Menu
RSS

ვინ იყო მამაკაცი, რომელიც ქალებს კლავდა და აუპატიურებდა

სერიული მკვლელის საქმე, რომელსაც საბჭოთა კავშირში გრიფით „საიდუმლო“ დაადეს

საბჭოთა კავშირის დროს, არცთუ იშვიათი იყო შემთხვევა, როცა გამოცდილი მაძებრები მოძმე რესპუბლიკების სამართალდამცავებს ეხმარებოდნენ. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდებოდა, თუ მაგალითად, იმ რესპუბლიკაში, სხვა რესპუბლიკის წარმომადგენელი იყო დასაკავებელი. ძებნილებს ადგილობრივი მილიცია უკეთ იცნობდა, მათი ჩვევებიც იცოდა და გამომძიებლების მივლინება სხვადასხვა რესპუბლიკაში უცხო ხილი ნამდვილად არ იყო. გარდა იმისა, რომ 15 რესპუბლიკა, ამ მიმართულებით ორგანიზებულად მოქმედებდა, ისინი ერთმანეთს გამოცდილებასაც უზიარებდნენ და იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ არც მობილური იყო და არც სათვალთვალო კამერები, დამნაშავის დაკავება მხოლოდ ოპერატიულ მუშაკთა პროფესიონალიზმსა და ალღოზე იყო დამოკიდებული.

სექსის გარდა, საბჭოთა კავშირში სხვა ბევრი რამეც არ არსებობდა. მაგალითად, საბჭოეთი გულმოდგინედ მალავდა იმას, რომ არსებობდნენ სერიული მკვლელები. მხოლოდ ანდრეი ჩიკოტილოს სახელი ეკერა ყველას პირზე და ისიც 80-იანი წლების ბოლოს, მანამდე კი ხელისუფლება, მთელი ათი წლის განმავლობაში მალავდა, რომ არსებობდა სერიული მკვლელი, რომელიც უმოწყალოდ ხოცავდა განსაკუთრებით არასრულწლოვნებს, აჭრიდა მათ ორგანოებს და ჭამდა. 

„1984 წლის გაზაფხულზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მე და კიდევ ერთი, აჭარელი გამომძიებელი გამოგვიძახა და გვითხრა, რომ მივლინებით უკრაინაში უნდა წავსულიყავით. კიეველ კოლეგებს ჩვენი დახმარება მკვლელის დაკავებაში სჭირდებოდათ. როგორც მინისტრის მოადგილემ გვითხრა, კონკრეტულად ქართული მილიციის დახმარება იმიტომ გახდა საჭირო, რომ დამნაშავე ადგილზე, კონიაკ „ვარციხეს“ ბოთლს ტოვებდა. მაშინ „ვარციხე“ არ იყო მარტივი საშოვნელი და, მით უმეტეს, დანაშაულის ადგილზე დასატოვებელი სასმელი. 

მოკლედ, მე და ჩემი კოლეგა გავემზადეთ, ყოველი შემთხვევისთვის, ერთი ყუთი „ვარციხე“ ვიყიდეთ და კიევში გადავფრინდით“, _ იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

კიევში ჩასულ ქართველებს, კოლეგებმა საქმის ვითარება გააცნეს. ზედიზედ სამი კვირის განმავალობაში, კონკრეტულად კი, ამ შემთხვევაში, პარასკევს ღამით, მოკლული იყო 42, 44 და 39 წლის, სამი მარტოხელა ქალი. სამივე შემთხვევაში, მკვლელმა ადგილზე, კონიაკ „ვარციხეს“ ნახევრად ცარიელი ბოთლი დატოვა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, არც _ ბოთლზე, არც _ ჭიქაზე და არც სახლში, თითის ანაბეჭდები, ან ისეთი რამ არ ყოფილა, რაც სამართალდამცავებს შესაძლებლობას მისცემდა, ეჭვი ვინმეზე მიეტანათ. 

ქალები ერთმანეთს არ იცნობდნენ, სხვადასხვა პროფესია ჰქონდათ, ორი მათგანი _ კიევის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, ხოლო ერთი _ ბაღიდან, დაახლოებით, სამ კილომეტრში ცხოვრობდა. სამივე ქალი გაგუდული და გაუპატიურებული იყო. 

პირველი, რაც ქართველ სამართალდამცავებს უნდა გაეკეთებინათ, მკვლელობის ადგილის დათვალიერება იყო, რადგან უცხო თვალს, შესაძლოა, ის შეემჩნია, რასაც ადგილობრივები ვერ ამჩნევდნენ. სამივე სახლის დათვალიერების შემდეგ, აჭარელმა ოპერმუშაკმა ერთ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება _ სამივეგან, წყლის ახალი გამაცხელებელი ეყენა. წყლის გამაცხელებლები მაშინ ფუფუნება იყო, ყველა ოჯახში ვერ შეხვდებოდით და რაც მთავარია, მას კუსტარულად ვერ დააყენებდით ანუ „ჟე-კე-ო“-ს წარმომადგენელს უნდა დაეყენებინა. სამართალდამცავებმა მალე გაარკვიეს, რომ სამივე შემთხვევაში, გამაცხელებელი ერთმა და იმავე თანამშრომელმა დააყენა. მას სისხლისა და სპერმის ანალიზი აუღეს, შემდეგ გვამებიდან აღებულ ნიმუშთან შეადარეს და გაოცდნენ, როცა უარყოფითი პასუხი მიიღეს. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მკვლელს მიაგნეს და თან იმდენად დარწმუნებულები, რომ ექსპერტებს მეორედ ჩაატარებინეს ანალიზი, თუმცა არაფერი შეცვლილა _ წყლის გამაცხელებლების ოსტატი, შესაძლოა, მკვლელი იყო, მაგრამ ის ნამდვილად არ აუპატიურებდა. 

რადგან სამართალდამცავებს მეტი ხელჩასაჭიდი არ ჰქონდათ, გადაწყვიტეს, ხელოსანზე თვალთვალი დაეწესებინათ. პარასკევს ღამით ანუ მაშინ, როცა მილიციის მთავარი ეჭვმიტანილი, ლუდხანის წინ, მეგობართან ერთად, არყითა და ლუდით თვრებოდა, მორიგი მკვლელობა მოხდა _ ისევ მარტოხელა ქალი, ისევ ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს, ისევ გაგუდული და გაუპატიურებული და რაც მთავარია, ისევ „ვარციხე“. 

იმის გამო, რომ ქალაქში პანიკა არ ამტყდარიყო და თან ვინმეს არ ეთქვა, საბჭოთა კავშირში სერიული მკვლელი გამოჩნდაო, საქმეს გრიფით „საიდუმლო“ დაადეს (სხვათა შორის, ამ საქმეს გრიფით „საიდუმლო“, მხოლოდ ათი წლის შემდეგ ახსნეს). გადაწყდა, ბოტანიკურ ბაღში, პარასკევს საღამოს, ოპერატიულ თანამრომელ ქალებს ესეირნათ და თუ რომელიმე მათგანთან საეჭვო პირი მივიდოდა, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულ ოპერმუშაკებს ემოქმედათ. მთავარი განმასხვავებელი ის იყო, რომ ეჭვმიტანილს აუცილებლად უნდა ჰქონოდა „ვარციხე“ და ის ბოთლს ისე ვერ დამალავდა, მილიციას ვერ დაენახა, რადგან გაზაფხულის მიუხედავად, კიევში საგრძნობლად ცხელოდა და მოქალაქეებს თხლად ეცვათ. 

პირველმა პარასკევმა მშვიდად ჩაიარა. მართალია, ოპერმუშაკებს რამდენიმე კაცი გამოელაპარაკა, მაგრამ მათგან საეჭვო არავინ იყო. ის ერთადერთიც, ვისზეც ეჭვი მიიტანეს, ადგილობრივი მასწავლებელი აღმოჩნდა, რომელიც ცოლს დაშორდა და ბოტანიკურ ბაღში, ბედის საძიებლად იყო გამოსული. შედეგი არც მეორე პარასკევმა მოიტანა და სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, რომ მკვლელმა ან რესპუბლიკა შეიცვალა, ან ქალაქი, ან უბრალოდ, პაუზა აიღო. 

მესამე პარასკევიც უშედეგოდ დასრულდა, ოპერმუშაკები დაიშალნენ და ქართული დუეტიც სასტუმროში წავიდა. 

„ჩემს აჭარელ მეგობარს ცოტა მოუსვენრობა შევატყვე. კვირას თბილისში მოვფრინავდით და ვერ მივხვდი, რატომ ცმუკავდა. გამომიტყდა, იმ ჩვენი ოპერმუშაკი ქალებიდან ერთმა, იულიამ სახლში დამპატიჟა, ავიღებ ჩვენს ჩამოტანილ „ვარციხეს“ და წავალ, ამაღამ თუ არ დავბრუნდი, არ ინერვიულოო. რა უნდა მეთქვა, ახალგაზრდა კოლეგას გავუღიმე და დასაძინებლად მოვემზადე. ის კი წასასვლელად გაემზადა და კი არ წავიდა, გაფრინდა. დაძინებამდე საქართველოში დავრეკე, ოჯახობა მოვიკითხე, ცოლისგან დავალება მივიღე, რა უნდა წამომეღო უკრაინიდან და დავწექი. დაახლოებით, 15 წუთში, ნომერში ტელეფონის ზარი გაისმა. არ მეძინა, ვთვლემდი და მალე ვუპასუხე. ჩემი ქართველი კოლეგის ხმა გავიგონე _ დავიჭირე, ბატონო თენგიზ, დავიჭირე. იმ მისამართზე ვარ, წამოსვლისას რომ გითხარი“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

რაღა თქმა უნდა, მილიცია ადგილზე მალე მივიდა. აჭარელ ოპერმუშაკს, ქამრით ხელგაკოჭილი კაცი იატაკზე ჰყავდა დაგდებული, ცალი ფეხი ზედ ედო და გამარჯვებული სახით იყურებოდა. 

„აქ რომ მოვედი, კარზე დავაკაკუნე. არავინ გააღო, მაგრამ მანამდე ბრახუნი გავიგონე და მივხვდი, რაღაც რიგზე არ იყო, ამიტომ მხრით დავეჯახე კარს და შიგნით რომ შევვარდი, ეს დანით მეცა. დანა მაშინვე დავაგდებინე, მტკივნეული ილეთით ხელი გავუთიშე და მგონი, სახსრიდანაც ამოვუგდე. როგორც იულიამ მითხრა, როცა მე დავაკაკუნე, უკვე დახრჩობას უპირებდა, მანამდე კი იმას უხსნიდა, როგორი იდიოტები ვართ სამართალდამცავები“, _ ყვებოდა აჭარელი ოპერმუშაკი. 

სპერმის ანალიზმა აჩვენა, რომ საქმე სწორედ იმ კაცთან ჰქონდათ, რომელმაც ოთხი ქალი იმსხვერპლა. მასაც სხვა გზა არ ჰქონდა და აღიარებითი ჩვენება მისცა იმის იმედით, რომ სასამართლო ამ გულწრფელ აღიარებას გაითვალისწინებდა. 

დაკავებული, ლენინგრადი-კიევის მატარებლის გამცილებელი იყო. მატარებელი კიევის სადგურში, პარასკევს შემოდიოდა, უკან კი შაბათს ბრუნდებოდა. ჰოდა, სწორედ პარასკევს საღამოს გამოდიოდა სანადიროდ გამცილებელი. „ვარციხეთი“ მას, თბილისელი გამცილებლები ამარაგებდნენ, ხოლო თვითონ, ლენინგრადიდან ხიზილალას ატანდა და რად უნდოდა „ვარციხე“? _ იმიტომ, რომ მარტოხელა ქალები კარგად გამოწყობილ კაცზე, თან „ვარციხის“ იშვიათი და სასურველი ბოთლით ხელში, უარს ვერ ამბობდნენ და შინ ეპატიჟებოდნენ. 

„დაახლოებით, ათი წლის წინ, ჩემმა თანამშრომელმა ქალმა, ქმართან უთანხმოების გამო, თავი ჩამოიხრჩო. თოკიდან მე ჩამოვხსენი, ჯერ კიდევ სუნთქავდა და ხროტინებდა, მაგრამ ხორხი ჰქონდა გადატეხილი და სისხლს აფურთხებდა. ჩემს ხელში ფართხალებდა, როცა სული დალია და მაშინ საოცრად აღვიგზენი. ეს არ მასვენებდა, სხვანაირი გრძნობა იყო და როცა პირველი მსხვერპლი მოვკალი, მივხვდი, გაჩერება გამიჭირდებოდა. ოთხი მკვლელობის შემდეგ, დავინახე, რომ ბოტანიკური ბაღი მილიციით იყო სავსე, ქალებიც მწყობრი ნაბიჯით დადიოდნენ და არა _ ისე, როგორც მარტოხელა ქალები დადიან, გარემოს რამდენიმე კაციც საგანგებოდ ზვერავდა. დავრწმუნდი, ჩემს გამო იყვნენ იქ და მაშინ ვიფიქრე, რომელიმე ოპერმუშაკ ქალს გავყვები-მეთქი. პირველ ჯერზე, ქმრიანი ოპერმუშაკი შემხვდა, მეორე ჯერზეც, მესამე ჯერზე კი გამიმართლა. როცა სახლის კარს აღებდა, მაშინ მივედი ზურგიდან და გაღებულ კარში შევაგდე. სანამ მოვკლავდი, მინდოდა, სცოდნოდა, რატომ ჩავდიოდი ამას და ბევრი რომ არ მელაპარაკა, თქვენი კოლეგა ვერ მომისწრებდა“, _ ეს იყო აღიარების ძირითადი შინაარსი. 

სასამართლომ მკვლელის აღიარებითი ჩვენება შესაბამისად შეაფასა და მას სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში