Menu
RSS

ვინ იყო საქართველოში ბოლო კრიმინალი, რომელსაც დახვრეტა მიუსაჯეს

„ჩემი ოჯახი ქურდული სამყაროა, ბიძაშვილმა ოჯახი შემიგინა და „კრისა“ სიკვდილით დაისაჯა!“

ადრე, როცა „ქურდული კანონები“ „კანონობდა“, კრიმინალური სამყაროს მიმდევრები არავის ინდობდნენ, რათა საკუთარი თავი გაეტანათ და რაც მთავარია, დროზე მისულიყვნენ სანუკვარ ოცნებამდე _ „კანონიერი ქურდის“ სტატუსი მიეღოთ. გეტყვით, რომ დაუწერელი კანონებით, „კაი ბიჭს“ არ ჰყავდა ოჯახი ანუ არ ჰყავდა დედა, მამა, და, ძმა, მისი ოჯახი ქურდული სამყარო იყო და ის მის სრულუფლებიან წევრად ითვლებოდა. ამიტომ, თუ კრიმინალური სამყაროს ოჯახის რომელიმე წევრის დასჯა იყო საჭირო, ის უკან არ იხევდა და ყველაფერი ეს, ხშირ შემთხვევაში, ტრაგედიამდე მიდიოდა.

საქართველოში სიკვდილით დასჯა 1997 წლის 11 ნოემბერს გაუქმდა. სიმართლე გითხრათ, დღემდე მიდის ბჭობა, ეს კარგია თუ ცუდი, რადგან არსებობს დანაშაულები, რომლებიც იმდენად მძიმეა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ძველი დროის დაბრუნებასა და სიკვდილით დასჯის აღდგენაზე ოცნებობს. მაგალითისთვის უახლოეს წარსულში მომხდარ საქმეს გაგახსენებთ, როცა გორში, 9 წლის ბავშვი მოკლეს. სწორედ მაშინ ითხოვდა მოსახლეობა დამნაშავის სიკვდილით დასჯას, მაგრამ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 

80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანი წლების დასაწყისში ანუ მაშინ, როცა საქართველო დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და რუსეთის იმპერიიდან თავის დაღწევას აპირებდა, კრიმინალურ სამყაროში, პრაქტიკულად, რენესანსის ხანა იდგა. არავის ეცალა მათთვის და ამიტომ „კანონიერ ქურდებსა“, თუ რიგით კრიმინალებს ფრთები ჰქონდათ გაშლილი. მაშინ საქართველოში იპარავდნენ, ძარცვავდნენ, კლავდნენ და განმკითხავი არავინ იყო. ქუჩაში აქციები მიმდინარეობდა და სამართალდამცავთა ძირითადი ძალები სწორედ იქით იყო გადასროლილი, რათა ხალხმრავალი შეხვედრები შეტაკების გარეშე დასრულებულიყო. 

სწორედ იმ დროს, შუა ზამთარში, თბილისში გამოჩნდა სამკაციანი ჯგუფი, რომელიც მოქალაქეებს პირდაპირ ქუჩაში ძარცვავდა. ისინი მსხვერპლს მოულოდნელად ესხმოდნენ თავს, თავში მძიმე საგნის ჩარტყმით თიშავდნენ, ჯიბეებს უსუფთავებდნენ, ოქროულობას (თუ ასეთი გააჩნდა) ხსნიდნენ და არც ძვირფასი ქურთუკის წაღებაზე ამბობდნენ უარს. სამართალდამცავებმა პირველი და მეორე შემთხვევის დროს, ყურები არ შეიბერტყეს, რადგან დაკარგული ასამდე მანეთი და მაჯის საათი იყო, დაზარალებული მოქალაქეები კი მსუბუქად გადარჩნენ და მხოლოდ ტვინის შერყევით გამოვიდნენ. აი, მესამე შემთხვევამ უკვე სერიოზული ხასიათი მიიღო. 

დიდუბის მეტროსთან, ახალგაზრდა გოგოს თავში ისე ძლიერად ჩაარტყეს, რომ ის სამდღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. წაღებული იყო ოქროს საყურე, ოქროს ყელსაბამი და საფულე, რომელშიც მშობლების ვარაუდით, თანხა არ უნდა ყოფილიყო. საქმე კონტროლზე მინისტრის მოადგილემ აიყვანა, რადგან ცხადი იყო, რომ დამნაშავეები გაჩერებას არ აპირებდნენ და ისინი უნდა დაეკავებინათ, თანაც თუ მანამდე საქმე წვრილმან ძარცვასთან ჰქონდათ, ახლა მკვლელობა იყო და მკვლელობის გაუხსნელობა არ შეიძლებოდა. 

მაშინდელმა მილიციამ, მეტრო-სადგურების მისასვლელებთან, პატრულირება გააძლიერა, სამოქალაქო ფორმაში გადაცმული ოპერმუშაკები გვიანობამდე მოძრაობდნენ, მაგრამ საქმე წინ ერთი ნაბიჯითაც არ დაიძრა. სამაგიეროდ, კრიმინალურმა დაჯგუფებამ არ მოისვენა და კიდევ ორი ძარცვა განახორციელა, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე. 

„გვაქვს ერთადერთი ხელჩასაჭიდი _ თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი, ფიზიკურად ძალიან დიდია, დარტყმასაც ის ანხორციელებს. გადაამოწმეთ კარტოთეკა, ვინ გათავისუფლდა ბოლო დროს ასეთი გაბარიტებით, ვინ შეიძლება იყოს ამ ზომის დედაქალაქში“, _ თათბირზე განყოფილების უფროსი ცეცხლს აფრქვევდა. 

აღნიშნული მონაცემები ერთ-ერთი კრიმინალის, მეტსახელად „ზორბას“ მონაცემებს დაემთხვა. ის ციხიდან სამი თვის გათავისუფლებული იყო, სასჯელს ყაჩაღობაზე იხდიდა. „ზორბას“ აყვანის ოპერაცია დაიგეგმა და ის საკუთარ სახლში დააკავეს. დაკითხვაზე „ზორბამ“ ყველაფერი უარყო, პატარა კომერციული ჯიხური უდგას ჩემს ძმას, იმით ვცხოვრობთ მთელი ოჯახი, რა ძარცვა და ადამიანებისთვის ოქროულის წართმევაო?! 

სამართალდამცავებმა „ზორბა“ დაზარალებულებსაც ანახეს და მათ დაადასტურეს, რომ გაბარიტები თავდამსხმელს აშკარად შეესაბამებოდა, მაგრამ სახე არავის ახსოვდა. ამის გამო, ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა იძულებულნი გახდნენ, მეორე დღეს გაეთავისუფლებინათ _ ახალი თავდასხმა მოხდა და დაზარალებულმა დაადასტურა, რომ უზარმაზარი კაცის სილუეტი დაინახა, ამ დროს, „ზორბა“ იზოლატორში იმყოფებოდა. 

ძიება ჩიხში შევიდა, არ არსებობდა ეჭვმიტანილი და ეს, იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული გაბარიტები იშვიათი იყო. სამართალდამცავები ქუჩაში აჩერებდნენ ყველას, ვინც კი ზომაზე დიდად გამოიყურებოდა, უმოწმებდნენ საბუთებს, თუმცა უშედეგოდ. 

„ნაჩალნიკ, მკვლელობაა წერეთელზე, ვიღაც სტუდენტი ცემითაა მოკლული. სავარაუდოდ, კასტეტი ურტყეს თავში და სახე წაშლილი აქვს“, _ განყოფილების უფროსს, უბნის რწმუნებულმა, ზედ ახალი წლის წინ „ახარა“ მორიგი საქმე. 

შემთხვევის ადგილზე გასულმა ოპერატიულმა ჯგუფმა გარდაცვლილის სახლი გაჩხრიკა და მხოლოდ ოქროს სამაჯური იპოვა. სამაჯური ქალის იყო, მეზობლები კი ამბობდნენ, რომ ბიჭი სოფლიდან იყო ჩამოსული, ნაქირავებში მარტო ცხოვრობდა და მასთან იშვიათად მოდიოდა სტუმარი, თუმცა მათ ისიც თქვეს, ბოლო დროს, ახალგაზრდა კაცი სტუმრობდა, რომელიც იმიტომ დაიმახსოვრეს, რომ ფიზიკურად ძალიან, ძალიან დიდი იყო. 

სამართალდამცავებმა ნაპოვნი სამაჯური ერთ-ერთ დაზარალებულს ანახეს, რომელსაც ჩვენებაში მითითებული ჰქონდა, რომ სხვა ნივთებთან ერთად, სამაჯურიც წაართვეს. დაზარალებულმა საკუთარი ნივთი ამოიცნო. 

„გვყავს ეჭვმიტანილი, მაგრამ არ ვიცით, ვინ არის. მკვლელიც ის უნდა იყოს, რადგან კასტეტის გამოყენების მიუხედავად, მაინც ძნელი იქნებოდა, სახის ძვლები, ფიზიკურად საშუალო შეძლების მქონე ადამიანს დაემტვრია. გადაამოწმეთ გარდაცვლილის გარემოცვა, მეგობრები, შესაძლოა, ვიღაცამ რაღაც გაიხსენოს“, _ გასცა დავალება განყოფილების უფროსმა და ოპერმუშაკებიც სტუდენტის სანაცნობოს შეესივნენ. 

ისინი ეძებდნენ კაცს, რომელიც დიდი გაბარიტების იყო და ასეთის არსებობა მოკლულის შეყვარებულმა და თანასოფლელმა გაიხსენეს. 

შეყვარებულის თქმით, ორიოდე თვის წინ, გარდაცვლილმა მას უზარმაზარი კაცი გააცნო და უთხრა, რომ ის მისი ბიძაშვილი გახლდათ. სოფელში კი თქვეს, რომ ბიჭს, რომელიც ობოლი იყო და ბებია ზრდიდა, ჰყავდა ბიძაშვილი დედის მხრიდან, რომელიც სოფელში რამდენჯერმე იყო ნამყოფი და იმიტომ დაამახსოვრდათ, რომ ფიზიკურად არანორმალურად დიდი იყო. გაიგეს ეჭვმიტანილის სახელი და გვარი, მაგრამ სად უნდა ეძებნათ, არ იცოდნენ. 

რამდენიმე დღეში, განყოფილებაში ერთ-ერთი დაზარალებული მივიდა და განაცხადა, რომ მის სამსახურში მოიტანეს ოქროს საათი, რომელსაც ვიღაც გადამყიდველი ყიდდა და მან საკუთარი ნივთი ამოიცნო, თუმცა ჭკუა იხმარა, არაფერი უთქვამს და ის ქალი მეორე დღისთვის დაიბარა. მეორე დღეს, გადამყიდველი უკვე ჩვენებას აძლევდა. 

„წლებია, ნახმარი ნივთების გაყიდვით ვარ დაკავებული. რამდენიმე თვის წინ, ჩემთან ბიჭი მოვიდა, რომელმაც მითხრა, რომ მშობლები ავარიაში დაეღუპა და მათ ნივთებს ნელ-ნელა ყიდდა. მოჰქონდა ყველაფერი, ტანსაცმელი, სამკაული და, პრატიკულად, ნახევარ ფასში აბარებდა. საათიც მან მომიტანა და კლიენტს მომავალ კვირას ისევ ველოდები“. 

ეჭვმიტანილის დასაკავებლად, 18-კაციანი ჯგუფი გავიდა. ჯერ ერთი, ჯგუფმა არ იცოდა, შეიარაღებული იყო თუ არა მძარცველი და მეორეც, მისი გაბარიტების კაცს ორი ან სამი პოლიციელი ნამდვილად არ ეყოფოდა. 

ეჭვმიტანილი დათქმულ დროს გამოჩნდა და როგორც კი სადარბაზოში შევიდა, კიბიდან ოპერატიული ჯგუფის ხუთი წევრი დაეშვა, ხუთი უკნიდან მიადგა, დანარჩენები კი პერიმეტრზე განთავსდნენ. მძარცველი უკან გამობრუნდა, ხუთეულს თავისი ტორები დაუშინა, წამის მეასედში გაითავისუფლა გზა და გაიქცა. სხვა გზა არ იყო, სამართალდამცავებმა ცეცხლი გახსნეს და ფეხში მიღებული ორი ჭრილობის შემდეგ, ის მიწაზე დაეცა. ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა და უკვე ორ კვირაში, დაკავებული ჩვენებას აძლევდა. 

გარდა ნივთმტკიცებებისა, სამართალდამცავებმა მის სახლში ნახეს რკინის ნაჭერი, რომლითაც ის ადამიანებს თიშავდა და ამიტომ, უარყოფას აზრი არ ჰქონდა. 

„სამსახური ვერ ვიშოვე და ამიტომ, გადავწყვიტე, ფული ისე მეშოვნა, როგორც შემეძლო. ქურდობა მინდა, ქურდული კანონებით ვცხოვრობ, ნაშოვნის დიდი წილი „ობშჩიაკში“ მიდიოდა. ჩემმა ბიძაშვილმა კი სამაჯური „კრისულად“ მოიპარა. რომ ვუთხარი, დააბრუნე, არაქურდულია-მეთქი, შემაგინა, შენც და შენი ქურდულიცო და ეს ვერ ვაპატიე. ჩემი ოჯახი ქურდული სამყაროა, ოჯახი შემიგინა და „კრისა“ სიკვდილით დაისაჯა“, _ ეს იყო დაკავებულის ახსნა. 

იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცავები სასჯელის შემსუბუქებას დაპირდნენ, მან ბანდის მესამე წევრი არ დაასახელა. შესაბამისად, მონაყოლი პოლიციასთან თანამშრომლობაში არ ჩაეთვალა. ჩადენილი ძარცვებისა და მკვლელობის გამო, კიდევ იმის გამო, რომ ფანატიზმით იყო შეპყრობილი, ასევე ქურდული სამყაროს მიმდევარიც გახლდათ, სასჯელის უმაღლესი ზომა მიესაჯა. იგი იყო ერთ-ერთი ბოლო ადამიანი, რომელიც საქართველოში სიკვდილით დასაჯეს.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში