Menu
RSS

თბილისში გაძარცვული ათეულობით ბინა და ორი მილიონის სკანდალური საქმე

კრიმინალი, რომლის კვალზეც სამართალდამცავები სიგარეტით გავიდნენ

მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და შესაბამისად, რამდენადაც საინტერესოა პატიმრების მონაყოლი, ორმაგად უფრო საინტერესოა იმ სამართალდამცველთა ნაამბობი, რომლებიც კონკრეტულ საქმეს იძიებდნენ, ჭკვიანი კრიმინალების შეცდომებს ეძებდნენ, ფიქრობდნენ, ღამეებს ათენებდნენ და, უმრავლეს შემთხვევაში, ბოლოში გადიოდნენ. არ არსებობს კრიმინალი, რომელმაც შეცდომა არ დაუშვას. ეს ერთადერთ შემთხვევაში ხდება _ ვინმე მოიფიქრებს, როგორ მოიპაროს დიდი ფული, გათვლის ყველა დეტალს, საქმეს გააკეთებს და ჩერდება. ასეთი საქმეები თაროზე ბევრი დევს და ეს საქმეები მკვდარია, მაგრამ როგორც კი დამნაშავე გადაწყვეტს, რომ ყველაზე ჭკვიანია და ერთ საქმეს მეორეს მიაყოლებს, მეორეს _ მესამესა და მეოთხეს, გამორიცხულია, შეცდომა არ დაუშვას და ეს შეცდომა ხდება ძაფის ის ბოლო, რომელიც საბოლოოდ, საქმის გახსნამდე მიდის.

იმის გამო, რომ ჩვენი მთხრობელი დღემდე პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანია, მის სახელსა და გვარს, მისივე თხოვნით, არ ვასახელებთ, მაგრამ მოგიყვებით ისტორიას, რომელსაც 12 წლის განმავლობაში იძიებდა და საბოლოოდ, სწორედ დამნაშავის შეცდომის წყალობით გაიხსნა: 

„პოლიციაში ახალი მისული ვიყავი, უმცროსი გამომძიებლის სტატუსი მქონდა და ამიტომ, ძალიან გამიკვირდა, როცა თბილისში, ერთ-ერთი ცნობილი ოჯახის ბინის გაქურდვის საქმე მომცეს. ვკითხე კიდეც სამმართველოს უფროსს, მე რატომ-მეთქი და ასე მიპასუხა, სუფთა ნამუშევარია, მკვდარი საქმეა, შენ პრაქტიკას მიიღებ, ნელ-ნელა აზრზე მოხვალო ანუ ჩემამდე, იქ სხვა გამომძიებლებმა იმუშავეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ იქიდან არაფერი გამოდნებოდა და საქმე მე მომიგდეს. 

დავიწყე საქმის მასალების გაცნობა და ხელში არაფერი შემრჩა. ოჯახიდან ფული, ოქროულობა და ორი ცალი ფერწერული ტილო იყო წაღებული. 

როგორც წესი, პროფესიონალები ოქროულს ნაკეთობად არ ყიდდნენ, ადნობდნენ და ისე უშვებდნენ „ხოდში“. ფული ყველგან ფულია, აი, ფერწერულ ტილოზე კი შეიძებოდა მუშაობა და ჩვენც აგენტურული ქსელი ავამუშავეთ, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. 

ერთადერთი, რასაც გადაჭრით ვამბობდით, ის გახლდათ, რომ ბინაში ერთი ადამიანი იყო შესული. ამაზე მეტყველებდა ფეხსაცმლის ანაბეჭდი და მოწმეთა ჩვენება _ იმ დღეს, მეზობლებმა მხოლოდ ერთი უცხო ადამიანი შენიშნეს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მას ულვაში და არაბუნებრივი თმა ჰქონდა, მივხვდით, დამნაშავე პარიკით იყო და რეალურ სახეს ვერავინ აღწერდა. 

ამ ამბიდან ორ კვირაში, კიდევ ერთი ბინა „გატყდა“. იგივე ხელწერა, ისევ ერთი ადამიანი, იგივე ნივთები ანუ ამ ბინაში ფერწერული ტილო არ იყო და ქურდმა მხოლოდ ფული და ოქროულობა წაიღო და ეს მაშინ, როცა სახლში ძვირადღირებული ტექნიკაც იყო, მაგრამ მას ხელი არ დაადო. 

საქმე ისევ მე მომცეს, რადგან ყველა დარწმუნებული იყო, რომ ერთსა და იმავე პირთან გვქონდა საქმე. 

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მომდევნო ორ თვეში, კიდევ სამი ბინა გაიტანეს და სამივეგან, ჩემთვის კარგად ნაცნობი ხელწერით. ერთადერთი, რაც იცვლებოდა, დამნაშავის გარეგნობა გახლდათ ანუ ის, ქურდობის გარდა, პარიკების კეთებისა და გარდასახვის ნიჭითაც იყო დაჯილდოებული. 

ხუთი ბინა და არცერთი ხელჩასაჭიდი _ ეს, როგორც ჩემთვის, ისე მთელი სამმართველოსთვის, კატასტროფის ტოლფასი იყო. დამნაშავე შეცდომას, უბრალოდ, არ უშვებდა და სასოწარკვეთილმა, ძია თენგოს მივაკითხე. თენგო ძველი გამომძიებელი იყო, უკვე პენსიაზე გახლდათ და სოფელში ფუტკარს უვლიდა. ჩავედი, ხუთივე საქმის ქსეროასლები ჩავუტანე, ფეხებში ჩავუვარდი და ვთხოვე, ეგებ, მე გამომრჩა რამე და შენ ნახე-მეთქი. უხმოდ დამიქნია თავი და პირდაპირ მითხრა, ამათ წაკითხვას ერთ კვირას მოვუნდები და მერე ვილაპარაკოთო. 

ერთი კვირის შემდეგ დამირეკა და მითხრა, ხელჩასაჭიდი გაქვს და მიკვირს, რატომ ვერ შენიშნეო. გიჟივით ჩავედი სოფელში, ჩემი ქსეროქსებიდან, ხუთი ფურცელი იყო ამორჩეული და ხუთივეზე _ პასტით, რაღაც ფრაზა შემოხაზული. დავხედე და ექსპერტს, რომელსაც ბინებზე ჰქონდა ნამუშევარი, ეწერა, რომ ხუთივე ბინაში, საფერფლეში, სიგარეტის ერთი ღერი ეგდო, რომელიც ფილტრთან იყო გადატეხილი და ხუთივე _ „მალბორო ლაითის“ ფირმის. 

_ არაა „მალბორო ლაითი“ იაფი სიგარეტი და შეიძლება, იმ ოჯახის წევრები ეწევიან, მაგრამ ხუთივე რომ ამ მარკის სიგარეტს ეწეოდეს და თან ხუთივე ფილტრთან რომ ამტვრევდეს აუნთებელ პაპიროსს, არ მჯერა. ეს დამნაშავემ დატოვა და რატომ დატოვა, ახლა თქვენ იფიქრეთ, _ გამიღიმა თენგო ძიამ და ამით საუბარი დაასრულა. 

თათბირზე ვთქვი, რაც თენგომ მითხრა და ისიც აღვნიშნე, კარგი იქნება, თუ გავიგებთ, დღეში რამდენი კოლოფი „მალბორო ლაითი“ იყიდება-მეთქი, თანაც ხუთივე ოჯახის წევრები მყავდა დაკითხული და პასუხიც მქონდა _ ამ ფირმის სიგარეტს, არცერთ ოჯახში, არავინ ეწეოდა. ჩემი ინიციატივა ჩანასახშივე განწირული აღმოჩნდა. „მალბორო ლაითს“, დღეში, 12-დან 15 ათასამდე ადამიანი ყიდულობდა და სად გინდოდა, გეძებნა, გედევნა, გექექა. 

როცა შემდეგი ბინის გაქურდვის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია, გულის ფანცქალით წავედი და რატომღაც გამიხარდა, საფერფლეში, ფილტრთან გადატეხილი „მალბორო ლაითის“ ღერი რომ დავინახე. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ბინის ქურდი გვეთამაშებოდა ანუ გაჩერებას არ აპირებდა, გვიწვევდა და აუცილებლად დაუშვებდა შეცდომას. პარალელურად, თბილისში „გაბაზრდა“, რომ ვიღაც ბინებს სერიოზულად „წმენდდა“ და ის ადამიანები, რომლებსაც გასაფრთხილებელი ჰქონდათ, გაფრთხილდნენ _ ცდილობდნენ, სახლი მარტო არ დაეტოვებინათ, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოდიოდა. კარგ შემთხვევაში, თვეში ერთხელ, ახალ ბინაში, ახალი ღერები მხვდებოდა და ასე მომიგროვდა 34 ღერი. 

სამ წელზე მეტი იყო გასული, უკვე გამოცდილი გამომძიებელი მეთქმოდა, არც ალღო მღალატობდა, არც _ არაფერი, მაგრამ ამ საქმეს თავი და ბოლო ვერავინ გაუგო. მოულოდნელად, ბინის ქურდობები შეწყდა და შეწყდა ისე, რომ მომდევნო სამ წელში, აღარაფერი მომხდარა. დაიკარგა ჩემი „მალბოროს“ კაცი და გადავწყვიტეთ, რომ ან გარდაიცვალა, ან უბრალოდ, მოპარული შეირგო და შეეშვა. 

საერთო ჯამში, მას ბინებიდან ორ მილიონამდე ჰქონდა წაღებული და ეს არ იყო ცოტა ფული. 

ბოლო ქურდობიდან, ექვს წელზე ოდნავ მეტი იყო გასული, როცა ბინის მორიგ ქურდობაზე, სტაჟიორებთან ერთად გავედი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა, როცა ბინაში შესულმა, საფერფლეზე, ფილტრში გადატეხილი „მალბორო ლაითის“ ღერი დავინახე. იგივე ხელწერა, მხოლოდ ფული და ოქროული და არავითარი კვალი. თათბირზე ეს საქმე რომ ვთქვი, ყველამ ამოიგმინა. ვიცოდით, რომ დაიწყებოდა მორიგი დევნა და ძებნა, რომელსაც აზრი არ ექნებოდა და კვლავ გაუხსნელი საქმეები დაგვემატებოდა. 

მოლოდინი გამართლდა, ორი კვირის შემდეგ, მორიგი ბინა და მორიგი სიგარეტი, მერე კიდევ, კიდევ და ასე, მომდევნო სამი წელი. საერთო ჯამში, 12 წლის განმავლობაში, გვედო საქმეები და ვერაფერს ვუხერხებდით. ერთი, რაც მოსვენებას არ მაძლევდა, იყო კითხვა _ სად გაქრა ეს ადამიანი იმ ექვსი წლის განმავლობაში? 

მოვიძიეთ საქართველოს მასშტაბით და მსგავსი, სხვა ქალაქებში არ იყო მომხდარი, ე.ი. დამნაშავეს ქალაქი არ შეუცვლია. ვერსია, რომ ფული შემოელია და განაახლა, არ გამოდგებოდა, რადგან სამ წელშიც ბევრი იშოვა, მაგრამ მაინც აგრძელებდა. ისევ თენგო ძიას დავადექი. უკვე ისეთ მასშტაბებზე იყო გასული, თაფლი სერიოზულ ბიზნესად ექცია და სკების მომვლელად, ორი კაცი ჰყავდა დაქირავებული. ყურადღებით მომისმინა და ძალიან საინტერესო რამ მითხრა: 

_ ორი ვარიანტია, ან საზღვარგარეთ იყო წასული და აქ მოპარულს ხარჯავდა, ან დაიჭირეს და იჯდა. ქურდობაზე კი არა, სხვა საქმეზე დაიჭირეს. არ აქვს მნიშვნელობა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ამიტომ, ციხიდან გამოსულთა ბაზას გადახედე, მერე იმ პერიოდს შეადარე, როცა საქმეები შეწყდა და ეგებ, რამე საინტერესოს მიაგნო. 

რატომღაც მგონია, რომ საზღვარგარეთ არ წავიდოდა, მშვენიერი საქმე ჰქონდა აქ აწყობილი. მიზეზი შეიძლება ავადმყოფობაც ყოფილიყო, მაგრამ ეგეც ნაკლებ სავარაუდო იყო. კაცი ექვსი წელი თუ ისე ავადმყოფობს, რომ ვერაფერს აკეთებს, მერეც ვერ შეძლებს. 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამ თანამშრომელთან ერთად, არქივებს ჩავუჯექი. თივის ზვინში ნემსი გიძებნიათ? _ ზუსტად ასე გამოვიდა. ასეულობით საქმე გავიარეთ, მაგრამ შედეგი _ ნული. არავინ იყო ისეთი, ვისზეც შეგვეძლო გვეფიქრა, რომ ასეთი ჭკვიანი იყო და ასე სუფთად ასრულებდა ყველაფერს. 

რა თქმა უნდა, ხელი ჩავიქნიე და დაველოდე შემთხვევას. საგამოძიებოში იმდენი მქონდა ნამუშევარი, ვიცოდი, რომ ერთ უბრალო შემთხვევას, შეიძლებოდა, ძაფის ბოლო მოეცა ხელში. ეს შემთხვევა ოთხი თვის შემდეგ დადგა. თენგო ძიამ დამირეკა, როცა გეცლება, ამოდიო. იმავე საღამოს ავედი, სასტუმრო ოთახში შემიყვანა და მაგიდაზე ფილტრში გადატეხილი „მალბორო ლაითი“ დამიდო. 

„გაგქურდეს, ძია თენგო?“ _ ძლივს ამოვილუღლუღე, იმან კი ღიმილით თავი გადააქნია და მშვიდად დაიწყო: 

_ გუშინ, ოჯახი ამოვიდა _ ცოლი, ორი ბავშვი და კაცი. ფუტკრის რძე და დინდგელი უნდოდათ, ოღონდ ბევრი. კი მქონდა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან იმ კაცმა, მანქანიდან გადმოსვლისთანავე, „მალბორო ლაითის“ კოლოფი ამოიღო, ერთი ღერი მოიმარჯვა და მშვიდად დაუწყო ყნოსვა. თან მელაპარაკებოდა, თან იმ ღერს არ უშვებდა ხელიდან. ამიტომ ვუთხარი, არ მაქვს-მეთქი და ერთი კვირის შემდეგ დავიბარე. მანქანაში რომ სხდებოდნენ, სწორედ ასე, ფილტრში გადატეხა ის ღერი და წავიდა. მგონია, რომ შენი კლიენტია... 

ერთი კვირის შემდეგ, ოჯახმა თენგო ძიასგან ფუტკრის რძე და დინდგელი იყოდა, ჩვენ კი თვალთვალი დავიწყეთ. გავარკვიეთ, რომ პიროვნება, რომელსაც ვუთვალთვალებდით, ციხეში სწორედ იმ პერიოდში იჯდა და გისოსებს მიღმა, ავარიის გამო მოხვდა, ავარიის, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. დაახლოებით, ერთი თვე ვუთვალთვალებდით, შემდეგ კი, როცა საქმეზე წავიდა, ბინიდან გამოსული დავაკავეთ. დაკითხვებზე ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ სიგარეტის ღერს ვერსად გაექცა, მისი დნმ-ც აღმოვაჩინეთ სხვა ღერებზე და ასე დასრულდა მისი ისტორია. სიგარეტს კი, თურმე, მუდმივად იმიტომ ატარებდა, რომ თავი ჰქონდა დანებებული, მაგრამ მუდამ ენატრებოდა და ყველაზე მეტად, „მალბორო ლაითის“ სუნზე კაიფობდა. 

მოწევა მავნებელი რომ არის, კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში