Menu
RSS

საზარელი შურისძიება - სკოლის მოსწავლის მშობელს პურის საჭრელი დანა გულში გაუყარეს

თბილისის მილიციის ერთ-ერთი რაიონის განყოფილებაში შეტყობინება შევიდა - სკოლის გამოსაშვებ საღამოზე მშობელი მოკლეს.

 „იმედი მქონდა, რომ საქმე მკვლელობასთან კი არა, უბედურ შემთხვევასთან მქონდა, მაგრამ როცა ადგილზე მივედი, ჩემმა იმედმა ჩაილურის წყალი დალია. გარდაცვლილ მამაკაცს დანა ტარამდე ჰქონდა გულში ჩარტყმული და ეს უბედურ შემთხვევას არ ჰგავდა“, - უყვება გაზეთ ვერსიას მილიციის გადამდგარი პოლკოვნიკი ბატონი თენგიზი. 

 შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ სკოლის გამოსაშვები საღამოები ახლააა კრეატიული და საინტერესო, ადრე კი არაფერი ხდებოდა, მაგრამ შეიძლება პირიქით ითქვას. ადრე ანუ საბჭოთა კავშირის დროს, ბევრი რამ აკრძალული იყო და სრული თავისუფლება ბავშვებს მხოლოდ გამოსაშვებ საღამოზე ეძლეოდათ. თავისუფლებაში ძირითადად ჩაცმა იგულისხმებოდა, ოღონდ არა - ვულგარული, არამედ, გემოვნებიანი. მოდის უცხოური ჟურნალებიდან ამოჭრილი ესკიზებით გოგონები საოცარ კაბებს იკერავდნენ და გამოსაშვები საღამო ზღაპრული ფერიების თავყრილობას ემსგავსებოდა. ამიტომაც, ყველას უხაროდა ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება. 

„მაისის ბოლოს ქალაქის ქუჩებში გავლას არაფერი სჯობდა. ულამაზესი გოგო-ბიჭები მიაბიჯებდნენ სიცილ-კისკისით და მაშინ ხვდებოდი, რომ თაობა იზრდება და ყველაფერი კარგად იქნება. თითქოს, იმ ერთი კვირის განმავლობაში დანაშაულიც არ ხდებოდა, ყველას ყველაფერი უხაროდა და სახეზე ღიმილი ეკერა“, - გვივყება მილიციის გადამდგარი პოლკოვნიკი ბატონი თენგიზი. 

1981 წელს, თასების მფლობელთა თასის მოგების შემდეგ, თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები ეროვნული გმირები გახდნენ და ქვეყანაც რაღაც შემართებით ცხოვრობდა. ამას სკოლებში ბოლო ზარი და გამოსაშვები საღამოებიცდაემატა და სამართალდამცავებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ. ჰოდა, ამ საერთო მოდუნებისა თუ მხიარულების ჟამს, თბილისის ერთ-ერთი რაიონის განყოფილებაში შეტყობინება შევიდა - სკოლის გამოსაშვებ საღამოზე მშობელი მოკლეს. 

„იმედი მქონდა, რომ საქმე მკვლელობასთან კი არა, უბედურ შემთხვევასთან მქონდა, მაგრამ როცა ადგილზე მივედი, ჩემმა იმედმა ჩაილურის წყალი დალია. გარდაცვლილ მამაკაცს დანა 

ტარამდე ჰქონდა გულში ჩარტყმული და ეს უბედურ შემთხვევას არ ჰგავდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი. 

ზეიმი სკოლის სააქტო დარბაზში მიმდინარეობდა, მოსწავლეებთან ერთად, მშობლებიც ათენებდნენ ღამეს და გარდაცვლილი მამაკაცი სკოლის ეზოში დილით სამმა მოსწავლემ იპოვა. მათ მაშინვე პოლიციაში დარეკეს და როგორც ამტკიცებდნენ, ყველა, ვინც იმ დღეს ზეიმზე იყო, ადგილზე იმყოფებოდა. ისე გამოვიდა, რომ მკვლელი სწორედ მოსწავლეებში, მასწავლებლებსა და მშობლებში უნდა ეძებნათ. გარდაცვლილის შვილიც შოკში იყო, არ იცოდა, მამა ვინ მოუკლა და ყველას მტრულად უმზერდა. 

„ერთადერთი, ვინც ადრე წავიდა, ცოტა მოხულიგნო ელემენტი, ვინმე თამაზ ც. გახლდათ, არავინ იცოდა, ადრე რატომ დატოვა ზეიმი, მაგრამ ფაქტია, ის იქ არ იყო. გარდაცვლილი საკაცეზე რომ გადაიტანეს, სანთებელა გამოჩნდა. არ იყო უბრალო სანთებელა, მაშინ იშვიათად იშოვებოდა „ზიპო“ და თან ამას სპილოს ძვლის ორნამენტი ჰქონდა. სანთებელა მაღლა ავწიე და ვიკითხე, ვისია-მეთქი და ყველამ ერთხმად ამოიოხრა - თაზოსი. სამ თანამშრომელთან ერთად, თამაზის დასაკავებლად წავედი. სახლის კარი დედამისმა გაგვიღო, თავად ბიჭს კი ეძინა. ლოგინშივე დავადეთ ბორკილები და გაოცებული სახით შეგვხედა, რა მოხდაო? მე წინ სანთებელა დავუდე და გამარჯვებული სახით ვკითხე - შენია?! მან სანთებელას დახედა და უარყოფის ნიშნად თავი გადააქნია. არადა, ორმოცამდე ადამიანმა მითხრა, რომ სანთებელა სწორედ მისი იყო. თამაზმა თვალით მანიშნა პიჯაკზე, ჩემი სანთებელა ჯიბეში იქნებაო. ავდექი, ჩავყავი ხელი და გავოცდი - ზუსტად იგივე სანთებელა, ზუსტად იგივე სპილოს ძვლის ორნამენტი, ოღნდ თამაზის სანთებელა გაბზარული იყო და სწორედ ამით მიხვდა, რომ ჩვენს მიერ მიტანილი მისი არ იყო. ადრე კი იმიტომ წამოვიდა, რომ რაღაცით მოიწამლა და ვეღარ გაძლო. ექიმებმა მოწამვლის ფაქტიც დაადასტურეს და ისიც თქვეს, რომ თმაზს მთელი ღამე აუტანელი ფაღარათი ექნებოდა“,იხსენებს ბატონი თენგიზი. 

ძიება ჩიხში შევიდა და გადაწყდა, ყველა ცალ-ცალკე დაეკითხათ. დაკითხვებმა ძიებას ახალი არაფერი მისცა. ერთი ეგ იყო, სკოლის უხუცესმა მასწავლებელმა გაიხსენა, რომ გარდაცვლილიც მათი მოსწავლე იყო და 25 წლის წინ, როცა მან სკოლა დაამთავრა, ბოლო ზარზე უედური შემთხვევა მოხდა და გარდაცვლილის საუკეთესო მეგობარი სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. მაშინ ვერავინ გაარკვია, რა უნდოდა სკოლის სახურავზე და საქმე თვითმკვლელობად შეფასდა. 

„სწორედ ეს იყო ძაფის ბოლო. გავიგე, რომ 25 წლის წინ გარდაცვლილის ძმა იმავე სკოლაში, ორი კლასით უკან სწავლობდა, ახლა კი ისიც ბანკეტზე იყო, რადგან მისმა შვილმაც სკოლა დაამთავრა. ისიც დავკითხეთ და მართალია, ყველაფერი უარყო, მაგრამ მისი მეგობრების დაკთხვიდან გაირკვა, რომ სანთებელა მისი იყო. შესაბამისად, სამხილი გვქონდა და საბოლოო ჯამში, ჩვენებაც მივიღეთ. თურმე, 25 წლის წინ, ახლაგარდაცვლილი და მისი მეგობარი სახურავზე სიგარეტის მოსაწევად ასულან, უმალავდნენ მაშინ მშობლებს მოწევის 

ამბავს ბავშვები. ორივეს ერთი და იგივე გოგო უყვარდა და მოკლულმა მეგობარს ხელი ჰკრა და გადმოაგდო. საიდან გაიგო ძმამ ახლა ეს ამბავი? - საიდან და, კაცი დათვრა, შემთხვევით სამზარეულოში გარდაცვლილის ძმასთან განმარტოვდა და სიმთვრალეში წამოსცდა, რომ ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად აწევს, რომ საუკეთესო მეგობარი ვიღაც გოგოს გამო გაიმეტა. მერე უკვე ყველაფერი მარტივად მოხდა - კაცმა ის დანა აიღო, რომლითაც საზეიმო ტორტი დაჭრეს, გარდაცვლილი ეზოში გაიყვანა და დანა გაუყარა. ჯაჯგურში სანთებელა ჯიბიდან ამოუვარდა. დანაკარგი გვიან შენიშნა და გარეთ რომ გამოვიდა, გვამი უკვე სხვებმა იპოვეს. იქაურობა მოათვალიერა, სანთებელა ვერ იპოვა და დამშვიდდა, იფიქრა, სხვაგან დავკარგეო, თუმცა ის ვერ გაითვალისწინა, რომ სანთებელა გვამის ქვეშ იყო მოყოლილი“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა. 

მკვლელს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და მან საპატიმრო 8 წლის შემდეგ ამნისტიის საფუძველზე დატოვა. 

პატიმარი #0578 

დაბრუნება დასაწყისში