Menu
RSS

თიბისი ბანკის წლიური ანგარიში ბიზნესსექტორისთვის

გიორგი გახარია: „სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ საბანკო სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნდამენტი და წყარო, ძლიერი და განვითარებული იყოს!“

27 თებერვალს, სასტუმრო WYNDHAM GRAND TBILISI-ში თიბისი ბანკმა წლიური ანგარიში წარადგინა. თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა და მისმა მოადგილეებმა, კომპანიის 2019 წლის მიღწევებსა და შედეგებზე, ასევე, ბანკის განვითარების სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციები თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ, მისმა მოადგილეებმა _ გიორგი თხელიძემ, ნიკოლოზ ქურდიანმა და ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ წარადგინეს. გამომსვლელებმა თიბისის ხედვასა და სტრატეგიაზე, კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მიღწევებზე, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ეკოსისტემების განვითარებაზე, ასევე, მაკროეკონომიკურ გარემოზე ისაუბრეს.

ახლა ვნახოთ, რას ნიშნავს და როგორ აისახება ციფრებში კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მიღწევები, მცირე და საშუალო ბიზნესისა თუ მაკროეკონომიკური გარემოს განვითარება. 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, თიბისი საქართველოს ლიდერი ბანკია. 2018 წელთან შედარებით, ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა და მთლიანი ბაზრის 39.5% შეადგინა, დეპოზიტების საბაზრო წილმა კი _ 39%. ეს მაჩვენებელი, ძირითადად, კორპორატიულ და მიკრო, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების სეგმენტებში, გარკვეული ზრდითაა განპირობებული. ბიზნესების დაკრედიტება კორპორატიულ სექტორში 47%-ით, ხოლო MSME მიმართულებით _ 18%-ით გაიზარდა. 

კორპორატიულ სექტორში, დაფინანსების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკის, უძრავი ქონების, საკვები ინდუსტრიისა და სასტუმროების სექტორებზე მოდის, MSME სექტორში _ სოფლის მეურნეობის, სასტუმროებისა და ვაჭრობის სფეროებზე. 

როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, თიბისი საცალო სეგმენტშიც ლიდერი ბანკია. ეს იმიტომ, რომ 2.5 მილიონ მომხმარებელს ემსახურება. 2019 წელს, საცალო სესხების პორტფელი, წინა წელთან შედარებით, 7.5%-ით გაიზარდა, რაც უმეტესწილად, იპოთეკური სესხების პორტფელის ზრდამ განაპირობა. ამჟამად, თიბისის საბაზრო წილი საცალო სესხებში 40%-ია, საცალო დეპოზიტებში კი _ 37.9%. 

2019 წელს, თიბისიმ, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან 1.5 მილიარდი ლარის ანუ 531 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. 

2019 წელი, საერთაშორისო გაფართოების მიმართულებითაც წარმატებული გამოდგა თიბისისთვის. ასე მაგალითად, თიბისიმ უზბეკეთში, საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია მოიპოვა, რაც ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელების მხრივ, აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია. საბოლოო ლიცენზიის მოპოვებასა და საბანკო ოპერაციების დაწყებას, თიბისი 2020 წლის ზაფხულში გეგმავს. 

პარალელურად, თიბისი აქტიურად ანვითარებს გადახდების ბიზნესს. PAYME, რომელიც უზბეკეთში გადახდების წამყვანი კომპანიაა, უკვე 1.8 მილიონ მომხმარებელს ემსახურება. PAYME-ს მოგება 84%-ით გაიზარდა, მისმა შემოსავალმა კი 8 600 000 ლარს მიაღწია. 

თიბისის მიერ მიღწეული კიდევ ერთი წარმატებაა ციფრული ბანკის _ ,,სფეისის'' საერთაშორისო ბაზრისთვის მომზადება, რაც უახლოეს მომავალში, ,,სფეისის'' მომსახურების გერმანიაში გატანას გულისხმობს. 

გასული წლის განმავლობაში, საერთაშორისო ფინანსური გამოცემებისგან, თიბისი ბანკმა არაერთი ჯილდო მოიპოვა. თიბისის ,,მობაილბანკი'' საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში, თიბისი კი _ საუკეთესო ბანკად საქართველოში! 

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ნებისმიერი ბიზნესის განვითარება, ქვეყნის ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს: 

„შესაბამისად, ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მეტი ბიზნესი გვიცხადებს ნდობას. ამის დასტურია 2019 წლის ფინანსური შედეგები, რასაც ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ. ზოგადად, თიბისის მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა, სწორედ ამიტომ, ბიზნესებისთვის ყველა პროდუქტსა და მომსახურებას, მათი საჭიროებების გათვალისწინებით ვქმნით. 2020 წლისთვის დასახული ამბიციური მიზნები და მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკუთესო მომსახურება მარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ“. 

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა, საკუთარი პრეზენტაცია მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას დაუთმო. როგორც ქურდიანმა აღნიშნა, ამ მხრივ, თიბისი ბანკი, სასესხო პორტფელის მასშტაბით, ნომერი პირველი დამფინანსებელია, რომელსაც ამ ბაზრის 62% უჭირავს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი 10 ახლადდარეგისტრირებული კომპანიიდან, 6 თიბისი ბანკში ხსნის საკუთარ ანგარიშს. 

,,ზოგადად, ყველას ისეთი წარმოდგენა აქვს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ტექნოლოგიურად არც ისე განვითარებულად თვლის. თუმცა ეს სიმართლე არაა, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესში, ყველა ტრანზაქციის 93% დისტანციურად, ბანკში მიუსვლელად სრულდება. ეს ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი აქტიურად მოიხმარს ყველა იმ ტექნოლოგიურ არხს, რომელიც გვაქვს და რასაც ძალიან კარგად ვანვითარებთ. ჯამში, ქვეყანაში შექმნილი კომპანიების 44%, სწორედ ჩვენი კლიენტია და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია, რომელიც ყოველწლიურად მზარდია'', _ განაცხადა ნიკა ქურდიანმა. 

მისივე თქმით, სამი წელია, რაც თიბისი აქტიურად ანვითარებს პროგრამას ,,სტარტაპერი''. მთლიანობაში, სტარტაპებზე 267 მილიონი ლარი დაიხარჯა, ბენეფიციართა რაოდენობა კი 28 000-ია. 

როგორც აღვნიშნეთ, სასტუმრო WYNDHAM GRAND TBILISI-ში გამართულ შეხვედრას მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა, რომელმაც თიბისი ბანკის აქციონერებს, თანამშრომლებსა და კლიენტებს წარმატებული წლის დასრულება მიულოცა: 

,,ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ თიბისი სისტემური ბანკია და ქვეყნის საერთო მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში, ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ისევე, როგორც მთლიანად საბანკო სისტემას და რაც მთავარია, სინერგიას ანუ სახელმწიფოს, რეგულატორსა და საბანკო სისტემას შორის ეფექტურ თანამშრომლობას, რაც ჩვენი მიზანია. შესაძლოა, სადღაც გადახრებიც გვაქვს, რადგან მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას ველოდებით ბიზნესისგან და მათ შორის, საბანკო სექტორისგან, რათა უფრო დაინტერესებული ვიყოთ იმაში, რომ არა მხოლოდ საბანკო სისტემა, არამედ, საერთოდ ფინანსური სექტორი უფრო განვითარდეს, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს კარგი და ასეთი დაბალანსებული თანამშრომლობა, ამიტომ ვთვლი, რომ ის ბალანსი, რომელსაც ბოლო პერიოდში მივაღწიეთ, განსაკუთრებით, სახელმწიფოს, რეგულატორსა და საბანკო სექტორს შორის, საფუძველია, რათა 2020 წელი, თიბისისთვის და მთლიანად საბანკო სექტორისთვის, კიდევ უფრო წარმატებული იყოს. ციფრებზე არაფერს გეტყვით, ჩემზე უკეთ იცით ყველამ, რამდენად საინტერესო, შედეგიანი და ეფექტური იყო 2019 წელი საბანკო სექტორისთვის, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბანკო სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნდამენტი და ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი წყარო, ძლიერი და განვითარებული იყოს!'' 

სპიკერების გამოსვლის შემდეგ, პანელური დისკუსიის ფარგლებში, თიბისის წარმომადგენლებმა, ბიზნესპარტნიორებთან ერთად, მაკროეკონომიკური ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს. პანელურ დისკუსიას, რომელშიც ვახტანგ ბუცხრიკიძე, ნიკა ქურდიანი, გიორგი თხელიძე და ოთარ ნადარაია მონაწილეობდნენ, ,,ფორბსის'' ქართული გამოცემის რედაქტორი, გიორგი ისაკაძე უძღვებოდა. 

ღონისძიების ბოლოს, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გოგა თხელიძემ, ბიზნესსექტორთან შეხვედრა დადებითად შეაფასა: 

„ძალიან კარგი შესაძლებლობა გვქონდა, რათა 2019 წლის შედეგები, ჩვენი პარტნიორებისა და საზოგადოებისთვის დეტალურად გაგვეცნო და ამ შედეგების გამომწვევ მიზეზებზეც გვესაუბრა. განვიხილეთ, რას ვგეგმავთ 2020 წელს, ამიტომ ვფიქრობ, ეს შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო“. 

თიბისი ბანკის წარმომადგენლებისა და ბიზნესსექტორის შეხვედრა გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ შეაჯამა. მისი თქმით, ეს შეხვედრა თუნდაც იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებასა და ბანკის ყველა პარტნიორს არა მარტ გასული წლის შედეგები გააცნეს, არამედ, ის სტრატეგიული მიმართულებებიც განიხილეს, რაც ბანკს მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში აქვს დაგეგმილი:

,,2019 წელს, ჩვენ, როგორც ბანკმა, ბევრი ახალი ტექნოლოგიური პროექტი შემოვიტანეთ და ამავდროულად, მცირე და საშუალო კორპორატიულ ბიზნესში, საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდაც დავაფიქსირეთ. რაც შეეხება ჩვენს განვითარებას მომავალი წლების განმავლობაში, აქცენტს ახალ ტექნოლოგიებზე გავაკეთებთ. გვინდა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ, საკმაოდ სწრაფად განვვითარდეთ, ამიტომ 2020 წელს, ძირითად აქცენტს უზბეკეთის ბაზარზე გავაკეთებთ, სადაც ჩვენ უკვე წარმოდგენილი ვართ, როგორც გადახდების სისტემის აპლიკაცია და დაახლოებით, 1 900 000 მომხმარებელი გვყავს. გარდა ამისა, უზბეკეთში, ჩვენი სალიზინგო კომპანიაც გვაქვს და სრულფასოვანი ბანკი უკვე 2020 წლის ზაფხულში დაიწყებს ოპერირებას. წლის მეორე ნახევარში გვინდა, რომ სხვა ბაზრებიც განვავითაროთ''. 

,,ვერსიის'' კითხვაზე, სხვა ბაზრების განვითარებაში, უზბეკეთის გარდა, შუა აზიის სხვა ქვეყნებიც იგულისხმება თუ არა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ გვიპასუხა: ,,ჯერჯერობით, ძირითადი აქცენტს უზბეკეთის ბაზარზე ვაკეთებთ, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით, წლის მეორე ნახევარში, უფრო მეტ სიცხადეს შევიტანთ''. 

თიბისი ბანკის შემაჯამებელი შეხვედრა სხვადასხვა ბინზესის წარმომადგენლებთან, ყოველწლიურად გაიმართება. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის შედეგების გაცნობასთან ერთად, ამ შეხვედრის მიზანი, მათი მოსაზრებების გაზიარებაც იქნება.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში