Menu
RSS

სკანდალი კრიმინალურ სამყაროში _ ტარიელ ონიანმა ,,კანონიერი ქურდობა’‘ უარყო!

"თავს უმწეოდ ვგრძნობ", _ რა განაცხადა "ტარომ" ესპანურ სასამართლოზე

მას შემდეგ, რაც 21-ე საუკუნეში, „კანონიერმა ქურდებმა“ სხვა ძალაუფლება მოიპოვეს, ფინანსურად სხვა მაშტაბებზე გავიდნენ და მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ პირადი დაცვაც კი აიყვანა, გაჩნდა მოსაზრება, რომ „კანონიერი ქურდების“ კასტა გადაგვარდა და ისინი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ მაფიოზებად იქცნენ. ისეთებად, როგორებიც იტალიასა და აშშ-ში არიან ანუ ადამიანებად, რომლებიც ფულს შოულობენ ყველა მიმართულებით და ამ მხრივ შეზღუდვა არ აქვთ. შედარებისთვის გეტყვით, რომ „კანონიერი ქურდისთვის“ მომაკვდინებელ ცოდვად ითვლებოდა ფულის შოვნა ნარკოტიკების გაყიდვით, საროსკიპოს მოწყობითა და ა.შ. ბოლო წლებში კი, არაერთხელ გაჟღერდა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კონკრეტული პირი, რომელიც კრიმინალურ სამყაროში „კანონიერ ქურდად“ იყო ცნობილი, ნარკოტიკების მოძრაობას მფარველობდა. ზოგადად, ეს „ინსტიტუტი“ რომ მოძველდა, თავად „კანონიერი ქურდებიც“ აღიარებდნენ, მაგრამ რაღაც ახლის მოფიქრება და, მით უმეტეს, დაუწერელი კანონების სიღრმისეულად შეცვლა არ გამოდის. საქმე ისაა, რომ ამ დაუწერელი კანონების შეცვლა, ავტომატურად გამოიწვევს „კანონიერი ქურდების“ კასტის ოფიციალურ გარდაცვალებას, ეს კი არავის აწყობს, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ორი რამ _ ამ პროფესიისადმი მიდრეკილება, მასში გარკვეული რომანტიზმის დანახვა და შიში თუ რიდი, რომელიც ქურდების მიმართ არსებობდა და კიდევ დიდ ხანს იარსებებს.

 

მოვლენებს რეალურად რომ შევხედოთ, დღევანდელი მდგომარეობით, საბანს ყველა თავისკენ ექაჩება. თავისუფლებაზე მყოფი „კანონიერი ქურდებიდან“, ყველაზე დიდი გავლენით აზერბაიჯანელი ნადირ სალიფოვი, იგივე „გული“ სარგებლობს, რომელიც დუბაიში დასახლდა და იქიდან ცდილობს საკუთარი კრიმინალური იმპერიის კონტროლს. ამას გარდა, „გული“ არავის ემორჩილება და, ასე განსაჯეთ, გასულ კვირას, მისი დაჯგუფების წევრებმა, ლექსო ლოგუას „ქურდის სტატუსიც“ დაუბრუნეს. არადა, ეს სტატუსი ლოგუას, 2015 წელს, შაქრო კალაშოვის მითითებით ჩამოართვეს ანუ ამ ნაბიჯით, „გულიმ“ პირდაპირი იერიში მიიტანა კალაშოვზე და მიანიშნა, რომ მისი გადაწყვეტილებები ნაკლებად აინტერესებს. ეს ადვილი გასაგებია _ შაქრო ხანგრძლივი ვადით ციხეშია, სალიფოვი _ თავისუფლებაზე და თან როგორ თავისუფლებაზე. 

ექსპერტების აზრით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სალიფოვმა იმდენი იშოვა, რომ მისი აქტივები მილიარდ დოლარს აჭარბებს. ზოგადად, დაუწერელი კანონების მიხედვით, ერთი „კანონიერი ქურდი“ მეორეზე მეტი არაფრითაა ანუ მათ იერარქიაში თანასწორობა აქვთ, მაგრამ გავლენის სფერო ყოველთვის სხვადასხვაგვარი იყო და ცალკეული პირები განსაკუთრებული გავლენითა და პატივისცემით სარგებლობდნენ. ეს, სავარაუდოდ, განათლებასთანაც იყო დაკავშირებული, რადგან განათლებულ და შესაბამისად, მეტი ცოდნისა და ინტელექტის მქონე პირებს, სხვებზე გავლენის მოპოვება უადვილდებოდათ, რადგან არცთუ იშვიათი იყო შემთხვევა (განსაკუთრებით, ქურდების კასტის დაარსების პირველ ეტაპზე), როცა „კანონიერ ქურდებს“ საშუალო განათლებაც კი არ ჰქონდათ. 

ჰო, ისიც ვთქვათ, რომ დაუწერელ კანონებში ერთ-ერთი მთავარი შემდეგი გახლავთ _ „კანონიერ ქურდს“ უფლება აქვს, სამართალდამცავებს ნებისმიერი ფორმით დააღწიოს თავი, გარდა ორი შემთხვევისა: ქურდმა არ უნა მოიპოვოს თავისუფლება სხვისი დაჭერის, ან „ჩაშვების“ ხარჯზე და მეორე: არ უნდა უარყოს ქურდული სტატუსი. ქურდს შეუძლია, გამოიყენოს დუმილის უფლება, მაგრამ თუ სტატუსზე გააკეთებს განმარტებას, ან უნდა თქვას, რომ ქურდია, ან საერთოდ, არაფერი თქვას. „კანონიერი ქურდობის“ საჯაროდ უარყოფა, ავტომატურად მის დაკარგვას ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო, ასეა და ამის მიუხედავად, ეს დაუწერელი კანონი, შესაძლოა, ახლიდან გადაწერონ და სხვა ფორმა მისცენ. 

რატომ? _ იმიტომ, რომ საქმე ვიღაცას კი არა, ტარიელ ონიანს ეხება. 

გასული წლის შემოდგომაზე, რუსეთის ციხიდან ესპანეთში ტარიელის ექსტრადაცია მას შემდეგ მოხდა, რაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ონიანს წაყენებული ბრალდებებიდან მთავარს _ ფულის გათეთრებას მოუხსნიდნენ. 

ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ესპანური მხარე ამას დათანხმდა და ტაროს მხოლოდ კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა და მასში მონაწილეობა ედება ბრალად. იმავე ესპანური კანონების მიხედვით, ეს ბრალდება 2-დან 4-წლამდე თავისუფლებას ითვალისწინებს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ამ ბრალდების გამო, პირს პირობითი სასჯელი აკმარონ და ეს მაშინ, როცა ფინანსური მაქინაციები უფრო მკაცრად ისჯება და ონიანს ესპანეთში, დაუსწრებლად, 8-წლიანი სასჯელიც ჰქონდა შეფარდებული. 

ახლა პროცესი ახლიდან მიმდინარეობს და პროკურორი ხოსე გრანდავი ცდილობს სასამართლოს დაუმტკიცოს, რომ ონიანი „კანონიერი ქურდი“, კრიმინალური სამყაროს „გენერალია“ და სწორედ ამ მეტსახელით იცნობენ მას კრიმინალები. 

„ტერმინი „კანონიერი ქურდი“, ბოლშევიკების დროს გაჩნდა და იგი ეხებოდა კრიმინალებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს იმპერიის დამხობაში. მას შემდეგ, რაც სტალინმა მიზანს მიაღწია და მოახერხა ცარისტული რეჟიმის დასრულება, „კანონიერი ქურდის“ ინსტიტუტმა მნიშვნელობა დაკარგა და გაუქმდა. მას შემდეგ არცერთი „კანონიერი ქურდი“ აღარ არსებობს და, რა თქმა უნდა, მეც არ მივაკუთვნებ თავს მათ რიცხვს“, _ განაცხადა სასამართლოზე ონიანმა. 

არადა, პროკურორმა თავის სიტყვაში ქუთაისიც ახსენა და აღნიშნა, რომ სწორედ ქუთაისური კრიმინალური დაჯგუფების მეთაური და „გენერალია“ ბრალდებული. 

„თავს უმწეოდ ვგრძნობ. არ ვიცი, როგორ დავამტკიცო, რომ ასეთი ორგანიზაცია _ „ქუთაისის დანაშაულებრივი დაჯგუფება“ არ არსებობს. მე არ ჩამიდენია რაიმე დანაშაული, მე არ ვარ დამნაშავე არაფერში და გთხოვთ, რომ ყველა ბრალდება მომიხსნათ, რასაც ისინი (პროკურატურა) მედავებიან. რაც შეეხება გენერლობას, ომის დროს, თანამოქალაქეებით დაკომპლექტებულ გასამხედროებულ დანაყოფში, ახლობლები გენერლად მთვლიდნენ“, _ ესეც ონიანის სიტყვებია. 

ვერ გეტყვით, გაითვალისწინებს თუ არა ესპანური სასამართლო ტარიელ ონიანის განცხადებას (ძალიან დიდი ალბათობით, მას მაქსიმუმ, 2 წელს რეალურ სასჯელს, ან ამავე ვადით, პირობით სახდელს დააკისრებენ), მაგრამ ფაქტია, რომ ამ განცხადებების შემდეგ, ონიანის მიმართ პრეტენზია ძალიან ბევრს გაუჩნდება. 

ტაროს თავისუფლებაზე არაერთი მტერი ჰყავს და ციხეში ყოფნის დროს, მისთვის წართმეული გავლენის სფეროების უკან დაბრუნების სურვილი არავის აქვს. ამიტომ, ტარიელს პრეტენზიას აუცილებლად წაუყენებენ. საამისოდ ორი სერიოზული მიზეზი არსებობს. პირველი ის, რომ ონიანმა გარკვევით თქვა, „დიდი ოქტომბრის რევოლუციის“ შემდეგ, „კანონიერი ქურდები“ საერთოდ არ არსებობენ და ქურდი მეც არ ვარო და მეორე, მან დაადასტურა, რომ გასამხედროებულ ნაწილში მსახურობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერს შეუძლია, ონიანი „პაგონების“ ტარებაში დაადანაშაულოს. 

რაღა თქმა უნდა, გათავისუფლების შემდეგ, ყველაფერ ამის ტარიელისთვის პირში თქმა და პრეტენზიების წაყენება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება რამდენიმე „კოლეგა პო ცეხუ“, რომელიც „სხადნიაკის“ მოწვევას და აღნიშნული საკითხის განხილვას მოითხოვს. 

ის, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში, ესპანეთში მცხოვრები ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი (და არა _ „კანონიერი ქურდი“) გვიყვება: 

„არსებობს მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი: პირველი ის, რომ ტარიელმა „სხადნიაკზე“ თქვას, ქურდი აღარ ვარო და ამით ყველაფერი დასრულდება, მასთან პრეტენზია არავის ექნება, ის, უბრალოდ, „პენსიაზე“ გავა და ჩვეულებრივად იცხოვრებს, თუმცა ყველანაირ გავლენას დაკარგავს და მეორე: ტარიელმა უნდა თქვას, რომ პოლიციისგან თავის დასაღწევად მიმართა ყველა მეთოდს და საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ, არ შეხებია არავის თავისუფლებას, არავინ დაუბეზღებია და არ უთანამშრომლია სამართალდამცავებთან. 

ეს მეორე ვარიანტი უფრო რეალური მგონია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუწერელ კანონში შევა ცვლილება და ქურდებს ექნებათ უფლება, პოლიციაში ხმამაღლა და გამოთქმით უარყონ საკუთარი სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვედა რგოლში, ისინი პატივისცემას დაკარგავენ. ქურდობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ხომ ის გახლავთ, რომ არანაირ პირობებში, ქურდი უარს არ ამბობს საკუთარ სტატუსზე და ამით მონასტერი აირევა. 

მე მაინც მგონია, რომ ტარიელი აკეთებს ყველაფერს საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ და აკეთებს ისე, რომ ზიანი ამ განცხადებებიდან თუ ვინმეს მიადგება, მხოლოდ მას ანუ სხვას ტაროსთან პრეტენზია, უბრალოდ, ვერ ექნება“

ნამდვილად ვერ გეტყვით, რა იქნება ხვალ, მაგრამ სერიოზული ეჭვი გვაქვს, გათავისუფლების შემდეგ, ონიანი სამოქალაქო თუ კრიმინალურ სექტორში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად კვლავ დარჩება.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში