Menu
RSS

ნახალოვკაში ,,კანონიერი ქურდის’‘ დას თითი მოაჭრეს და მოკლეს!

რატომ არ ერჩიან კრიმინალები ერთმანეთის ოჯახის წევრებს _ რა წერია ,,ქურდულ კარაბადინში’‘

კრიმინალურ სამყაროში დაუწერელი კანონია _ მაშინაც კი, თუ ერთმანეთს ერჩიან, კრიმინალები ერთმანეთის ოჯახის წევრებს არ ეხებიან. მართალია, ეს წესი არცთუ იშვიათად დარღვეულა და ხშირად ყოფილა, რომ რომელიმე „ჩინიანი“ თუ „უჩინო“ კრიმინალის მკვლელობის დროს, მისი ოჯახის წევრებიც „გაუყოლებიათ ხელს“, მაგრამ ეს არავის გაუმართლებია. პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი, სწორედ ორ ასეთ ისტორიას გვიამბობს:

„კომუნისტური წყობის დაშლის შემდეგ, კომერციული, ე.წ. საკომისიო მაღაზიები შემოვიდა მოდაში და მათი გაქურდვა-დაყაჩაღების ფაქტებიც გახშირდა. მოსახლეობა იქ აბარებდა ყველაფერს, რათა უბრალოდ, პურის ფული ეშოვა და საოცრება ის იყო, რომ ფული თუ გქონდა, ეს არ გახლდათ პურის ყიდვის გარანტია _ პური არ იშოვებოდა. 

მოკლედ, ნახალოვკაში, ერთ-ერთ საკომისიო მაღაზიაში ოქროულობას ყიდდნენ. ყიდდნენ-თქო, პირობითად ვამბობ, რადგან ძირითადად აბარებდნენ და ხარისხიანი რუსული ოქრო საზღვარგარეთ გადიოდა. 

ჰოდა, ერთ დილას შეტყობინება მოვიდა, აღნიშნული მაღაზია დააყაჩაღეს და მძარცველებმა იქ მყოფი ქალი მოკლესო. 

საქმეზე მე და ჩემი თანაშემწე გავედით. როგორც გაირკვა, მაღაზია გაიღო, გამყიდველს დაქალმა მიაკითხა და ამ დროს შევარდნენ ყაჩაღები. საქმე ის გახლდათ, რომ უფროსი ჯერ არ იყო მისული, შესაბამისად, სეიფი დაკეტილი იყო და მის წაღებას ან გაღებას მოკლე დროში, თავდამსხმელები ვერ მოახერხებდნენ. ამიტომ, თუ რამე ნახეს, ყველაფერს ხელი დაავლეს და გამყიდველის სტუმარ ქალს უთხრეს, ხელიდან ოქროს ბეჭედი მოიხსენიო. 

ბევრს ეცადა ქალი ბეჭდის მოხსნას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. შემდეგ, ერთმა ქურდმა მას „აბრეზიდან“ გულზე მიბჯენით ესროლა, თითი სანამყენე ტოტივით წაათალა, ბეჭედი მოაძრო, თითი იქვე დააგდო და წავიდა. 

წინასწარი დათვალიერებით, არავითარი თითის ანაბეჭდი, არავითარი კვალი, სახეზე ნიღბები, მოკლედ, მკვდარი საქმე ჩანდა. ვერც გამყიდველის დაკითხვა მოხერხდა _ შოკში იყო და დამაწყნარებლებს უკეთებდნენ. 

ექსპერტები მუშაობას ასრულებდნენ და მიცვალებული ექსპერტიზაზე უნდა გადაესვენებინათ, როცა კარი გაიღო და ნახალოვკელი „კანონიერი ქურდი“ შემოვიდა. რა თქმა უნდა, სახეზეც ვიცნობდი, პირადადაც და არც მისი გამოჩენა გამკვირვებია _ მის ტერიტორიაზე ქალი მოკლეს და ეს კარგი არ იყო. არ მომსალმებია, მხოლოდ ქალს გადახადა ზეწარი, მერე, თავში ხელები წაიშინა და არანორმალური ხმა ამოუშვა. გავოცდი, რადგან ვიცოდი, ცოლი არ ჰყავდა. ამიტომ, ხელი მოვკიდე, წამოვაყენე და თვალით ვანიშნე, ვინ არის-მეთქი. 

_ და _ ჩუმად მითხრა და წავიდა. 

ეს ორ რამეს ნიშნავდა: პირველი იმას, რომ სწრაფად უნდა მემოქმედა და თავდამსხმელები იმაზე ადრე მეპოვნა, ვიდრე ამას ქურდები მოახერხებდნენ და მეორე, საქმე თავზეხელაღებულ ბანდასთან მქონდა ანუ ხალხთან, რომლებმაც ერთი ბეჭდის გამო, ქალს თითი მოაჭრეს, მოკლეს და არ გაითვალისწინეს, რომ ის ქურდის და იყო. 

აუცილებელი გახლდათ გამყიდველის დაკითხვა, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, უთხრა თუ არა გარდაცვლილმა, ვისი ოჯახის წევრი იყო, რადგან მაშინ ქურდის ოჯახის წევრობით, თუ უბრალო ნაცნობობით, პრაქტიკულად, ყველა ამაყობდა. 

გამყიდველთან მივედი და დავპირდი, მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამ-მეთქი. შეშინებულმა დამიქნია თავი და როცა კითხვა დავსვი, ისევ თავი დააქნია _ „კი, ეკამ უთხრა, რომ მისი ძმა ქურდი იყო და საკომისიოს გაქურდვას არ აპატიებდა“. 

ყველაფერი ეს კარგს არაფერს მიქადდა. გამყიდველს ჩემზე უკეთესად, სწორედ ქურდები დაკითხავდნენ და, უფრო მეტიც, ძალიან დიდი იყო იმის შანსი, რომ მოწმეს ჩემთვის უფრო ნაკლები ეთქვა, ვიდრე _ მათთვის. 

დანაშაულიდან სამი დღე გავიდა, მე კი წინსვლა არ მქონდა და სასწაულს ველოდი. სასწაული არ მოხდა, მაგრამ მესამე დღეს, იგივე აღნაგობის სამი ადამიანი სხვა საკომისიოს დაადგა, ისიც გაძარცვეს, იქაც ისროლეს, თუმცა გამყიდველი სასწაულებრივად გადარჩა. მისი დაკითხვა მეორე დღესვე მოვახერხე და მნიშვნელოვანი ფაქტი გაიხსენა _ ერთმა თავდამსხმელმა, მეორეს სახელით მიმართა და ვასო დაუძახაო. 

გადავატრიალეთ კარტოთეკა და ორ ვასოს მივაგენით ისეთს, რომელსაც შეეძლო, საკომისიო დაეყაჩაღებინა. 

ერთი მალე გამოირიცხა, რადგან ფეხი ჰქონდა მოტეხილი და იმდენად მძიმედ, რომ საავადმყოფოში იწვა, მეორე კი _ გორელი ვასო, გორში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში არავის ენახა. ავამუშავეთ აგენტურული ქსელი და ინფორმაცია მოგვივიდა, რომ ვასო კიდევ ორ პიროვნებასთან ერთად, თავისი დის სახლში, ნუცუბიძეზე ცხოვრობდა. გადაწყდა, იმ საღამოსვე აგვეყვანა და ოპერაციის დაგეგმვა დავიწყეთ. 

როცა ყველაფერი დავალაგეთ, განყოფილებაში ზარი გაისმა _ სროლაა ნუცუბიძის ქუჩაზე, მოკლულია სამი პიროვნებაო. 

გულმა რეჩხი მიყო, მივხვდი, რაც მოხდა და ამიტომ, როცა ჯგუფი ნუცუბიძეზე გავიდა, მე იმ ნახალოვკელი ქურდის სახლისკენ წავედი, რამდენიმე თანამშრომელთან ერთად. ქურდი, დაახლოებით, ერთ საათში დაბრუნდა, როცა ვეცით და ხელები გადავუგრიხეთ, არ გაჰკვირვებია და არც მას შემდეგ გაგვიწია წინააღმდეგობა, რაც ქამრიდან ნაგანი ამოვუღეთ. გარდაცვლილები, სწორედ ჩვენს მიერ ძებნილი ყაჩაღები იყვნენ, მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ სამივე სხვადასხვა იარაღით გახლდათ მოკლული და ამოღებული ნაგანის გარდა, საქმეში „ტე-ტე“ და „მაკაროვიც“ ფიგურირებდა. 

რა თქმა უნდა, ქურდს, მინიმუმ, ერთი კაცი ახლდა, რადგან სისულელე იყო იმაზე ფიქრი, რომ სამი იარაღიდან ისროდა. ამის მიუხედავად, დაკითხვაზე ჯიუტად ამტკიცებდა, რომ საქმეზე მარტო იყო და არავინ „ჩაუშვა“. 

ახლა, არ მითხრა, როგორ და რატომო, მაგრამ სამი კაცის მკვლელობის გამო, მან მხოლოდ ხუთი წელი მიიღო. ასეთი რამ ხშირად ხდებოდა ხოლმე... 

* * * 

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა ბიჭი დაიკარგა _ წყალში შევიდა და უკან გამოსული აღარავის უნახავს. შესაბამისად, მყვინთავები ავიდნენ და ძებნა დაიწყეს. მთელი თბილისი იქ იყო, ყველა ტიროდა, ყველას ენანებოდა 17 წლის ბავშვი, მაშინ სიკვდილსაც სხვა ფასი ჰქონდა. ჰოდა, ამოვიდა ერთ-ერთი მყვინთავი წყლიდან, პირდაპირ მილიციის თანამშრომლებისკენ წამოვიდა და ჩურჩულით თქვა _ ფსკერზე „ვოლგაა“. 

ერთმანეთს გადავხედეთ. თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაშინდელი ხელმძღვანელის სამსახურეობრივ „ვოლგას“ ორი კვირა უშედეგოდ ვეძებდით, ფეხზე იდგნენ ქურდებიც, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. აქ კი, მოულოდნელად, მყვინთავი გვეუბნება, რომ მანქანა თბილისის ზღვის ფსკერზეა. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ დაკარგული მანქანა ვიპოვეთ და როცა წყლიდან ამოვიყვანეთ, ნომრებით მივხვდი, არ ვცდებოდი. 

მანქანას დაზიანებები არ ეტყობოდა, გაირეცხებოდა, გაშრებოდა და ფორმაში იქნებოდა, ამიტომ შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ მძღოლი რომ მოვიდა და საბარგული ახსნა, კინაღამ წავიქეცით _ საბარგულში ახალგაზრდა გოგონას გვამი იდო. ხრწნის პროცესის გამო, გვამის ამოცნობა შეუძლებელი იყო, ამიტომ შემოსული განცხადებები გადავათვალიერეთ და ერთ-ერთ მათგანში ეწერა, რომ ოჯახი შინიდან გასულ გოგონას ეძებდა. ამოცნობაზე მშობლები მოვიყვანეთ, რომლებმაც შვილი ტანსაცმლით იცნეს. 

ექსპერტიზის დასკვნით, გოგონა დაიხრჩო, მაგრამ საბარგულში თავად ხომ არ ჩაწვებოდა და მით უმეტეს, მანქანას თავად ხომ არ დააგორებდა? 

ავტომობილის დეტალური დათვალიერების შემდეგ, სალონში სანთებელა „ზიპო“ ვიპოვეთ, რომელსაც სპილის ძვლის ორნამენტები ჰქონდა და ძალიან ძვირფასად ითვლებოდა. გადავატრიალეთ თბილისი, მაგრამ ყველგან გვითხრეს, რომ ასეთი სანთებელები, უბრალოდ, არ იყიდებოდა და ის უცხოეთიდან უნდა ყოფილიყო ჩამოტანილი. გოგონას მშობლების დაკითხვამ არაფერი მოგვცა. აი, მეზობლებმა კი გაიხსენეს, რომ ბოლო დროს, გოგო ცნობილ კრიმინალს ხვდებოდა. უფრო ზუსტად, ეს კრიმინალი საღამოობით სახლამდე აცილებდა და ერთ-ერთი მეზობლის მტკიცებით, სადარბაზოში დამშვიდობებისას, ხანგრძლივად კოცნიდა. 

ერთ საათში, გოგონას შეყვარებული ჩვენებას გვაძლევდა, მაგრამ ახალი მანაც არაფერი თქვა. მან ვერც სანთებელა ამოიცნო, თუმცა მისი დანახვისას, აშკარად შეკრთა. მისი ქცევა არ მომეწონა და ამიტომ, თვალთვალზე ავიყვანეთ. ერთი დღის შემდეგ, ოპერჯგუფმა შემატყობინა, რომ ობიექტმა ერთ-ერთი ჩვენი აგენტისგან იარაღი შეიძინა და ლოტკინის მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. მაშინვე ორი მანქანით წავედით და იეზიდი ძმების სახლთან დავაკავეთ. ძმები, ასევე, კრიმინალები იყვნენ და ადვილი მისახვედრი იყო, რომ ამ საქმესთან კავშირი ჰქონდათ. დავაკავეთ ძმებიც და უბანში ჩვენმა აგენტებმა დაგვიდასტურეს, რომ სანთებელა ერთ-ერთი ძმის საკუთრება იყო. 

საბოლოოდ, ყველაფერს ძალიან ბანალური დასასრული ჰქონდა. როგორც გაირკვა, ამ გოგოს შეყვარებულმა ძმებთან 20 ათასი წააგო და ფულის გადახდას ვერ ახერხებდა. ძმები დაემუქრნენ, მერე შეყვარებული მოსტაცეს, მოპარულ მანქანაში ჩასვეს და თბილისის ზღვაზე აიყვანეს. სანამ მანქანიდან გადმოიყვანდნენ, თავად გადმოვიდნენ, ცოტა იბანავეს და... მანქანა დაგორდა, წყალში შევარდა და გოგონაც დაიხრჩო. ამიტომ დარჩა ავტომობილში სანთებელა და ამიტომ დაიხრჩო გოგო. 

ბიჭებს, თურმე, წაგებული ტიპის შეშინება სურდათ, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. 

ჰო, რაც მთავარია, შეყვარებული ძმებს ვერ უმტკიცებდა, რომ გოგონას გაუჩინარება მათი ბრალი იყო და პასუხსაც ვერ სთხოვდა. აი, მას შემდეგ კი, რაც გოგო ვიპოვეთ, შურისძიებისთვის წავიდა და ჩვენ ავიყვანეთ. ბიჭს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 2 წელი მივეცით, ძმებს კი ავტომობილის გატაცებისა და გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის 7-7 წელი ერგოთ“.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში