Menu
RSS

მკვლელობა თბილისის მეტროში

როგორ გავიდნენ ძალოვანები სამკაციან ბანდაზე, რომელმაც მდიდარ თბილისელებს სოცოცხლე გაუმწარა

80-იანი წლების შუაწელს ანუ მაშინ, როცა ჯერ კიდევ დიადი კომუნიზმი იყო, თბილისში გამოჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ბინებს ისე ქურდავდა, რომ კვალს არ ტოვებდა. მაშინდელმა მილიციამ მხოლოდ ის იცოდა, რომ ქურდობაში სამი ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ სამივე ისე შეხმატკბილებულად მოქმედებდა, სამართალდამცავები კვალს ვერ ადგენდნენ. არადა, საერთო ჯამში, სამეულს უკვე ასი ათას მანეთზე მეტი ჰქონდა წაღებული, რაც მაშინდელი საზომით, უზარმაზარი თანხა იყო. ყველაფერი კი შემთხვევამ გახსნა, თუმცა მილიციის შემდგომი ქმედება სახელმძღვანელოებში იქნა შეტანილი. ამის შესახებ, მაშინ ჯერ კიდევ ლეიტენანტი, ახლა კი სამართალდამცავი ორგანოს ყოფილი პოლკოვნიკი გვიყვება:

 „ქურდები, ძირითადად, მდიდარი თბილისელების ბინებს ასუფთავებდნენ. მდიდარ ხალხს კი, მოგეხსენებათ, სანაცნობოც მდიდარი ჰყავდა და ამიტომ, მილიცია ლამის აიკლეს, გინდათ თუ არა, ქურდები დააკავეთო. არადა, როგორ უნდა დაგვეკავებინა, როცა არანაირი ანაბეჭდი და ხელჩასაჭიდი არ გქვონდა, მხოლოდ ორი მოწმე გყვავდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ სამი მამაკაცი დაინახეს, რომლებსაც ჩანთით რაღაც მიჰქონდათ. 

რა თქმა უნდა, ამ ქურდობების გარდა, სხვა საქმეებიც იყო და ჩემი ოპერატიული მუშაკები ერთ-ერთ კორპუსში, ძებნილს უთვალთვალებდნენ. ჩასაფრება ისე იყო მოწყობილი, ვერავინ ვერაფერს მიხვდებოდა, თუმცა ძებნილის ნაცვლად, ხელში სწორედ ეს ქურდები ჩაუვარდათ. უფრო კონკრეტულად კი, ჩემმა ბიჭებმა დაინახეს, როგორ გამოვიდა სადარბაზოდან სამი კაცი და აჩქარებული ნაბიჯით ცდილობდა ტერიტორიის დატოვებას. სამივე სახეებს საგულდაგულოდ მალავდა და ჩემებმა ჩათვალეს, რომ სამიდან ერთ-ერთი, სწორედ ის ძებნილი იყო. ამიტომ, სამეულს გაჩერება უბრძანეს. მოულოდნელად, სამივემ იარაღი დააძრო და ცეცხლი გახსნა. ამისთვისაც მზად ვიყავით და საპასუხო ცეცხლის შედეგად, დაიჭრა ერთი პოლიციელი, გარდაიცვალა ერთი ქურდი, ერთს ტყვია ფეხში მოხვდა და ვერ გაიქცა, მესამემ კი მიმალვა მოასწრო. 

დაკავებული გიორგი გ. პირადად არაერთხელ დავკითხე, მაგრამ მესამეს ვინაობა ვერ ვათქმევინე. ასე ამბობდა, ნიკოს ვეძახდით და წარმოდგენა არ მაქვს, რა ჰქვია, ან სად ცხოვრობსო. 

გარდაცვლილი კრიმინალის სანაცნობო წრის შესწავლამაც არაფერი მოგვცა. მოკლედ, გიორგის სასამართლო გაიმარა და ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

შემდეგ იყო არეულობა, დამოუკიდებლობის გამოცხადება, ამნისტია და გიორგის სასჯელი შვიდ წლამდე შეუმცირდა. ვადის გასვლას კიდევ ორი წელი აკლდა, როცა სამმართველოს უფროსმა დამიძახა და საინტერესო გეგმა გამანდო. მისი აზრით, გიორგის ვადაზე ადრე თუ გავუშვებდით, აუცილებლად მიგვიყვანდა მესამე დამნაშავესთან ანუ მასთან, ვისაც რეალურად მთელი ფული დარჩა, რადგან თანხა ვერ ვიპოვეთ. ბოლო ბინიდან, დაახლოებით, 40 ათასი მანეთი იყო წაღებული, ამას ემატებოდა ოქროულობა და ბრილიანტი, წინა ბინების გათვალისწინებით კი იმ ერთ ადამიანს 200 ათასამდე შერჩა, რაც ძალიან, ძალიან დიდი თანხა იყო. 

გადაწყდა, „სანიმუშო ქცევისთვის“, გიორგი ვადაზე ადრე გამოგვეშვა, სადღეღამისო თვალთვალი დაგვეწესებინა და ის საკუთარ „ნაშრომს“ აუცილებლად მოიკითხავდა. 

უნდა გენახათ, როგორი გაოცებული თვალები ჰქონდა გიორგის, როცა უთხრეს, „სანიმუშო ქცევისთვის“, ვადაზე ადრე გიშვებთო. ერთი კვირა სამეზობლო-სამეგობროში სვამდა და უბანს, პრაქტიკულად, არ გასცდენია. მისი ტელეფონი მოსმენაზე გვქონდა, მაგრამ რად გინდა, არც მუშაობდა და გიორგისაც არ გამოუხატავს სურვილი, ვინმესთვის დაერეკა ანუ მას ტელეფონი არაფერში სჭირდებოდა. 

მის სახლთან ოთხი ოპერატიული თანამშრომელი მორიგეობდა _ ორი ქალი და ორი კაცი, რათა საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთი შეეცვალათ, დაეზღვიათ და ობიექტი ვერაფერს მიმხვდარიყო. 

დაახლოებით, ათი დღის შემდეგ, გიორგი სახლიდან დილის ექვს საათზე გამოვიდა. მას ოთხივე თანამშრომელი სხვადასხვა კუთხიდან აედევნა, ბოლოს კი, ისე გამოვიდა, რომ გიორგი მეტროში ჩავიდა, მას მხოლოდ ერთი ქალი მიჰყვა, რომელსაც ესკალატორში ფეხსაცმლის ქუსლი გაეჭედა, კოჭი იღრძო და თვალთვალი ვეღარ გააგრძელა ანუ ობიექტი დავკარგეთ, მაგრამ ის საღამოს სახლში დაბრუნდა. მეორე დღეს, მაღაზიებში წავიდა, ახალი ტანისამოსი იყიდა და საკვებიც ისეთი მოიმარაგა, რომ ციხიდან გამოსულ კაცს, წესით, ვერ უნდა ეყიდა. 

მივხვდით, ძველი მეგობარი მოინახულა, თავისი წილი გამოართვა და ახლა იმას ხარჯავდა. 

_ მაგას თუ ასი ათასი ერგო, მინიმუმ, რამდენიმე წელი არაფერს გააფუჭებს, რამე უნდა მოვიფიქროთ, _ მითხრა სამმართველოს უფროსმა და მოვიფიქრეთ კიდეც. 

ერთ დღეს, როცა სახლიდან გავიდა, მისი ბინა გავქურდეთ. ჩემმა ბიჭებმა სახლიდან, დაახლოებით, 30 ათასი ნაღდი ფული წამოიღეს. მთელი უბანი ააწრიალა გიორგიმ, მაგრამ დაკარგულ ფულს რას მიაგნებდა? საჭირო იყო თვალთვალის გაგრძელება, რადგან არც ნაპოვნი თანხა იყო იმდენი, გიორგის რომ ჩაეთვალა, წილი სრულად მივიღეო და არც იმდენი ჰქონდა დახარჯული, რომ გვეფიქრა, დანარჩენი ნივთებში გაისროლაო. 

ამჯერად, მას უკვე რვა ოპერატიული თანამშრომელი უთვალთვალებდა და გამორიცხული იყო, ხელიდან გაგვეშვა. პირველი შემთხვევის დარად, იმ დღესაც გიორგი დილით ადრე გავიდა სახლიდან, ისევ მეტროში ჩავიდა და უკან ხუთი თანამშრომელი მიჰყვა. ვაგზლის მოედანზე ძალიან ბევრი ხალხი შემოვიდა ვაგონში, ამიტომ, ოპერატიული მუშაკები კარგად ვერ ხედავდნენ, რას აკეთებდა ობიექტი, მაგრამ მისი თავი ჩანდა და ამიტომ მშვიდად იყვნენ. მატარებელი „მარჯანიშვილზე“ გაჩერდა და ხალხის ნაწილი ვაგონიდან გავიდა. უცებ გიორგის თავი დაიკარგა, ორი მუშაკი ლამის წასული ვაგონიდან ჩახტა, ორი შიგნით დარჩა და სწორედ იმ ორმა ნახა სისხლში მცურავი გიორგი, რომელსაც ღვიძლთან, დანით ექვსი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 

_ დანა ძალიან ძლიერი ადამიანის მიერ არის დარტყმული და რაც მთავარია, ეს ადამიანი ცაციაა, _ ეს იყო ექსპერტის დასკვნა და მეტი არაფერი. 

ერთმა თანამშრომელმაც ვერ დაინახა, ვის ესაუბრებოდა გიორგი, ვის შეიძლებოდა დაერტყა დანა და ცაცია კიდევ იმდენი დადიოდა თბილისში, ვერ დაითვლიდი. 

ისევ დავკარგეთ ძაფის ბოლო და თან როგორ? _ კაცი, რომლის იმედიც გვქონდა და რომელიც ციხიდან გამოვუშვით, მორგში იწვა. 

_ ერთადერთი, იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენი კლიენტი მუშაობს ანუ გიორგი მას არ დაუკავშირდა ტელეფონით, არ შეხვდა სახლში, არამედ, ორივეჯერ დილით, ადრე გამოვიდა და ჩავიდა მეტროში ანუ მან იცის განრიგი, რითაც ბანდის მესამე წევრი მოძრაობს და სწორედ ეს გამოიყენა. რომ არა სამსახური, გამორიცხულია, ადამიანი ასე ბრმად, ერთსა და იმავე დროს სადმე მიდიოდეს, _ მითხრა სამმართველოს უფროსმა და რა უნდა მექნა, დავეთანხმე, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ ეს ჩემთვის შეღავათი არ იყო. 

დილით, მეტროთი, ათასობით ადამიანი მიდიოდა სამსახურში და მათ შორის, ცაცია სად უნდა მეძებნა?! თითქმის ნახევარი წელი ისე გავიდა, ვერაფერი გავარკვიეთ და ხელიც ჩავიქნიეთ. მოგჭამა ჭირი გიორგიმ და მოპარულმა ათასებმა-მეთქი, ვუთხარი სამმართველოს უფროსს და ისიც დამეთანხმა, მაგრამ... 

ჩემმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მთხოვა, სიდედრი მომიკვდა და იქნებ, სთხოვო გარემოს დაცვას, ჩემი მეგობრები მტკვარზე ერთი საათით დენით შეუშვან, გასვენებისთვის თევზი მჭირდებაო. 

მაშინ ყველა დენით თევზაობდა და კარგი-მეთქი, ოღონდ შენც გაყევი, სისულელეები რომ არ ჩაიდინონ-მეთქი. წავიდა ეს ჩემი მეგობარი სათევზაოდ, დიღმის მხარეს შევიდნენ წყალში, სადაც ცოტა წყალია და ღამით, წყალში ჩადებულმა რკინის ბადემ ნაპერწკლები გაყარა. ალბათ, რკინას მოედო, ისე არ იზამდაო, თქვა მცოდნემ და დააყოლა, აქ რკინას რა უნდა, „სინკარები“ არ ყრიაო. 

მოკლედ, ფანარი აანათეს და წყლიდან იარაღი ამოიღეს. ბალისტიკურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ეს ის იარაღი იყო, რომლითაც ქურდების დევნის დროს, ჩვენი თანამშრომელი დაიჭრა. იარაღი გვქონდა, გვქონდა ადგილი და დიღომთან ყველაზე ახლოს, დიდუბის მეტრო იყო ანუ ჩვენი ქურდი, სწორედ იქ უნდა გვეძებნა, დიღომში. გიორგიც დიდუბეში ჩადიოდა მეტროში, რაც პირდაპირ მიანიშნებდა, რომ სწორ გზაზე ვიდექით. 

როგორ გგონიათ, რა მოვიფიქრეთ? _ მორიგეობას აზრი არ ჰქონდა, უბრალოდ, ჟეტონების გამყიდველი ქალები გავაფრთხილეთ, დაემახსოვრებინათ ყველა მამაკაცი, რომელიც მარცხენა ხელით იყიდდა ჟეტონს. რაც მთავარია, ეს პროცედურა რამდენჯერმე უნდა განმეორებულიყო, რათა შემთხვევითობა გამოგვერიცხა. საბოლოო ჯამში, 30-მდე მამაკაცი მოგვიგროვდა, შემდეგ, საქმეში ოპერმუშაკები ჩაერთვნენ და რიცხვი ორამდე შეამცირეს. ერთი, დაახლოებით, გიორგის ასაკის კაცი იყო, მეორე _ უფრო ახალგაზრდა. ახალგაზრდა მალე გამოირიცხა, ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობდა, აი, მეორე კი, რომელიც „ელექტრიკად“ მუშაობდა, გამორჩეულად იცვამდა, კარგ სიგარეტს ეწეოდა ანუ ხარჯავდა იმაზე მეტს, რამდენსაც გამოიმუშავებდა. 

სახლში ცოლი ჰყავდა, უშვილო იყო და ცოლიც დედოფალივით დადიოდა. საეჭვო მხოლოდ ის გახლდათ, რომ მარჯვენა ხელს, პრაქტიკულად, ვერ ხმარობდა და როგორ უნდა მოეკლა გიორგი? საბოლოო ჯამში, მის სახლში არაოფიციალურად შევაღწიეთ და ფულის გარდა, ბინიდან წაღებული ოქროულიც ვიპოვეთ. მერე უკვე ოფიციალურად მოვითხოვეთ ჩხრეკის ორდერი და დამნაშავე დავაკავეთ. 

როგორც მოგვიყვა, გიორგისთვის ასი ათასი ჰქონდა გადანახული. მან პირველ ჯერზე, მხოლოდ 50 გამოართვა, დანარჩენს მერე წავიღებ, როცა რაიმე ბიზნესს მოვიფიქრებო. მეორე ჯერზე რომ დაადგა, უთხრა, 50 კი არა, ასი მინდა ანუ საერთო ჯამში, 150 ათასი, რადგან ციხეში ორივეს მაგივრად ვიჯექიო. მივხვდი, არ მომეშვებოდა და ამიტომ, იქვე, მეტროში გავუყარე დანაო. 

რაც შეეხება მარცხენას, მარჯვენა ხელი ბავშვობაში უტკენია და ამიტომ, მთელი ჯანი და ენერგია, სწორედ ცაციას განვითარებას მოხმარდა. მარცხენა ხელი, მართლაც, არარეალურად ძლიერი ჰქონდა და... ამ ხელმა, 15-წლიანი სასჯელი მოუტანა. სხვათა შორის, ბოლომდე მოიხადა და თავისუფლებაზეც გამოვიდა...“

პატიმარი #0578

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში