Menu
RSS

საზარელი ამბავი _ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ბიჭების ბანდა გოგონებს ჯგუფურად აუპატიურებდა!

ერთ-ერთი მოძალადე დღეს გავლენიანი ბიზნესმენია!

ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, ჩვენთან, ჩვენს გვერდით, საქართველოში მოხდა. მოხდა მაღალმთიან რეგიონში და გასაგებ მიზეზთა გამო, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს არ დავასახელებთ, თუმცა ფაქტია, რომ მაშინ, ავადსახსენებელ 90-იანებში, ბევრი ცუდი რამ ხდებოდა. ის, რასაც გიამბობთ, თავისი სიმძიმით ბევრ რამეს წონის და საუბედუროდ, ამ ადამიანების უმრავლესობა დღესაც მშვიდად ცხოვრობს, აქვთ ოჯახები, ითვლებიან სანიმუშო მამებად და ასე განსაჯეთ, ერთი მათგანი მუნიციპალიტეტის პირველი პირიც კი იყო. როცა ეს ისტორია გვიამბეს, იმდენად დაუჯერებელი იყო, საქმის სხვა ფიგურანტებთან გადავამოწმეთ და მათ დაგვიდასტურეს, რომ აღნიშნული მართლაც მოხდა.

ვისაც ახსოვს, 90-იანებში მართალი ის იყო, ვისაც ავტომატი ჰქონდა და სროლაც არ ეზარებოდა. შესაბამისად, ოფიციალური თუ არაოფიციალური ბანდფორმირებები ადგილობრივ მოსახლეობას შიშის ზარს სცემდნენ და თუ დედაქალაქში ეს ბანდები ერთმანეთთან ომითა და ტერიტორიების გადანაწილებით იყვნენ დაკავებულნი, რეგიონებში სურათი უფრო მძიმე იყო _ იქ გაჭირვებულ ხალხს აშინებდნენ, უკანასკნელ სარჩოს ართმევდნენ და მაგალითისთვის, კახეთის რეგიონში მოთარეშე „მაჭახელას“ ბანდის დასახელებაც კმარა. „მაჭახელა“ და მისი დაჯგუფების წევრები სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა. ისინი ხოცავდნენ დიდსა და პატარას, ერთი ძროხისა და ოქროს საყურეების გამო. 

მაშინ დაუსჯელობის სინდრომი იმდენად იყო ძვალსა და რბილში გამჯდარი, რომ ადამიანის სიცოცხლეს ფასი, უბრალოდ, არ ჰქონდა. სწორედ მაშინ მიეჩვია ერი გარდაცვალებას, ახალგაზრდა, საჯიშე ბიჭების სიკვდილს, ოჯახების გაწყვეტას და მას შემდეგ ყველაფერი ეს, მყარადაა დალექილი ქვეცნობიერში. 

სწორედ ამიტომ არის, რაც უნდა საზარელი მკვლელობა მოხდეს, ან რაც უნდა საცოდავად დაიღუპონ ერთი ოჯახის წევრები, რამდენიმე დღის შემდეგ, ეს საახლობლო-სანათესაოს გარდა, არავის ახსოვს და ეს მაშინ, როცა ახალგაზრდა კაცის სიკვდილი მთელი ერის ტრაგედიად იქცეოდა ხოლმე. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, ადრე, რომელიმე სოფელში დაღუპულ ახალგაზრდას ისე გლოვობდნენ, რომ ორმოცამდე, მთელი სოფელი ტელევიზორს არ რთავდა. ზედმეტი იყო ქიეფსა და დროსტარებაზე საუბარი. ახლა კი, სოფლის ერთ ბოლოში, შესაძლოა, გასვენება იყოს, მეორე ბოლოში კი _ ქორწილი. 

ისევ ჩვენს ისტორიას დავუბრუნეთ. კონკრეტულ რეგიონში, ისევე, როგორც სხვაგან, შეიარაღებულ ახალგაზრდა ბიჭებს ცა ქუდად არ მიაჩნდათ, დედამიწა _ ქალამნად. ერთ დღეს, ბიჭებმა ერთმანეთში „კარტი“ ითამაშეს, ხან _ ხუმრობით, ხან _ ავტომატის ტყვიებსა და მჭიდზე. ბოლოს კი... ბოლოს, გადაწყვიტეს, წაგებულს გოგო გაუპატიურებინა ანუ „კარტში“ დამარცხებული, ვალდებული იქნებოდა იქვე, თავის რაიონში, რომელიმე გოგოზე ძალა ეხმარა. თრიაქით გაბრუებულებს, ეს იდეა ძალიან მოეწონათ, ითამაშეს და ერთ-ერთმა წააგო. 

წაგებულმა გააპროტესტა, ფიზიკურად სუსტი ვარ, სად შემიძლია გოგოს მარტო მოტაცებაო და მოსატაცებლად შვიდნი, ორი მანქანით წავიდნენ. პირველივე შემხვედრი გოგო მანქანაში ჩატენეს, „შტაბში“ აათრიეს და წაგებულმა გააუპატიურა, თუმცა მადა ჭამაში მოვიდა და გოგო ყველამ გააუპატიურა. მერე დაემუქრნენ, თუ იტყვი, დედაშენის და მამაშენის თავებით ფეხბურთს ვითამაშებთო და შინ გაუშვეს. 

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ყველაფერი ეს, ბიჭებს ისე მოეწონათ, მეორე დღეს არც კი განუხილავთ, რაზე უნდა ეთამაშათ და ასე გააუპატიურეს კიდევ ერთი, მერე კიდევ ერთი და იმის გათვალისწინებით, რომ ბიჭები თავზეხელაღებულებად ითვლებოდნენ, გოგონები შიშით ვერაფერს ამბობდნენ. 

გოგონების გაუპატიურების გარდა, ეს ბიჭები ძარცვავდნენ, კლავდნენ, ყაჩაღობდნენ და განმკითხავი არავინ იყო. პოლიციის უფროსიც კი „თქვენობით“ ესაუბრებოდა და ვიცოდით, ყველასგან და ყველაფრისგან დაუცველები ვიყავით. გოგონები შიშით გარეთ გამოსვლას ვერ ვბედავდით, მაგრამ სკოლაში ხომ უნდა გვევლო? სკოლაში თუ არ წავიდოდით, მშობლებისთვის მიზეზი უნდა აგვეხსნა და ასე გრძელდებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ყველაფერი კი მას შემდეგ გასკდა, რაც ერთ-ერთი გოგო დაორსულდა“, _ გვიყება ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც ამჟამად იტალიაში ცხოვრობს. 

ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ამ ქალმა შემდეგ გათხოვება მოახერხა, შვილიც შეეძინა, თუმცა ქმარი ავარიას ემსხვერპლა და ემიგრანტის მძიმე ხვედრიც სტუდენტი შვილის სარჩენად აირჩია. 

მოკლედ, ერთ-ერთი გოგოს დაორსულების შემდეგ, ამბავი რომ არ გახმაურებულიყო, ბანდის ერთ-ერთმა წევრმა გოგოს ცოლად მოყვანა გადაწყვიტა. მართალია, ისინი უკონტროლოები იყვნენ, მაგრამ ყველაზე კარგად თავად იცოდნენ, ამბავი რომ გახმაურებულიყო, მთელი სოფელი და რაიონი კი არა, მთელი რეგიონი მათ დაუპირისპირდებოდა და უბრალოდ, ჩაქოლავდა. გოგონაც უხმოდ გაჰყვა იმათგან ერთ-ერთს, ვინც გააუპატიურა, თუმცა არ იცოდა, რომლისგან შეიძლებოდა ჰყოლოდა შვილი. 

„ჩვენთან სტუმრად თბილისიდან ბიჭი ამოვიდა, კარგად ეცვა და იმავე საღამოს, „ვარიონკა“ ჯინსის ქურთუკის გახდა დაუპირეს. ბიჭმა არ გაიხადა და მარტივად მოკლეს. მერე გაირკვა, ბობოლა კაცის შვილი იყო და მკვლელები დაიჭირეს. მათ შორის იყო ის ბიჭიც, რომელმაც გოგოზე იძულებით იქორწინა. როგორც კი მისი დაჭერის ამბავი გაიგო და იმასაც მიხვდა, რომ გაასამართლებდნენ, გოგო თბილისში წამოვიდა, აბორტი გაიკეთა, რაიონში დაბრუნებულმა კი ყველაფერი მოყვა. მშობლებმა სხვა გოგონები დედაქალაქში წამოიყვანეს, ქალიშვილობაზე შეამოწმეს და საბოლოოდ, გაირკვა, რომ ბიჭებს 17 გოგო ჰყავდათ გაუპატიურებული. ვერავინ ვერავის ვერაფერს უმტკიცებდა, თითო გოგოზე, მინიმუმ, 3-4 ბიჭი ძალადობდა და შესაბამისად, ვერ ეტყოდნენ, გინდა თუ არა, ჩემი გოგო ცოლად შენ წაიყვანეო. მაშინ, მით უმეტეს, მაღალ მთაში, ძალიან აქტიური იყო ქალიშვილობის ინსტიტუტი და ოჯახებს შერცხვენას, გოგონების ნებისმიერ ფასად გათხოვება ერჩიათ. ასე გათხოვდა 6 გოგო მეზობელ სოფლებში, ქვრივ და ასაკით ბევრად უფროს კაცებზე, დანარჩენები კი, ოჯახებმა დედაქალაქში გადამალეს“, _ გვიყვება იტალიაში მცხოვრები დაზარალებული. 

ძალადობის მსხვერპლი გოგონებიდან ორი, ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, ერთი ავარიით, მეორეს დენმა დაარტყა. ორი ბოლომდე გზას ასცდა და თან ისე, რომ ორივე ცნობილ „მამიდასთან“ მუშაობდა, დანარჩენებმა კი ოჯახები შექმნეს და ნელ-ნელა, ეს ამბავიც დავიწყებას მიეცა. უფრო სწორად, ყველას აწყობდა ამ ამბის დავიწყება, რადგან უკვე ოჯახები იყო შექმნილი, გოგონებს შვილები ჰყავდათ და არ იყო აუცილებელი, ბავშვების ყურამდე მისულიყო, რომ მათი დედები, ადრეულ ასაკში გააუპატიურეს. 

ყველაფერი ეს, ძალიან კარგად გაიგეს და შეირგეს მოძალადეებმაც. მათაც მოიყვანეს ცოლები, მათაც ჰყავთ ოჯახები, ორმა სერიოზული ბიზნესიც ააწყო (ერთ-ერთი დედაქალაქში, დღემდე სამშენებლო ბიზნესით აქტიურად არის დაკავებული და მრავალსართულიან კორპუსებს დგამს), ერთ-ერთი, როგორც თავში გითხარით, კონკრეტული მუნიციპალიტეტის პირველი პირიც კი იყო და, რა თქმა უნდა, მაშინ მისი წარსული არავის გახსენებია. 

ჰო, თანამდებობას არც შემდეგ უჩიოდა და საერთო ენა მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებასთან ვერ გამონახა, თუმცა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში იმდენი იშოვა, რომ ახლა საკუთარი ბიზნესი აქვს _ გარდა ვენახებისა, საქართველოს მასშტაბით, გვარიან საცხობსაც ფლობს და პურ-ფუნთუშეულით ასეულობით მაღაზიას ამარაგებს. 

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ძალიან ბევრ რამეს ვივიწყებთ და ვფიქრობთ, რომ პრობლემის მიძინება, მის მოგვარებაზე უკეთესია, თუმცა როცა სასწორზე შვილების მომავალი დევს, ეგებ, სჯობს, სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს ხოლმე, თუმცა ამ გადმოსახედიდან საუბარი ადვილია, მაშინ კი...

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში