Menu
RSS

,,შიმშილით დავიხოცებით!’‘

რა ცვლილებები შეიტანა კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს კრიმინალურ სამყაროში და რა ელით არალეგალ ქართველ ემიგრანტებს

სამყარო კორონავირუსის გარშემო ტრიალებს, ან პირიქით _ კორონავირუსი ტრიალებს სამყაროს გარშემო და ყველაფერს საკუთარ კვალს ამჩნევს. გამონაკლისი არც კრიმინალია და შეიძლება ითქვას, ამ მიმართულებით კორონავირუსმა, განსაკუთრებით ევროპაში, სრული წესრიგი დაამყარა _ პრაქტიკულად, განულებულია ქურდობის შემთხვევები, გამორიცხულია ყაჩაღობა, რადგან ქუჩებში პოლიცია პატრულირებს. აი, რას გვიყვება იტალიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც თავს, სწორედ წვრილ-წვრილი ქურდობით ირჩენდა:

„თუ ასე გაგრძელდება, უბრალოდ, შიმშილით დავიხოცებით. გამორიცხულია, რომელიმე ბინაში შეხვიდე, რადგან ყველა სახლშია ჩაკეტილი. ვერ დააყაჩაღებ, რადგან ერთი ხმამაღალი ყვირილი და სახლებში მყოფი დანარჩენი მეზობლები გამოცვივდებიან. ვერ გახვალ ქუჩაში, მაღაზიიდან რამე რომ მოიპარო, რადგან მაშინვე გაჩერებენ კარაბინერები და საბუთებს გთხოვენ. ამიტომ, ჩვენში ერთადერთი საბუთიანი მიდის ხოლმე მაღაზიაში და ამოაქვს საკვები, დანარჩენები კი გარეთ ცხვირს ვერ ვყოფთ...“ 

კრიმინოგენური ვითარების თვალსაზრისით, მიმდინარე მოვლენები, შეიძლება ითქვას, ძალიან კარგია _ რომ არა კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა, პირბადეაფარებული ადამიანები არაერთ მაღაზიასა, თუ ბანკს დააყაჩაღებდნენ, გაძარცვავდნენ და ამ შემთხვევაში, საუბარი არ გვაქვს ქართველებზე, ასეთი სისასტიკით, ძირითადად, ალბანელები და რუმინელები გამოირჩევიან. 

მართალია, არცერთი ევროპული ქვეყნის ხელისუფლება ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობს, მაგრამ ფაქტია, რომ მძიმე მდგომარეობაა იქ არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. იტალიაში კორონავირუსმა ციხეებშიც შეაღწია და არაერთი პატიმარი სამკურნალოდ გადაიყვანეს, თუმცა ციხეებს ის უპირატესობა აქვთ, რომ საკარანტინო რეჟიმი მარტივად დასაცავია და თან ამას, სამართალდამცავები 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. ამიტომ, ციხეებში ვირუსის მასობრივად გავრცელებას აღარ პროგნოზირებენ. 

გაუმართლათ იმ ქართველებს, რომლებიც იტალიასა თუ ესპანეთში, იმ სახლებში ცხოვრობენ, სადაც მოხუცებს უვლიან. ისინი სახლს არ ტოვებენ ანუ საქმესაც აკეთებენ, საგანგებო მდგომარეობასაც იცავენ და ფულიც არ ეხარჯებათ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც ერთი სახლი აქვთ ნაქირავები, ჯგუფებად ცხოვრობენ და ახლა, უსაბუთობის გამო, იმ სახლიდან გასვლას ვერ ახერხებენ. ამ ადამიანებზე საქართველოს ხელისუფლებამ როგორმე უნდა იზრუნოს და თუ ქვეყანაში დაბრუნებას ვერ უხერხებს, ელემენტარულად, საკვები მაინც მიაწოდოს. 

სხვა შემთხვევაში, უსაბუთო ქართველებს, რომლებიც წლებია, მუშაობით წელში წყდებიან, უბრალოდ, დეპორტი ელოდებათ. 

„სატელეფონო კავშირი გვაქვს ციხეებში მყოფ ქართველებთან, როცა ვირუსის საშიშროება არ იყო, მათ ფულს ვაწვდიდით, ვუვლიდით, გარედან ვცდილობდით მიგვეხედა. ახლა კი აქეთ ვართ მისახედები. სასაცილოა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეის მდგომარეობით, ციხეში ყოფნა სჯობს, რადგან რეჟიმსაც იცავ და რაც მთავარია, საჭმელ-სასმელი უფასო გაქვს. 

თუ ასე კიდევ, მაქსიმუმ, ორი თვე გაგრძელდება, მერწმუნეთ, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში იმ მარტივი მიზეზით წამოვა, რომ აქ საარსებო წყარო აღარ ექნება. 

ჩვენ, უბრალოდ, კვების პრობლემა გვაქვს და მეტი არაფერი“, _ გვეუბნება ესპანეთში მცხოვრები ქართველი. 

მისივე თქმით, მეზობელმა, რომელსაც საბუთი არ აქვს, მაღაზიაში წასვლა ბავშვთან ერთად გადაწყვიტა ანუ ხელში აიყვანა ბავშვი, პირბადე გაუკეთა, თვითონაც მოირგო და მაღაზიისკენ დაიძრა. ოცი მეტრიც არ ჰქონდა გავლილი, სამართალდამცავებმა შეაჩერეს, საბუთები მოსთხოვეს, ამან აუხსნა, ბავშვთან ერთად ვარ, საბუთები სახლში დამრჩაო, მაგრამ სახლამდე მიჰყვნენ და გამოადეპორტეს. თავად იქაურებიც კარგად ხვდებიან, რომ ეს არის იდეალური დრო, რათა ქვეყანა არალეგალი მიგრანტებისგან გაწმინდონ და არა მხოლოდ ქართველებისგან, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული, ათი ათასობით ადამიანისგანაც. 

ქვეყნების ლიდერები არ მალავენ, რომ კორონავირუსის საშიშროების გადავლის შემდეგ, მათთან ბევრი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რადგან ქვეყანას არაერთი არალეგალი ტოვებს და მათ მიერ გამოთავისუფლებულ სამსახურებში, ადგილობრივები დასაქმდებიან. 

რადგან არალეგალებზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ლეგალურად მყოფ ჩვენი თანამოქალაქეებიდან, რამდენიმეს ვირუსი დაუდგინდა და მათ წესისამებრ მკურნალობენ. 

„ესპანეთში, კონკრეტულად კი ბარსელონაში, რამდენიმე მიტოვებული შენობაა, რომელიც სავსეა არალეგალი ემიგრანტებით. პოლიცია ამ შენობების წინ დგას და არც შიგნით უშვების ვინმეს, არც _ გარეთ. საკვები, უფრო სწორად, სასიცოცხლოდ საჭირო მცირეოდენი პროდუქტი ყოველდღიურად მოაქვთ და გვპირდებიან, რომ ვირუსის საფრთხის გადავლის შემდეგ, ამ შენობებს, უბრალოდ, დაცლიან და აბსოლუტურად ყველას სამშობლოში დააბრუნებენ. 

თუ ვინმეს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, ვეუბნებით და ისინი სკაფანდრიან ხალხს მიჰყავს. ჩვენთვის არ არსებობს საქართველოს საელჩო, რადგან არალეგალები ვართ, არ არსებობს უფლებების დაცვა იმიტომ, რომ არალეგალების უფლებები დღევანდელი სიტუაციის ფონზე განულებულია. გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ბარსელონაში რომ ჩატარდა სპეცოპერაცია და მიტოვებული შენობა აჩვენეს? ამ შენობაში ახლა პატარა ციხეა, საიდანაც არავის უშვებენ, მაგრამ ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ანალოგიური შენობა რამდენიმეა და იქ ასეულობით ქართველი უპატრონოდ ცხოვრობს“, _ გვიყვება ქართველი ემიგრანტი. 

არალეგალების პრობლემაზე ესპანეთის პრემიერმაც გააკეთა კომენტარი, თუმცა ახლა მათთვის ყველაზე ნაკლებად სცალია, რადგან კორონავირუსი მის მეუღლეს დაუდგინდა და თავად პრემიერიც კარანტინში გადასაყვანი გახდა. 

ესპანეთში შეჩერებულია ყველაფერი, რისი გაჩერებაც კი შეიძლებოდა და მათ შორის, სასამართლოებიც. შესაბამისად, გადადებულია მარტის ბოლოს ჩანიშნული ტარიელ ონიანის სასამართლო პროცესიც. არადა, ონიანის ადვოკატებს იმედი ჰქონდათ, რომ ეს ბოლოსწინა სხდომა იქნებოდა და შემდეგ სხდომაზე, უკვე თავისუფლებაზე იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ფინანსური მაქინაციებისა და ფულის გათეთრების ბრალდება მოუხსნეს. ასევე, გაუუქმეს 30 მილიონი ევროს ჯარიმა და ბრალად მხოლოდ „კანონიერი ქურდობა“ წაუყენეს, რისი გაბათილებაც, თავად ონიანმა, წინა პროცესზე სცადა და ადვოკატების რწმენით, ეს მოახერხა კიდეც. 

სხვათა შორის, ესპანურ სასამართლოებს, ბოლო დროს, საინტერესო რამ დასჩემდათ: ქართველების მეშვეობით ფულს, უფრო სწორად, დიდ ფულს აკეთებენ. 

„ხომ გახსოვთ, წინა ხელისუფლების დროს, რა ხდებოდა საქართველოში? დაიჭერდნენ ვინმეს, მერე შესთავაზებდნენ საპროცესოს, გადაახდევინებდნენ ფულს და უშვებდნენ. ასეთი პრაქტიკა დაინერგა აქაც. ქართველთა აბსოლუტურ უმრავლესობას უშვებენ გირაოთი, შემდეგ 2-3 თვე აკვირდებიან, მერე კი, მართავენ პროცესს, ის გირაო გადაჰყავთ საპროცესო შეთანხმების მუხლში და თუ პირი არალეგალია, დეპორტზე უშვებენ, თუ ლეგალურად არის, ტოვებენ ქვეყანაში, მაგრამ კონტროლზე ჰყავთ. კონტროლი კი მკაცრია, შეუძლიათ, ნებისმიერ დროს დაგირეკონ და გითხრან, რომ უახლოეს განყოფილებაში უნდა გამოცხადდე და პოლიციელებს აუხსნა, სად და რატომ იყავი იმ კონკრეტულ შემთხვევაში. თუ ეტყვი, რომ სახლში ხარ, მაშინ 30 წამში, კარზე გიკაკუნებენ და გამოწმებენ. ჰო, 30 წამში, რადგან ისინი მოდიან შენს საცხოვრებელ სახლთან და მერე რეკავენ. ამიტომ, ტყუილი არ გამოდის და სახლში თუ არ ხარ, ვერ მოიტყუები.შესაბამისად, იმ ქართველების უმრავლესობას, რომლებიც საქმეებზე დარბიან, რამდენიმე ათასი გადადებული აქვთ საპროცესოსთვის და ეს მიდგომა ამართლებს. 

მაგალითად, მე 6-ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გამომიშვეს, ახლა ველოდები პროცესს, უკვე მითხრეს, რომ საპროცესოს გამიფორმებენ და ესპანეთში დარჩენის უფლება მექნება“, _ გვიყვება ბარსელონაში მცხოვრები ქართველი. 

ასეა თუ ისე, კორონავირუსმა თავისი კვალი ყველა სფეროზე დატოვა და ამ ეტაპზე, საბოლოო შედეგების გათვლა ძნელია. ფაქტი ის გახლავთ, რომ კორონავირუსმა ყველას ნათლად დაანახა ერთი რამ _ ევროპის თავისუფალი საზღვრები მხოლოდ პირობითი ცნებაა, რადგან როცა სახელმწიფოებს გაუჭირდათ, ისინი საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტნენ და ეს თითქოს უხილავი საზღვრები საიმედოდ ჩაკეტეს. 

ერთგვარი კეთილგანწყობაც სასწრაფო წესით შეიცვალა და მაგალითად, იტალიელები, ჩინელების შემდეგ, ყველაზე არასასურველი სტუმრები გახდნენ, თუმცა გაჭირვება ადამიანებს აძლიერებს და აერთიანებს, რისი მაგალითიც პირველ რიგში, სწორედ იტალიის მოსახლეობამ აჩვენა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში