Menu
RSS

საშინელი ტრაგედია თბილისში - რატომ მოიკლა თავი თანამდებობის პირის ქალიშვილმა

 1985 წელს, ერთ-ერთი პარტიული მაღალჩინოსნის შვილმა თავი მოიკლა. მაშინ ეს იმას ნიშნავდა, რომ პარტმუშაკი შესაძლოა, დაექვეითებინათ და მისი კარიერული წინსვლა საერთოდ შეჩერებულიყო. ამიტომ, ყველა მაქსიმალურად ცდილობდა, რომ თვითმკვლელობა არ დაფიქსირებულიყო. საბჭოთა კავშირის დროს ამბობდნენ, ჩვენთან თვითმკვლელობები არ ხდება და ამას მხოლოდ ფსიქიკურად შეშლილი ადამიანები ჩადიანო. დიახ, თუ ადამიანი თავის მოკვლას შეეცდებოდა და გადარჩებოდა, მას ფსიქიატრიულში ათავსებდნენ. არადა, ეს ის შემთხვევა იყო, როცა ეჭვს ვერავიზე მიიტანდი. მაღალჩინოსანი შინ ცოლთან, შვილსა და სიძესთან ერთად იმყოფებოდა და სწორედ შვილის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, როცა ქალმა ფანჯარა გამოაღო და მეოთხე სართულიდან გადახტა. საქმე პოლიციის აწ უკვე გადამდგარ პოლკოვნიკს, ბატონ თენგიზს ჩააბარეს და არა იმიტომ, რომ სხვა ვერავინ გამოიძიებდა, არამედ იმიტომ, რომ პოლკოვნიკი მაღალჩინოსნის ახლობელი იყო და მას ყველაფერი ეს, როგორც უბედური შემთხვევა, ისე უნდა გაეტარებინა და ამით მეგობრის კარიერა ეხსნა.

მაინც, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი და რატომ გადახტა ფანჯრიდან თანამდებობის პირის ქალიშვილი?

 „კი იცი შენ, თენგო, სამი წლის წინ ჩვენს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ერთადერთი ქალიშვილი მყავდა და მასაც ერთადერთი შვილი, 8 წლის გოგონა, რომელიც კურორტზე დასვენების დროს, ზღვაში დაიხრჩო. სამწუხაროდ, ცხედარი ვერ ვიპოვეთ და ამის მერე შვილი შეიცვალა, ჩაკეტილი გახდა. გამოცოცხლება ბოლო ორი თვის განმავლობაში დაეწყო, თითქოს გახალისდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, დაბადების დღე აღგვენიშნა, მაგრამ აგერ, რა მოხდა. ვისხედით, ის ფანჯარასთან მივიდა, მერე გამოაღო, გამოგვხედა, ყველაფერი მორჩაო, თქვა და გადახტა“, - დაასრულა ჩინოვნიკმა და დაადასტურა, რომ ინციდენტს წინ კონფლიქტი არ უძღოდა.

მოკლედ, ბატონ თენგიზს უნდა დაეწერა, რომ ქალმა ფანჯარა გამოაღო, გადაიხარა და გადავარდა და ამის გაკეთებასაც აპირებდა, როცა გარდაცვლილის დედამ ძალიან უცნაური რამ თქვა:

„მეც მჯეროდა, რომ დავიწყებული ჰქონდა ყველაფერი, მაგრამ ალბათ, ის წარწერა რომ დაინახა, მაშინ რაღაც გადაეკეტა და გადახტა.“

ქალის თქმით, წარწერა კი კორპუსის მოპირდაპირედ მდგარ ავტოფარეხზე იყო გაკეთებული და „ყველაფერი მორჩა“ ეწერა. საოცარი ის გახლდათ, რომ მეორე დღეს ავტოფარეხი გაღებული იყო და წარწერა აღარ ჩანდა. პოლკოვნიკი ავტოფარეხის მეპატრონეთი დაინტერესდა და მან უცნაური ისტორია უამბო.

„ჩემი ავტიფარეხის წინ ნათურა დავაყენე და მალევე გადაიწვა. დაახლოებით, ორი თვის წინ გამოცვლილი დამხვდა, აინთო. ჯერ ვიფიქრე, დამწვარი არ იყო და კონტაქტი არ უვარგოდა-მეთქი, მაგრამ მერე ჩემს „გარაჟზე“ უცნაური წარწერები გაჩნდა. ერთხელ ეწერა: „გაფრთხილებ“, მერე - „სამი დღე დაგრჩა“, მერე... აღარ მახსოვს და ბოლოს, - „ყვეელაფერი მორჩა“. ვყარაულობდი ხოლმე, მაგრამ ხომ იცი, მაინც წამთვლემდა და დილით წარწერა მხვდებოდა. ახლა კი საერთოდ გადაღებილი დამხვდა და იმედია, ბოლოს, „ყველაფერი მორჩა“ რომ დააწერეს, მართლა მორჩა...“

პოლიციამ ისიც გაარკვია ,რომ ბოლო ორი თვის განმავლობაშ, ქალმა საახლობლო-სამეგობროში ყველა სამკაული გაყიდა (დაახლოებით, 10 ათასი მანეთის ღირებულების ოქრო და ბრილიანტი), ფული ისესხა ყველასგან, ვისგანაც კი შეიძლებოდა. რაც მთავარია, არავინ, არავინ იცოდა, სად წაიღ ამხელა თანხა. გამომძებლის ინიციატივით, მაღალჩინოსნის ბინის ჩხრეკა ჩატარდა და ერთ-ერთ წიგნში გოგონას სურათი იპოვეს.

„ეს... ეს ჩემი შვილიშვილია, ოღონდ ცოტა გაზრდილი, ანუ ასეთი იქნებოდა ახლა, ცოცხალი რომ იყოს, მაგრამ... ეს ხომ ახალი ფოტოა“, - ენა დაება მაღალჩინოსანს.

ფოტო თბილისში იყო გადაღებული, რომელზეც კომუნიზმის პროპაგანდისტული ერთ-ერთი პლაკატი ჩანდა. სწორედ ეს ამტკიცებდა, რომ ფოტო ნამდვილად ახალი იყო, ანუ გამოდიოდა, რომ მაღალჩინოსნის შვილიშვილი, რომელიც დაიხრჩო და გვამი ვერ იპოვეს, ცოცხალი გახლდათ. სახლში ფული ვერ იპოვეს და ძიებამ ივარაუდა, რომ ბავშვი გაიტაცეს და ახლა ოჯახს შანტაჟი დაუწყეს, თუმცა...

ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სურათზე გოგონას ხალი ხელოვნურად იყო დამატებული, ანუ მონტაჟი გახლდათ და სწორედ ეს ხალი იყო, რის გამოც მაღალჩინოსანს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ფოტოზე აღბეჭდილი გოგონა ნამდვილად მისი შვილიშვილი იყო. ექსპერტიზამ ისიც დაასკვნა, რომ ფოტო უმაღლესი ხარისხის, ამერიკული ფოტოაპარატით იყო გადაღებული და ასეთი ფოტოაპარატი საქართველოში მხოლოდ ცეკას და... კინოსტუდიას ჰქონდა. ცეკა გამოირიცხა, რადგან ფოტოს გადაღება იქ მკაცრი პროტოკოლით იყო გაწერილი და შემთხვევით არავინ არაფერს გადაიღებდა. კინოსტუდიაში კი მაღალჩინოსნის სიძე რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა. მაღალჩინოსნის მოთხოვნით, სიძე დააკავეს და საქმეში უშიშროება ჩაერთო. უშიშროების მუშაკთა „დაკითხვას“ სიძემ ვერ გაუძლო.

„შვილის გარდაცვალების შემდეგ, ცოლი აღარ მეკარებოდა. რამდენიმე თვის წინ კი მითხრა, რომ უნდა დავშორებულიყავით. მივხვდი, ჩემი მომავალი განადგურდებოდა, ჩინოვნიკი არაფერს მომცემდა და მშრალზე დავრჩებოდი. ერთ-ერთი ფილმისთვის გოგონებს ვარჩევდით და სურათები, როგორც რეჟისორის ასისტენტს, მე მომიტანეს. ამ გოგონებს შორის იყო ფოტო, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩემს გარდაცვლილ შვილს. ამიტომ, ბევრი არ მიფიქრია, ფოტოს ხალი დავამატე და ცოლს გავუგზავნე, შვილი თუ გინდა, 20 ათასი უნდა მოიტანო-მეთქი. მან ფულის მოგორვება დაიწყო, წარწერებს გარაჟზე ვუტოვებდი. წერილით გავაფრთხილე, მილიცია თუ რამეს გაიგებს, შვილს ვეღარასოდეს ნახავ და წარწერას დაგიტოვებ, რომ ყველაფერი მორჩა-თქო. ბოლო თანხა რომ ჩამაბარა, მივხვდი, წარმოდგენა უნდა დამემთავრებინა, სანამ დაბადების დღის აღსანიშნავად ავიდოდი, წარწერა დავტოვე და ვერ ვიფიქრებდი, რომ თავს მოიკლავდა“, - ასეთი იყო გარდაცვლილის ქმრის აღსარება.

მაღალჩინოსანს სასამართლოზე ზეწოლა არ მოუხდენია, თუნდაც ერთი წელი მიეცით, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვსო და მართლაც, სასამართლომ სიძეს ყველაფრისთვის 6 წელი მიუსაჯა, თუმცა...

„როცა მაღალჩინოსნის სიძე ციხიდან ზონაზე გადაიყვანეს, ორი კვირა არ იყო გასული, სასჯელაღსრულებამ მე, როგორც საქმის გამომძებელს რომ მომწერა, ვიღაცამ ღამით მას ყელში დანა გამოუსვა და მოკლა. რა თქმა უნდა, ძიება შორს არ წასულა და არც არავინ დაუსჯიათ. უბრალოდ, იმ მაღალჩინოსანმა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებშიც გავლენიანი ფიგურა იყო, შური ასე იძია“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.

 

პატიმარი #0578

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში