Menu
RSS

სიძემ ცოლისძმა სამოთახიანი ბინის გამო მოკლა!

მუშტაიდის ბაღში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები _ როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავეზე

ეს ახლაა, საქართველოში სხვადასხვა ჯიშის ძაღლი ჰყავთ, თორემ მათ, ვისაც ნადირობა არ აინტერესებდათ, მაგრამ სურდათ, ძაღლი ჰყოლოდათ, თავის დროზე, მხოლოდ გერმანული და კავკასიური ნაგაზები ჰყავდათ, მონადირეებს -მაძებარი ჯიშები და სულ ეგ იყო ოთხფეხა მეგობრების „ეგზოტიკა“. იშვიათად გამოერეოდა კოკერ-სპანიელი, პუდელი და თითქმის არ შეხვდებოდით ჩიხუახუას, კანე-კორსოს, დობერმანს... ზოგადად, დედაქალაქში ძაღლის ყოლა დიდად მიღებული არ იყო და ამიტომ ოთხფეხა მეგობრების პატრონები ერთმანეთს იცნობდნენ. ისინი ძაღლებს, ძირითადად, ვერის, მუშტაიდისა და ვაკის პარკებში ასეირნებდნენ და ურთიერთობაც იქ უყალიბდებოდათ. ალბათ ფიქრობთ, რა შუაშია ძაღლები და კრიმინალიო, მაგრამ სწორედ ძაღლმა გახსნა დანაშაული, რომელიც ერთი შეხედვით, უიმედო გახლდათ და ამის შესახებ ვეტერანი ძალოვანი გვიყვება.

„ის პერიოდია, შუქის მოსვლა ეროვნული ზეიმი რომ არის და ქუჩებს კეტავენ ელექტროენერგიის მოთხოვნით. შესაბამისად, მილიციას ძალიან უჭირდა მუშაობა, რადგან ჩვენც ოჯახები გვყავს, ჩვენც გასაჭირი გვქონდა. კატასტროფული მდგომარეობა განსაკუთრებით ღამით იყო, რადგან არანაირი განათება ქუჩებში, სკვერებში, რაც იმას ნიშნავდა, რომ ღამით საქმის გარჩევები სწორედ იქ მიდიოდა და დილით გვამებს ვაგროვებდით. 

მახსოვს, ყველაზე მეტი მიცვალებული კიკვიძისა და მუშტაიდის ბაღებიდან გამოგვყავდა ხოლმე, ძირითადად, იარაღით დახოცილები, მაგრამ დანაზეც არ ამბობდნენ უარს. დანას ღამე იშვიათად იმიტომ იყენებდნენ, რომ ეშინოდათ, საკუთარისთვის არ დაერტყათ. იარაღს კი გაისვრიდი და იმის შუქზე ხედავდი მოწინააღმდეგეს, პირველს თუ ააცილებდი, მეორე უკვე მიზანში ხვდებოდა. 

მოკლედ, ერთ დილით მუშტაიდის ბაღში შევედით და ახალგაზრდა ბიჭის გვამი ვნახეთ. ასე, 17-18 წლის იქნებოდა, გულში დანა ტარამდე ჰქონდა დარტყმული და ექსპერტის დასკვნით, დაახლოებით, 7-8 საათის მკვდარი იყო ანუ ახლად დაღამებულზე მოკლეს. ვინაობა მალე დავადგინეთ, ერთ-ერთმა დამსვენებელმა იცნო, ეს ბიჭი აქ ყოველ საღამოს კავკასიურ ნაგაზს ასეირნებდაო. დაახლოებით, კორპუსიც გვითხრა, სადაც ბიჭი ცხოვრობდა და იქით წავედით. კორპუსების წინ რომ შემოღობილი აქვთ ხოლმე პატარა ეზოები, იქ იყო შეშვებული ნაგაზი და ხან ყმუოდა, ხან ყეფდა, ხან მავთულის ღობეს ახტებოდა. მოკლედ, ანგრევდა იქაურობას. 

გარდაცვლილის ოჯახში ორსული გოგონა დაგვხვდა, როგორც აღმოჩნდა, მოკლულის და იყო და იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვს ელოდებოდა, არ ვუთხარით, შენი ძმა მოკლესო. უბრალოდ, ვუთხარით, რომ რაღაც შეემთხვა და საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. შემდეგ მშობლები ვნახეთ, შემდეგ ამოცნობა, ექსპერტიზა... მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე. 

შემთხვევას მოწმე არ ჰყოლია, ოჯახმა დაადასტურა, რომ ძაღლი ღამე თავად მივიდა და დაამწყვდიეს, ეგონათ, გოგაც მალე დაბრუნდებოდა, მაგრამ მთელი ღამე რომ არ გამოჩნდა, ძებნა დაიწყეს, მილიცია, მორგი, საავადმყოფო. ვერსად მიაგნეს და გათენებისას უკვე ჩვენც მივედით. საინტერესო ის გახლდათ, რომ გოგა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ბიჭი იყო, არც კრიმინალებთან ჰქონია შეხება, ადგილობრივი პოლიცია ამტკიცებდა, არასდროს არაფერში შეგვიმჩნევიაო, ვარჯიშობდა, სწავლობდა და ძაღლს უვლიდაო. 

მოკლედ, ერთი წესიერი თბილისელი ბიჭი იყო. კითხვაზე -ვის უნდა მოეკლა -ვერავინ პასუხობდა. ვერავინ ამბობდა, რომ ვინმესთან მცირედი უთანხმოება მაინც ჰქონდა. დანაზე ანაბეჭდები საგულდაგულოდ იყო გაწმენდილი ანუ ამანაც არაფერი მოგვცა. მთელი დღე ვკითხავდით ოჯახის სიძეს ანუ იმ ორსული გოგონას ქმარს, რომელსაც თურმე გოგა ყველა საიდუმლოს ეუბნებოდა და საუკეთესო მეგობრად თვლიდა. 

ახალი ვერც ვახომ (ასე ერქვა სიძეს) გვითხრა ვერაფერი და საბოლოოდ, თათბირზე, გამოცდილმა გამომძიებლებმა მომხდარს შემდეგი ახსნა მოუძებნეს: ბიჭი ძაღლს ასეირნებდა, შეესწრო ფაქტს, რომელსაც არ უნდა შესწრებოდა -გარჩევას, მკვლელობას, ნარკოტიკების გასაღებას და როგორც არასასურველი მოწმე, უბრალოდ, მოიშორეს. 

ეს ვერსია ლოგიკასთან ახლოს იყო, რადგან იმ პერიოდში არაფრის გულისთვის ხშირად კლავდნენ ადამიანებს. მაგალითად, ნებისმიერს შეეძლო, მანქანიდან იარაღი გამოეყო, დაეცალა და ვინმეს მოხვედროდა. ვერაფერს ვიგებდით და უიმედო საქმეების დასტა ყველა გამომძიებელს ჰქონდა თაროზე შემოდებული. ამ საქმესაც ასეთი სუნი ასდიოდა და საგამომძიებლოს უფროსმაც მითხრა, ორ თვეში თუ არაფერი გაირკვა, საქმე დახურეო. 

ორი თვის განმავლობაში ძვრა არ მქონდა და ბოლოს ისევ ოჯახთან წავედი. კიდევ ერთხელ გამოვკითხე, თან 40 გასული იყო და ამხელა ტრაგედიის შემდეგ, ცოტა ადეკვატურებიც იყვნენ. სწორედ ოჯახში სტუმრობისას შევესწარი საუბარს, რომ ძაღლის გაჩუქებას აპირებდნენ. მიზეზით რომ დავინტერესდი, ამიხსნეს, ერთი შვილი დაგვრჩა, მალე შვილიშვილი გვეყოლება, ძაღლს გოგა უვლიდა, ჩვენ მაგის თავი არ გვაქვს, ღამე ყეფს და მეზობლებს აღვიძებს, გოგას სიკვდილის შემდეგ ყმუილსაც მიეჩვია და ამიტომ მოშორება გვინდაო. მე წავიყვან-მეთქი და უარი თქვეს, არ გამოვა ეგ საქმე, მეცხვარეებს უნდა ავუყვანოთ, ისეთი ავია, ახლოს ვერ მიეკარებიო. არადა, აგარაკი მქონდა და ვიფიქრე, იქ ავიყვან-მეთქი. 

მოკლედ, ახალი ვერაფერი გავარკვიე, სამსახურში დავბრუნდი და... ახალ მკვლელობაზე გამომიძახეს, ამიტომ საქმის დახურვა კიდევ ერთი თვით გამეწელა. 

ერთი თვის შემდეგ ჩავუჯექი საქმეს, თან სტაჟიორი დავიხმარე და საბუთებს ის აწესრიგებდა. გაგიკვირდებათ და, საქმეში ძაღლის სურათიც იდო, რადგან ბიჭთან ერთად, პარკის დამსვენებლებს, ძაღლის სურათსაც ვანახებდით ხოლმე ანუ ბიჭი ამ ძაღლით მოძრაობდა და რამე საეჭვო ხომ არ გინახავთ-თქო. ათვალიერა ამ ჩემმა სტაჟიორმა ძაღლის სურათი, ათვალიერა და, მერე მკითხა, ამხელა ძაღლს ახლა ვინ უვლისო და მეც ყველაფერი მოვუყევი. გული დასწყდა, მეც სიამოვნებით წავიყვანდი, ლოტკინზე საკუთარი სახლი მაქვს, მაგრამ თუ შემჭამს, რად მინდაო. მოკლედ, საქმე დავხურეთ და თაროზე შემოვდეთ. 

ერთი კვირა გავიდა და ღამის ორ საათზე, ჩემი სტაჟიორი მირეკავს. გამიკვირდა, მორიდებული ბიჭი იყო, არასდროს მაწუხებდა და როგორც კი მისი ხმა გავიგონე, მივხვდი, რაღაც მოხდა. აღელვებულმა მითხრა, ახლავე უნდა გნახოთო და რა მექნა, გამოვალ-მეთქი. იმას მანქანა არ ჰყავდა და ფეხით კიდევ ღამე მოძრაობა საშიში იყო. არც ტაქსი იყო, თან ფულიც უნდოდა. მოკლედ, ჩავიცვი, დავქოქე ჩემი „06“ და წავედი ლოტკინზე. აი, დაბომბილ ქალაქში რომ გაივლი, სილუეტები რომ გაკრთებიან, ისეთი იყო მაშინ მარტო ლოტკინი კი არა, მთელი თბილისი. 

მივედი, დავასიგნალე და სახლში შემიპატიჟეს, მთელი ოჯახი ფეხზე დამხვდა. მომერიდა, რატომ გაიღვიძეთ-მეთქი და ჩვენ არც გვიძინიაო. თურმე, ეს სტაჟიორი მამამისს მოუყვა, როგორ ვერ ვიპოვეთ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელი, როგორ დარჩა ძაღლი უპატრონოდ და როგორ ვერ მიიყვანა ძაღლი სახლში. 

ჰოდა, მამამისს უთქვამს, თუ ასეთი ავი იყო, გამოდის, იმ ბიჭს ის მიუახლოვდა, ვისაც ძაღლი კარგად იცნობდა და არ კბენდაო. ეს ვერსია რეალობასთან ძალიან ახლოს იყო და ეჭვმიტანილთა წრეს კი არ ავიწროვებდა, პრაქტიკულად, ერთ ხელზე დასათვლელ ადამიანებს ტოვებდა. 

მეორე დღეს, გოგას ოჯახის კარი დილის 8 საათზე შევაღე. პირველი, რაც ვიკითხე, ის იყო, ვის შეეძლო ძაღლთან მიკარება და როგორ ასეირნებდა ალიკაპის გარეშე გოგა ძაღლს, როცა ასეთი ავი იყო. მამამ მითხრა, მოკლე ჯაჭვზე ჰყავდა, ხელიდან არ უშვებდა, ერთხელ გაექცა და ორი კაცი დაკბინა, ლამის სახლი გავყიდეთ იმათ სამკურნალოდო. საუბარში გაირკვა, რომ ძაღლთან მიკარება, ოჯახის წევრების გარდა, არავის შეეძლო. ლოგიკურად, დაკითხვაზე მამა და სიძე გადავიყვანეთ. 

მამამ მარტივად გაიხსენა, სად იმყოფებოდა შვილის გარდაცვალების დღეს, მაგას რა დამავიწყებსო ანუ ალიბი ჰქონდა, სიძემაც გაიხსენა რაღაცები, მაგრამ მას ალიბს ვერავინ უდასტურებდა. ბოლომდე არ ტყდებოდა სიძე _ აქაოდა, მე მახსოვს უსაყვარლესი ცოლისძმის გარდაცვალების დღე და ოთხ თვეზე მეტი რომ არის გასული, ჩემს მეგობრებს იმიტომ არ ახსოვთო. 

საბოლოოდ, ის მეთოდი ჩავრთეთ, რომელსაც ადრე ხშირად იყენებდნენ: ერთი ნეკნის გატეხვა და აუტანელი ტკივილი საკმარისი იყო, სიძეს ყველაფერი დეტალებში მოეყოლა. 

თურმე, ცოლისძმის მკვლელობა მას შემდეგ დაგეგმა, რაც ცოლი შეირთო. მიხვდა, ცოლისძმა თუ არ იცოცხლებდა, სამოთახიანი ბინა მისი გახდებოდა და სოფლიდან ჩამოსული ბიჭისთვის ეს დიდი მიღწევა იქნებოდა. სწორედ ბინის გამო გაიმეტა ახალგაზრდა ბიჭი სასიკვდილოდ და იმ ღამესაც „შემთხვევით“ შეხვდა პარკში, მასთან ერთად ასეირნა ძაღლი და როცა მომენტი ნახა, დანაც დაარტყა. 

ოჯახისთვის ეს აღიარება ნამდვილი შოკი იყო, იმდენად დიდი შოკი, რომ ორსულ გოგონას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ბავშვი ვერ გადაარჩინეს. სიძეს განზრახ მკვლელობისთვის 15 წელი კი მივუსაჯეთ, მაგრამ ის ოჯახი, პრაქტიკულად, განადგურდა. 

დედ-მამა ერთ ღამეში დაბერდა, გოგონა კი ლამის ჭკუაზე შეცდა და ერთი პერიოდი, ფსიქიატრიულშიც ეწვინათ...“

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში