Menu
RSS

რომელი „კანონიერი ქურდია“ კორონავირუსით დაინფიცირებული

რატომ გაურთულდათ ქართველ კრიმინალებს ცხოვრება ევროპაში და რას ედავებიან რუსი სამართალდამცავები კახა ფარფალიას

იყო დრო, როცა საქართველოში „კანონიერი ქურდების“ რაოდენობა სამასს აჭარბებდა. მაშინ, 90-იანი წლების მიწურულსა და ზოგადად, 2000 წლამდე, ქურდობა ერთგვარ რომანტიზმთან იყო დაკავშირებული. უფრო მეტიც, როცა ადამიანთა გარკვეული კატეგორია „კაი ბიჭის“ სტატუსით ცხოვრობდა, უბანშიც პოპულარული გახლდათ, საპისირპირო სქესშიც და ისიც გვახსოვს, ერთი პერიოდი, ქურდის ცოლობა ან „კაი ბიჭის“ შეყვარება პატივად რომ ითვლებოდა. ჰო, იყო ის პერიოდიც, როცა ნარკომანები „კაი ტიპები“ იყვნენ და ლამის მთელი საქართველო წამალზე „შეჯდა“. ვისაც არ ახსოვს, იმასაც შევახსენებთ, რომ სწორედ 90-იან წლებში, მოდური გახლდათ კოჭლობა. აბა, როგორ შეიძლება, კოჭლობა მოდური იყოს, მაგრამ იყო და იცით, რატომ? _ ბიჭებს ნაირ-ნაირი „ტროსტებით“ რომ მოეწონებინათ თავი. ხელ-ჯოხით სიარული იმდენად პოპულარული გახდა და ისეთი მოთხოვნადი იყო, რომ ლამის ყოველი მეორე კოჭლობას იგონებდა, ჯოხს ეყრდნობოდა და ისე დადიოდა. ჰო, ჯოხებზე უმთავრესად ქურდული ვარსკვლავები და სიმბოლიკები იყო ამოტვიფრული.

დღეის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, საერთო ჯამში, 444 „კანონიერი ქურდია“. სამწუხაროდ, ამ ოდენობის 58%-ს ქართველები შეადგენენ, 12% _ რუსია, 8% _ სომეხი, 6% _ ქურთი და იეზიდი (მათი ოდენობის ზრდა, პირადად შაქრო კალაშოვის სახელს უკავშირდება), 4% _ აზერბაიჯანელი. დანარჩენები კი ჩეჩნები, ბერძნები, ებრაელები, უკრაინელები არიან... 

„კანონიერი ქურდები“ მსოფლიოს მასშტაბით არიან მიმოფანტულნი და უცხოური გამოცემები დაინტერესდნენ, რამდენ მათგანს აქვს კორონავირუსი. ეს მხოლოდ სპორტული ინტერესი არ არის. საქმე ისაა, რომ არაერთი „კანონიერი ქურდი“ იძებნება და თუ რომელიმე ძებნილს ვირუსი შეხვდა, ის, დიდი ალბათობით, საავადმყოფოში უნდა იყოს. ამიტომაც, ევროპელი, რუსი, უკრაინელი სამართალდამცავები, სწორედ სავადმყოფოების სიებს ამოწმებენ და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ძებნილებს აქტიურად ეძებენ. 

როგორ გგონიათ, რა გაარკვიეს სამართალდამცავებმა და რამდენ ძებნილ „კანონიერ ქურდს“ მიაგნეს? პასუხი, ცოტა არ იყოს, სასაცილოა _ არცერთს ანუ ოფიციალური მონაცემებით, 444 „კანონიერი ქურდიდან“, ერთიც არ არის არც იზოლაციაში, არც _ ვირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში.  

უფრო მეტიც, გაირკვა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ქურდებიდანაც არავინაა დაავადებული. 

რომ ვთქვათ, „კანონიერი ქურდები“ იმალებიანო, სიმართლე არ იქნება, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ, ახლა კი... 

გასულ წელს დაკავებული კახა ფარფალია, რამდენიმე დღის წინ გაასამართლეს. ფარფალია, რომელსაც რუსი სამართალდამცავების ცნობით, მოსკოვის „ობშჩიაკი“ ებარა, ყველასთვის მოულოდნელად აიყვანეს. ის არ აფუჭებდა არაფერს, დადიოდა სახლიდან რესტორანში (რომელსაც მის არაოფიციალურ შტაბად ასახელებენ), ხვდებოდა ჩინიანსა თუ უჩინოს, მისი გავლენა კრიმინალურ სამყაროში უზარმაზარი იყო, მაგრამ სამართალდამცავები ვერაფერს ედავებოდნენ, რადგან კრიმინალს არ სჩადიოდა და თუ ჩაიდენდა, ძალოვანებს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები, უბრალოდ, არ გააჩნდათ. 

ჰოდა, რუსი სამართალდამცავები მოიქცნენ ისე, როგორც ასეთ დროს იქცევიან ხოლმე _ ფარფალიას დაკავების ბრძანება უმაღლესი ეშელონებიდან გაიცა (დაბალი რგოლი ამას ვერ გადაწყვეტდა და ვერც გაბედავდა) და ის იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო დააპატიმრეს. 

ის, რომ კახას იარაღი არაფერში სჭირდებოდა, ყველამ იცოდა, რადგან მასზე პირდაპირ ვერავინ გაიწევდა, სნაიპერს თუ დაიქირავებდა ვინმე. იარაღი არაფერში გამოადგებოდა და მთავარი, მას მუდმივად ახლდა დაცვის ოთხი შეიარაღებული წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ იარაღის საჭიროება, უბრალოდ, არ იყო. 

როგორც წესი, რუსეთში იარაღზე დაკავებულ ხალხს, დაახლოებით, ათი ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ უშვებენ. ფარფალიას ადვოკატებმა მოსამართლეს ერთი მილიონი ევროს გირაო შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს და, საბოლოო ჯამში, გასულ კვირას, 4 წლით (ამ მუხლის მაქსიმუმი) თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

რა თქმა უნდა, „ობშჩიაკი“ სხვამ გადაიბარა, თუმცა ყველა ხვდება, რომ ფარფალიას დაკავება შემთხვევითი არ იყო და რაც მთავარია, მისი შემცვლელი ვერ იქნება ისეთივე გავლენიანი, როგორიც კახა გახლდათ. 

ახლა, რაც შეეხებათ მათ, რომლებიც თითქოს უნდა იმალებოდნენ. ბოლო ერთ კვირაში, თურქეთში, კერძოდ, სტამბოლსა და ტრაბზონში, ორი „სხადნიაკი“ გაიმართა. ერთს ათამდე ქურდი დაესწრო, მეორეს _ 30-მდე ანუ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, ერთბაშად, 40-მა „კანონიერმა ქურდმა“ მოინახულა. 

როგორც ამბობენ, სტამბოლის შეკრება იტალიაში მყოფი მერაბ ჯანგველაძის დაგეგმილი და განხორციელებული იყო, ხოლო ტრაბზონის „სხადნიაკი“ _ ნადირ სალიფოვს, იგივე „გულუს“ ბრალდება. 

საინტერესოა, რომ არც ჯანგველაძე და არც სალიფოვი თურქეთში არ ჩასულან და შეკრებილებმა საკითხი მათ გარეშე განიხილეს. 

სიმართლე გითხრათ, ორივე შემთხვევაში ვიცით საუბრის დეტალები და შინაარსი, მაგრამ ვფიქრობთ, ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს, ვისთან რა პრეტენზიები აქვთ „კანონიერ ქურდებს“, ვის უპირებენ სტატუსის გარეშე დატოვებას და ა.შ. 

21-ე საუკუნეში, „კანონიერი ქურდის“ ინსტიტუტის არსებობა ძალიან პარადოქსულია. ისე ჩანს, ძველი, გავლენიანი ქურდები ამას ხვდებიან კიდეც და ინერციითაც მიდიან, თორემ რეალურად, ძველ „ქურდულ კარაბადინში“ „დაწერილი“ დაუწერელი კანონები, პრაქტიკულად, აღარ მოქმედებს და თითქმის არცერთი ქურდი აღარ ცხოვრობს „ბრადიაგულად“. 

ჰო, ეს ტერმინი _ „ბრადიაგა“, ლამის მთავარი კომპლიმენტი იყო შავი სამყაროს კოჰორტისთვის და რაღა „ბრადიაგა“, მათ უმრავლესობას ფეშენებელური ვილები და საუცხოოდ გამართული ბიზნესები აქვთ. 

სავარაუდოდ, ამის და კიდევ ბევრი რამის გამო, საქართველოში „ქურდული რომანტიზმი“ ნელ-ნელა გადავიდა მოდიდან, მაგრამ ბოლომდე მაინც არ დასრულებულა. დღესაც ათეულობით და ასეულობით პატიმარია, რომელიც „კაი ბიჭის“ სტატუსით სარგებლობს, „ზონის“ „მაყურებლობასა“ და შესაბამისად, ქურდობაზეც ოცნებობს. 

დღეს, ყველაზე გავლენიანი ქურდები ან შინაპატიმრობაში არიან, ან ოფიციალურად იხდიან სასჯელს და ამიტომ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ჭირს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ თავისუფლებაზე მყოფმა შაქრო კალაშოვმა ახალი „კანონიერი ქურდების“ „კურთხევა“ აკრძალა. მართალია, ამ აკრძალვამ დიდ ხანს არ იმოქმედა და ის კალაშოვზე არანაკლებ გავლენიანმა ვაჟა ბიგანიშვილმა დაარღვია, მაგრამ რეალურად, ეს გახლდათ პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო. ეს რაღაც კი, პირველ რიგში, წესების გამკაცრებასა და ძველ ყაიდაზე ნაწილობრივ დაბრუნებას გულისხმობდა. 

ახლა კი კალაშოვი ციხეშია, ათწლიან სასჯელს იხდის და ძალიან საეჭვოა, ვინმემ კიდევ სცადოს რაიმეს შეცვლა. ამას, ჯერ ერთი, გავლენა სჭირდება და მეორეც, როცა რაღაცას ცვლი, უნდა ახსნა და რაც მთავარია, უკეთესი უნდა შესთავაზო. 

დღეის მდგომარეობით კი, უკეთესის შეთავაზება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება, რადგან საქართველოს შემდეგ, უკვე არაერთი ქვეყანა ოფიციალურად, კანონით სჯის სტატუსის გამო, რაც „კანონიერ ქურდებს“ მოქმედების არეალს ძალიან უმცირებს. 

ჰო, ისიც გვითხრეს, კორონავირუსის გამო, სამართალდამცავები ყველა ქვეყანაში აქცენტს, სწორედ ვირუსზე აკეთებენ და პარალელურად, მხოლოდ ძებნილების ბედით ინტერესდებიანო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიმინალს გასაქანი მიეცა, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც ძარცვა ან ბინის ქურდობა გამორიცხულია. ყოველ ფეხის ნაბიჯზე პოლიციაა, ყველა სახლშია და ვინმემ რომ მოახერხოს მაინც, გადაადგილებასა და ნაძარცვ-ნაქურდალის წაღებას ვერ შეძლებს, რამეთუ ამის უფლებას სამართალდამცავები არ მისცემენ. 

ეს განსაკუთრებით იტალიასა და ესპანეთზე ითქმის _ ქვეყნებზე, სადაც პოლიციასთან ერთად, სიტუაციას ჯარიც აკონტროლებს და გაქცევის შემთხვევაში, სროლის უფლებაც აქვთ. შესაბამისად, იმ ემიგრანტ ქალებზე ცუდ დღეში, რომლებიც უმუშევრები დარჩნენ, სწორედ ისინი არიან, რომლებიც თავს ქურდობით ირჩენდნენ.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში