Menu
RSS

ცნობილი კბილის ექიმი საკუთარ სახლში გაგუდეს

ვინ არის მკვლელი _ საზარელი შურისძიების დეტალები

ერთი შეხედვით, ძალიან ძნელია გახსნა საქმე, როცა არ გაქვს თანამედროვე ტექნოლოგიები. არ არის მობილური, რომ ვინმეს მოუსმინო, მისი მოძრაობის გრაფიკი დაადგინო _ ანძებიდან თვალი ადევნო, სად და როგორ გადაადგილდებოდა პოტენციური დამნაშავე, რას აკეთებდა სხვა ეჭვმიტანილი, თუმცა დღეს, კრიმინალური ექსპერტიზა, პრაქტიკულად, ხელოვნების დონეზეა აყვანილი და ყველა ქვეყნის სამართალდამცავები ფლობენ ისეთ მოწყობილობას, რომელიც ექსპერტებსა და გამომძიებლებს საქმეს უიოლებს. ადრე კი არც ქუჩის სათვალთვალო კამერები იყო, ჩანაწერები რომ ენახათ, ვინ და როგორ გადაადგილდებოდა კონკრეტულ მონაკვეთზე და გამომძიებლები მხოლოდ იმას ეყრდნობოდნენ, რასაც დამნაშავე ადგილზე ტოვებდა. რაც უნდა გამოცდილი იყოს კრიმინალი, დანაშაულის ადგილზე მაინც ტოვებს კვალს და არ არის აუცილებელი, ეს კვალი ძალიან მკაფიო იყოს. მთავარია, გამომძიებელმა მას სწორი მიმართულება მისცეს. ამიტომ, წარსულში აუცილებელი იყო ისეთი ექსპერტის ყოლა, რომელიც ამ დეტალებს შეამჩნევდა და არ გამოეპარებოდა.

„8 მარტი იდგა, 1982 წელი. როგორც ყველა ნორმალური მოქალაქე, ამ დღეს, მეც ჩემი ოჯახის ქალბატონებს ვუძღვნიდი _ დედას, ცოლს, ქალიშვილს. სამივეს ცალ-ცალკე ვუყიდე საჩუქარი და ყვავილები. სახლში მისულმა კი აწკრიალებულ ტელეფონს ვუპასუხე, საიდანაც მორიგის ნამძინარევი ხმა შემომესმა _ ბატონო თენგიზ, მკვლელობაა, ლანა მოკლეს, ლანა“, _ იხსენებს ერთ-ერთ გახმაურებულ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი. 

ლანა ყველასთვის კარგად ნაცნობი სტომატოლოგი იყო. როგორც წესი, ადრე, სტომატოლოგები სახლში ჩუმად მუშაობდნენ. „ჩუმად“ოფიციალურად ერქვა, თორემ კარგი სტომატოლოგების სახლი ყველამ იცოდა და მათთან უქმე დღეებში, ან საღამოს, სამსახურის შემდეგ, რიგები იდგა. ოფიციალურად, როგორც აღვნიშნე, ეს აკრძალული იყო, მაგრამ კარგი სტომატოლოგების მომსახურებით ისეთი პირები სარგებლობდნენ, რომლებიც ამ დარღვევაზე თვალს თავადაც ხუჭავდნენ და სხვასაც ახუჭინებდნენ. ამიტომ, სტომატოლოგები საკმაოდ შეძლებულ ადამიანებად ითვლებოდნენ და დარწმუნებული ვიყავი, ლანაც სწორედ ფულის გამო მოკლეს. 

ჩემს ქალბატონებს ყვავილები ჩამოვურიგე, ბოდიში მოვუხადე და მივახვედრე, რომ მათთან ერთად, ვერც 8 მარტს გავატარებდი. 

საგამოძიებო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მალე მივიდა. ორი ექსპერტი მუშაობდა და მათი სახეებიდან გამომდინარე, საიმედო არაფერი ჩანდა. 

_ ბატონო თენგიზ, ერთადერთი, რისი თქმაც ნაჩქარევად შეიძლება, ის გახლავთ, რომ მკვლელი ქალია. ამის საფუძველს, იატაკსა და შემოსასვლელში, ტილოზე მკაფიოდ დატოვებული ქუსლიანი ფეხსაცმლის კვალი და ლანას თითებში აღმოჩენილი ბეწვები მაძლევს. ბეწვი, სავარაუდოდ, ან ქურქისაა, ან ქურქის საყელოსი. მოკლედ, ცხოველის ბეწვია, ქუსლიანი ფეხსაცმლის ნაკვალევი და ქურქის ბეწვი, სწორედ ქალბატონზე მიგვანიშნებს. ლანა გაგუდულია, შეიძლება, ქალის ტყავის წვრილი ქამრით, ჩანთის სახელურით, ან უბრალოდ, თასმით. მეტს ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გეტყვით, _ სულ ეს იყო, რაც ექსპერტმა ადგილზე მისულ გამომძიებელს უთხრა და ბევრი ვერც ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დაამატა. 

ლანა ქმარს გაცილებული იყო, შვილს მარტო ზრდიდა და ცხედარიც სწორედ შვილმა იპოვა ანუ დილით, 11 წლის გოგონა, დედისგან მალულად, სახლიდან ყვავილების საყიდლად გავიდა, როცა უკან დაბრუნდა, ეს სურათი დახვდა. როგორც ბავშვის დაკითხვიდან გაირკვა, გარეთ, მაქსიმუმ, 10-12 წუთი დაჰყო ანუ მკვლელმა ამ მონაკვეთში მოახერხა ბინაში შეღწევა, მკვლელობა, ბინაში ნაჩქარევი ჩხრეკის ჩატარება და გაქცევა. სახლიდან წაღებული თითქმის არაფერი იყო. მართალია, გამომძიებლებმა არ იცოდნენ, რა თანხას ინახავდა სტომატოლოგი და ზუსტ ციფრს ვერც ბავშვი იტყოდა, მაგრამ გამოწეულ უჯრაში ნანახი 400 მანეთი ნათლად მიუთითებდა, რომ მკვლელს ფულზე მეტად, სხვა რამ აინტერესებდა ანუ მკვლელმა ეს თანხა იპოვა, მაგრამ ხელი არ მოჰკიდა. ჰო, ყველაზე მთავარი _ როცა ბავშვი კიბეზე ამორბოდა, დაინახა, როგორ ჩადიოდა სწრაფი ნაბიჯით ქალი, რომელსაც ყელზე მელიის ქურქი ჰქონდა შემოხვეული და სახეს სწორედ მასში მალავდა. ძალიან დიდი ალბათობით, შვილმა დედის მკვლელს ჩაუარა გვერდით“. 

ლანას, ბატონი თენგიზის უფროსობის გარდა, თავად ისიც კარგად იცნობდა. ამიტომ მკვლელობა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. კბილის ტექნიკოსების ბინა თბილისში იშვიათად არ იქურდებოდა _ ეს კრიმინალების ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა იყო, მაგრამ მკვლელობას ყველა ერიდებოდა. გამოძიებამ დაკითხა ყველა, ვისი დაკითხვაც კი შეიძლებოდა, მაგრამ ახალს ვერაფერს მიაგნო. გარდაცვლილის სახლში იპოვეს ჟურნალიც, სადაც კლიენტების ვიზიტების დრო და თანხა იყო მითითებული, თუმცა იქ ძირითადად ისეთი ხალხი ეწერა, ლანას ოდენობის ფულს ერთ დღეში რომ შოულობდა და ამიტომ, მათზე ეჭვის მიტანა ძნელი იყო. გარდაცვლილის შვილი მამამ წაიყვანა, შემოწმდა ისიც, მაგრამ მამას მყარი ალიბი ჰქონდა და მასზე ეჭვის მიტანა გამორიცხული იყო ანუ სამართალდამცავები მუშაობდნენ ყველა მიმართულებით, ლანას საყვარელსაც კი მიაგნეს, ცოლ-შვილიან კაცს, რომელსაც ასევე, ალიბი ჰონდა. გამოძიება ეძებდა ქალსაც და კაცსაც, რადგან ექსპერტმა საინტერესო რამ თქვა _ ქუსლის კვალი იმდენად მკაფიო იყო, რომ ის ან ზომაზე მეტად მსუქან ქალს ეკუთვნოდა, ან ქალის ფორმაში გადაცმულ კაცსო. 

ბავშვი ამბობდა, რომ ის, ვინც კიბეზე შეხვდა, მსუქანი არ იყო, ამასთან, იმ დღეს, ადრიანი მარტის მიუხედავად, გვარიანად ცხელოდა და მელიის ქურქი მხოლოდ სახის დასამალად თუ გამოდგებოდა, თორემ სითბოსთვის, ნამდვილად ზედმეტი იქნებოდა. 

მკვლელობიდან ათი დღის შემდეგ, გარდაცვლილის ქმართან ოქრომჭედელი მივიდა და ოქროს ყელსაბამთან ერთად, ოქროს საკიდიც მიუტანა _ მტრედი. მთლიანობაში, ოქროს ნაკეთობა ორას გრამს იწონიდა, რაც ძალიან, ძალიან ბევრი იყო. ქმარყოფილმა სამართალდამცავებს დაურეკა და ოქრომჭედელი დაკითხვაზე დაიბარეს. 

_ ცოტა ხნის წინ, ლანამ ოქრო მომიტანა და მითხრა, ჩემი შვილისთვის ყელსაბამი და „მტრედი“ მინდა, ჩემი ცხოვრების მტრედია ეგ ბავშვი, რომ გაიზრდება, საქორწინო საჩუქრად ექნება და დამიმზადეო. ყელსაბამის ფორმა რომელიღაც უცხოურ ჟურნალში ნახა და იმის მიხედვით დამამზადებინა, „მტრედი“ კი ჩემით მოვიფიქრე. ვიცოდი, ლანა რომ მოკლეს, მაგრამ მე ხელოსანი ვარ, პატიოსანი ხელოსანი და ამიტომ, მისი ოქრო მის მეუღლეს გადავეცი, _ თქვა ოქრომჭედელმა და გამოძიებამ მის წესიერებაში ეჭვი არ შეიტანა, რადგან ეს კონკრეტული ოქრომჭედელი, თითქმის ერთადერთი იყო ქალაქში, რომელიც ჩუმად არ ყიდულობდა ნაქურდალ ოქროს და პატიოსნად მუშაობდა. 

სამართალდამცავებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ _ საიდან სტომატოლოგს ამდენი ოქრო?! ისევ ჟურნალს ჩაუსხდნენ და აღმოაჩინეს, რომ ოთხი თვის წინ, ლანამ აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი აგრარული ბაზრის დირექტორს ოქროს პროთეზი დაუმზადა ანუ ზედა და ქვედა ყბა მთლიანად ოქროში ჩაუსვა. გამომძიებლები დირექტორს შინ ესტუმრნენ და აღმოაჩნეს, რომ ოქროს ნაცვლად, მას ჩვეულებრივი პროთეზი ჰქონდა. სახლის შესასვლელში, საკიდზე, მელიის ქურქი იწონებდა თავს. გამოძიებამ ქურქი ექსპერტიზაზე წაიღო. 

_ და რა უნდა გაიგოთ ამ ქურქით? ასეთი ქურქი ნახევარ საქართველოს აქვს, _ გაიბრძოლა დირექტორმა და ექსპერტმა „დაამშვიდა“, _ ყველა ცხოველის ბეწვი ინდივიდუალურია ანუ როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდია უნიკალური და ანალოგი არ აქვს, ისეა ცხოველის ბეწვიც, ანალოგი არ აქვს და თუ ლანას თითებში აღმოჩენილი თმის ღერები აქედან არის, აუცილებლად დაემთხვევაო. 

ექსპერტიზის დასკვნას არ დაუგვიანია, მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი თმა, ბაზრის დირექტორის სახლში ნაპოვნი ქურქიდან იყო. აღსარების დრო დადგა. 

_ კბილები ხშირად მიფუჭდებოდა და მირჩიეს, პროთეზი გამეკეთებინა. გადავწყვიტე, მთლიანად ოქროს პროთეზი შემეკვეთა, რადგან სისხლი მაქვს ისეთი, დანარჩენ მეტალზე ალერგია მეწყება _ თითზე, ოქროს გარდა, ბეჭედს ვერ ვიკეთებ, ვერც კისერზე ვიკიდებ ოქროს გარდა ვერაფერს, მაშინვე ალერგია მეწყება. ლანა მირჩიეს, ჩამოვედი, ოქრო ჩამოვუტანე და ვუთხარი, პროთეზი დამიმზადე-მეთქი. იმანაც დაამზადა, მომარგო და ფული გადავუხადე. მთელი ერთი კვირა მტანჯავდა და მტკიოდა ყბები, ლანა მეუბნებოდა, მოჯდება, თავის ადგილს მონახავს და გაგივლისო. ერთ დღეს, სამსახურში ისე ცუდად გავხდი, სასწრაფო გამოიძახეს. საავადმყოფოში სეფსისი _ სისხლის მოწამვლა დამიდგინეს და ძლივს გადამარჩინეს. ექიმმა მითხრა, სისხლი გაქვს ისეთი, ოქროს გარდა არაფერი უნდა გაიკარო და ეს ლატუნის პროთეზიც შეცვალეო. გავოგნდი, რა ლატუნი-მეთქი და დამიდო წინ ჩემი პროთეზი, ლატუნისააო. ვერ დავიჯერე, ოქრომჭედელს შევამოწმებინე და დამიდასტურა, რომ ოქროს ნასახიც არ იყო ჩემს ახალ კბილებში. მაშინვე ლანას დავადექი, მან ხომ არ იცოდა, რომ მე სხვა მეტალზე ალერგია მქონდა და ჩემი ოქრო მოვთხოვე. თავი შორს დაიჭირა, რაც მომიტანე, იმით დავამზადე, თუ არ გჯერა, წადი და მიჩივლე, ისეთი მფარველები მყავს, ბაზარსაც უკან დაგატოვებინებენო. ამიტომ, 8 მარტს დავადექი, ვიცოდი, შვილი ყვავილების საყიდლად გამოვიდოდა, დაველოდე და ბინაში შევედი. ცოლის ტანსაცმელი მეცვა, ქურქიც იმიტომ მოვისხი, სახეს მიმალავდა. დამცინა, რას ჰგავხარო, მეორედ აქ მოსული არ დაგინახოო და გავგუდე. მერე, სახლი გადავატრიალე, მაგრამ ჩემს ოქროს ვერ მივაგენი, _ დაასრულა მონოლოგი ბაზრის დირექტორმა. 

სასამართლომ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბაზრის დირექტორს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში