Menu
RSS

თბილისში ცნობილმა ექიმმა ექთანი მოკლა

კრიმინალური შემთხვევა, რომელიც სამართალდამცავებმა ქოლგის დახმარებით გახსნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდსაც რომ გადახედოთ, მიხვდებით, საგანგებო მდგომარეობის გამო, საქართველოში კრიმინალის დონე დაწეულია. სამართალდამცავები, ძირითადად, კომენდანტის საათის დამრღვევებზე „ნადირობენ“, მაგრამ ბოლო დროს, ამ მაჩვენებელმაც დაიკლო და ხალხი შეეგუა, რომ წესები უნდა დაიცვას. პრაქტიკულად, არაფერი ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სადაც გრძელვადიანი პაემნები შეზღუდულია და ზოგადად, ძალიან კარგია, რომ კორონავირუსმა პენიტენციალურ სისტემაში ვერ შეაღწია. თითქმის უცვლელია მდგომარეობა ევროპაშიც. ერთი ეგაა: ის ქართველები, რომლებიც ბებერ კონტინენტზე მოსაპარად არიან ჩასულები, ჩივიან, აქ ვერაფერს ვაკეთებთ და საქართველოში ჩამოსვლას კი სამართალდამცავები გვიშლიანო. ალბათ, ამაშიც არის ლოგიკა _ არავის უნდა ზედმეტი თავის ტკივილი, ავტორიტეტული კრიმინალების დაბრუნების შემდეგ, უბანში „საქმის გარჩევები“ და „მოდი, კაი ბიჭთან საბაზროდ ავიდეთ“ თემები. ამიტომ, ამ პირობებში, ძველი და წიგნებში შესატანი ისტორიების მოსმენა ბევრად საინტერესოა. პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი, მორიგ ისტორიას გვიამბობს:

„1984 წლის აპრილი იდგა. გარეთ გაზაფხული კი იგრძნობოდა, მაგრამ წვიმები მიეწყო და ამიტომ, მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქში ქოლგით მოძრაობდა. განსაკუთრებით, საღამოობით ისე დაუშვებდა ხოლმე, რომ ქოლგის გარეშე გადაადგილება, საცვლებიანად დასველებას ნიშნავდა. ერთ საქმეს ჩავკირკიტებდი, გვიანობამდე შემოვრჩი და მაშინ, როცა სახლში წასვლას ვაპირებდი და კაბინეტში შუქი ჩავაქრე, სამორიგეოში ზარი გაისმა _ ავტობუსის მძღოლმა, საკუთარ ტრანსპორტში მიცვალებული ქალი იპოვა. ჯერ ვიფიქრე, ასაკოვანი ქალი იქნება, შესაძლოა, გული გაუჩერდა, ან წნევამ დაარტყა-მეთქი, მაგრამ არა, მორიგეს უთხრეს, ქალი მოკლულიაო და აღარ დაველოდე ზემდგომების მითითებას, ჩემი რაიონი იყო და საქმეს ისედაც მე დამაწერდნენ, ამიტომ პირდაპირ შემთხვევის ადგილისკენ წავედი“, _ ასე დაიწყო ისტორიის მოყოლა ბატონმა თენგიზმა. 

როგორც გაირკვა, მძღოლმა ბოლო რეისი შეასრულა, ავტობუსი ფარეხში შეიყვანა, როგორც წესი, ჩასვლის წინ დაათვალიერა და ბოლოდან მესამე სავარძელზე ქალის გვამი აღმოაჩინა. ადგილზე მისულმა ექსპერტმა მოკლედ მოჭრა, მკვლელობიდან ერთი საათიც არ არის გასული, დანარჩენს გაკვეთის შემდეგ ვიტყვიო. 

გამომძიებელი, რაღა თქმა უნდა, მძღოლს ეცა, ეს ქალი სად აიყვანე, ან კიდევ ვინ გყავდა ბოლო რეისის მგზავრებიო, თუმცა მძღოლმა ბევრი ვერაფერი თქვა, წვიმიანი ამინდი იყო, გზას უფრო ვუყურებდი, ვინ ამოდიოდა და ჩადიოდა, ნაკლებად მაინტერესებდა, რაც მთავარია, ყველას ქოლგა ეჭირა, სახე კი ან „პლაშის“ საყელოში ჰქონდა ჩამალული, ან ქუდი თვალებზე ჩამოფხატულიო, თუმცა მან მნიშვნელოვანი რამ მაინც გაიხსენა _ ბოლო ერთი საათის განმავლობაში, სულ ოთხჯერ გავჩერდი ანუ მაქსიმუმ ოთხი მგზავრი ამოვიდა ან ჩავიდა, თითო-თითოდ რომ ადი-ჩადიოდნენ, ეგ ზუსტად მახსოვს და ამ ოთხიდან ერთი, პურის მაღაზიის გამყიდველი ასაკოვანი ქალია, ეგ წლებია, ბოლო რეისს დაყვებაო. 

გამოძიებამ პურის მაღაზიის გამყიდველის ვინაობა მალე დაადგინა, მანამდე კი გარდაცვლილის ვინაობის დადგენა გაჭირდა. ქალს ხელჩანთა არ ჰქონდა, დიდი ალბათობით, მკვლელმა წაიღო. გამყიდველმა მხოლოდ ის თქვა, როცა ავტობუსში ავედი, ქალი უკვე იქ იყო, შემდეგ ამოვიდა მამაკაცი, რომელიც ქალს გვერდით მიუჯდა, მიესალმა, შემდეგ, დაახლოებით, 3-4 წუთი ჩურჩული მესმოდა, შემდეგ კი გამყიდველი ავტობუსიდან ჩავიდა და არ დამინახავს, რა ქნა წყვილმაო. 

გამოძიებისთვის ცხადი გახდა, რომ მკვლელი კაცი იყო, მაგრამ ვინ იყო მოკლული?! 

„გარდაცვლილი სამედიცინო სფეროს წარმმადგენელია, ხელებსა და ფრჩხილებში სპირტისა და იოდის კვალი აქვს, ასევე, ბინტისა და ბამბის ნაწილაკები. ეჭვი მაქვს, მკვლელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი უნდა იყოს, რადგან წვრილპირიანი დანით ჰყავს მოკლული და თან ძალდატანების გარეშე ანუ დანა გულთან შეუცურა, კი არ დაარტყა. ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა. ქალი დაყვირებასაც ვერ მოასწრებდა, წამში დადგებოდა სიკვდილი“, _ ასეთი იყო ექსპერტის დასკვნა. 

მეორე დღეს გაირკვა, რომ გარდაცვლილი დედაქალაქის საავადმყოფოს ექთანი გახლდათ. მას კოლეგები დადებითად ახასიათებდნენ და ამბობდნენ, რომ საქმის ნამდვილი პროფესიონალი იყო. ამ ქალზე ლეგენდები დადიოდა, რადგან პრაქტიკულად, ერთადერთი იყო, რომელსაც ვენაში ნემსის პირველივე ჯერზე გაკეთება ახალშობილისთვისაც კი შეეძლო. ამიტომ, ვისაც ცუდი ვენები ჰქონდა, ექიმები არ აწვალებდნენ და მას ეძახდნენ. ქალი არ იყო გათხოვილი, თანამშრომლების თქმით, არც საქმრო ჰყავდა, არც _ მეგობარი მამაკაცი და ერთოთახიან, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სამართალდამცავები მის სახლში მივიდნენ, ჩხრეკა ჩაატარეს და გაოცდნენ, როცა წიგნების თაროში საგულდაგულოდ დამალული 3 ათასი მანეთი იპოვეს. ეს იმ დროისათვის ძალიან დიდი ფული იყო და ექთანს არანაირი ლოგიკით არ უნდა ჰქონოდა. 

ხელმეორედ გამოკითხეს კოლეგები, მაგრამ ვერავინ ახსნა, საიდან უნდა ჰქონოდა ექთანს, რომლის ჯამაგირიც 120 მანეთს შეადგენდა, ამხელა თანხა. გამომძიებლებმა ვერც ის ახსნეს, რად უნდოდა მკვლელს ქალის ქოლგა. ის, რომ გარდაცვლილს ქოლგა ჰქონდა, კოლეგები ამბოდნენ და ისიც თქვეს, სამსახურიდან გაშლილი ქოლგით გავიდაო. მაშინ თბილისში საბჭოთა ქოლგებიც იყო და უცხოურიც, რომლებიც ძირითადად, მათ ჩამოჰქონდათ, რომლებიც საზღვარგარეთ დადიოდენ ან გასტროლებზე, ან მივლინებით და შემდეგ, აქ ყიდდნენ. ექთანს ჩვეულებრივი, იაფფასიანი ქოლგა ჰქონდა და ეს ნივთი მკვლელისთვის სრულიად ზედმეტი ბარგი იყო. 

„როცა საქმე ერთ ადგილზე დგას და წინ არ მიდის, თავიდან უნდა დაიწყო, თავიდან უნდა დაკითხო ყველა და შეიძლება, ან მათ გაიხსენონ ისეთი რამ, რაც მანამდე არ უთქვამთ, ან შენ მიაქციო იმდენად უმნიშვნელო დეტალს ყურადღება, ძაფის ერთი ბოლო დაიკავო ხელში და შემდეგ მიჰყვე. ამიტომ, ახლიდან დავიწყე და დავიწყე ავტობუსის მძღოლით“, _ ღიმილით იხსენებს ბატონი თენგიზი. 

მძღოლი ამჯერად განყოფილებაში დაიბარეს და რადგან წვიმიანი ამინდი იყო, ის ქოლგით მოვიდა. ქოლგა კუთხეში გასაშრობად დადო და ეტყობოდა, რომ უცხოური იყო, ხარისხიანი, მთლიანად მუქი ლურჯი და ფირმის ლოგოც ლამაზად ჩანდა სახელურზე. მძღოლის დაკითხვამ ახალი არაფერი მოიტანა და გამომძიებლები ისევ საავადმყოფოში წავიდნენ. მოკლული ექთნის კოლეგების გამოკითხვას ასრულებდნენ, როცა ერთ-ერთმა ექთანმა თქვა, ჩვენი ექიმი დაკითხეთ, იმან უფრო მეტი იცის ამ გოგოზე, ერთი რაიონიდან არიან, ექთნადაც მან მოიყვანა წლების წინ და აქ მოაწყოო. ეს სიახლე იყო და გამომძიებლები ექიმის სანახავად წავიდნენ. კაბინეტში ძალიან ცხელოდა, ამიტომ გამომძიებელმა ლაბადა გაიხადა, საკიდზე დაკიდა და გაშეშდა _ საკიდზე ქოლგის ცარიელი ჩასადები ეკიდა, რომელიც მუქი ლურჯი იყო და ზუსტად ის ლოგო ამშვენებდა, რომელიც მძღოლის ქოლგას. ექიმი გამომძიებლებს მშვიდად შეხვდა, კითხვებსაც მშვიდად უპასუხა და მოულოდნელად მაშინ დაიბნა, როცა სამართალდამცავებმა ქოლგის ჩვენება სთხოვეს. ექიმმა ხელები გაშალა, დავკარგე ქოლგა, მხოლოდ ეს ჩასადები შემრჩა, სად დავკარგე, არ ვიციო. ძალოვნები ისევ მძღოლთან წავიდნენ, შეაჯანჯღარეს და ათქმევინეს, რომ ქოლგა მოკლული ქალის სკამზე იდო, მიხვდა, ძვირფასი რომ იყო და უბრალოდ, მოიპარა. რას იფიქრებდა, თუ გამოძიება ქოლგას დაუწყებდა ძებნას. ამჯერად, ქოლგის ამოსაცნობად განყოფილებაში ექიმი დაიბარეს. მან საკუთარი ქოლგა ამოიცნო, მაგრამ ვერაფრით ახსნა, საიდან მოხვდა ის მოკლულის გვერდით. ბატონი თენგიზი ხვდებოდა, რომ ექიმი რაღაცას მალავდა, ამიტომ კარამდე მიჰყვა, განყოფილებიდან გამოაცილა და გაუკვირდა, როცა მისი პირადი უფროსი, სამმართველოს შეფი ექიმს შინაურულად მიესალმა. 

„საიდან იცნობ?“ _ ექიმი რომ წავიდა, ჰკითხა უფროსს. 

„მაგას ვინ არ იცნობს? მაგარი ვინმეა. საკუთარი რეცეპტით აქვს მოფიქრებული რაღაც კოქტეილი, ვენაში შეგიშხაპუნებს და თუ ნასვამი ან „პახმელია“ ხარ, ეგრევე გიხსნის, გაფხიზლებს. ეგ კი არა, ნარკოდამოკიდებულებასაც შველის თავის კოქტეილით, ნიჭიერი ვინმეა. მაგასთან ცოტა ფრთხილად, ლამის ყველა თანამდებობის პირი ან მისი ოჯახის წევრი, ამის კლიენტია“, _ აუხსნა უფროსმა. 

„ერთ-ერთ მინისტრთან კარგი ურთიერთობა მქონდა, შვილი ჰყავდა ცოტა ლოთი, თან გოგონა. მივხვდი, ექიმი ეცოდინებოდა და ამიტომ, მასთან წავედი, ექიმის სურათიც წავიღე და მოკლული ქალისაც. იმან დამიდასტურა, ვიცნობ, დამჭირვებია მაგის სამსახური და გოგონას გარეშე არასოდეს მოსულა, ამ ქალს ოქროს ხელი აქვს, ვენაში ერთი ცდით ხვდებაო. ვთხოვე, იქნებ, სხვებს დელიკატურად ჰკითხო, ეს გოგო სხვებთანაც თუ დაჰყვებოდა-მეთქი და რად მინდა კითხვა, ამ გოგოზე გვისაუბრია, ყველა აქებდა, მაგის გარეშე გადასხმას არ დგამდა ექიმიო. ეს უკვე სერიოზული სამხილი იყო და ექიმს ჩხრეკის ორდერით სახლში ვეწვიეთ“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

სახლის ჩხრეკამ შედეგი მოიტანა, სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი იპოვეს და მართალია, ის სამედიცინო ხსნარებით საგულდაგულოდ იყო დამუშავებული, მაგრამ ჭრილობის დიამეტრით დამტკიცდა, რომ მკვლელობისთვის სწორედ აღნიშნული დანა გამოიყენეს. პარალელურად, ქიმწმენდის მიუხედავად, ლაბადაზე მოკლულის სისხლის ლაქები აღმოჩნდა და ექიმმაც დაიწყო. 

„მე მივეცი საქმე მაგ გოგოს, მე დავაყენე გზაზე, დღეში, მინიმუმ, 50 მანეთს აკეთებდა, მაგრამ ეს არ იკმარა და ჩემი კოქტეილის რეცეპტი მოიპარა. ეგ იქიდან გავიგე, რომ ერთ-ერთ გამოძახებაზე მარტო წავიდა, მე ვერ დამიკავშირდნენ, მას დაურეკეს, მივიდა და გაუკეთა ჩემი რეცეპტით და ფულიც ჯიბეში ჩაიდო. გავაფრთხილე, მეორეჯერ აღარ ქნა-მეთქი, მაგრამ ისევ გაიმეორა და მივხვდი, ლუკმას მართმევდა, ამიტომ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. ქოლგას რაც შეეხება, ამერია და მისი ქოლგა წავიღე, ჩემი იქ დამრჩა. ჩანთა კი იმისთვის გავაყოლე ხელს, რომ ვინაობის დადგენა გაგჭირვებოდათ და მეც ცოტა დავმშვიდებულიყავი“, _ სულ ეს იყო, რაც მკვლელმა აღიარებით ჩვენებაში თქვა. 

სასამართლო მალე დასრულდა და გავლენიანი მფარველების წყალობით, მკვლელს მხოლოდ 8 წელი მიუსაჯეს. ციხიდან ექვს წელიწადში გამოვიდა და... დედაქალაქში მისი კერძო კლინიკა დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში