Menu
RSS

რატომ აღარ აწყობენ „სხადნიაკებს“ „კანონიერი ქურდები“ და რა კავშირი აქვს „რეზო ჯვარსკის“ სიგარეტის კონტრაბანდასთან

კრიმინალური ცნობები რუსებისგან ოკუპირებული აფხაზეთიდან

ადრეც არაერთხელ დავწერეთ, რომ რუსეთისგან ოკუპირებული აფხაზეთი კვლავ უკონტროლო ზონად რჩება. გარდა იმისა, რომ აფხაზეთში, კრიმინალს რენესანსის ხანა უდგას, ოკუპირებულ ტერიტორიას თავს არაერთი ძებნილი აფარებს. ისიც გემახსოვრებათ, რამდენიმე თვის წინ, რესტორან „სან რემოში“, ორი ე.წ. კანონიერი ქურდი რომ ჩაცხრილეს და საქმე ჯერჯერობით გამოუძიებელია. მართალია, სამართალდამცავები რომელიღაც ვეტერანს ეძებენ და ამბობენ, მკვლელობა მან ჩაიდინაო, მაგრამ თვითმხილველთა მტკიცებით, ავტომატური იარაღიდან მაშინ, დაახლოებით, შვიდი კაცი ისროდა. ძებნა კი მხოლოდ ერთზეა გამცხადებული, თან შემსრულებლის და არა _ დამკვეთის ბრალდებით.

მოკლედ, აფხაზეთში, კრიმინალებს შორის ძალაუფლების გადანაწილება ისევ გრძელდება. მსოფლიოს კორონაკრიზისის ფონზე, უკონტროლო ტერიტორიები კრიმინალებისთვის ნამდვილი სამოთხეა და ვინც საზღვრების ჩაკეტვამდე აფხაზეთში, ან სამაჩაბლოში შესვლა მოასწრო, თავი სამშვიდობოს დაიგულა. არც ერთგან და არც მეორეგან სამართალდამცავები არ შეაწუხებენ ანუ იქ ახლა, დაახლოებით, ისეა, ჩვენთან 90-იანებში რომ იყო _ ქურდობა „კარგ ტონად“ ითვლებოდა და გავლენიან კრიმინალებს ესკორტით მინისტრები აცილებდნენ ხოლმე. 

 

* * * 

გასულ კვირას, ქართველმა სამართალდამცავებმა ყველაზე ახალგაზრდა ე.წ. კანონიერი ქურდი, რევაზ უბილავა დააკავეს. მისი დაკავება სოფელ ჯვარში მოხდა, საიდანაც გახლავთ უბილავა და მას კრიმინალურ სამყაროში, „რეზო ჯვარსკის“ მეტსახელით იცნობენ. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, უბილავა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სწორედ ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვიდა, სხვაგვარად, ის ჩვენთან ვერ მოხვდებოდა, რადგან მისი და სხვა ე.წ. კანონიერი ქურდების დაკავების ბრძანება გაცემულია, ამიტომ ნებისმიერი მათგანი სამართალდამცავების ხელში აღმოჩნდება, თუ საქართველოს ე.წ. საზღვარს ოფიციალურად გადმოკვეთს. 

როგორც ჩანს, რეზოს იმედი ჰქონდა, რომ თანასოფლელები არ „ჩაუშვებდნენ“, თანაც „დარჩი სახლში“ აქციის ფარგლებში, ისედაც ცოტა ადამიანი მოძრაობდა. იმასაც გვეუბნებიან, რომ უბილავა, სხვა მოქალაქეების დარად, პირბადით გადაადგილდებოდა და შესაბამისად, მისი ცნობა ყველას გაუჭირდებოდა, თუმცა ვიღაცამ მისი აქ ყოფნის შესახებ დაზუსტებით იცოდა და სამართალდამცავებს აცნობა. 

ზოგადად, რაც უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს მოსახლეობა სამართალდამცავ სტრუქტურებთან, მით მეტად გაჩნდება ურთიერთნდობაც და მით ნაკლები კრიმინალი იქნება. სხვათა შორის, კომენდანტის საათი, რომელსაც 22 მაისიდან აუქმებენ, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, რის გამოც დანაშაულის რიცხვი საქართველოში, მინიმუმამდე დავიდა და ყველაზე ნაკლებად კომენდანტის საათის გაუქმება, სწორედ პოლიციელებს სურთ. 

რაც შეეხება აფხაზეთში არსებულ ვითარებას, საერთო კრიზისის ფონზე, ყველას გაუჭირდა და შესაბამისად, მოთხოვნა იაფ პროდუქციაზე გაიზარდა. საუბარია უაქციზო სიგარეტზე, რომელსაც კლიენტი არც მანამდე აკლდა და აქციზურთან შედარებით, ნახევარ ფასში იყიდებოდა. ჰოდა, ჩაკეტილი საზღვრების პირობებში, უაქციზო სიგარეტის გადმოტანა აქამდეც რთული იყო, მას შემდეგ, რაც კომენდანტის საათი დაწესდა, უფრო გართულდა. თუ აქამდე კონტრაბანდისტები ღამის იმედად იყვნენ, ახლა ღამით გადმოსვლა ორმაგად სარისკო გახდა, რადგან ნებისმიერი, ვინც ცხრა საათის შემდეგ გარეთ გადაადგილდებოდა, ავტომატურად ხდებოდა სამართალდამცავთა სამიზნე, ამიტომ გასხლტომის შანსი მინიმუმამდე დავიდა. 

ჩვენი ინფორმაციით, კონტრაბანდული საქონელი (და არამარტო სიგარეტი) აფხაზეთიდან დღისით შემოჰქონდათ და რეალიზაციაც დღისით ხდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია, დღეში ათი ათასზე მეტ კოლოფზე, რაც ციფრებში, დღიურად, დაახლოებით, 30 ათას ლარს ურტყამს, „ქურდული კრიშის“ გარეშე, ეს ამბავი არ და ვერ მოხდებოდა. იყო თუ არა ამ სქემაში ჩართული უბილავა და აკონტროლებდა თუ არა უაქციზო სიგარეტისა და შესაბამისად, ყოველთვიურად, ლამის მილიონიან ბრუნვას, სამართალდამცავები გაარკვევენ, მანამდე კი... 

„ევროპაში მყოფ გავლენიან კრიმინალებს, ახლა, სწორედ აფხაზეთიდან, სამაჩაბლოსა და უკრაინიდან ინახავენ. საქმე ისაა, რომ არსებული სიტუაციის გამო, ვერავინ ვერაფერს აკეთებს, ყველა სახლში ზის და „ობშჩიაკიც“ ვერ ივსება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოძრაობა კი ძალიან მარტივია და შესაბამისად, „ობშჩიაკის“ რა გითხრათ, მაგრამ ევროპაში საარსებო ფული, სწორედ იქიდან მიდის. მართალია, ცივილიზებული ევროპა ოკუპირებულ ტერიტორიებს არ აღიარებს, მაგრამ საბანკო გადარიცხვები და გზავნილები ჩვეულებრივად მოქმედებს და რუსული ბანკების სახელით მომუშავე ფილიალები, ყველაფერს მარტივად ახორციელებენ. 

პოსტკრიზისული პერიოდის შემდეგ, სამართალდამცავებს აუცილებლად დაუდგებათ მძიმე დღეები. ხუმრობა ხომ არ არის, ლამის სამი თვის განმავლობაში, ის ადამიანები, რომლებიც თითქმის ყოველ დღე, კრიმინალით იყვნენ დაკავებულნი, სახლებში გამოკეტეს. ერთი მხრივ, მათ მიეცათ დაფიქრების საშუალება და რაღაცების უკეთ გაკეთებაც დაგეგმეს, ხოლო მეორე მხრივ, ისინი ზღვარზე არიან და შესაბამისად, აუცილებლად იჩქარებენ საარსებო სარჩოს შოვნას, რაც შეცდომის დაშვების ალბათობას ზრდის. ძალიან მალე, ყველა ევროპული ქვეყანა იტყვის, რომ კრიმინალის სერიოზული პრობლემა დაუდგა და ეს ლოგიკურია“, _ გვეუბნება ევროპაში მცხოვრები ქართველი. 

სხვათა შორის, ხმამაღლა არავის უთქვამს, მაგრამ გასულ კვირას, კონკრეტულად კი 14 მაისს, ბარსელონაში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შემდეგაც, განყოფილებაში ოცზე მეტი ქართველი გადაიყვანეს და მათი საბუთები გადაამოწმეს. მათ შეუმოწმეს ტელეფონებიც, ამოიწერეს ნომრები, რომლებზეც ბოლო დროს, ისინი რეკავდნენ და ოთხსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, გაათავისუფლეს. როგორც გვეუბნებიან, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა, სამართალდამცავთა თვალთახედვის არეში მანამდე, მინიმუმ, ერთხელ მაინც მოხვედრილა და როგორც ჩანს, ესპანელებმა ეს დაკავება პროფილაქტიკის მიზნით განახორციელეს. 

* * * 

ყველაფერთან ერთად, დიდი ხანია, კრიმინალურ სამყაროში „სხადნიაკი“ ანუ ისეთი შეკრება არ გამართულა, რომელსაც გავლენიანი ავტორიტეტები დაესწრებოდნენ და ამის მიზეზი ბევრია. ჯერ ერთი, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანამ დაიწყო ანალოგიური შეკრებების კონტროლი და იქ სამართალდამცავები ჩნდებიან ხოლმე და მეორეც, სწორედ იმის გამო, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ შეკრებილან, „კანონიერ ქურდებს“ შორის, სერიოზული უთანხმოებაა. ქურდების ნაწილს ეშინია, რომ კონკრეტულ ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, ქილერის ტყვიის მსხვერპლი გახდეს, ამიტომ „სხადნიაკის“ გამართვის ადგილად, ყველა იმ სახელმწიფოს ასახელებს, სადაც თავად იმყოფება, ლომის ხახაში თავის ჩაყოფის პერსპექტივა კი არავის ხიბლავს. 

ასეა თუ ისე, პანდემიამ კრიმინალსაც გვარიანი ზარალი მოუტანა და ეკონომიკური კრიზისი მათაც დაუდგათ. რამდენად ეფექტური იქნება მათი პოსტკრიზისული გეგმა და რამდენად დააზიანებს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკას, მალე გამოჩნდება. 

ის, რომ კრიმინალი მოიმატებს, ამ სფეროს ექსპერტებიც არ მალავენ და ზოგიერთი კოლოსალურ ციფრებსაც ასახელებს ანუ მათი აზრით, კრიმინალის რიცხვი, პირველ ეტაპზე მაინც, საშუალო მაჩვენებელს, მინიმუმ, ხუთჯერ გადააჭარბებს, შემდეგ კი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. 

* * * 

გასული კვირა იმითაც იყო გამორჩეული, რომ უკრაინიდან საქართველოში, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, ცეზარ ტოხოსაშვილის, იგივე ალ-ბარა შიშანის ექსტრადაცია მოხდა. პანკისის ხეობის მკვიდრ ტოხოსაშვილის შესახებ, სულ მცირე, ორჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის იერიშის დროს დაიღუპა, თუმცა ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა და ალ-ბარა შიშანი უკვე საქართველოშია. ძალიან დიდი ალბათობით, მას ქართველი სამართალდამცავების გარდა, ინტერპოლის წარმომადგენლებიც დაკითხავენ და ყველა ლოგიკით, ტოხოსაშვილს სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. მით უმეტეს, რომ წითელი ცირკულარით, ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს ისე არ ეძებენ, თუ მტკიცებულებები არ აქვთ. ქართული კანონმდებლობით, ტოხოსაშვილს წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს _ მისი სასამართლო გრძელი და დახურული რომ იქნება, ადვილი მისახვედრია. 

სხვათა შორის, უკრაინულ მხარეს არ დაუმალავს, რომ ტოხოსაშვილი ამერიკელი და ქართველი სამართალდამცავების ჩართულობით დააკავეს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში