Menu
RSS

როგორ დაგეგმეს ძმებმა ტაქსისტის მკვლელობა

რა მოხდა სოფელ ყარაჯალართან _ გახმაურებული კრიმინალური შემთხვევის უცნობი დეტალები

რამდენიმე დღის წინ, რუსთავიდან დაახლოებით, 2 კილომეტრში, სოფელ ყარაჯალართან, დამწვარი ავტომობილი იპოვეს. მანქანაში მამაკაცის ცხედარიც იყო და წინასწარი ვერსიით, კაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მანქანასთან ერთად დაწვეს. სამწუხაროდ, სამართალდამცავებს, ჯერჯერობით, დამნაშავე არ დაუკავებიათ, თუმცა იმედია, სასტიკი დანაშაულის ჩამდენს მალე დაიჭერენ და საკადრისს მიუზღავენ. დაახლოებით, ათი წლის წინ, თითქმის ზუსტად იგივე ადგილას, ანალოგიური დანაშაული მოხდა. მაშინაც მანქანა დაწვეს, თუმცა... საინტერესოა, იმ საქმის გამომძიებლის მონათხრობი, გამომძიებლის, რომელიც იძულებული გახდა, სამართალში საკუთარი შვილის თანაკლასელი მიეცა.

„მოსახლეობამ ჯერ სახანძროში დარეკა, შემდეგ კი სახანძრომ ჩვენ დაგვირეკა. „ოპელის“ მარკის მანქანა იწვოდა და თვითმხილველიც არავინ იყო. არადა, ადგილიდან, სადაც მანქანას ცეცხლი წაეკიდა, პირველი მოსახლე, დაახლოებით, 30 მეტრში ცხოვრობდა, მერე კი სოფელი იწყებოდა. მაშინვე ვიფიქრე, გამორიცხულია, ვინმეს რამე არ დაენახა-მეთქი, მაგრამ ქართველების ამბავი ხომ იცით, არავინ არაფერს გეტყვის. ამიტომ, ღამით დავიარე მთელი სოფელი და ორმა ადამიანმა დამიდასტურა, მანქანას ცეცხლი გრიგოლ შ-მ წაუკიდაო. დეტალებიც მითხრეს, როგორ ჩამოვიდა მანქანიდან, როგორ გადმოიღო პლასტმასის ბოთლით ბენზინი, როგორ მოასხა მანქანას და როგორ წაუკიდა, შემდეგ კი როგორ დაადგა მოკლე გზით გვერდითა სოფლის გზას, იმ სოფლის, სადაც ცხოვრობდა. 

გრიგოლ შ. ანუ გრიშა, ჩემი შვილის თანაკლასელი იყო, პრაქტიკულად, ჩემს ხელში გაზრდილი, ოჯახებით ვახლობლობდით, ამიტომ გადავწყვიტე, სახლში მივსულიყავი და მშობლების თანდასწრებით მესაუბრა. ეჭვმიტანილი უკვე მყავდა, მაგრამ ჯერ მიზეზი უნდა გამეგო, რა და როგორ მოხდა. 

ამ დროს დამირეკეს და თათბირზე დამიძახეს. გრიშასთან წასვლა გადავდე...“ 

ავტომობილის დაწვის ამბავი მოსახლეობაში მალევე გახმაურდა და რაც მთავარია, განხილვის მთავარ თემად იქცა. ხალხი ამბობდა, რომ დამწვარი ავტოთი, გრიშა ქალაქში ორი დღე დადიოდა, ძმასა და მეგობრებთან ერთად და შემდეგ, მანქანა დაწვა. თათბირზე კი პოლიციის უფროსმა გასაგებად თქვა, რომ მანქანა რუსთავში მცხოვრებ პირს ეკუთვნოდა, რომელიც „ტაქსაობდა“ და სამი დღის მანძილზე, ოჯახმა მისი ასავალ-დასავალი არ იცოდა. დაკარგულს, შინ ცოლი და სამი მცირეწლოვანი შვილი ელოდა. 

„დაკარგულის ოჯახში მივედი, ცოლმა ისეთი ტირილი დაიწყო, მივხვდი, არაფერი იცოდა ქმრის შესახებ ანუ ქმარი იქ უნდა მეძებნა, სადაც მანქანა დაიწვა და მთავარი ეჭვმიტანილი, შვილის თანაკლასელი მყავდა. ამიტომ, ოჯახში მოურიდებლად მივედი, გრიშა მშობლებთან ერთად დავისვი და მოწმეების ჩვენების ნაწილი გავაცანი. მოწმეები ამბობდნენ, რომ ძმასთან ერთად, სწორედ ის დაინახეს იმ მანქანით, ტაქსისტებმა ამოიცნეს გრიშა და მისი ძმა და დაადასტურეს, რომ ოთხი დღის წინ, საღამოს, იმ ტაქსს, სწორედ ისინი ჩაუსხდნენ, მქონდა ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლის ჩვენებაც, რომელიც ადასტურებდა, რომ მანქანის დაწვის დღეს, სწორედ გრიშამ იყიდა პლასტმასის ბოთლით ბენზინი და მშობლებს ვთხოვე, თუ შველა სჭირდება ბავშვს, ყველაფერი უნდა მომიყვეს, სხვა გზა არ არის-მეთქი. 

ჩემდა გასაოცრად, ცალკე მშობლებმა და ცალკე გრიშამ, ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს, არაფერი ვიცითო. უფრო მეტიც, ამ თითისტოლა ბავშვმა მითხრა, მაცადე ერთი დღე და ყველა მოწმე ჩვენებას შეცვლისო. 

ოჯახის უფროსი დავიმარტოხელე, ავუხსენი, რომ ბავშვს უეჭველად, ციხე ემუქრება, ის კაცი თუ ვერ ვიპოვეთ, ხომ საერთოდ, კატასტროფა იქნება-მეთქი. მე არაფერი ვიცი, მარტო ის ვიცი, რომ ოჯახის ახლობელი ხარ და ბავშვი არ დამიღუპოო. 

წამოვედი და გრიშას გვერდით, სახლში შევედი, იქ ნარკოტიკების მომხმარებელი ცხოვრობდა, არ ვიჭერდით და სამაგიეროდ, სოფელში რაც ხდებოდა, ყველაფერი ვიცოდით. მობილური არ ჰქონდა, ნარკომანს რა მობილური გაუჩერდება და ამიტომ, ჩემი მეორე აპარატი დავუტოვე, დღე და ღამე არ დაიძინო, რამე საეჭვოს თუ შეატყობ, დამირეკე-მეთქი. 

ღამის 2 საათზე დარეკა, გრიშას სახლთან მანქანა მიაყენეს, რაღაც ჩადეს საბარგულში, გრიშა, თავისი ძმა და კიდევ ერთი მეზობელი ჩასხდნენ და ტყისკენ წავიდნენო. 

დაყოვნება აღარ შეიძლებოდა, თანამშრომლებს დავურეკე და რადგანაც ტყესთან ორ ნაბიჯში ვცხოვრობდი, მეზობლის ველოსიპედით წავედი. ორი ოპერატიული ჯგუფი მოვიდა ადგილზე და ტყეში უხმაუროდ მივიწევდით წინ. 

მალე გამოჩნდა ოდნავ განათებული ადგილი და დავინახე, როგორ თხრიდა სამი კაცი მიწას. დაველოდეთ, სანამ კარგად არ ამოთხარეს, შემდეგ მანქანიდან მძიმე რაღაც გადმოიღეს, თხრილში ჩააგდეს და მიწის დაყრა რომ დაიწყეს, თავზე დავადექით. სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინი გამართლდა _ თხრილში დაკარგული ტაქსისტის გვამი ეგდო. ექსპერტმა ხელი დაადო და ამოიგმინა, მაქსიმუმ, 3 საათის მკვდარიაო...“ 

სამი ადამიანის დაკავებისა და ტაქსისტის მკვლელობის ამბავი, მეორე დილით, მთავარი სალაპარაკო თემა გახდა. ვიღაცებმა ისიც გაიხსენეს, როგორ იყიდეს ძმებმა ცელოფანი, ვიღაცამ სხვა რამ თქვა და ჭორ-მართალი ერთმანეთში აიზილა. მთავარი კი მაინც ის ჩვენება იყო, რომელიც გრიშამ მისცა, რადგან მთავარ ეჭვმიტანილად კვლავ ის რჩებოდა და ახლა მასზე იყო დამოკიდებული, რას იტყოდა. 

მის გარდა, ეჭვმიტანილი იყო მისი ორივე ძმა, მეზობელი და... დედ-მამა. 

„ტაქსი რუსთავში ავიყვანეთ და როცა სახლისკენ წამოვედით, ვთხოვეთ, მე დამსვი საჭესთან-მეთქი. ნასვამი ვიყავი და მინდოდა, მანქანა მეტარებინა. თავიდან უარი მითხრა, მერე დანა დავანახე და კარგი, დაჯექი, ოღონდ არ მომკლა, სამი შვილი მყავსო. დავჯექი საჭესთან, ჩემი ძმა უკან დაუჯდა მძღოლს და ვიარეთ ასე, კარგა ხანს. მერე იყო, ტაქსისტმა რომ თქვა, გამიშვით, არც ფული მინდა, არც _ არაფერიო, მაგრამ გზაში ნაყიდი სასმელიც დალეული გვქონდა, პრაქტიკულად, გათიშული ვიყავი და ტაქსისტი სახლში წავიყანე, ხელ-ფეხი შევუკარი და სარდაფში დავმალე. მთელი ღამე ვიარეთ მანქანით, მეორე დილით კი მივხვდი, რომ შარში გავეხვიე. 

ტაქსისტს სარდაფში ჩავაკითხე, წყალი და საჭმელი მივეცი, მთხოვა, გამიშვი, არაფერს ვიტყვიო, მაგრამ ვხვდებოდი, უეჭველად იჩივლებდა. ამიტომ, იქვე დავტოვე და მანქანით სიარული გავაგრძელე, მერე კი მანქანის თავიდან მოშორება გადავიწყვიტე და დავწვი. 

მანქანის დაწვის შემდეგ, მივხვდი, მოწმეც უნდა მომეშორებინა და სარდაფში გავგუდე, ძმას და მეზობელს ვთხოვე დახმარება მკვდრის დამარხვაში. მათ მონაწილეობა არ მიუღიათ არც მკვლელობაში და არც _ სხვა რამეში, ყველა დანაშაულს ჩემს თავზე ვიღებ“, _ ასეთი იყო გრიშას ჩვენება. 

იმის მიუხედავად, რომ არავის სჯეროდა, თითქოს, მომხდარის შესახებ მშობლებმა არაფერი იცოდნენ და ვერც იმას ხვდებოდნენ, სამი დღის განმავლობაში, მათ სარდაფში კაცი იყო, პასუხისგებაში დედ-მამა მაინც არ მისცეს. გამოძიებით დამტკიცდა, რომ მესამე ძმამ მართლაც არაფერი იცოდა, მეზობელი კი გვამის დასამარხად, იმ საღამოს დაიყოლიეს ანუ მანაც არაფერი იცოდა. საბოლოოდ, სასამართლომ გრიშას სამუდამო პატიმრობა, მის ძმას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეზობელს _ 7-წლიანი სასჯელი შეუფარდა.

პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში