Menu
RSS

ვინ არიან „ბედალაგები“ და როგორ გროვდება ციხეში „ობშჩიაკი“

რატომ არ შეიძლება დახურულ „ზონაზე“ გამომწვევი ტანსაცმლით შესვლა და რა შეცდომა დაუშვა თეა წულუკიანმა ციხის კადრების გასაჯაროვებით

ბოლო დროს, ციხის თემა ძალიან აქტუალური გახდა. სახალხო დამცველმა უზარმაზარი ანგარიში წარადგინა იმის თაობაზე, თუ რა ხდება საქართველოს ციხეებში. თავის მხრივ, არც იუსტიციის მინისტრი დარჩა ვალში _ სახალხო დამცველს რიტორიკა დაუწუნა და ვიდეოკადრებიც გვაჩვენა, სადაც პატიმრები ციხის თანამშრომლებს თავს ესხმიან. ჰო, თეა წულუკიანმა ისიც თქვა, სასურველი არ არის, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ციხეებში დახეული ჯინსებით იარონო, რასაც დიდი ამბავი მოჰყვა. ვისაც არ დაეზარა, ყველამ დახეული ჯინსის ფოტო გამოფინა და სახალხო დამცველს მხარდაჭერა ასე გამოუცხადა. წულუკიანი კი, ლამის საბჭოთა კავშირის პროპაგანდაში დაადანაშაულეს. ჩვენც დახეული ჯინსებით დავიწყოთ.

შესაძლოა, ბევრს მართლა არ ახსოვს, რომ ციხე არ არის სანატორიუმი. ციხე დახურული სისტემაა, დაწესებულება, სადაც სასჯელს დამნაშავეები (ძირითადად) იხდიან და მათ ძირითად ნაწილს, სასჯელის ზომად თავისუფლების რამდენიმე წლით აღკვეთა აქვს განსაზღვრული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზრდასრული მამაკაცები, წლების განმავლობაში, ვერ ხედავენ საპირისპირო სქესს. არა, კი ხედავენ, მაგრამ შეხება და კონტაქტი არ აქვთ. ჰოდა, წარმოიდგინეთ, ასეთ დროს, შემოდის ახალგაზრდა ქალი, დახეული ჯინსებით, ელასტიკებით, მოკლე კაბით... პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს პროვოკაციაა, პატიმრის პროვოცირება და სხვა არაფერი. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი იქნება, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, თუ დეპუტატი, კეთილი ინებოს და პატიმრებთან შესვლის დროს მაქსიმალურად შეეცადოს, ისე გამოიყურებოდეს, რომ პატიმარი საკუთარ გასაჭირზე ესაუბროს და ხორცების თვალიერება არ დაუწყოს. 

ჰო, ხორცების და თუ გგონიათ, რომ რაც უფრო სექსუალური იქნებით ციხეში შესვლის დროს, მით უფრო კარგ საქმეს გააკეთებთ, ძალიან ცდებით. მე თუ მკითხავთ, ციხეში შესასვლელად, ქალებისთვის სპეციალური დრესკოდიც კი უნდა არსებობდეს და მას უნდა დაემორჩილოს ყველა. 

ისიც კარგად ახსოვთ პატიმრებს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ციხის კარები რომ გაიღო და იქ არასამთავრობოების ნაკადები დაიძრა, რა ხდებოდა. ელასტიკებიან გოგონებს თვალებით ჭამდნენ პატიმრები და მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ, ისე ჩაეცვათ, რომ პატიმრების წინაშე არ ექნიათ საკუთარი სხეულის ნაწილები, როგორც გაგიჟებულ ხარს უქნევენ ხოლმე, წითელ ნაჭერს. ამას გულისხმობდა წულუკიანი და არა სხვა რამეს. 

ახლა ის რომ არ თქვათ, იუსტიციის მინისტრის ადვოკატობა დაიწყოო, აღვნიშნავთ, რომ ვიდეო, რომელიც თვალსაჩინოებისთვის, ქალბატონმა თეამ წარადგინა, არ იყო საჩვენებელი. ჯერ ერთი, გამოჩნდა პატიმრების, ბადრაგების, ექიმის სახე და არ შეიძლება, ერმა და ბერმა იცოდეს ან ერთის, ან მეორის, ან მესამის ვინაობა. 

თუ ასე მარტივად აჩენთ პატიმრის სახეს, რაღა საჭიროა, დაკავების დროს ინიციალებით რომ გვესაუბრებით, ან ეჭვმიტანილს, აყვანის კადრების ჩვენების დროს, სახეს რატომ უფარავთ? 

ან ის რა იყო, ციხეში ისეთი წესრიგია, პიონერთა ბანაკებში რომ იყო თავის დროზეო. არა, პიონერთა ბანაკები კი არ უხსენებია ქალბატონ თეას, მაგრამ შედარება, დაახლოებით, მაგდაგვარი იყო. 

მოდით, ასე ვთქვათ: სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, დღევანდელი მდგომარეობით, არ არიან „კანონიერი ქურდები“, მაგრამ არიან მაყურებლები, ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან. სანამ ამ ამბავს გააპროტესტებდეთ, გავიხსენოთ, რომ ერთადერთი მინისტრი, ვინც „ზონაზე“ მაყურებლების არსებობა დაადასტურა და აღიარა, ამ პრობლემას ერთ და ორ წელში არ მოევლებაო, კახი კახიშვილი გახლდათ. დიახ, სწორედ კახიშვილმა აღიარა, რომ ყველა „ზონას“ ჰყავდა „მაყურებელი“ (თან არაერთი) და იმ მომენტისთვის, სახელმწიფოს არ ჰქონდა ბერკეტი ამ „ინსტიტუტის“ დასამარცხებლად. 

უფრო მეტიც, კახიშვილმა აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას წლები დასჭირდებოდა და არც შემცდარა _ წლები დასჭირდება, მაგრამ საჭიროა კი, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მაყურებლის „ინსტიტუტის“ გაუქმება?! 

აუცილებლად აღვნიშნოთ ისიც, რომ „მაყურებლები“ ნაციონალების მმართველობის დროსაც იყვნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. სპეციალური აღნიშვნაც კი კეთდებოდა კონკრეტული პატიმრის პირად საქმეში და ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის დროს, მიმღები დაწესებულების ხელმძღვანელობამ ზუსტად იცოდა, მასთან „მაყურებელი“ მიდიოდა, თუ რიგითი პატიმარი. 

გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ეს ჟურნალები, თავისი აღნიშვნებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დღემდე ინახება. ამის დასტურად გეტყვით იმასაც, რომ გათავისუფლების შემდეგ, „მაყურებლებს“ საქართველოში ცხოვრების უფლებას არ აძლევდნენ სამართალდამცავები და „მეგობრულად ურჩევდნენ“ ქვეყნის დატოვებას. ათეულობით შემთხვევაა ასეთი, ეს არც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უნდა უარყოს და არც _ მისმა წინამორბედმა. 

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ე.წ. ზონებში, პატიმრები ციხეებიდან ნაწილდებიან. როცა კონკრეტულ პირს მიუსჯიან სასჯელს, ის ციხიდან „ზონაზე“ გადაჰყავთ და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო: „ზონაზე“ შესულ პატიმართან, პირველ რიგში, სწორედ „ზონის მაყურებლები“ მიდიან, ეკითხებიან, ვინ არის, რისთვის ზის და წარმომავლობის მიხედვით, საქმეში უკვე რეგიონის „მაყურებელი“ ერევა. 

იმის მიხედვით, საიდან არის პატიმარი (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა, სვანეთი და ა.შ.), მასთან მიდის იმ რეგიონის „მაყურებელი“ (ცალკე რეგიონი აქვს ქუთაისს, თბილისს, რუსთავს, ზუგდიდს) და მიაქვს პირველადი საჭიროების ნივთები _ ტუალეტის ქაღალდი, ყავა, სიგარეტი, საპონი, ჩაი... ანუ სანამ პატიმარი აზრზე მოვა, სახლში დარეკავს და ციხის ბარათზე ფულს დაურიცხავენ, არაფერი უნდა გაუჭირდეს. 

თუ პატიმარი ამბობს, რომ თავისუფლებაზე არ ჰყავს ისეთი ადამიანი, ვინც ფულს დაურიცხავს, მაშინ „ბედალაგების“ ანუ უპატრონო პატიმრების სიაში წერენ და ყოველთვიურად ეხმარებიან. რას გულისხმობს ეს დახმარება, ქვემოთ გიამბობთ, მანამდე კი რიგითი პატიმრების ბედს მივყვეთ. 

მას შემდეგ, რაც პატიმარი სახლში დარეკავს, თავის ახალ ადგილსამყოფელს ეტყვის ოჯახის წევრებს და ბარათზე ფულს დაუსვამენ, ის ყიდულობს იგივე ნივთებს, რაც მისვლის პირველ დღეს მისცეს და „რეგიონის მაყურებელს“ უბრუნებს. თავის მხრივ, „მაყურებელი“ ამ ნივთებს ახალი პატიმრისთვის ინახავს. შევთანხმდეთ, რომ ეს არის კარგი ჟესტი და არცთუ ცუდი პრაქტიკა. 

რაც შეეხებათ „ბედალაგებს“, ყველა პატიმარი, ვისაც ბარათზე ყოველთვიურად თანხა ერიცხება, საკუთარი სურვილის მიხედვით (ვიმეორებ, საკუთარი სურვილის მიხედვით), ყოველთვიურად, ციხის „ობშჩიაკისთვის“ ყიდულობს 2-3 ლარის ნივთებს. ეს შეიძლება იყოს საპონი, ჩაი, სიგარეტი... მაგალითისთვის, კონკრეტულ „ზონაში“ სასჯელს იხდის 1 500 პატიმარი და აქედან, 100 არის ისეთი, ვისაც თავისუფლებაზე არავინ ჰყავს, რომ უპატრონოს. დანარჩენი 1 400-დან 400-ს არ აქვს სურვილი, რომ რაიმე გაიმეტოს „ობშჩიაკისთვის“. დანარჩენი 1 000 პატიმარი ყოველ თვე, 2-3 ლარს იმეტებს (ეს არ არის დიდი თანხა) და საბოლოო ჯამში, „ობშჩიაკში“ გროვდება სიგარეტი, საპონი, ჩაი... და ის ურიგდება იმ პატიმრებს, რომლებსაც პატრონი არ ჰყავთ. შესაბამისად, ციხეში არც სიგარეტს მათხოვრობს ვინმე, არც ჩაის და არც ჰიგიენის საშუალებებს... და ეს ყველაფერი არ არის. 

პატიმრებს ამანათებიც მისდით და ამანათებში ხშირადაა თაფლი. ერთ ჯერზე, ერთი პატიმრისთვის, ერთი ლიტრი თაფლის შეგზავნაა შესაძლებელი. ყველა საკანში დევს ცალკე ბოთლი, რომელშიც პატიმარი საკუთარი თაფლიდან, დაახლოებით, 80-100 გრამს ასხამს. როცა ეს ბოთლი აივსება, ისიც „ობშჩიაკში“ მიაქვთ. ალბათ, იფიქრებთ, რაში სჭირდებათ „ობშჩიაკში“ თაფლი. საქმე ისაა, რომ ტუბერკულოზისგან დაავადებული პატიმრები, განკურნების შემდეგ, ჩვეულებრივ დაწესებულებებში ბრუნდებიან და რომ მოძლიერდნენ, კვების რაციონში აუცილებლად სჭირდებათ თაფლი. შესაბამისად, ასე შეგროვებული თაფლი, სწორედ მათთვისაა განკუთვნილი. 

ციხეში გამორიცხულია ფულის შეგროვება, რადგან ქეში, უბრალოდ, არ ტრიალებს. პატიმრებს თანხები ბარათებზე ერიცხებათ და იქ კიდევ ბანკომატი არ არის, თანხა რომ გამოიტანო. რა თქმა უნდა, ვიღაც იტყვის, რომ შესაძლოა, თანხა სხვის ბარათზე დაარიცხვინონ, მაგრამ ესეც გამორიცხულია _ თავისუფლებაზე მყოფი ოჯახის წევრები აუცილებლად იეჭვებენ, რომ პატიმარი სხვის ბარათზე თანხას უმიზეზოდ არ დაარიცხვინებდა, სიტუაციაში გარკვევას შეეცდებიან და ადმინისტრაციასთან მივლენ. ყველაფერი ეს კი, მინიმუმ, იმ პატიმრის სხვა დაწესებულებაში გადაყვანით დასრულდება და შესაძლოა, გამოძალვის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას. ამიტომ, ამას თითქმის არავინ რისკავს. 

ვიმეორებ, ოპოზიცია გაოცებული და გაოგნებული სახეებით ნუ დაიწყებს იმაზე საუბარს, რომ „ზონაზე მაყურებლები“ არიან. მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იყვნენ, თან აბსოლუტურად ყველა დაწესებულებაში, გლდანის ციხის გარდა.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში