Menu
RSS

რუსთავში რუსი პროფესორი ცოცხლად დაწვეს

ვინ არის მკვლელი და რის გამო გაიმეტა სასიკვდილოდ ხანშიშესული მამაკაცი

ახალ თაობას, ალბათ, წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ როგორ ტელევიზორებში უყურებდნენ მათი მშობლები ახალ ამბებსა და ფილმებს. ახალგაზრდებმა, ცხადია, არც ის იციან, რომ არსებობდა მხოლდ 3 არხი, არ არსებობდა გასართობი გადაცემა და ე.წ. რეალითი შოუ. ისიც უცხოა ამ თაობისთვის, რომ უნდა ამდგარიყავი და მისულიყავი ტელევიზორთან, რათა გადაგერთო და კარგ ანტენაზე „გეჩალიჩა“... რაც მთავარია, გარკვეულ დრომდე, ყველაფერი ეს, შავ-თეთრ ფერებში იყო ზუსტად ისე, როგორც დანარჩენი ყველაფერი, საბჭოთა კავშირში. შემდეგ, ნელ-ნელა შემოვიდა ფერადი ტელევიზორი, ოღონდ იმასაც ანტენა და ტალღების დასაჭერად, შესაბამისი რგოლების ტრიალი სჭირდებოდა. ბოლოს კი, მივიღეთ ის პროდუქტი, რომელიც დღეს, პრაქტიკულად, ყველა ოჯახშია და პულტიანი ტელევიზორი აღარავის უკვირს. გარდა ხარისხისა, შავ-თეთრ ტელევიზორს ერთი დიდი მინუსი ჰქონდა _ ნათურებით იყო აწყობილი და თუ ნათურა დაიწვებოდა, მისი მოხსნა, შემდეგ ახლის ყიდვა და მიმაგრება, მხოლოდ გამოცდილ ხელოსანს შეეძლო. არცთუ იშვიათად, ტელევიზორი ბოლს უშვებდა, აალდებოდა და თუ სახლში არ იყავი, შესაძლოა, ხანძარი გაჩენილიყო. ამიტომაც, სახლიდან გასვლის დროს, ტელევიზორს უმრავლესობა დენის წყაროდან მთლიანად თიშავდა, შემთხვევით რომ არ აალებულიყო.

1981 წელს, რუსთავის სახანძროში ტელეფონმა დარეკა. უცნობი ქალი ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, მეზობლის სახლში ხანძარია, ყველა დავიწვებითო. სახანძრო ადგილზე ოპერატიულად მივიდა და ხანძარიც ჩააქრო, თუმცა ოთახში, სავარძელში მჯდარი, გარდაცვლილი ასაკოვანი კაცი ნახეს. 

რა თქმა უნდა, ადგილზე მაშინვე მილიცია გამოიძახეს და დადგინდა, რომ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით რუსი პროფესორი იყო. როგორც მეზობლებმა თქვეს, ის რუსთავში დაიბადა და გაიზარდა, თბილისში მუშაობდა, მაგრამ შემდეგ, მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც დაახლოებით, 12 წელი დაჰყო და კვლავ მეტალურგთა ქალაქს დაუბრუნდა. 

ცოლი მოსკოვში მოუკვდა, საქართველოში გადმოასვენა და რუსეთში აღარ დაბრუნებულა. მასთან ერთად ცხოვრობდა შვილიც, თუმცა „მასთან ერთად“ პირობითი ცნება იყო. შვილს ცალკე ოჯახი ჰყავდა, ცალკე ბინა ჰქონდა და მამას კვირაში 2-3-ჯერ აკითხავდა. 

„ტელევიზორია აალებული. იქიდან ფარდებს წაეკიდა, ფარდებიდან ცეცხლი კედლებსა და სურათებზე გადავიდა, მალე მოვედით, მაგრამ ეს კაცი გაგუდული დაგვხვდა“, _ უთხრა გამომძიებელს მეხანძრემ. 

სახლი მთლიანად გამჭვარტლული იყო, სავარძელი, სადაც მოხუცს სავარაუდოდ, ჩაეძინა, ტელევიზორიდან 3-4 მეტრის მოშორებით იდგა და დამწვარი არ იყო. ყველაფერი ძალიან ჰგავდა უბედურ შემთხვევას. ამ დროს, შვილიც მოვიდა, ზეწარგადაფარებული მამის სხეული რომ დაინახა, მუხლებზე დაემხო და ატირდა. 

გამომძიებელმა ცოტა ადროვა, შემდეგ ბოდიში მოუხადა და სთხოვა, აუცილებელ კითხვებზე უნდა მიპასუხოთ და იქნებ, დამშვიდდეთო. 

შვილმაც უხმოდ დაუქნია თავი. 

„ძალიან გთხოვთ, დაათვალერეთ, რაიმე ნივთი ხომ არ არის დაკარგული? ან ფულს სად ინახავდა მამათქვენი, ის ადგილიც ნახეთ, შემდეგ კი დეტალური ჩხრეკა უნდა ჩავატაროთ“, _ მშვიდად უთხრა გამომძიებელმა. 

შვილი წამოდგა და სამზარეულოში გავიდა, იქ უჯრა გამოაღო, მცირე ზომის ყუთი ამოიღო, მაგიდაზე დადო, გახსნა და გამომძიებელს შეხედა. ყუთში, დაახლოებით, ათასი მანეთი, ოქროს საათი და ოქროს ჯვარი ხელუხლებელი იდო. ყველაფერი ეს, მეხანრემაც დაინახა და თავი გადააქნია, ხომ ვამბობდი, უბედური შემთხვევააო. 

გამომძიებელმა შვილი ოთახში გაიყვანა, კედლებზე შერჩენილ სურათების ჩარჩოებზე შეახედა და ჰკითხა _ რომელიმე ძვირფასი თუ იყოო? სურათები დამწვარი გახლდათ და მხოლოდ ჩარჩოები ეკიდა. 

„სურათებში ვერ ვერკვევი, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ რუსეთიდან წამოიღო ეს სურათები, მანამდე არ გვქონია. მგონია, რომ რაიმე ძვირფასი და ფასდაუდებელი რომ ყოფილიყო, აუცილებლად მეტყოდა“, _ თავი გადააქნია შვილმა და გამომძიებელს სთხოვა, ნება მომეცით, მამაჩემი ჩემს სახლში გადავასვენოო, რაზეც უარი მიიღო. 

სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, ცხედრის გადასვენება გამორიცხული იყო. ამიტომ, გარდაცვლილი პროფესორის გვამი პროზექტურაში წაასვენეს. 

მეორე დღეს, ნაშუადღევს, გამომძიებლის ოთახში ექსპერტი შევიდა და მაგიდაზე დასკვნა დადო. 

„გარდაცვლილს დიდი ოდენობით საძილე საშუალება აქვს მიღებული. ტელევიზორის აალება კი არა, სახლი აგურ-აგურ რომ დაეშალა ვინმეს, შემდეგ ბოლო ხმაზე ეყვირა, მაინც არ გაიღვიძებდა. დოზა არ არის სასიკვდილო, მაგრამ ძალიან მიახლოებულია იმასთან, რამაც შეიძლება, ფატალური შედეგი გამოიწვიოს. რაც მთავარია, მას ეს წამალი დალეული აქვს და არა _ ნემსით გაკეთებული ანუ წამალი თავის ნებით დალია, რადგან ძალადობის ნიშნები არ ემჩნევა. 

კიდევ ერთი დეტალი _ სახლის ჩხრეკისას მედიკამენტებიც ამოვიღეთ, მათ შორის, ამ შემცველობის მედიკამენტი არ არის“, _ ჩაარაკრაკა ექსპერტმა. 

ექსპერტს სიტყვა არ ჰქონდა კარგად დასრულებული, გამომძიებლის ოთახში გარდაცვლილის ვაჟი შემოვარდა და ბოლო ხმაზე იყვირა: 

„გამახსენდა, ხუთი იყო“. 

გამომძიებელმა გაოცებით შეხედა, შემდეგ სკამზე ანიშნა და ჰკითხა, რას გულისხმობდა. 

„ხუთი, ხუთი სურათი ეკიდა კედლებზე, იქ კი მხოლოდ ოთხი ჩარჩოა, მეხუთე სურათი გამქრალია“, _ სულმოუთქმელად თქვა შვილმა. 

„და გახსოვთ, რომელი სურათები აკლია?!“ _ სუნთქვა შეეკრა გამომძიებელს. 

„არა, არ მახსოვს. ერთზე გემი იყო გამოსახული, მეორეზე _ რაღაც დანგრეული შენობა, მესამეზე და მეოთხეზე _ პეიზაჟები, მეხუთეზე _ მაგიდაზე ხილი ეყარა და მგონი, ნატურმორტი იყო, მაგრამ რომელი სად ეკიდა, არ მახსოვს, არ მაინტერესებს მხატვრობა და...“ 

გამომძიებელი ბინაში დაბრუნდა, თან ექსპერტი და შვილი გაიყოლა, მაგრამ გარდაცვლილის ვაჟმა ვერ გაიხსენა, რომელი სურათი აკლდა, თუმცა ის ადგილი ახსოვდა, სადაც სურათი ეკიდა და ექსპერტმაც დაადასტურა, სურათის ხანგრძლივი დაკიდების შედეგად, შესაბამისი კვალი მართლაც არსებობსო. 

საქმე უბედური შემთხვევიდან მკვლელობაზე გადაკვალიფიცირდა და იმის მიუხედავად, რომ შვილმა დაადასტურა, მამაჩემს ტელევიზორთან მუდმივად ეძინებოდა ხოლმეო, მასაც ეჭვი ჰქონდა, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. 

გადაამოწმეს გარდაცვლილის სამეგობრო წრე, თუმცა ახ¬ალს ვერაფერს მიაკვლიეს, მის სანაცნობოში მხოლოდ ძველი, დამსახურებული პროფესორები, ან წარმატებული სტუდენტები იყვნენ და რომელიმეზე ეჭვის მიტანა გამორიცხული გახლდათ. 

სამეზობლოში ახლო ურთიერთობა კარის მეზობელ დოცენტთან ჰქონდა, რომელთან ერთადაც, არცთუ იშვიათად, ხან კარტს თამაშობდა, ხან _ ჭადრაკს და ხანაც ნარდს აგორებდა. 

მეზობელმა ახლო ურთიერთობა დაადასტურა, მაგრამ ისიც თქვა, ორი კვირაა, ესტონეთიდან კოლეგა მყავს სტუმრად და მას ვარ გადაყოლილი, სტუმარ-მასპინძლობაში თავი რომ არ შევირცხვინო და ამიტომ, ჩემი მეგობარი, ზუსტად ორი კვირაა, არ მინახავსო. 

გამომძიებელი მეზობლის სტუმრით დაინტერესდა და გაარკვია, რომ ესტონეთიდან საქართველოში დელეგაცია, მართლაც, იმყოფებოდა, ყველა სასტუმროში გადანაწილდა და მხოლოდ ერთი მათგანი დარჩა ძველ მეგობართან. ასე ისურვა ორივემ. საეჭვო აქაც არაფერი იყო, მაგრამ გამომძიებელმა დელეგაციის ქართველი კურატორი მაინც გამოჰკითხა. 

„ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩატარდა, მხოლოდ ის ერთი მიშლიდა ნერვებს, რუსთავში რომ დარჩა საცხოვრებლად მეგობართან _ ან აგვიანებდა, ან ნასვამი მოდიოდა, ან ქალაქიდან გადიოდა სოფლებში, ან კიდევ ძველი თბილისის ქუჩებში დაეხეტებოდა. ანტიკვარიატის სპეციალისტი ყოფილა და თურმე, აქ რაიმე განსაკუთრებულს ეძებდა“, _ უთხრა კურატორმა გამომძიებელს. 

ესტონელთა დელეგაცია სამშობლოში მკვლელობის მეორე დღეს, დილით გაემგზავრა, მაგრამ ესტონელს ალიბი ჰქონდა _ რესტორანში თავის მეგობართან, გარდაცვლილის მეზობელთან ერთად იმყოფებოდა, რასაც ქართველი დოცენტიც ადასტურებდა. 

გამომძიებელმა მაინც არ მოისვენა და აეროპორტში წავიდა, სადაც უთხრეს, რომ ესტონეთის დელეგაციის გაფრენა შეფერხდა, რადგან ერთ-ერთს თან ნახატი მიჰქონდა. სანამ ექსპერტი არ მოიწვიეს და არ დადასტურდა, რომ რეპროდუქცია იყო, მანამდე დელეგაცია არ გაუშვეს. 

გამომძიებელი ექსპერტთან წავიდა, მან დაადასტურა, რომ აეროპორტში ნახატი მართლაც შეამოწმა და დაასკვნა, რომ ესტონელს კარგად შესრულებული პოლ სეზანის ერთ-ერთი ნამუშევრის რეპროდუქცია მიჰქონდა. ნახატზე კი... 

გამომძიებელს მარტივად რომ გაეგო, ექსპერტმა ღიმილით უთხრა, მაგიდაზე დაყრილი ხილი იყოო. 

რადგან საბჭოთა კავშირი 15 რესპუბლიკას აერთიანებდა, დოცენტის დაკავებას ნებართვა და სხვა ქვეყნის მთავრობების თანხმობა არ სჭირდებოდა. 

დაკითხვაზე გაირკვა, რომ მან მეგობრის მეზობელთან ნახა ნამუშევარი, რომელიც სეზანისას მიამსგავსა. მიხვდა, რომ ამ ნამუშევარს, მინიმუმ, 100 ათას მანეთად ესტონეთშივე გაყიდდა და პატრონს 5 ათასი შესთავაზა. უარის შემდეგ კი, დოცენტთან სტუმრად მიიწვია და ღვინოში დასაძინებელი წამალი ჩაუყარა. მას შემდეგ კი, რაც პროფესორი მოითენთა და სახლში გავიდა, უკან გაჰყვა, მძინარე სავარძელში ჩააწვინა, სურათი ჩამოხსნა, ცეცხლი გააჩინა და გაუჩინარდა. 

ქართველი დოცენტი საქმეში მონაწილეობას იმიტომ არ იღებდა, რომ... დასაძინებელი მასაც ჩაუყარეს, ოღონდ იმ დოზით არა, მკვდარივით ჩასძინებოდა. ამიტომ, როცა სახლი აალდა, ესტონელმა თავისი მეგობარი კოლეგა სასწრაფოდ გამოაფხიზლა, მანქანაში ნახევრადმძინარე ჩატენა და რესტორნისკენ გააქანა. ყველაფრის გარკვევის შემდეგ, ქართველს ხმის ამოღების შეეშინდა, თანამონაწილეობას დამწამებენო და გაჩუმდა. 

საბოლოო ჯამში, ქართველს 2 წელი აკმარეს, ესტონელი კი ციხეში 8 წლით გაისტუმრეს. სეზანის რეპროდუქცია გარდაცვლილის ვაჟს დაუბრუნეს, რომელმაც სანაგვეში მოისროლა, არ მიყვარს ნახატებიო.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში