Menu
RSS

ქალმა კაცი, რომელმაც ცოლობაზე უარი უთხრა, ფიწლით სათესლე ჯირკვლებში დაჭრა!

„ნაკოლკიანი“ და ნაციხარი დიაცების კრიმინალური თავგადასავლები

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ქალი პატიმრების რიცხვი საქართველოში, ყოველთვის მცირე იყო. სიმცირეში კაცებთან ფარდობითობას ვგულისხმობ, თორემ ზოგადად, სუსტი სქესის წარმომადგენელთა რიცხვი კრიმინალის მიმართულებითა და საქართველოს საზომებით, პატარა ნამდვილად არაა. აი, ამ სიმცირეში, კიდევ უფრო მცირეა იმ ქალების რიცხვი, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ტატუს იკეთებენ. საქართველოს პლაჟებზე არაერთ და ორ ათეულ მამაკაცს ნახავთ, რომლებსაც სწორედ ტატუზე ეტყობათ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება აქვთ მოვლილი, ქალებს კი, ძირითადად, „სვაბოდაზე“ გაკეთებული ტატუები აქვთ და ეს არცაა გასაკვირი: ზოგი მოდას მისდევს, ზოგსაც კი, უბრალოდ, ძალიან მოსწონს.

ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან, მამაკაცთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ყველაზე პოპულარული „ნაკოლკა“ ხუთი წერტილი _ „ბეში“ იყო. „მოდა“ არც ახლა გადასულა და ოთხი კედლის შუაში მჯდომი „არესტანტი“ ანუ „ბეში“, ისევ „ხოდშია“. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა საინტერესო იქნებოდა ქალის მაჯაზე „ბეშის“ დანახვა ანუ ქალი არ მალავდა, რომ ციხეში იჯდა. დამეთანხმებით, რომ მაჯაც არ არის ის ადგილი, სადაც ეს ტატუ დაიმალება, თანაც საქართველოში, სადაც პრაქტიკულად, ყველამ იცის, თუ რას ნიშნავს ხუთი წერტილი. 

ეს ქალი, პატიმარმა #0578-მა, სრულიად შემთხვევით, კაფეში ნახა, სადაც ის მიმტანად მუშაობდა და მართალია, „ბეშს“ თეთრი სახელო უმალავდა, მაგრამ მაგიდაზე ყავის ჭიქის დადების დროს, ტატუ მაინც გამოუჩნდა. 

ისტორიის მოყოლაზეც არ თქვა ქალმა უარი და აღნიშნა, არც ტატუს ვმალავ, არც იმას, რომ ციხეში ვიჯექი და არც იმას, რისთვის ვიჯექი, პირიქით, მეამაყებაო. 

 

აი, ციხეში ყოფნით ქალი რომ ამაყობს, კიდევ ცალკე ფენომენია, თუმცა ჩვენც მონაყოლს მივყვეთ. 

„თურქეთში სამუშაოდ ჯერ დედაჩემი წავიდა, მერე მე წამიყვანა. ვიმეორებ, სამუშაოდ და არა _ საბოზაოდ. ჯინსების ქარხანაში მუშაობდა და მართალია, მათხოვრულ ხელფასზე, მაგრამ ორის ნამუშევარი უკვე შესამჩნევი იყო ანუ დაახლოებით, ორ წელიწადში, შეგვეძლო იმდენი ფული მოგვეგროვებინა, რომ საქართველოში, პატარა საცხობი მაინც გაგვეხსნა. იქ გავიცანი ნოდარიც, ისიც ქარხანაში მუშაობდა. შემომიჩნდა, გინდა თუ არა, ვგიჟდები შენზეო და რადგანაც დედაც არ იყო წონააღდეგი, შევთანხმდით, რომ ცოლად გავყვებოდი. 

მერე, ხომ იცი, როგორც ხდება, ბარემ ერთად ვიცხოვროთო და გადმოვიდა ნოდარი ჩვენს ბინაში, ერთად დავიწყეთ ცხოვრება. ერთი წლის შემდეგ, საქართველოში წამოსვლა გადავწყვიტეთ, რადგან დავორსულდი. ნოდარმა, ჯერ მე წავალ, სიტუაციას მოვამზადებ, ყველაფერს დავალაგებ და მერე შენც წაგიყვანო. წავიდა და დაიკარგა. ჰო, დაიკარგა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ვეღარც ტელეფონზე ვუკავშირდებოდით, ვეღარც მისი ამბები გავიგეთ. იქ გვითხრა, ობოლი ვარო და სოფელი კი დაასახელა, სადაც ცხოვრობდა. 

წამოვედი მე საქართველოში, დედა თურქეთში დავტოვე და პირდაპირ იმ სოფელში ჩავედი, ნოდარი მოვიკითხე და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა, ჭიშკარში შესულს, ნოდარის ნაცვლად, მისი ცოლი და სამი შვილი რომ დამხვდა?! სამივე გოგო. ნოდარი ტყეშია, შეშაზეო, ცოლმა მითხრა და ყავა შემომთავაზა. დავჯექი, დავლიე, დაველოდე, მაგრამ ისე დაღამდა, ნოდარი არ გამოჩენილა. თურმე, სოფელში უთქვამთ, ვიღაც გოგო გეძებდაო და სავარაუდოდ, ყველაფერს მიხვდა, სახლში არ მოვიდა. შეღამებულზე წამოვედი და ცოლს დავუბარე, შემეხმიანოს, როცა ნახავთ, თურქეთიდან რაღაც გამომატანეს და უნდა გადავცე-მეთქი. მეორე დღეს დამირეკა, შემხვდიო და რუსთავში ანუ იმ ქალაქში ჩამოვიდა, სადაც ვცხოვრობდი. 

არაფრის ახსნა უცდია, არც ბოდიში მოუხდია, რას ჩამომეკიდე კისერზეო, ეგ მითხრა და თუ გინდა, აბორტის ფულს მოგცემო, ეგეც დააყოლა. 

გავმწარდი, მაგრამ იმას ვფიქრობდი, ჩემი ნერვიულობის გამო, ბავშვს რამე დაემართებოდა და ამიტომ, არაფერი ვუთხარი. მერე დედაჩემს დავურეკე, ავუხსენი, რა და როგორ იყო და ისიც მეორე დღეს ჩამოვიდა. საყვედური არ უთქვამს, ან როგორ უნდა ეთქვა, თავად ნახა ყველაფერი. 

მოკლედ, ბავშვი გავაჩინე, ბიჭი დაიბადა. დავურეკე ნოდარს, ბიჭი გყავს და თუ სურვილი გაქვს, ჩამოდი და ნახე-მეთქი. აი, მანდ გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი. ასე მითხრა, რა ვიცი, რომ ჩემი შვილია, იქნებ სხვისგან გყავსო? 

ეს შეურაცხყოფაზე მეტი იყო! თურქეთში ერთად მივდიოდით სამსახურში, ერთად ვბრუნდებოდით სახლში, თუ სადმე გავდიოდით ყავის ან ჩაის დასალევად, ისიც ერთად და ახლა მიცხადებდა, იქნებ, სხვისგან გყავს შვილიო?! 

ძუძუს ბავშვი დედაჩემს დავუტოვე და სოფელში წავედი. არც დამიკაკუნებია, არც დამიძახია, ეზოში ხეზე მიყუდებული ფიწალი ავიღე და სახლში შევედი. დივანზე წამოწოლილი ტელევიზორს უყურებდა, არც ბავშვებს მოვერიდე, არც ცოლს, პირდაპირ ფეხებშუა გავუქანე და ორჯერ ჩარტყმა მოვასწარი, მერე წამართვეს და ცოლის კივილზე, მეზობლები მოცვივდნენ. 

 

მოკლედ, დამიჭირეს და რადგან ჭრილობა წელს ქვემოთ იყო, სხეულის განზრახ დაზიანების მუხლი მომიყენეს და არა _ მკვლელობის მცდელობის. 

გამომძიებელი ისეთი შემხვდა, რომ ინატრებ. ყველაფერი დეტალებში მოვუყევი, იმდენი ქნა, დნმ-ს ანალიზი სახელმწიფოს ხარჯზე ჩაუტარეს ჩემს შვილსა და ნოდარს და დაადასტურეს, რომ მისი შვილია. ამის შემდეგ, მოსამართლემაც ბევრი რამ გაითვალისწინა, მაგრამ ჩემი ფიწლით, იმან ერთი „კვერცხი“ დაკარგა და ამიტომ, მხოლოდ პირობით სასჯელს ვერ დამტოვებდნენ. მომისაჯეს ორი წელი რეალური და ხუთი _ პირობითი. 

მოვიხადე წელიწადზე მეტი, მერე „უდო“ შემეხო და გამოვედი. პირობითიც პატიოსნად მოვიხადე და აგერ, პატიოსნადაც ვმუშაობ. ბავშვი უკვე სკოლაში მივიდა, მეორე კლასშია, მამას ერთხელაც არ უნახავს, მაგრამ სულ მგონია, რომ სამი გოგოს მამას, ბიჭისადმი კარგი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, მაგრამ ალბათ, ეშინია. მით უმეტეს, ბავშვი 5 წლის რომ იყო, გავთხოვდი. კარგი ბიჭი გამოჩნდა, მიახლოებით იცოდა ჩემი ისტორია და მეც დეტალები მოვუყევი. ძალიან გვინდა შვილი, თუმცა ჯერ არ გამოგვდის. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. 

ჰოდა, ეს „ბეშიც“, შენ რომ ასე დაინტერესდი, მაშინ დავიხატე, „ზონაზე“, იმის ნიშნად, რომ საკუთარი საქციელის არ მრცხვენია“, _ დაასრულა მოყოლა ქალმა. 

მერე იყო, ქალი წამით რომ დაფიქრდა, ჯერ გაიღიმა, მერე ხმამაღლა გაიცინა და გააგრძელა: 

„ეგ რა არის, ჩვენთან ერთი ქალი იჯდა, მარცხენა მკერდზე, გულთან ახლოს, მერაბი ეწერა. არადა, სწორედ იმ მერაბის მკვლელობის გამო იყო ნასამართლევი, მაგრამ ასე ამბობდა, შემთხვევით შემომაკვდაო. 

თურმე, კაცი მთვრალი მისულა, სექსი უნდოდა, ამას არ უნდოდა და საბოლოოდ, ყველაფერი გრაფინის თავზე გადამტვრევით დასრულდა. იმ უბედურსაც ვერ ჰქონია მაგარი თავის ქალა და კი მოკვდა. მერაბი კიდევ „ზონაზე“ ამოისვირინგა, რომ გავალ, ყველამ, ვისაც ჩემთან ურთიერთობა ექნება, უნდა იცოდეს, რომ სიყვარული შემიძლია, მაგრამ გაბრაზებაც ვიციო...“

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში