Menu
RSS

თებერვალს, გიგი უგულავას მესამედ დაიჭერენ?!

პროკურატურა თბილისის ექსმერს ისევ 50 მილიონს ედავება

შესაძლოა, თბილისის ექსმერი, გიგი უგუალავა ისევ დაიჭირონ. ყოველ შემთხვევაში, მისი ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, 10 თებერვალს, როდესაც უზენაესი სასამართლო თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, სავარაუდოდ, გიგი უგულავას დაიჭერენ. ადვოკატი ეჭვობს, რომ სასამართლოში უვადოდ გამწესებულმა მოსამართლეებმა უკვე მიიღეს პოლიტიკური დავალება, რომ 10 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ, გაბინაშვილისა და თადუმაძის შემადგენლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადონ გადაწყვეტილება, თანაც ისე, რომ ე.წ. ფონდის საქმეზე, უგულავასა და მისი ადვოკატის პოზიციები არ გაიზიარონ.

უგულავა უზენაეს სასამართლოში 

3 თებერვალს, უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ე.წ. ფონდის საქმე რამდენიმე წლის წინანდელი ამბავია, რაც პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოში უკვე დასრულდა. მეტიც, ადვოკატის თქმით, უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალეს: 

,,ვეჭვობთ, რომ თადუმაძისთვის მიცემული აქვთ დავალება, რათა გიგი უგულავას თავისუფლება აღუკვეთოს. ამას გვაფიქრებინებს ის ტენდენციაც, რაც ბოლო პერიოდში, გიგის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, გიგის თავს დაესხნენ და ამის გამო, ბრალი მას წაუყენეს. ამ კონტექსტშივე უნდა დავინახოთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ დაჭერები გაგრძელდება“. 

იმავე დღეს, ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, თბილისის ექსმერმა, გიგი უგულავამ ქართული ოცნების გენერალურ მდივანს, თბილისის მოქმედ მერს, კახა კალაძეს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ უგულავამ 50 მილიონი ლარი მოიპარა და ეს ხელის მოწერითაც კი აღიარაო. უგულავამ კალაძეს მოუწოდა, დღის ბოლომდე წარედგინა ხელმოწერილი განცხადება, ან ჩვენება, სადაც ექსმერი აღიარებს, რომ 50 მილიონი ლარი მართლაც მოიპარა. 

პროკურატურა, უგულავას, მისი მერობის პერიოდში, თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება. 

2018 წლის თებერვალში, თბილისის საქალაქო სასამართლომ, დედაქალაქის განვითარების ფონდიდან 48 მილიონის გაფლანგვის საქმეზე, ყოფილ მერს, გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. უგულავას გარდა, თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე ბრალდებული იყო თბილისის მერიის ხუთი ყოფილი თანამშრომელი: მერის ყოფილი მოადგილე, დავით ალავიძე; თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი საბანაძე; თბილისის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი, ალექსი თაბუაშვილი; ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი, დავით ავალიანი და მისი მოადგილე, დიმიტრი ჩხეიძე. სასჯელი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას გამოუტანა, სხვა საქმეზე მიღებულმა განაჩენმა შთანთქა. მიუხედავად ამისა, უზენაეს სასამართლოში, საქმის განხილვა მაინც განახლდა. 

ფონდიდან გაფლანგული 50 მილიონი ლარი 

2013 წლის 27 ივნისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა, თბილისის მერიისა და გამგეობის 30-მდე თანამშრომელი ,,დააკავეს''. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მერიის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, მოწმის სახით, თბილისის მერიისა და გამგეობების თანამშრომლები დაიკითხნენ. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა'' და ,,ბ'' ქვეპუნქტებით. აღნიშნული პირები დაბარებულები იყვნენ დაკითხვაზე, რის შემდეგაც საგამოძიებო სამსახური დატოვეს. თბილისის მერმა, გიგი უგულავამ კი სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ამ ქმედებით, ხელისუფლებას ნაცმოძრაობის წევრების დაშანტაჟება სურდა. 

2013 წლის ივლისის დასაწყისში, ,,ვერსიაში'' ვრცელი, ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა, სადაც დეტალურად აღვწერეთ, როგორც გამოძიების ხელთ არსებული ოფიციალური მტკიცებულებები, ასევე მოწმეთა და ბრალდებულთა ჩვენებებიც კი, რაც იმ პერიოდში, კარგად ინფორმირებული წყაროს საშუალებით მოვიპოვეთ. 

ახლა ვეცდებით, მოკლედ შეგახსენოთ ყველა ის ბრალდება და მტკიცებულება, რაც გიგი უგულავასა და თბილისის მერიის სხვა მაღალჩინოსნების კორუფციულ სქემაში მონაწილეობას, ასევე თბილისის განვითარების ფონდიდან 50 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ადასტურებს. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს, რომლებიც ჯერ დააკავეს, მოგვიანებით კი გაუშვეს, 50 მილიონი ლარის მითვისებაში ედებათ ბრალი: ,,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, რამდენიმე თვის განმავლობაში, დეტალურად სწავლობდა თბილისის ბიუჯეტიდან დედაქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, მერიის მიერ დაფუძნებულ სპეციალურ ფონდებში აკუმულირებული ათეულობით მილიონი ლარის მართლსაწინააღმდეგო განკარგვის ფაქტებს, რომლის ფარგლებში დაწყებული გამოძიებით, უტყუარად დადასტურებულია, რომ თბილისის მერიის მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და დანაშაულებრივი ხელშეწყობით, თბილისის რეაბილიტაციის ფონდიდან, რომლის ყოფილი ხელმძღვანელი იმყოფება მიმალვაში, სხვადასხვა ტიპის თვალთმაქცური ოპერაციების მეშვეობით, გაფლანგულია 50 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, უშუალოდ ბანკებიდან ნაღდი ფულის სახით არის გამოტანილი და, სავარაუდოდ, მითვისებულია. ამ უპრეცედენტო კორუფციული საქმის მტკიცებულებებზე, კერძოდ, გამოძიების პროცესში მოპოვებულ ვიდეომასალებზე ჩანს, რომ დედაქალაქის მერიის მოხელეები, პლასტიკური ბარათების გამოყენებით, თბილისელებისგან გადასახადების სახით აკრეფილ თანხებს იტაცებენ, რაც ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარებოდა''.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, საქმე ეხებოდა „თბილისის განვითარების ფონდს“, რომელიც მერიის მიერ, ისტორიული და სხვა მნიშვნელოვანი შენობების რეაბილიტაციის მიზნით, 2010 წლის 16 ივლისს დაფუძნდა. ეს ფონდი, ცენტრალურთან ერთად, ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც ფინანსდება. გამოძიებამ დედაქალაქის ბიუჯეტის კუთვნილი 48 930 822 ლარის მითვისება-გაფლანგვის სამი ეპიზოდი შეისწავლა _ ფონდიდან, სახელფასო პლასტიკური ბარათების საშუალებით, 13 852 497 ლარის გაფლანგვა, ფონდის საბანკო ანგარიშებიდან ნაღდი ფულის სახით, 34 000 000 ლარის მითვისების ფაქტი და არამიზნობრივად, ე. წ. ფურშეტებსა და ნაციონალური მოძრაობის პარტიული ღონისძიებების ორგანიზებისთვს დახარჯული 719 862 ლარი. 

პირველი ეპიზოდი _ 2011 წლის ნოემბერში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო უბნების კოორდინატორების დაფინანსების მიზნით, გიორგი საბანაძის ხელმძღვანელობით, 719 პიროვნებისთვის, რომლებიც თითქოს, ,,თბილისის განვითარების ფონდში'', შენობათა კვლევის სპეციალისტებად მუშაობდნენ ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, პლასტიკური სახელფასო ბარათები დამზადდა. ეს პლასტიკური ბარათები, თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ალექსი თაბუაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს _ თბილისის ათი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს გადაულოცა. 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით, პლასტიკურ ბარათებზე, ხელფასის სახით, თანხა ყოველთვიურად ირიცხებოდა. ამ პერიოდში, ეს თანხა პერიოდულად გამოჰქონდა ალექსი თაბუაშვილს, დავით ავალიანს, დიმიტრი ჩხეიძეს, ასევე მერიისა და გამგეობის 30-მდე თანამშრომელს. საგამოძიებო სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ასეთი ქმედებით, აღნიშნული ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უკანონოდ გაფლანგეს ,,თბილისის განვითარების ფონდის'' კუთვნილი ფულადი თანხა _ 13 852 497 ლარის ოდენობით! 

მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის მერის მოადგილემ, დავით ალავიძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი საბანაძემ გადაწყვიტეს, სახელფასო პლასტიკური ბარათები გაეუქმებინათ და პარტიული მიზნებისთვის, საჭირო თანხები უშუალოდ გამოეტანათ საბანკო ანგარიშიდან. წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, ფონდის ანგარიშიდან, საბანკო ჩეკების საშუალებით, ნაღდი ფულის სახით, მათ 2012 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, შვიდჯერ გაიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს 34 328 463 ლარი! 

რაც შეეხება მესამე ეპიზოდს, გიორგი საბანაძემ და დავით ალავიძემ, წინასაარჩევნო პერიოდში, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების გამასპინძლების მიზნით, შპს „სითი ივენთსა“ და შპს „ფართი ჰაუსს“, ფონდის სახელით, შესაბამისი მომსახურების გაწევაზე, ხელშეკრულებები გაუფორმეს. 2012 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით, ამ საწარმოებმა, ორგანიზება გაუწიეს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების გამასპინძლების მიზნით მოწყობილ ,,ფურშეტებს'', რომელთა ანაზღაურების სანაცვლოდ, „თბილისის განვითარების ფონდის“ ანგარიშიდან 719 862 ლარი გაიფლანგა! 

ძველი თბილისის რეაბილიტაციაში ,,მოტეხილი'' მილიონები 

თბილისის მერიამ, ძველი თბილისის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება 2005 წელს მიიღო და ამ მიზნით, ჯერ ,,ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების'', მოგვიანებით კი ,,თბილისის განვითარების'' ფონდები შექმნა. ,,თბილისის განვითარების ფონდს'', სხვადასხვა დროს, მერიის მაღალჩინოსნები, მათ შორის, მამუკა ახვლედიანი, დავით Yავალიანი, დავით ნინიძე და გიორგი საბანაძე ხელმძღვანელობდნენ. ორივე ფონდში თანხა თბილისის ბიუჯეტიდან ირიცხებოდა. 

ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციის მიზნით, ფონდების საშუალებით აღადგინეს მეიდანი, მეტეხი, რიყე, აღმაშენებლის გამზირი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ,,თბილისის განვითარების ფონდმა'' განახორციელა, აღმაშენებლის მოედნის რეაბილიტაცია იყო, მაგრამ თბილისის მერიას არასდროს გაუსაჯაროვებია ინფორმაცია, თუ რა დაუჯდა აღმაშენებლის მოედნის, რიყის, ან თუნდაც მეტეხის რეაბილიტაცია. არადა, ფონდი თბილისის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და ამ ტიპის ინფორმაცია, როგორც წესი, საჯარო უნდა ყოფილიყო. 

საინტერესოა, როგორ არჩევდნენ კომპანიებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციას ახორციელებდნენ? კანონის მიხედვით, ფონდს ეს კომპანიები ტენდერით უნდა შეერჩია, მაგრამ ტენდერი არ ჩატარებულა. მეტიც, ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა'' არაერთხელ მიმართა თბილისის მერიას, გაეცა პასუხი შეკითხვაზე, თუ როგორ შეარჩიეს კომპანიები რეაბილიტაციისთვის, ან რა დაჯდა ამა თუ იმ ქუჩის რეაბილიტაცია, მაგრამ უშედეგოდ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მერიამ, ,,თბილისის განვითარების ფონდს'' უძრავი ქონებაც გადასცა, მაგალითად, პუშკინის ქუჩასა და აღმაშენებლის მოედანზე მდებარე შენობები, ასევე, კოტეჯი დაბა წყნეთში. მერიისგან ნაჩუქარი უძრავი ქონება კი ფონდმა სხვადასხვა პირზე გაყიდა. აღმაშენებლის 150-ში მდებარე ისტორიული შენობა (200 კვადრატული მეტრი), ,,თბილისის განვითარების ფონდმა'', 2011 წლის 19 სექტემბერს, კომპანია ,,რეალ ინვესტს'' 200 000 აშშ დოლარად, სამთვიანი უპროცენტო განვადებით მიჰყიდა. ,,რეალ ინვესტის'' დამფუძნებელია ოფშორში რეგისტრირებული კომპანია ,,ოლდინგტონ ინვესტ კორპი'', რომლის წარმომადგენელი საქართველოში, გიორგი ღონიაშვილი იყო. სხვათა შორის, გიორგი ღონიაშვილი თბილისის ექსმერის, გიგი უგულავას ყოფილი ცოლის დის ქმარი ანუ ექსქვისლი იყო (ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდში და მოგვიანებითაც, როდესაც ,,ვერსიაში'' ეს სტატია დაიბეჭდა, უგულავა და ღონიაშვილი ნამდვილად ნათესავები იყვნენ), რომელიც ამ გარიგებამდე ოთხი თვით ადრე, ,,რეალ ინვესტის'' ხელმძღვანელად დანიშნეს (შეგახსენებთ, ამბავი, რომელსაც ახლა გიყვებით, 2013 წლის ივლისში მოხდა და ,,ვერსიაშიც'' მაშინვე დაიბეჭდა, მაგრამ ვინაიდან ღონიაშვილი ვახსენეთ, მოვლენებს გავუსწრებთ და გეტყვით, რომ 2015 წელს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიორგი ღონიაშვილიც დააპატიმრა). 

მარჯანიშვილის მოედანზე უგულავას ახლა უკვე ექსნათესავი, კიდევ ერთ შენობას ფლობდა, ესაა აღმაშენებლის 103-ში მდებარე, ასევე ისტორიული შენობა, რომელიც გერმანელმა არქიტექტორმა გოთიკურ სტილში ააშენა. სხვადასხვა დროს, ამ შენობაში განთავსებული იყო, როგორც სასტუმრო, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო და კონტროლის პალატა. ,,თბილისის განვითარების'' ფონდმა'', ეს ისტორიული შენობა _ 510 კვადრატული მეტრი, ,,ვესტელ პლაზას'' გადასცა. ამ კომპანიის დამფუძნებელიც უგულავას ექსქვისლი გიორგი ღონიაშვილი იყო. 

არანაკლებ საინტერესოა, რიყის ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი, რასაც 2005 წელს, ამ ტერიტორიაზე განთავსებული რესტორნები ,,შეეწირა''. 2006 წელს, თბილისის მერიამ რიყის ტერიტორია 7 000 000 000 აშშ დოლარად, შპს ,,ახალ რიყეს'' განვადებით მიჰყიდა. ,,ახალი რიყის'' 100%-იანი წილის მფლობელი, ოფშორში რეგისტრირებული კომპანია ,,ჯი ემ სი ჰოლდინგია''. ამ ჰოლდინგის დირექტორი კი ლევან ყარამანაშვილია, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, რეზო შარანგიას დის ქმარია. ყარამანაშვილი ერთ დროს ,,რუსთავი 2''-ის აქციების 90%-იანი წილის მფლობელი იყო. თავის მხრივ, რეზო შარანგია ,,ჯი ემ სი ჰოლდინგის'' ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ. 

მას შემდეგ, რაც რიყე შპს ,,ახალმა რიყემ'' შეიძინა, მასვე დაევალა, როგორც ტერიტორიის 20%-ის გამწვანება, ასევე საფეხმავლო ხიდის აშენება და ინვესტიციების მოზიდვაც. კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი არც ერთი ვალდებულება არ შეუსრულებია. სამაგიეროდ, მერიისგან ნაყიდი ტერიტორიის 80%, რამდენიმე თვეში, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს, დავით იაკობაშვილს მიჰყიდა, რომელსაც ინვესტიციები უნდა მოეზიდა და ხიდი აეშენებინა. საფეხმავლო ხიდი რიყეზე მართლაც აშენდა, ოღონდ _ 2010 წელს, რომელიც თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდა! 

2006 წელს, შპს ,,ახალმა რიყემ'', თბილისის მერიისგან 7 000 000 აშშ დოლარად ნაყიდი რიყის ტერიტორია, 2008 წელს, ისევ თბილისის მერიას დაუბრუნა, ოღონდ 17 000 000 აშშ დოლარად! ამ გარიგებით, ყარამანაშვილმა და შარანგიამ 10 000 000 აშშ დოლარი მოიგეს!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში