Menu
RSS

სისხლიანი სასიყვარულო სამკუთხედი _ როგორ დაიგეგმა მინისტრის მოადგილის შვილის მკვლელობა

ვინ არის ცნობილი ბიზნესმენი, რომელმაც 90-იან წლებში ძმაკაცი სიცოცხლეს გამოასალმა

პატიმრების მონაყოლზე არანაკლებ საინტერესოა ყოფილი სამართალდამცავების ისტორიები. გამოცდილ გამომძიებლებს ახსოვთ ისეთი საქმეები, რომლებიც წესით, არ უნდა გახსნილიყო, ან ერთი შეხედვით, მარტივი ჩანდა, მაგრამ შემდეგ, ჯაჭვი ისე აეწყო, ყველაფერი თავდაყირა დადგა. პოლიციის პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი, სწორედ ერთ-ერთია იმ ძველი გამომძიებლებიდან, რომლებსაც სხვა სკოლა აქვთ გავლილი და მუშაობა მაშინ მოუწიათ, როცა არც თანამედროვე ტექნოლოგიები არსებობდა, არც ქალაქი იყო გადატვირთული სათვალთვალო კამერებით, ხოლო საქმეებს აგენტურული ქსელის მეშვეობითა და გამომძიებლის ინტუიციით ხსნიდნენ.

„პრეზიდენტად ედუად შევარდნაძე ახალი არჩეული იყო, მინისტრთა კაბინეტიც ახალი დაკომპლექტებული გახლდათ, როცა ღამის სამ საათზე, სამსახურში გამომიძახეს. მაშინ განსაკუთრებულ საქმეთა მთავარი გამომძიებელი ვიყავი და მივხვდი, ასე გვიან, ტყუილად არავინ შემაწუხებდა. 

გარდაცვლილი 22 წლის ბიჭი იყო, ერთ-ერთი ახლადდანიშნული მინისტრის მოადგილის შვილი. ბინაში რომ შევედი, ყველაფერი ძალიან მარტივად ჩანდა _ ბიჭს ერთადერთი ტყვია გულში ჰქონდა მოხვედრილი, იარაღი ხელში ეჭირა, მასრაც იქვე ეგდო. ტიპიური თვითმკვლელობა ჩანდა და მითხრეს კიდეც, საქმე უხმაუროდ და მალე დახურეო, თუმცა ოფიციალური პროცედურები რომ უნდა ჩამეტარებინა, არავინ უარყოფდა. ამიტომ, ექსპერტმა იმუშავა, იმუშავა კრიმინალისტმა და დასკვნას დაველოდე. ექსპერტი ისეთი გვყავდა, საქართველოში კი არა, ნებისმიერ ქვეყანაში პირველი იქნებოდა. ჰოდა, იმან მითხრა მეორე დღეს, იარაღზე გარდაცვლილის თითის ანაბეჭდები არის, დენთის კვალიცაა, მიბჯენით არის ნასროლი და ერთადერთი, რაც მაფიქრებს, დენთის არასწორი კვალიაო ანუ თითები ისე კი არ იყო დენთით დასვრილი, როგორც ხდება ხოლმე, არამედ, არეულად, მთელი ხელი დენთის კვამლში ჰქონდა. 

ისიც დადასტურდა, რომ იარაღი ოჯახის იყო, გაფორმებული ჰქონდათ და ამიტომ, როცა მინისტრის მოადგილეს შევხვდი, იარაღზე მხოლოდ ის ვკითხე, აქტიურად თუ იყენებდით-მეთქი. არაო _ მთხრა, ახალ წელს მაქვს რამდენჯერმე გასროლილი და მას შემდეგ აღარ მისვრია, რაც ბოლოს, ტყვიამ ბევრი კვამლი გაუშვა, როგორც ამიხსნეს, ნესტის გამო მოხდა ასე, ძველი ტყვიები მქონდაო. 

ასე „მარტივად“ ავხსენი უსწორმასწორო დენთის კვალი ხელზე და საქმის დახურვას ვაპირებდი, როცა მილიციაში უცნობმა დარეკა და თქვა, როცა გასროლის ხმა გავიგე, დაახლოებით, 30 წამში, სახლის კარი გაიღო, ხმაურით დაიკეტა და ვიღაც კიბეზე დაეშვაო. არადა, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ისინი რესტორანში იყვნენ, შვილი არ წავიდა, შინ დარჩა და დაბრუნებულებს ასეთი ამბავი დახვდათ. რესტორანში ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი გოგონა იმყოფებოდა, რისი თვითმხილველიც ათეულობით ადამიანი იყო. როცა მინისტრის მოადგილეს ვუთხარი, სახლში კიდევ ვიღაც იმყოფებოდა-მეთქი, გამორიცხა, გასაღები მხოლოდ ოჯახის წევრებს გვაქვს და ზუსტად მახსოვს, კარი ჩემი გასაღებით გავაღეო. შემდეგ გავარკვიეთ, რომ შვილის გასაღებიც ადგილზე იყო და ანონიმური ზარიდან შემოსული ვერსია, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. 

ყველაფრის მიუხედავად, რაღაც არ მაძლევდა მოსვენებას. მეათასედ ჩავუჯექი ექსპერტის დასკვნას, მაგრამ ახალი ვერაფერი ვიპოვე, თუმცა ინტუიცია მკარნახობდა, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. შედეგად, საქმის დახურვაზე ფეხს ვითრევდი და ეს მაშინ, როცა ყველა მეუბნებოდა, დროზე დახურეო. 

ამ ამბიდან ერთი თვე იყო გასული, შინ ცოტა ადრე მივედი, სამუშაო ოთახში ჩავიკეტე და მეათასედ გადავიკითხე ექსპერტის დასკვნა. მერე, ჩემი იარაღი მოვიმარჯვე, ტყვიები ამოვიღე და შევეცადე, ის ტრაექტორია განმესაზღვრა, რომელიც ტყვიამ გაიარა. მივიდე გულზე იარაღი, ხან _ ისე, ხან _ ასე და ცოლის სიცილი შემომესმა, ოთახში იყო შემოსული და ისე ვიყავი გართული, ვერც შევამჩნიე. იარაღს თუ არ გადატენი, ისე თავს ვერ მოიკლავო, სიცილით მითხრა და აზრმა თავში დამარტყა. იარაღი მაგიდაზე დავაგდე და ექსპერტის დასკვნას ვეცი, შემდეგ ექსპერტს დავურეკე და ვკითხე, ხომ არ გამოგრჩა-მეთქი? 

მოკლედ, იარაღთან ვისაც ჰქონია შეხება, უნდა იცოდეს, რომ ტყვია ლულაში რომ შევიდეს, იარაღი ორი თითით უნდა გადატენოს ანუ იარაღის ზედა მხარეს უნდა მოკიდოს ცერი და საჩვენებელი თითი და ისე გადატენოს. ჰოდა, იმ იარაღზე, რომელიც საქმეში იდო, თითის ანაბეჭდები, სწორედ იმ ზედა ნაწილზე არ იყო. რა გამოვიდა? კაცმა თავი მოიკლა და მერე ანაბეჭდები წაშალა? 

სამმართველოს უფროსთან ოფიციალური მოხსენებით შევედი. შს მინისტრმა დარეკა, დარწმუნებული ხარო და კი-მეთქი. კიდევ კარგი, საქმე დახურული არ იყო და იარაღი ჩვენთან ინახებოდა. დეტალურად ჩაუტარდა განმეორებითი ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ იარაღის ზედა მხარე საგულდაგულოდ იყო გაწმენდილი. აი, მილიციაში შემოსული ანონიმური ზარი უკვე ძალიან დაემსგავსა რეალობას. გასარკვევი ახლა ის იყო, ვის შეიძლებოდა ჰქონოდა სახლის გასაღები, რომლის მხოლოდ სამი ეგზემპლარი არსებობდა და გარდაცვლილს, დედას და მამას ჰქონდა. 

„ჩემი შვილი მეგობრებს არაფერს უმალავდა. ორი მეგობარი ჰყავდა, რომლებსაც გასაღებსაც უტოვებდა ხოლმე, ისინი მარტოც დამხვედრიან სახლში, მაგრამ ვერცერთზე ვერ ვიფიქრებ“, _ თქვა მორიგი დაკითხვისას გარდაცვლილის დედამ. 

მეგობრები მაშინვე დაკითხვაზე დავიბარე და მივხვდი, რომ მიზანში მოვარტყი. პირველის დაკითხვამ ბევრი ვერაფერი მომცა, სახლში ეძინა, რასაც ოჯახის წევრები ადასტურებდნენ, მეორემ კი პირველი წინადადება, რაც თქვა, ეს იყო _ ალიბი მაქვსო ანუ ამით საკუთარი დანაშაული გათქვა და ალიბის სიმყარე რომ უნდა გადამემოწმებინა, მაგასაც მივხვდი. 

როგორც გაირკვა, ეს მეორე მოტოციკლით მოძრაობდა და იმ დღეს, იმდენ ხანს აბღუილა სახლის წინ მოტოციკლი, სანამ მთელი კორპუსი არ გააღვიძა და სანამ მთელმა სადარბაზომ გარეთ არ გამოიხედა. როგორც თავად ახსნა, „მოტოს“ აკეთებდა და ამიტომ აბღუილებდა. მეზობლების დაკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ იმ დროს, როცა მკვლელობა მოხდა, ბიჭი ნამდვილად ეზოში იყო და მოტოციკლს აწვალებდა. გარდაცვლილის სახლამდე მანძლი კი იმხელა იყო, წასვლას და წამოსვლას მოტოციკლითაც კი, 40 წუთი სჭირდებოდა. 

ამას დაამატეთ ბინაში ასვლა, მკვლელობა და მანდ დასრულდა ჩემი ვერსია ანუ ალიბი მყარი გახლდათ. ისევ შემთხვევა თუ მომცემდა შანსს, საქმე გამეხსნა, თორემ სხვა საშველი არ იყო. 

ერთი კვირა ისე გავიდა, ძვრა არ მქონდა და უქმეებზე, შვილიშვილებთან ერთად, აგარაკზე წავედი. გვარიანად ჩამოცხა და დავინახე, მეზობლის ბავშვი მოტოციკლს რომ აწვალებდა. მაღაზიაში მივდივარო და ფული მივეცი, ცივი წყალი და ბავშვებისთვის წვენი ამოიტანე-მეთქი. წავიდა ეს ჩემი მეზობელი, ნახევარ საათში დაბრუნდა და დანაბარები მომიტანა, მაგრამ როგორც კი ჩაფხუტი მოიხსნა, ხელში მეზობლის მეორე ბავშვი შემრჩა. არადა, ტანისამოსზე არც დავკვირვებივარ. მაშინვე გამინათდა გონება, მეზობლები ახლიდან დავიბარე დაკითხვაზე და ყველამ დაადასტურა, რომ იმ დღეს, ბიჭის სახე არ დაუნახავთ, რადგან ჩაფხუტი ეფარა. 

შემდეგ ყველაფერი მარტივად დალაგდა. დაკითხვაზე მოვიყვანე ისევ მეგობარი და გამოტყდა, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა. 

მოტივი ძალიან ბანალური _ მის შეყვარებულ გოგონას, მინისტრის მოადგილის შვილი შეუყვარდა. სახლის გასაღების ასლიც ამიტომ გააკეთა, გვიანობამდეც ამიტომ შემორჩა და საკუთარ ძმას, ალიბიც ამიტომ შეაქმნევინა. 

რაც შეეხება დენთის კვალს ხელზე, ასანთის ღერები დაწვა და ამით შექმნა ილუზია, რომ მსროლელი გარდაცვლილი იყო. 

სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა, თუმცა როგორც ვიცი, ბოლომდე არ მოუხდია, წლების მერე, ფული გადაიხადეს და გამოუშვეს. ჰო, ახლა ეს მკვლელი, ქალაქში ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენია.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში