Menu
RSS

ქართველმა კრიმინალებმა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისგან „ობშჩიაკის“ შეგროვება დაიწყეს!

ქურდულ სამყაროში სისხლიანი „რაზბორკები“ იგეგმება

კრიმინალურ სამყაროში ისევ არეულობაა. გარდა იმისა, რომ „კანონიერი ქურდები“, პრაქტიკულად, ყველა ქვეყნის სამართალდამცავებს ემალებიან და ებრძვიან, ურთიერთობას ერთმანეთშიც არკვევენ. ეს გარჩევები აქამდეც მისულა სისხლიან დაპირისპირებამდე და მომავალშიც აუცილებლად მივა. მარტო ის რად ღირს, რომ გასულ თვეში, თურქეთში დაკავებული გურამ ჩიხლაძის, იგივე „კვეჟოვიჩის“ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. როგორც ამბობენ, „კვეჟოვიჩს“ სასიკვდილო განაჩენი ნადირ სალიფოვმა, იგივე „გულიმ“ მას შემდეგ გამოუტანა, რაც დამტკიცდა, რომ გასულ წელს, თურქეთში, სალიფოვის გარემოცვაზე განხორციელებული თავდასხმა, სწორედ ჩიხლაძის მოწყობილი იყო.

ისიც დამტკიცდა, რომ სწორედ ჩიხლაძის გარემოცვის წევრები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც თურქეთის ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში სალიფოვის მოკვლას აპირებდნენ. რაც მთავარია, იმ დროს „გული“ მარტო არ იმყოფებოდა და მას ოჯახის წევრები ახლდნენ თან. 

იმის მოყოლას არ დავიწყებთ, საქართველოში მცხოვრები სალიფოვის ნათესავები და მისი თაყვანისმცემლები, მანქანების ნომრების სერიას _ „GU-LI“-ის რომ იღებენ და ჩუმ- ჩუმად, მისი სახელით, „ობშჩიაკსაც“ აგროვებენ. არჩევნები მოდის და ეჭვი გვაქვს, კრიმინალური სამყაროს დახმარება, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციასაც დასჭირდება, ოღონდ ყველაფერი ეს, მშვიდ გარემოში უნდა გაკეთდეს და არ გახმაურდეს. 

აი, ამ დროს ჩიხლაძისა და სალიფოვის დაპირისპირება არც „კანონიერ ქურდებს“ აწყობთ და არც _ ქართველ პოლიტიკოსებს. მით უმეტეს, რომ ჩიხლაძის უკან, შაქრო კალაშოვი დგას, კაცი, რომელიც ციხეშია და დიდი სასჯელიც აქვს, მაგრამ საქართველოში მცხოვრებ კრიმინალებზე კვლავ უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია. ზუსტად ისევე, როგორც სალიფოვს, რომლის ხელის ერთ აქნევაზე იქნება დამოკიდებული საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მოქმედება. უფრო კონკრეტულად კი, „გულის“ პოზიციას არჩევნების დროს, აზერბაიჯანული მოსახლეობის არჩევანზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია. 

„გულისა“ და „კვეჟოვიჩის“ გარდა, პრაქტიკულად, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს, ვაჟა ბიგანიშვილი და შოთა თევდორაძე. თევდორაძე ახალი თაობის ქურდია, ბიგანიშვილი _ ერთ-ერთი, უკანასკნელი მოჰიკანი იმ თაობისა, რომელიც სხვა კანონებით ცხოვრობდა. ამას გარდა, ბიგანიშვილი არასდროს ემორჩილება საყოველთაო მოსაზრებას და მოქმედებს ისე, როგორც თავად მიაჩნია სწორად. 

ვაჟა იყო ის „კანონიერი ქურდი“, რომელმაც შაქრო კალაშოვის აკრძალვა, ჯერჯერობით, ქურდად მონათვლაზე თავი შევიკავოთო, დაარღვია და სტატუსი წარმოშობით გორელ კრიმინალს უბოძა. მაშინ ვაჟას წინააღმდეგ წასვლა, თავად კალაშოვმაც ვერ გაბედა. 

რაც შეეხება თევდორაძეს, ის ბიგანიშვილის „ნათლულზე“, გეგა მოდებაძეზე ამბობს, რომ ქურდი არ არის და „ვეტერანი ავტორიტეტი“, სწორედ ამ ფაქტმა გააღიზიანა. გასული წლის ბოლოს, გეგა უკრაინაში დააკავეს და იქ მყოფ ქურდებს, სწორედ თევდორაძემ შეუთვალა, ეგ კაცი ქურდი არ არის, არ შეიფაროთო. შედეგად, მოდებაძე საერთო საკანში ვიღაცებმა სცემეს და ამ ამბავმა ბიგანიშვილი ძალიან გააბრაზა. ის დიდი „სხადნიაკის“ მოწვევას ითხოვს, სადაც სწორედ თევდორაძის სტატუსს დააყენებს ეჭვქვეშ, თუმცა ახლა ყველა თანხმდება, რომ დიდი შეკრების დრო და შესაძლებლობა, უბრალოდ, არ არსებობს, რადგან ქურდები ახლა შეკრებაზე მეტად, საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობენ. მათ ეძებს რუსეთის პოლიცია, უკრაინა და საქართველო, ევროპაზე ხომ საუბარიც ზემდეტია _ ქართველებს იქ გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. 

პარალელურად, კითხვის ნიშნები გაჩნდა კიდევ ერთი „კანონიერი ქურდის“, დიმიტრი ჭანტურიას მისამართით. როგორც გახსოვთ, ჭანტურიას საქმის გამო, რუსეთში, პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს. მათ ბრალად ქრთამის აღება ედებათ და მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ქრთამის სანაცვლოდ, პოლიციას ჭანტურიას მიმართ, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით აღძრული საქმე უნდა შეეწყვიტა. 

ჰოდა, რამდენიმე „კანონიერ ქურდს“ კითხვა გაუჩნდა, სტატუსის დათმობის სანაცვლოდ, რატომ იხდიდა ჭანტურია, დაახლოებით, 1.2 მილიონ ლარს?! 

* * * 

იმას, რომ კრიმინალურ სამყაროს ძალიან გაუჭირდა, ესპანეთში, იტალიასა და საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც ადასტურებენ. ჩვენთან საუბარში, ესპანეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა განაცხადა, რომ იქ მყოფი კრიმინალები უკვე ემიგრანტების შევიწროებაზე გადავიდნენ და მათ, რომლებსაც საკუთარი საქმე აქვთ, „ობშჩიაკისთვის“ ფულს სთხოვენ. 

„ჯერ ციხიდან დამირეკა ერთ-ერთმა კრიმინალმა და მითხრა, რომ მისი ახლობლის ბარათზე, ყოველთვიურად, 2 ათასი ევრო უნდა დამერიცხა. უარის შემდეგ, უკვე თავისუფლებაზე მყოფმა ადამიანებმა დამირეკეს, ჩემს სამშენებლო ფირმაში მოვიდნენ და კატეგორიულად მოითხოვეს, რომ თვეში 2 ათასი გადამეხადა. ავუხსენი, რომ ჩემს ფირმას სამშენებლო ზოგადად ჰქვია, რეალურად კი სარემონტო სამუშაოებით ვარ დაკავებული, მყავს სამი ქართველი, რომლებიც დავასაქმე და პრაქტიკულად, პურის ფულზე ვმუშაობთ. ის 2 ათასი ევრო რომ გადავიხადო, ჩათვალეთ, მე არაფერი უნდა დამრჩეს-მეთქი. მაშინ, მუშებს დააკელი ხელფასი და ისე გადაგვიხადეო. მუშებს დღეში 60 ევროს ვუხდი და გამოდიოდა, რომ ერთი მუშის ფული მათთვის უნდა მიმეცა. უარი ვუთხარი და ახლა ველოდები, რა იქნება მათი შემდეგი ნაბიჯი. მუშებიც გავაფრთხილე, რომ შესაძლოა, რამე მოხდეს, ისინიც ფრთხილობენ და მეც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შურს რაიმე ფორმით იძიებენ. ასეთ დღეშია ყველა. ადრე არ გვაწუხებდნენ წვრილ მეწარმეებს, ვისაც სერიოზული ბიზნესი ჰქონდა, იმასთან მიდიოდნენ, ახლა კი ჩვენც დაგვერივნენ“, _ გვითხრა ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა. 

ევროპაში, ქართველების მიერ, ერთმანეთში მოწყობილი სისხლიანი გარჩევები ახალი ხილი ნამდვილად არაა, თუმცა ბოლო დროს, ამ მიმართულებით, აშკარად კლება შეინიშნებოდა. ახლა, თუ ისევ ერთმანეთს დაერევიან ჩვენი თანამემამულეები, ევროპელი სამართალდამცავები არ დააყოვნებენ და მორიგ სპეცოპერაციას აუცილებლად ჩაატარებენ, რასაც კრიმინალების გარდა, საქართველოში იმ ადამიანების გამოყრაც მოჰყვება, რომლებიც მართლა პურის ფულის საშვნელად არიან წასულები. 

* * * 

პარალელურად, საქართველოში წვრილმანმა დანაშაულმა მოიმატა, მაგალითად, ისეთმა, როგორიც მანქანიდან ნივთების მოპარვაა, თუმცა სამართალდამცავებს მეორადი ნაწილების გამყიდველები უმკაცრესად ჰყავთ გაფრთხილებული და ისინი მოპარულ საბურავებსა, თუ აკუმულატორებს არ იბარებენ ანუ ზუსტად ისე, როგორც მოპარულ ტელეფონებში იხდიან იმდენად ცოტას, რომ მობილურის მოპარვას აზრი არ აქვს. ასე განსაჯეთ, ბოლო მოდელის „აიფონსაც“ კი ხელოსნები, მაქსიმუმ, 50 ლარად იბარებენ და ამიტომ, გარისკვად არ ღირს. 

„ავტომანქანები თუ ტყდება, ერთადერთი მიზეზით _ მანქანაში ფულს ეძებენ, მაგრამ იმდენად იშვიათად შეიძლება ვინმემ დატოვოს ფული ავტომობილში, რომ ეს თემაც ნელ-ნელა დასრულდება. სხვა მხრივ, წვრილმანი დანაშაულის მასობრივად მატებას არ ველოდებით“, _ გვეუბნება პოლიციის მაღალჩინოსანი და აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად, საქართველოში ნარკოდანაშაული მოიმატებს. 

სხვათა შორის, ბოლო წლებში, ნარკოდანაშაულის მატების სტატისტიკა მთლიანად უცხოეთის მოქალაქეებზე მოდის.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში