Menu
RSS

როგორ შეიძლება გავრცელდეს კორონავირუსი ციხეში

უნდა გამოცხადდეს თუ არა კარანტინი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

ქვეყანაში საგანგებო მდგომრეობა გამოცხადდა. ამისკენ ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ მივდიოდით და მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. მართალია, ჯერ კომენდანტის საათი არ არის და არც აუცილებლად სახლში დარჩენის კანონია გამოსული, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს დღეებში, ესეც შემოიღონ. პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტში გარკვევითაა მითითებული, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს უფლება აქვს, კერძო პირის საკუთრებაში არსებული ობიექტი საკარანტინო ზონისთვის გამოიყენოს და რეალურად ასეც ხდება _ არაერთ სასტუმროში არიან განთავსებულნი კარანტინში მყოფი ადამიანები და იქ სავალდებულო ორ-კვირიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ერთი შეხედვით, ყველაფერი ეს რთული თავისუფლებაზეა, მაგრამ ძალიან მარტივი უნდა იყოს ციხეში _ სასჯელაღსრულებითი დაწესებულება თავისი ინფრასტრუქტურით, ხომ ერთგვარი საკარანტინო ზონაა, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლია საგანგებო მდგომარეობა შემოიღო და, მით უმეტეს, ახლა, როცა ქვეყანა ეპიდემიის საშიროების წინაშე დგას, თუმცა ეს მედლის ერთი მხარეა. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი გისოსებს მიღმა შეაღწევს? ახლა გიამბობთ, რა საშუალებით შეიძლება მოხვდეს ვირუსი ციხეში და იმედია, იუსტიციის სამინისტრო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ამ საშიშროებას უჩვენოდაც ითვალისწინებენ. დავიწყოთ სულ თავიდან ანუ პიროვნების დაკავების მომენტიდან.

დაკავების შემდეგ, პიროვნებას ათავსებენ წინასწარ იზოლატორში, „კა-პე-ზე“-ში“ („კამერა პრედვარიტელნოგო ზაკლუჩენია“). მას ურთიერთობა აქვს სამართალდამცავებთან, ასევე, ურთიერთობა აქვს წინასწარი დაკავების იზოლატორის ბადრაგსა და ექიმებთან. 

 

საქმე ისაა, რომ ყველა დაკავებულს, იზოლატორში შეყვანის წინ, ათვალიერებენ, ხომ არ აქვს დაზიანებები, ჩალურჯებები და ა.შ. წინასწარი დაკავების იზოლატორში, მაქსიმუმ, 48-საათიანი ყოფნის შემდეგ, პირს ან ათავისუფლებენ, ან გადაჰყავთ სასამართლოში ბრალის წარსადგენად. 

მივყვეთ ბრალს _ სასამართლოში დაკავებულს ურთიერთობა აქვს სასამართლოს ბადრაგთან ანუ „ვარონკის“ ეკიპაჟსა და ადვოკატთან. წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, დაკავებული მიჰყავთ ციხეში, სადაც ათავსებენ „კარანტინში“. ყველაფერი ეს იმიტომ ხდება, რომ დაკავებული, მით უმეტეს, თუ ის პირველად არის მოხვედრილი ასეთ „გაუგებრობაში“, ნელ-ნელა შეეჩვიოს სიტუაციას და მისთვის ეს ფსიქოლოგიურად ადვილი გადასატანი იყოს. 

საქართველოს ყველაზე დიდ _ გლდანის ციხეში, ხუთი საკარანტინო ოთახია. თითო ოთახში ექვსი საწოლი ანუ ექვსი ნარი დგას და ოთახის მოცულობა 12 კვადრატული მეტრია (ამ 12 კვადრატულში შედის საპირფარეშოც) ანუ საქართველოს ყველაზე დიდ, გლდანის ციხეს, ერთდროულად, კარანტინში შეუძლია ჰყავდეს, მაქსიმუმ, 30 ადამიანი (ეს, რა თქმა უნდა, კანონით). 

რეალურად კი, წინა ხელისუფლების დროს, 12 კვადრატულ მეტრში, რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მინიმუმ, 30 ადამიანი ანუ 150 პატიმარზე მეტი. 

რა ხდებოდა ამ დროს შიგნით? _ ამქვეყნიური ჯოჯოხეთი თუ არ იცით რა არის, ეს გლდანის ციხის კარანტინი იყო. პატიმრებს რიგ-რიგობით, 2-2 საათი ეძინათ იმ ექვს საწოლზე, დანარჩენები კი, იმის გამო, რომ დასაჯდომიც არ იყო, ფეხზე იდგნენ. 

საკარანტინო ოთახს აქვს ერთი პატარა ფანჯარა, რომელიც უსაფრთხოების მიზნით, მხოლოდ ნახევრამდე იღება. ამიტომ, 30 ადამიანის ნასუნთქი ჰაერი ჭერთან კონცენტრირდება და ოფლის ოხშივარს ერევა, წვეთებად ეკვრის ჭერს და პატიმრებს საკუთარი ოფლი აწვიმდათ. 

ყოველ ორ საათში, ბადრაგები აღებდნენ კარს, შემოდიოდა სხვა პატიმარი, „ქათამი“, რომელსაც ხელში სპეციალური, გრძელპირიანი იატაკის ჯოხი ეკავა ბოლოში პლასტმასის ფრთებით და საკარანტინო ოთახიდან დერეფანში ოფლის გუბეებს ღვრიდა, იქ კი მას უკვე სხვები წმენდდნენ. ეს რომ არ გაეკეთებინათ, საკარანტინო ოთახებში ოფლისა და ამონასუნთქის ოხშივსრისგან წარმოქმნილი წვეთებისგან დამდგარი გუბე, პატიმრებს მუხლებამდე მისწვდებოდათ. 

სამი დღის შემდეგ, პატიმრებს თითები უთეთრდებოდათ და კანი ეფცქვნებოდათ ანუ სიცხისგან, უბრალოდ, იხარშებოდნენ და არ ჰქონდა მნიშვნელობა, როგორი ამინდი იყო გარეთ, კარანტინის ოთახში მუდმივად ოხშივარი იდგა, რადგან ერთ კვადრატულ მეტრზე, თითქმის სამი კაცი მოდიოდა.  

ასეთ პირობებში, საკმარისია ერთი დაავადებულიც კი, რომ ყველა დანარჩენს დაავადება გადაედოს, თუმცა ახლა სიტუაცია, მეტ-ნაკლებად, გამოსწორდა. დიდი იმედი გვაქვს, რომ დღეის მდგომარეობით, საკარანტინო ნაწილში კანონს ზედმიწევნით იცავენ და მხოლოდ ექვსი პატიმარი ჰყავთ, თორემ კორონავირუსის გავრცელებამდე, თითო ოთახში 15-20 პატიმრის ყოფნა, არც ამ ხელისუფლებისთვის იყო უცხო ხილი. 

სამ-დღიანი კარანტინის შემდეგ, პატიმარი აჰყავთ კამერაში ანუ ციხის საკანში, სადაც სხვა პატიმრებთან ერთად ცხოვრობს. საკნები 4, 6, 8 და 10-კაციანია, თუმცა ყველაზე ცოტა, სწორედ 10-კაციანი საკნების ოდენობა გახლავთ. სამაგიეროდ, 6-კაციანი საკნები მრავლადაა და მათი ფართობიც 12 კვადრატული მეტრია ანუ რეალურად, სტანდარტი _ ერთ პატიმარს 2 კვადრატული მეტრი _ გლდანის ციხეში დაცულია. 

საკანში შესულ პატიმარს ურთიერთობა აქვს უკვე თანასაკნელებთან და ციხის ბადრაგთან, ზედამხედველებთან, ციხის რეჟიმის წევრებთან და ციხის საავადმყოფოს ექიმებთან. პარალელურად, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და პატიმარი სასამართლოზე „ვარონკით“ სხვა პტიმრებთან ერთად მიჰყავთ. 

პატიმრების გადასაყვანი თანამედროვე მანქანები ანუ ისინი, რომლებითაც წინა ხელისუფლება ამაყობდა, ორ ნაწილადაა გაყოფილი, შესასვლელი ერთი მხრიდან აქვს. თითო ნაწილი 3 კვადრატული მეტრია ანუ სამი მეტრი სიგრძე, ერთი მეტრი სიგანე და ორივე მხარეს ფიცარი ისეა დამაგრებული, ციხიდან სასამართლომდე და უკან, პატიმრებმა დასხდომა შეძლონ. ისევ იმ წინა ხელისუფლების დროს, ამ სამ კვადრატულ მეტრში, ოც პატიმარს ტენიდნენ და დაჯდომა კი არა, ცალ ფეხზე დგომაც სანატრელი იყო. ერთმანეთზე მისრესილ პატიმრებს სუნთქვა უჭირდათ. ამ შემთხვევაშიც, ერთი დაავადებულის ყოფნა საკმარისია იმისთვის, რომ დანარჩენებს გადაედოთ. 

სასამართლოს განაჩენისა და სასჯელის მიღების შემდეგ, პატიმარი ციხეში, მინიმუმ, ორ თვეს კიდევ ატარებს, რადგან შეეგუოს სასჯელის ოდენობას, ფსიქოლოგიურად მოემზადოს იმისთვის, რომ გარეთ მალე ვერ გავა და ამის შემდეგ მიჰყავთ „ზონაზე“. 

აი, „ზონაზე“ „კამერები“ სხვადასხვაგვარია. ექვს-კაციანი საკნებიდან დაწყებული, 40-კაციანით დამთავრებული. ჰო, არის საკანი, სადაც 40 პატიმრია მოთავსებული და შესაბამისად, მათ შორის დისტანცია მცირეა, რადგან საკნის მოცულობა 80 კვადრატული ნამდვილად არ არის. 

„ზონაზე“ მყოფ პატიმრებს შემხებლობა აქვთ ბადრაგსა და საკვებთან, რომელსაც გარედან შემოსული მზარეულები ამზადებენ. ასევე, ისინი „ზონაზე“ (ციხეზეც) არსებულ მაღაზიებში ყიდულობენ საკვებს, საპარსს, იმ ნივთებს, რაც სჭირდებათ, ყავას, რომელიც ციხის მენიუში არ არის და ესეც საფრთხეა, რადგან მოხმარების პროდუქტები ციხეში გარედან შედის. 

„ზონაზე“ პატიმრებს შეხება აქვთ ოჯახის წევრებთანაც, რომლებთან პაემანიც ექვს თვეში ერთხელ ეკუთვნით. ისინი სპეციალურად პაემნებისთვის აშენებულ ოთახში ოჯახის წევრების (მაქსიმუმ, 2 წევრი) გარემოცვაში, 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან. დაზუსტებით ჯერ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნული პაემნები ოფიციალურად შეაჩერა. 

შესაბამისად, პატიმრებს ერთმანეთის გარდა, შეხება აქვთ გარე სამყაროსთანაც. იმედია, ციხეში, „ზონაზე“, წინასწარი დაკავების იზოლატორში შემავალ ბადრაგებს სიცხეზე ამოწმებენ და ისინიც მაქსიმალურად ცდილობენ იმ მოთხოვნების დაცვას, რაც ხელისუფლებასა და ჯანდაცვის სისტემას აქვს. 

ჩვენი მოკრძალებული აზრით, გამოსავალი ცოტა მძიმე, მაგრამ აუცილებელია: „ზონები“ უნდა გადავიდნენ მთლიანად დახურულ სისტემაზე ანუ პატიმრებს უნდა შეეზღუდოთ თავისუფლად გადაადგილების უფლება, ისინი მათივე უსაფრთხოების გამო, ჩაკეტილნი უნდა იყვნენ საკნებში და ეს მაქსიმალურად შეამცირებს შემხებლობას გარე სამყაროსთან. 

პარალელურად, როგორც ციხეზე, ისე „ზონაზე“ მიყვანილი პატიმრები უნდა იყვნენ ორი კვირა ცალკე საკანში, მათზე ზუსტად ისევე უნდა მოხდეს დაკვირვება, როგორც ეს თავისუფლებაზე, საკარანტინო ადგილებზე ხდება. 

სხვაგვარად, თუ „ზონაზე“ კორონავირუსი შეაღწევს, პრაქტიკულად, კატასტროფის წინაშე დავდგებით, რადგან ძალიან სწრაფად გავრცელდება იმიტომ, რომ პატიმრებს ერთმანეთთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ და ერთი ჭიქიდან ჩაისა და ყავის დალევაც არ არის უცხო ხილი.

პატიმარი #0578

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში