Menu
RSS

ესპანეთში ქართველი არალეგალების წინააღმდეგ სპეცოპერაცია იგეგმება!

რატომ დაიწყო კრემლმა ქართველ წვრილ მეწარმეებზე ნადირობა და რას ედავებიან „მირონს“

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ფედერაციაში შემოღებული კანონის შემდეგ, რომელიც „კანონიერი ქურდებისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, კრიმინალური სამყაროს იერარქიის უმაღლეს საფეხურზე მდგომი პირები, გადასარჩენად ყველა ხერხს მიმართავენ _ დიდმა ნაწილმა რუსეთის ფედერაცია უკვე დატოვა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც რუსეთი და იქ წლების განმავლობაში, სისხლითა და ოფლით აწყობილი ცხოვრება არ ეთმობათ. მათ შორისაა დიმიტრი ჭანტურია, მეტსახელად „მირონი“, რომელიც რუსეთიდან არ წავიდა და შესაბამისად, მასზე ძებნა გამოცხადდა. სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია და ჭანტურიას, დაკავების შემთხვევაში, ციხე ემუქრება.

ვიდრე ჭანტურიას დააკავებდნენ, რუსმა სამართალდამცავებმა, რუსეთის მთავარი სამმართველოს სამძებრო განყოფილების უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ევგენი კუზინი დაიჭირეს. მას ბორკილები კაბინეტში 31 იანვარს დაადეს და ბრალად, ქრთამის სახით, 25 მილიონი რუბლის (დაახლოებით, 1.125 მილიონი ლარი) აღება წაუყენეს. 

„კუზინს აღნიშნული თანხა დიმიტრი ჭანტურიამ გადაუხადა, სანაცვლოდ კი მის წინააღმდეგ აღძრული საქმე უნდა შეწყვეტილიყო. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში, ჭანტურიას „კანონიერი ქურდის“ სტატუსის გამო, ბრალს ვეღარ წაუყენებდნენ და მის წინააღმდეგაც სამართალდამცავებს არაფერი ექნებოდათ. კუზინს სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა და პირველი პროცესი 29 მარტს გაიმარება“, _ ნათქვამია რუსეთის ძალოვანი უწყების პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კუზინის გარდა, დაკავებულია მისი ხელქვეითი, რომელიც უშუალო მოლაპარაკებას აწარმოებდა ჭანტურიასთან და რომლის საშუალებითაც პოლკოვნიკმა ქრთამი აიღო. სასამართლომ მასაც ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა და როგორც ამბობენ, სწორედ ის იქნება აღნიშნულ საქმეში მთავარი მოწმე. 

როგორც რუსეთში მცხოვრები ქართველები ამბობენ, ზუსტად იმ დოზით, რა დოზითაც ებრძვიან კრიმინალს, გაიზარდა ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლა სავაჭრო ობიექტებზე. პოლიციისა და უშიშროების წარმომადგენლებს ხელისუფლებამ განუსაზღვრელი ძალაუფლება მისცა და ისინიც ამ ძალაუფლებას ბოლომდე იყენებენ. ქართველები არ მალავენ, რომ ოფიციალური გადასახადების გარდა, სამართალდამცავები მათგან იმ თანხას ითხოვენ, რაც მანამდე კრიმინალს მიჰქონდა ანუ მეწარმეებისთვის, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, წილის მიმღები შეიცვალა. 

საერთაშორისო სანქციების ფონზე, რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, წიხლი მეწარმეებისთვის დაეჭირა და დღეს მოქმედი კანონით, მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესი, ბიუჯეტში ოფიციალურად, 16 სახის გადასახადს იხდის. ამას დაუმატეთ ცალკე პოლიციისთვის და ცალკე „კა-გე-ბე“- სთვის მისაცემი თანხები და გამოდის, რომ შემოსავლიდან, 18 სახის გადასახადია გადასახდელი. სწორედ ამ მიზეზით, არაერთი მცირე მეწარმე, უბრალოდ, გაჩერდა და საწარმო დახურა, პრაქტიკულად, ვეღარ არსებობენ მცირე ზომის საცხობები, ისინიც ნელ-ნელა ქრებიან და მალე რუსეთში დარჩება მხოლოდ მსხვილი ბიზნესი, რაც მოსახლეობის გაღარიბებას და ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს. 

„ქუჩაში მოიკლო კრიმინალმა, რესტორნებში აღარ დადიან იარაღიანი ტიპები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსახლეობამ ამოისუნთქა. უფრო პირიქით, ხალხი დღითი-დღე ღარიბდება და ეს, როგორც სახელმწიფოს ეკონომიკაზე, ისე მეწარმეების ჯიბეებზე უარყოფითად აისახება. პერიფერიებში მყოფი ქართველების უმრავლესობა უკვე სამშობლოში ბრუნდება, რადგან აქ მუშაობის გაგრძელების აზრს ვერ ხედავს. მაგალითად, თუ მცირე საცხობი, თვეში 2-3 ათას დოლარს ტოვებდა, ახლა ამ თანხიდან, მინიმუმ ნახევარი, გაზრდილ გადასახადებსა და სამართალდამცავების „კრიშაში“ მიდის და მუშაობასაც აზრი ეკარგება. როგორი საქმეა, მოგების, ლამის 70% სხვაგან რომ ილექება? ყოველგვარი ინტერესი და ენთუზიაზმი კვდება და სწორედ ეს დაღუპავს რუსეთს“, _ გვეუბნება მეწარმე, რომელსაც ორი საცხობი კრასნოდარის ოლქში ჰქონდა. 

* * * 

კრიმინალისთვის პრობლემა მხოლოდ რუსეთი არ არის. პრაქტიკულად, მთელი ევროპის მასშტაბით, კრიმინალთან დაუნდობელი ბრძოლაა გამოცხადებული. უფრო კონკრეტულად კი, ყველა ქვეყანა კრიმინალის პრევენციაზე გადავიდა და საკმარისია, ვარაუდიც კი არსებობდეს, რომ შესაძლებელია კრიმინალის ჩადენა, სამართალდამცავები აქტიურ მოქმედებაზე გადადიან. ისიც ფაქტია, რომ საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის შემდეგ, კრიმინალური სამყაროს იერარქიის უმაღლეს საფეხურზე მყოფი პირების დევნა, კანონის ძალით, მალე პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქცეყანაში დაიწყება, ხოლო ევროპული სახელმწიფოების საკანონმდებლო კოდექსში მალე გაჩნდება ჩანაწერი, სადაც მაფიოზის გარდა, დასჯადი „კანონიერი ქურდის“ სტატუსიც იქნება. 

თუ აქამდე იტალიელმა მაფიოზებმა აიძულეს მსოფლიო სისხლის სამართლის კოდექსში დამატებითი მუხლი გაჩენილიყო, ახლა იგივეს, სავარაუდოდ, საბჭოთა ფენომენი _ „კანონიერი ქურდები“ მოახერხებენ. 

რადგან ევროპაზე ვსაუბრობთ, იმასაც გეტყვით, რომ გასულ კვირას, იტალიელმა სამართალდამცავებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულებიდან ერთი _ 42 წლის მამაკაცია, მეორე კი _ 44 წლის ქალი. სასამართლომ კაცს შინაპატიმრობა მიუსაჯა, ქალი კი დარბაზიდან გაათავისუფლა და იტალიის დატოვება აუკრძალა, რამაც ადგილობრივი მედიის გულისწყრომა გამოიწვია. ადგილობრივთა აზრით, ქვეყნის კანონი ძალიან ლმობიერია და ის, განსაკუთრებით ემიგრანტებზე, ბევრად მკაცრი უნდა იყოს ანუ დაახლოებით ისეთი, როგორიც დიდ ბრიტანეთშია. 

ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ბირტანული კანონმდებლობა ზეჰუმანურია ბრიტანეთის მოქალაქეების მიმართ და, პრაქტიკულად, კაბალურია უცხოელებისადმი. 

ესპანეთში მცხოვრები ქართველები ვარაუდობენ, რომ ძალიან მალე ახალი, მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდება. როგორც წესი, ხანგრძლივი პაუზისა და მიჩუმათების შემდეგ, სამართალდამცავები სწორედ სპეცოპერაციას გეგმავენ და „ნასროლ ბადეში“, ძირითადად ქართველები, ალბანელები და რუმინელები მოჰყვებიან. 

„რეალურად რომ ვიმსჯელოთ, დღეს ესპანეთში, ქართული კრიმინალური დაჯგუფებები აღარ არსებობენ და ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ თავისუფლებაზე, გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ აღარ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზებას ვერავინ აკეთებს, ორგანიზების გარეშე კი ძალიან ძნელია. ამიტომ, აქ ლეგალურად თუ არალეგალურად მყოფი ქართველებიც უფრო მშვიდად მუშაობენ, იმედი აქვთ, რომ მორიგ „აბლავაში“ არ მოჰყვებიან, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, კვლავ მზადდება მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად, სწორედ არალეგალების დაკავებასა და დეპორტს ისახავს. 

არსებული ჯარიმები, რომელიც არალეგალების დასაქმების შემთხვევაში აქაურებს ეკისრებათ, ისედაც აშინებს ადგილობრივ მოსახლეობას და პრობლემები არავის სურს. ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, რომ ევროპაში არალეგალურად სამუშაოდ წამოსვლა აზრს კარგავს“, _ გვიყვება ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი. 

ქართველების ერთ-ერთი, ყველაზე საიმედო თავშესაფარი საბერძნეთიც აღარ არის მიმზიდველი და მომხიბვლელი. სწორედ საბერძნეთში მოხდა რამდენიმე გახმაურებული მკვლელობა და ამიტომ, ბერძენი მოსახლეობა ცდილობს, სამუშაოდ ქართველი არ აიყვანოს. ესეც არ იყოს, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი კვლავ აქტუალურია, რაც პირდაპირ სამუშაო ადგილებს ურტყამს. 

რეალობა ასეთია _ საქართველოს მოქალაქეები, როგორც ოფიციალურად, ისე არაოფიციალურად, ევროპაში პოზიციებს თმობენ და ნელ-ნელა სამშობლოში ბრუნდებიან. აი, რა ელოდებათ მათ საქართველოში, სხვა საკითხია.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში