Menu
RSS

ორმაგი მკვლელობა

რატომ გასწირა სასიკვდილოდ ოჯახიანმა კაცმა მსახიობი ქალი და სატელეფონო სადგურის თანამშრომელი

ის, რაც ახლა ძალიან მარტივად ხდება, წლების წინ, წარმოუდგენლდ რთული იყო, სატელეფონო მოსმენას ვგულიხმობთ. გარდა იმისა, რომ მოსმენას მაშინ აუცილებლად სჭირდებოდა პროკურორის სანქცია, თავად მოსმენის პროცესიც ძალიან რთული გახლდათ. მაქსიმუმ, სახლის ან სამსახურის ტელეფონზე თუ მოუსმენდი ვინმეს, თორემ მობილურები არ არსებობდა...

„ერთ მშვენიერ დღეს, გამოვდივარ განყოფილებიდან და სამორიგეოში ზარი გაისმა. მორიგე საპირფარეშოში იყო გასული, ამიტომ ტელეფონს მე ვუპასუხე და ყურმილის მეორე მხრიდან, ქალის განწირული ხმა შემომესმა _ ალო, მილიციაა... ჩემს სახლში უცხო ადამიანის გვამია. დავიბენი, სახლში შეიძლება, ბევრი რამ იპოვო, ისეთი ნივთი, რომელსაც ვერ იხსენებ, როდის იყიდე და მოიტანე, მაგრამ უცხო ადამიანის გვამი საკუთარ სახლში, წარმოუდგენლად ჩანდა. 

ქალს მისამართი ვკითხე და 15 წუთში, ადგილზე ვიყავი“, _ იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი. 

ოპერატიულ ჯგუფს, ერთოთახიანი ბინის შუაგულში გაშოტილი ქალი დახვდა, რომელსაც მკერდთან, სისხლის შემხმარი ლაქა ჰქონდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ქალი დანით მოკლეს. არეული არაფერი იყო, არც ბრძოლის კვალი ჩანდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოკლული მკვლელს იცნობდა. ყველაზე საინტერესო კი ის გახლდათ, თუ საიდან მოხვდა უცხო ადამიანი მარტოხელა ქალის ბინაში. მას არც კივილზე შემოსწრებული მეზობლები იცნობდნენ, ჯიბეში არც საბუთი ჰქონდა, ვინაობა რომ გაგვეგო და რაც მთავარია, ექსპერტის ვარაუდით, ქალი, მინიმუმ, სამი დღის გარდაცვლილი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ წესით, სახლის პატრონს აქამდე უნდა აღმოეჩინა. 

ოჯახის პატრონს პირველად სწორედ ეს ჰკითხეს, რატომ ვერ აღმოაჩინა ერთოთახიან ბინაში, სამი დღის განმავლობაში გვამი? 

_ დედა მყავს ავად, სამსახურიდან ერთკვირიანი შვებულება ავიღე და სოფელში წავედი. გასაღები ჩემს მეგობარს დავუტოვე, რომელიც თეატრის მსახიობია. ახლა არც ის ვიცი, მეგობარი სად არის, გასაღები კი სადარბაზოში, ჩვენს სამალავში დამხვდა, _ ტირილით გვითხრა ქალმა. 

 

ეს ორ რამეს ნიშნავდა _ პირველი იმას, რომ ოთახში ქალი, სწორედ მეგობარმა შეიყვანა და მეორე, მან იცოდა, რომ ქალი მკვდარი იყო, მაგრამ მშვიდად გაიხურა კარი, გასაღები დათქმულ ადგილას დადო და გაუჩინარდა. გეზი თეატრისკენ ავიღეთ, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ქალი იქ კი მუშაობდა, მაგრამ სამი დღის მანძილზე, სამსახურში არ გამოცხადებულა და არც მისი ადგილსამყოფელის შესახებ იცოდნენ რამე. 

მილიციამ მისი სანაცნობო წრე გადაამოწმა, არავინ არაფერი იცოდა, მსახიობი, უბრალოდ, გაქრა. პარალელურად, მოკლულის ვინაობაც გაირკვა. ოჯახის წევრები სატელეფონო სადგურში მომუშავე ქალს ეძებდნენ, რომელიც სამი დღის წინ გაქრა და მისი აღწერილობა ზუსტად ემთხვეოდა გარდაცვლილისას. მორგში ქალი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს, მაგრამ უარყვეს, რომ მას მახიობთან ნაცნობობა აკავშირებდა. სახლის მეპატრონეც ამტკიცებდა, მის ყველა მეგობარს ვიცნობ, მაგრამ ამ ქალს პირველად ვხედავო. 

ჰო, როცა მსახიობს ვამბობთ, ლია ელიავა და მედეა ჯაფარიძე ნუ წარმოგიდგებათ თვალწინ, ეპიზოდური როლის შემსრულებელი იყო, ისეთი, მთელი ცხოვრება რომ მთავარი როლის შესრულების იმედი აქვს და უნიჭობის გამო, მხოლოდ „მასოვკებში“ ათამაშებენ. დაკარგულ ქალზე ძებნა გამოცხადდა, სამართალდამცავებმა ყველაფერი ააწრიალეს, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს _ ქალი გაქრა. კოლეგების გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ მსახიობს მეგობარი მამაკაცი ჰყავდა, სავარაუდოდ, ცოლიანი, მაგრამ მისი ვინობა არავინ იცოდა. იცოდნენ მხოლოდ ის, რომ კაცი ქალს სამსახურში საღამოობით აკიხავდა და ისინი მანქანით მიდიოდნენ. ავტომობილი „03“ მარკის იყო, ლურჯი ფერის და მაშინ საქართველოში, ასეთი ბევრს ჰყავდა. 

მომხდარიდან სამი დღის შემდეგ, მტკვარმა ქალის ცხედარი გამორიყა. ის მეთევზეებმა იპოვეს და სამართალდამცავებს დაურეკეს, ადგილზე მისულმა ოპერატიულმა ჯგუფმა კი საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა _ ქალს თავის ქალა გახეთქილი ჰქონდა. რა თქმა უნდა, ვინაობის დადგენა მოხერხდა და ის დაკარგული მსახიობი აღმოჩნდა. 

„სულ დავიბენით. ვერანაირად ვაკავშირებდით ამ ორ ქალს ერთმანეთთან, მიახლოებითაც კი ვერავინ გვითხრა, რომ შესაძლოა, მათ ნაცნობობა ჰქონოდათ. ამ დროს, უცხო ქალი სხვის ბინაში, გვეგონა მსახიობი იყო მკვლელი, თურმე, ისიც მოკლულია. გამოძიება ჩიხში კი არ შევიდა, გაჩერდა, დადგა, პირი დააღო. ორი მკვდარი და არცერთი ხელმოსაჭიდი. ეს, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ჩემთვის და ჩემი ბიჭებისთვის სასტიკი საყვედური იყო პირად საქმეში შეტანით, რომ ვერ მოვახერხეთ და ერთმანეთთან კავშირში მყოფი ორი მკვლელობა ვერ გავხსენით ანუ ის კი ვიცოდით, რომ ეს მკვლელობები ერთმანეთს უკავშირდებოდა, მაგრამ როგორ უკავშირდებოდა, ეს არ ვიცოდით“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

საქმე ადგილიდან მესამე ქალის გამოჩენის შემდეგ დაიძრა. 

გარდაცვლილის ნახვიდან ორ დღეში, თეატრიდან დარეკეს და განაცხადეს, რომ მათთან ვიღაც ქალი მივარდა, სკანდალი მოაწყო, გარდაცვლილს ეძებდა და გაიძახოდა, თმით უნდა ვითრიო, რომ ჩამოვაო. მისი ვინაობა სხვა მსახიობებმა მარტივად გაარკვიეს _ როცა ქალი თეატრის შენობაში შევარდა და იქაურობის დალეწვას აპირებდა, ჯიბიდან პასპორტი ამოუვარდა. მითითებულ მისამართზე ერთ საათში ვიყავით. მილიციის დანახვა ქალს არ შეშინებია, პირიქით, გაუხარდა კიდეც. 

„ჩემმა ქმარმა გამომიცხადა, მივლინებაში მივდივარო და გუშინ გაგრიდან დამირეკეს, შენი ქმარი აქ ისვენებს ვიღაც ქალთან ერთადო. ეგ ძაღლი, ეგა, ზუსტად ვიცი, იმ მსახიობთან ერთად წაეთრა, თეატრშიც მაგის გამო დადიოდა, მოიცა, ჩამოვიდნენ, თმით ვითრევ და დავშორდები, სამსახურშიც გამოვაჭენებ ორივეს“, _ ქოთქოთებდა ქალი. 

გამოძიებას ის აინტერესებდა, როდის წავიდა ქმარი მივლინებაში და სად მუშაობდა. გამგზავრების დღე ქალების მკვლელობის დროს ემთხვეოდა და კაცის სამსახურში წავედით. პარალელურად, გაგრაში დავრეკეთ და აღნიშნული პიროვნების დაკავება ვთხოვეთ. გარდა იმისა, რომ ის მთავარ ეჭვმიტანილად იქცა, მის კუთვნილებაში ლურჯი „03“ იყო, მანქანა, რომელსაც თეატრის მსახიობები ხედავდნენ. სამსახურში გვითხრეს, რომ კაცმა შვებულება საკუთარ ხარჯზე აიღო და მივლინებაში არ იმყოფებოდა. დაკავებული ორი დღის შემდეგ, თბილისში, კაბინეტში მეჯდა. მისი მანქანის დათვალიერებისას, ექსპერტმა „მანტიროვკაზე“ სისხლის კვალი იპოვა, რომელიც წყალში ნაპოვნი მსახიობის ჯგუფს დაემთხვა. უარყოფას აზრი დაეკარგა და იმ პირობით, რომ დაკავებული დახვრეტას გადაურჩებოდა, აღიარებითი ჩვენება მოგვცა. 

 

როგორც გაირკვა, სატელეფონო სადგურში მომუშავე ქალი ვიღაცების საუბარს უსმენდა და შემდეგ, საინტერესო რამეს თუ გაიგებდა, სათავისოდ იყენებდა. ასე გაიგო კაცისა და მსახიობის სიყვარულის შესახებ და _ არც მეტი, არც ნაკლები _ სიჩუმის სანაცვლოდ, 15 ათასი მანეთი ანუ ორი მანქანის ფული მოითხოვა. კაცი მიხვდა, ქალს ვერ გააჩუმებდა, არც ფულის შოვნის შესაძლებლობა ჰქონდა, ამიტომ მარტივი გამოსავალი იპოვა _ ის საყვარელს დაქალის სახლში დააბარებინა, მოკლა, საყვარელი კი დაარწმუნა, ყველაფერი მოგვარებული მაქვს, ფული და ოქრო ვიშოვე, აფხაზეთში წავალთ და იქიდან რუსეთში გადავალთ, მერე გვარ-სახელებს გამოვიცვლით და ბედნიერად ვიცხოვრებთო. რეალურად კი, საყვარლის მოშორებაც გადაწყვეტილი ჰქონდა და მას უკვე მანქანაში აუგო წესი, ფეხზე სიმძიმე მოაბა და მტკვარში გადააგდო. საბედნიეროდ, თოკი გაწყდა და ქალის ცხედარი ამოტივტივდა, თორემ ვერასდროს გავიგებდით, რეალურად რა მოხდა, ეს კაცი ჩვენთვის ხომ არც კი არსებობდა. რომ არა ცუდი თოკი, ორი მკვლელობა გაუხსნელი რჩებოდა. 

სასამართლომ მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ პატიმრობის მესამე წელს, ის ციხის საავადმყოფოში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში