Menu
RSS

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სპეცრაზმელების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება შეწყვიტა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს პროკურატურამ მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა გამოძიება. 

,,ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა. აღნიშნული ხელყუმბარა ამოღებული იქნა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად, ჩხრეკას ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც დაადასტურა ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე. მას რაიმე შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია. მან შენიშვნა გააკეთა მხოლოდ ამოღებულ თანხასთან დაკავშირებით, როდესაც განმარტა, რომ თანხა ეკუთვნოდა მის ქალიშვილს. მას შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია, რაც ნიშნავს, რომ იგი დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ ხელყუმბარა რეალურად მისი შვილის ოთახიდან იქნა ამოღებული. აღნიშნულ ხელყუმბარაზე კი, 2018 წლის 30 იანვრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული (ძირითადი) წილი თემირლან მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია. აღნიშნული ხელყუმბარა დაილუქა მალხაზ მაჩალიკაშვილის თანდასწრებით, შემდგომ მისი გახსნა მოხდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამომძიებლის, ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლების და ორი გამნაღმველის მონაწილეობით. ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო და მათივე მონაწილეობით დაილუქა და ჩაბარდა ექსპერტს. 

თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე წარმოებული გამოძიების საწყისი ეტაპიდან, როგორც ოჯახის წევრებს, ისე მის ადვოკატებს მიეცათ შესაძლებლობა სრულად გაცნობოდნენ საქმის მასალებს, მიეღოთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ადვოკატების მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები და კომპლექსურ ექსპერტიზაში მონაწილეობას ღებულობდნენ ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები. 

მოწმეთა მიერ გაცხადებული ფაქტები ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, ღონისძიებაში მონაწილე პირები, ასევე ის პირები, ვისთანაც ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ცალსახად უთითებენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მათ მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. თავად ოჯახის წევრები 2017 წლის 26 დეკემბერს, გამოკითხვისას უარყოფენ მათ მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. აღნიშნულის შესახებ საუბრობენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა მათი განმეორებითი გამოკითხვა. დამატებითი გამოკითხვა განხორციელდა 2018 წლის 30 მარტს და მხოლოდ ამ გამოკითხვისას განმარტეს ზემოხსენებული ფაქტების შესახებ და მიზეზად მიუთითეს, თითქოსდა არ ახსოვდათ ამ ფაქტების შესახებ შემთხვევის დღეს. ალოგიკურია, რომ მოწმეებს ფაქტი არ ახსოვდათ რადენიმე საათში და გაახსენდათ სამი თვის შემდეგ. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მხოლოდ აღნიშნული ფაქტები არ არის წინააღმდეგობრივი. ა.მ. განმეორებითი გამოკითხვისას აღნიშნავს, რომ მას, სახლის ჭიშკართან, სავარაუდოდ, ესაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რაც ასევე არ დადასტურდა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, იოსებ გოგაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იგი მიმდინარე ღონისძიების შესახებ ინფორმაციას იღებდა ტელეფონის საშუალებით. 

ადვოკატები ასევე აპელირებდნენ ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების ნაწილში სუს-ის თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე. აღნიშნული კუთხითაც ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადჰყო, რომ ოპერაციაში მონაწილე ყველა პირს ჩატარებული ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი, თითოეულ მათგანს გააჩნდა მრავალწლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდათ საცეცხლე მომზადების არაერთი კურსი, როგორც საქართველოში, ისე პარტნიორ სახელმწიფოებში, თითოეულ მათგანს გაცნობილი ჰქონდა საკანონმდებლო ბაზა ლეტალური იარაღის გამოყენების უფლების შესახებ. ღონისძიებას უშუალოდ ადგილზე ხელმძღვანელობდნენ შესაბამისი თანამდებობის პირები, ოპერაციის დაწყებამდე შესწავლილი იქნა, როგორც დასაკავებელი პირები, ისე გარემო, სადაც უნდა ჩატარებულიყო ღონისძიება; სიფრთხილის და ადგილობრივ მცხოვრებლებთან დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით შერჩეული იქნა ღამის საათები, რადგან არსებობდა ვარაუდი, რომ ამ დროს მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ნაკლები რისკი იქნებოდა. 

ამდენად, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. 

რაც შეეხება თავად სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, მასზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით'', _ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში