაირკვა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელიც კრივში სპორტის ოსტატობის კანდიდატი ყოფილა, დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდა იმ საათს, რადგან ზუსტად იცოდა, სად და როგორ უნდა გაეყიდა. მერე მიხვდა, რომ საფეხბურთ მატჩების დროს, ეზო, პრაქტიკულად, ცარიელი იყო და როცა მომენტი ჩაუვარდა, გარდაცვლილს თავზე დაადგა, ერთი ისეთი დაარტყა, რომ გათიშა, შემდეგ კი ფანჯრიდან გადააგდო. მერე, ჩოჩქოლის დროს, მშვიდად გაერია ხალხში და მოწმედაც კი დადგა. 

საათი სამართალდამცავებმა გვერდით, მშენებარე კორპუსის სარდაფში იპოვეს. სამალავი დაკავებულმა მიასწავლა და ამით სასჯელს ერთი წელი ჩამოაკლო _ სასამართლომ 15-ის ნაცვლად, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და... როგორც ბატონი თენგიზი გვეუბნება, 14 წელი სრულად მოიხადა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში